• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

რის შესახებ ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე

×
ავტორის გვერდი რეიმონდ კარვერი 07 იანვარი, 2015 3126
მთარგმნელი: შოთა თხელიძე
 
ჩემი მეგობარი მელ მაკგინისი საუბრობდა. მელ მაკგინისი კარდიოლოგი იყო და ხანდახან ამის უფლება ჰქონდა.
 
სამზარეულოს მაგიდას ოთხნი ვუსხედით და ჯინს ვსვამდით. ნიჟარის უკან მდებარე ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ოთახს ანათებდა. ვისხედით მელი, მე, მისი მეორე ცოლი ტერეზა - ტერი, როგორც ჩვენ მას ვეძახდით და ჩემი მეუღლე ლაურა. მაშინ ალბუკერკში ვცხოვრობდით. მაგრამ ყველანი სხვადასხვაგან ვიყავით.
 
მაგიდაზე ყინულის ჯამი იდო. ტონიკში განზავებულ ჯინის სმას ვაგრძელებდით და როგორღაც სიყვარულის თემას შევეხეთ. მელი ფიქრობდა, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოს სულიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, სანამ სამედიცინო სკოლაში შევიდოდა, ხუთი წლის განმავლობაში იგი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. და რომ დღეის გადასახედიდან ეს წლები მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო.
 
ტერიმ თქვა, რომ სანამ მელთან გადმოვიდოდა, ის ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელსაც ისე უყვარდა ტერი, რომ მისი მოკვლაც კი სცადა. შემდეგ დაამატა: „მან ერთ ღამეს მცემა და მთელი მისაღები ოთახი კოჭებში ხელმოკიდებულმა მათრია. თან იძახდა ‘მიყვარხარ, მიყვარხარ, შე ბოზო.“ და აგრძელებდა ჩემს წამებას. იატაკზე რამდენჯერმე მივარტყი თავი სხვადასხვა საგანს.“ ტერიმ ყველას შემოგვხედა. „რა უნდა უქნა ასეთ სიყვარულს?“
 
ტერი ძვალწვრილი ლამაზი სახის ქალი იყო, შავი თვალებით და უკან გადაყრილი ყავისფერი თმებით. ფირუზის ყელსაბამის და გრძელი, კულონიანი საყურეების ტარება მოსწონდა.
 
„ღმერთო ჩემო, ნუ სულელობ. ეს არ არის სიყვარული და შენ ეს იცი,“ თქვა მელმა, „არ ვიცი რას ეძახი ახლა ამას შენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულს არა.“
 
„რაც გინდა ის თქვი, მაგრამ ეს სიყვარული იყო,“ უპასუხა ტერიმ, “შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ მე კვლავ სიყვარულს ვუწოდებ ამას. ადამიანები განსხვადებიან, მელ. ბუნებრივია, ის ხშირად არანორმალურად იქცეოდა, გეთანხმები, მაგრამ მას ვუყვარდი. თავისებურად, მაგრამ ვუყვარდი. ეს სიყვარული იყო, მელ. არ თქვა, რომ არა.“
 
მელმა ამოისუნთქა. ჭიქით ხელში მე და ლაურასკენ შემოტრიალდა. „კაცი მოკვლით მემუქრებოდა.“ თქვა მან. სასმელი ბოლომდე დაცალა და ჯინის ბოთლი აიღო. „ტერი რომატიკოსია. ტერი დამარტყი-ვიცი-გიყვარვარ სკოლას მიეკუთვნება. ტერი, ძვირფასო, ასე ნუ მიყურებ.“ მელი მაგიდაზე გადმოიხარა, თითებით ტერის ლოყას შეეხო და გაუცინა.
 
„ახლა სურს ამბავი გამოიგონოს,“ თქვა ტერიმ.
 
„გამოვიგონო რა?“ უპასუხა მელმა, „რა არის აქ გამოსაგონებელი? რაც ვიცი, ის ვიცი. მეტი არაფერი.“
 
„მართლაც, ეს თემა როგორ დავიწყეთ?“ ტერიმ ჭიქა აწია და დალია. „მელს ყოველთვის სიყვარული უტრიალებს გონებაში, არა ძვირფასო?“ მელს გაუცინა და იფიქრა ამით დავასრულეთო.
 
