იდენტიფიკაცია და დეფეკაცია





ფილოსოფია

იდენტიფიკაცია და დეფეკაცია




დეფეკაცია ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროცესია. მონელებული პროდუქციის ან ინფორმაციის გამოყოფა კი ერთ-ერთი უდიდესი  ამქვეყნიური ნეტარება - ის, რაც ზედმეტია, აუცილებლად უნდა გამოგვეყოს. შემდეგ ჩვენ ვთავისუფლდებით, ვიცლებით სიჭარბისგან და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. დეფეკაციის შედეგი კი ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ის საზოგადოების განსჯის საგანი და საკუთრებაა.

ჩვენში არსებულ სასიცოცხლო სისტემას მილიონობით სხვადასხვა პროდუქტის დახარისხება და გადამუშავება  უწევს: ბროკოლი, წყენა, ლიტერატურა, 100 ხინკალი ანეკდოტებიდან, პოლიტიკა, სურვილები, ღორის მწვადი  და კიდევ ათასი ერთმანეთში არეული გაურკვეველი მასა. სხეულმა ბიოლოგიურ დონეზე იცის, რომ ჭარბი მასა უნდა განდევნოს. ამისთვის ორგანიზმს რამდენიმე ნაწლავი, ხვეული, ნაოჭი და ხვრელი აქვს, ხოლო გამოყოფილი პროდუქციის სურნელება და ხარისხი მომნელებელ სისტემაზეა დამოკიდებული. ჩათვალეთ, რომ სხეულიდან ნებისმიერი ჭარბი პროდუქციის გამოტანა თვითგამოხატვაა, იდენტობის დაფიქსირება,  დნმ-ის დადასტურება ან გაგრძელება, ყველაზე უფრო კი არსებობის გამართლება. ეს უკანასკნელი ისეთივე აუცილებელია, როგორც რუბიკონის გადალახვა კეისრისთვის ან ძმის დამარხვა ანტიგონესთვის, უფრო მეტიც, ეს შეიძლება ქვეცნობიერის მთავარი იდეაც აღმოჩნდეს. ადამიანები აუცილებლად უნდა გავიდნენ კუჭში, მოშარდონ, წერონ ლექსები, გადაიღონ ფილმები, გამოთქვან აზრი, ისროლონ სპერმა მიზანში ან უმისამართოდ, დახატონ შიშველი ქალები, გამოხატონ თავიანთი გრძნობები ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი დეფეკაციაა, სხეულის ჭარბი პროდუქციისგან და ინფორმაციისგან გათავისუფლება. კაცობრიობას ახსოვს კუჭში გასვლის ისეთი  ოსტატები როგორებიც იყვნენ ფოლკნერი, ნიცშე, შილე, მარკ ტვენი და სხვანი და სხვანი, მათი ფეკალიებით გაიჟღინთა საუკუნეები და ჩვენი წარმოსახვა. ესენი არიან ოსტატები, რომლებიც კარგად ინელებენ საჭმელს და დეფეკაციას ახდენენ გონებით და არა საჯდომით. სხვა თვითგამოხატვა კი ყარს, განურჩევლად მინდორზე გლეხის მოსაქმებულისა თუ ოლიგარქის ოქროს უნიტაზში კოხტად განთავსებული ფეკალიისა, ჩვენ გვინდა მათგან მალე განვთავისულდეთ.

აქ იკვეთება სამყაროს ამბივალენტური გენიალურობა - ერთი მოშარდვით საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, ამაში ნობელის პრემიასაც იძლევიან, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, როდესაც ასეთი ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას  წარვუდგენთ საზოგადოებას მათსავე საკეთილდღეოდ და მოსახმარად.

 

ოსტატების გვერდით, ასევე არის ხალხი, რომლებსაც ძლიერ ეფსიათ, მაგრამ გრაციოზულად მოშარდვის უნარი არ აქვთ. ისინი დიდ პენისიან ლუი არმსტრონგივით მოხდენილად ვერ აფსამენ ცაში და ცისარტყელად ვერ აქცევენ რეზულტატს. მათი შხეფები ჩვენ გვეწუწება ფეხებზე, ყურებში, სახეზე. მათი ნერწყვი ჰარპერ ლის ფურთხივით როდი გადაგვიშხუილებს თავზე და მონების ემანსიპაციის სიხარულით მოგვრილ ცრემლად გვეპკურება, არამედ პირდაპირ თვალებზე გვეტყეპება. ისინი მხოლოდ ზიზღის კვალს ტოვებენ. მათი დნმ  ისეთივე მალფუჭებადი პროდუქციაა, როგორც მათი შარდი. ეს თვითონაც იციან, ამიტომ ცდილობენ, სანამ ცოცხლები არიან დისკოს მოცეკვავესავით იბრჭყვიალონ. ისინი თავის იდენტიფიკაციას ყველგან ჩრიან, გვაძლევენ დარიგებებს, გვიწესებენ კონკრეტულ კლიშეებს, გვიწერენ კანონებს, გვყიდულობენ (ვინც ვიყიდებით, ზოგი შეიძლება ვქირავდებით კიდეც), გვაკრიტიკებენ, გვეუბნებიან, რომელია სწორი გზა, რომელზეც თავად ჯიპებით მიჰქრიან. მათ აქვთ კონკრეტული ხედვა, მათი სავალი ნაწილი მხოლოდ მატერიალურ სამყაროში არსებობს და დნმ-ის ეგზისტენციასთან ერთად მთავრდება. ასეთ ადამიანებს უნდათ, ფლობდნენ ძალაუფლებას, თუმცა მათი კუდეტა აფრიკული სამხედრო გადატრიალებებივით ხანმოკლე და გაუაზრებელია, ისინი იხრწნებიან, მათ ძალადობას და დოგმებს ხალხი ბერლინის კედელივით ანგრევს. მათ უნდათ ეს ფაქტი მიჩქმალონ და ჩვენს მოსახიბლად (და თავიანთივე თვალის დასაბრმავებლად) ძვირფასს პროდუქციას ყიდულობენ, როგორც ამბობენ კაის სვამენ-კაის ჭამენ, მაგრამ მათი განავალი მაინც ყარს. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობენ ბრჭყვიალს, მაგრამ მათი დისკოს მოძრაობები, როდი ჰგავს ნიცშეს ღვთაებრივ როკვას. ისინი ცეკვავენ და თან იხრწნებიან. დრო ელევათ. შარდი ერეცხებათ. სამყაროს აინტერესებს პიროვნებები, რომელთა ფეკალიები ფრანგულ სუნამოზე მძაფრად აწვალებს ჩვენს ნესტოებს, რომლებიც ფორებში გვეჟონება და ჩვენც ნოყიერი მოფსმის ხასიათზე გვაყენებს. ეს ჭეშმარიტი გათავისუფლებაა, დაცლა ლაო ძის სიცარიელის სტანდარტების მიხედვით (ეს ევროპულ ISO-ს სტანდარტებში არ აგერიოთ!), ჭეშმარიტი სიხარული, როგორსაც გრძნობდა დანტე სამოთხეში ბეატრიჩესთან ან ჯოჯოხეთში ვერგილიუსთან, თუმცა სულ ერთია სად ხარ, მთავარია კარგი კამპანია და კარგი მონელების სისტემა. ამ უკანასკნელს კი გამოწრთობა სჭირდება, ძალიან ძნელია დეფეკაციის პროცესი მიმართო კუჭიდან გონებისკენ, ამას მანქანებზე სახელების და სლოგანების მიწერით ნამდვილად ვერ მიაღწევთ.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ,თუ თქვენ თვლით, რომ ის ფართო მაგისტრალი, რომელზეც მაღალი გამავლობის მანქანით მოძრაობთ, ცხოვრების გზაა, მანქანის ხარისხი და სიმაღლე სოციალური სტატუსი, ხოლო შერჩეული ნომრები თქვენი იდენტიფიკაციის ან ცხოვრების მოტოს დაფიქსირებაა, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა აღიაროთ, რომ რბოლაში მონაწილეობთ, რადგან ამ ტრასაზე თქვენნაირი კიდევ ბევრია, მაგრამ თქვენ გაქვთ არჩევანი შეაჩეროთ  ეს რბოლა, დატოვოთ ბენზინის სუნით აქოთებული მაგისტრალი და ბაღში გაისეირნოთ. ისწავლოთ სწორად სუნთქვა, სხვადასხვა სუნის გარჩევა. მაშინ მიხვდებით, რომ ის დეფეკაცია რომელიც ზემოთ ვახსენე, ღვთაებრივია. ეს სიცოცხლის რბოლა არაა, რომელიც განსაზღვრულ დროში მთავრდება, პირიქით, მის მიღმა არსებობის გარანტიაა. თქვენ აღმოაჩენთ, რომ არის მილიონობით გზა მაგისტრალს გარეთ, რომელსაც შეუძლია თქვენი სახელი უკვდავყოს ან სულაც მიგახვედროთ,  რომ სახელის უკვდავყოფა უმნიშვნელოა, მთავარია სწორად სუნთქვა და კარგი მონელების სისტემა ჩამოიყალიბოთ, რადგან თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კუჭში გასვლა. განავალს კი საზოგადოება  ქექავს.  ამისთვის მზად უნდა იყოთ!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.