„მე ედის ქცევას სიყვარულს ვერ დავაქმევ, სულ ესაა, რისი თქმაც მინდა, ძვირფასო,“ თქვა მელმა. „თქვენ რას იტყვით მეგობრებო,“ მელი მე და ლაურას მოგვიბრუნდა. „ამას სიყვარულს უწოდებთ?“
 
„მე კითხვის არასწორი ადრესატი ვარ,“ ვუპასუხე. „მე მას არც კი ვიცნობდი. მისი სახელიც კი ახლა გავიგე. არ ვიცი, დეტალები თქვენ უფრო უკეთ უნდა იცოდეთ. მაგრამ ვიცი შენ რისი თქმაც გინდა, რომ სიყვარული აბსოლუტია.“
 
მელმა განაგრძო: „დიახ, სიყავრული რაზეც მე ვსაუბრობ ასეთია. სიყვარული რაზეც მე ვსაუბრობ არ ცდილობს მოკლას ადამიანები.“
 
ლაურამ თქვა: „ედის შესახებ მეც არაფერი ვიცი, არც მოცემულ სიტუაციაზე და საერთოდ, ვის შეუძლია სხვისი მდგომარეობის განსჯა?“
 
ლაურას ხელს შევეხე. მან უმალ გამიღიმა. მისი ხელი ავიღე. თბილი იყო, გაპრიალებული ფრჩხილებით და უზადოდ წასმული მანიკურით. თითებით მისი მაჯა გადავაბრუნე და ასე დავიჭირე მისი ხელი.
 
„როცა მივატოვე, მან ვირთხის წამალი დალია,“ თქვა ტერიმ და მკლავები გადააჯვარედინა. „მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ათი მილის მოშორებით. გადაარჩინეს. მაგრამ ამით მისი სიბრაზე კიდევ უფრო გაცხოველდა. კბილებით იღრინებოდა, რომლებიც უკვე ეშვებს დამსგავსებოდა. ღმერთო ჩემო.“ თქვა ტერიმ. ერთ წუთს ასე იყო, შემდეგ მკლავები ჩამოუშვა და ჭიქას მოკიდა ხელი.
 
„რას არ იზამს ადამიანი!“ თქვა ლაურამ.
 
„ახლა ის უკვე უმოქმედოა,“ თქვა მელმა. „ის მკვდარია.“
 
მელმა ლაიმის ლამბაქი მომაწოდა. ერთი ნაჭერი ავიღე, სასმელს დავაწურე და ჭიქაში ყინულები თითით შევარხიე. 
„კიდევ უფრო უარესი,“ გააგრძელა ტერიმ. „შემდეგ პირში ისროლა. მაგრამ აქაც აურია. საწყალი ედი.“ თქვა ტერიმ და თავი გააქნია.
 
„საწყალი არა ის,“ თქვა მელმა. „სახიფათო იყო.“
 
მელი 45 წლის იყო. მაღალი, თხელი დახვეული თმით. მისი სახე და მკლავები ჩოგბურთის თამაშისაგან გაყავისფრებულიყო. სიფხიზლისას, მისი ჟესტები, ყველა მისი მოძრაობა ზუსტი და ფრთხილი იყო.
 
„მას მაინც ვუყვარდი, დამეთანხმე,“ თქვა ტერიმ. „მხოლოდ ამას გთხოვ. მას არ ვუყვარდი ისე, როგორც შენ გიყვარვარ. მაგრამ ვუყვარდი. შეგიძლია ამაში დამეთანხმო?“
 
„რას ნიშნავს აურია?“ ვიკითხე მე.
 
ლაურა წინ, მისი ჭიქისკენ გადმოიხარა. იდაყვები მაგიდას დააყდნო და ჭიქა ორივე ხელით დაიჭირა. გაკვირვებული მზერით მის ნათელ სახეზე, მან ჯერ მელს, შემდეგ ტერის შეხედა, ნუთუ ასეთი რამ მათ მეგობრებს არ აოცებდათ.
 
„როგორ აურია თუ მან თავი მოიკლა?“ კითხვა გავიმეორე.
 
„გეტყვი, რაც მოხდა,“ თქვა მელმა. „ოცდაორკალიბრიანი პისტოლეტი იყიდა, რომლითაც მე და ტერის დაშინებას ცდილობდა. სერიოზულად. ყოველთვის გვემუქრებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვცხოვრობდით მაშინ. როგორც დევნილები. იარაღიც კი ვიყიდე. შეგიძლია ამის დაჯერება? ჩემნაირმა ტიპმა? თავდაცვისთვის ვიყიდე და ხელთათმანში დამალული ვატარებდი. ხანდახან შუაღამით მიწევდა სახლიდან გასვლა. საავადმყოფოში წასასვლელად, იცი? ტერი და მე მაშინ დაქორწინებულები არ ვიყავით, ჩემ პირველ ცოლს სახლიც ჰქონდა, ბავშები და ძაღლიც იქ ჰყავდა, მოკლედ ყველაფერი, მე და ტერი კი ამ ბინაში ვცხოვრობდით. ხანდახან ღამის ორ-სამ საათზე საავადმყოფოდან მირეკავდნენ და გასვლა მიწევდა ხოლმე. იქ სადაც მანქანა მეყენა საკამოდ ბნელოდა, სანამ იქამდე მივიდოდი და შიგ ჩავჯდებოდი ოფლში ვიწურებოდი. სულ მეგონა რომ ან ბუჩქებიდან ანდა უკნიდან მომეპარებოდა და მესროდა. გიჟი იყო. ბომბის დამონტაჟებაც კი შეეძლო. ხშირად ჩემ ოფისში რეკავდა, ექიმითან საუბრის მიზნით და როცა ყურმილს ვიღებდი ‘შე, ნაბიჭვარო, შენი დღეები დათვლილიას!’ მომაძახებდა ხოლმე. ასეთი დეტალები. მაგრამ საშინელება იყო.“
 
„ახლაც ვწუხვარ მის გამო,“ თქვა ტერიმ. „ეს კოშმარივით ჟღერს,“ თქვა ლაურამ, „მაგრამ ზუსტად რა მოხდა, როცა თავი მოიკლა?“
 
ლაურა ადვოკატის მდივანია. ჩვენ პროფესიული საქმიანობისას ვხვდებოდით ერთმანეთს. ადრე მხოლოდ ფლირტი გვქონდა. ის 35 წლისაა, სამი წლით ჩემზე უმცროსი. რაც შეეხება ჩვენ ურთიერთობას, მოგვწონს და გვსიამოვნებს ერთმანეთის კამპანიაში ყოფნა. მასთან ურთიერთობა იოლია.
 
მელმა თქვა: „მან თავის ოთახში პირში ისროლა. ვიღაცეებმა ხმა გაიგეს და სახლის მეპატრონეს უთხრეს. გარედან კარი გააღეს და დაინახეს რაც მოხდა, შემდეგ სასწარაფოში დარეკეს. მე იქ ვიყავი, როცა შემოიყვანეს. ცოცხალი იყო, მაგრამ ბოლო გაბრძოლებით. მან კიდევ სამი დღე იცოცხლა. თავი მთლიანად შეშუპებოდა და საშინლად გასივებულიყო. აქამდე ასეთი რამ არასდროს მენახა და იმედი მაქვს აღარც ვნახავ. როცა ტერიმ ეს ამბავი შეიტყო, მისი ნახვა მოუნდა. ვიკამათეთ. არ მინდოდა ტერის ის ასეთი ენახა. ვფქირობდი, მას ის არ უნდა ენახა და ახლაც ასე მიმაჩნია.“
 
„კამათი ვინ მოიგო?“ იკითხა ლაურამ.
 
„მის ოთახში ვიყავი, როცა ის მოკვდა,“ თქვა ტერიმ. „არ გამოფხიზლებულა, მაგრამ მე მაინც მასთან ვიჯექი. მას სხვა არავინ ჰყოლია.“
 
„ის სახიფათო იყო,“ თქვა მელმა. „შენ თუ ამას სიყვარულს ეძახი, დაუძახე, როგორც გინდა.“
 
„ეს სიყვარული იყო,“ თქვა ტერიმ. „მართალია, ადამიანთა უმეტესობისთვის ეს არანორმალურია, მაგრამ მას ჰქონდა ნება მომკვდარიყო ამისთვის და მოკვდა კიდეც.“ 
 
„ჯანდაბა, მე ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ.“ თქვა მელმა, „ვგულისსხმობ, რომ არავინ იცის რატომ ქნა მან ეს. ბევრი სუიციდის ფაქტი ვიცი და შემიძლია ვთქვა, რომ არავინ იცის ვინ რატომ ჩაიდინა.“
 
მელმა ხელები კისერზე შემოიწყო და სკამით უკან გადაიხარა. „მე ასეთი სიყვარული არ მაინტერესებს. თუ შენ ეს სიყვარულად მიგაჩნია, გქონდეს.“
 
ტერიმ განაგრძო: „ჩვენ გვეშინოდა, მელმა მის ძმასაც მიწერა, რომელიც მწვანე ბერეტიანი ბრიტანელი კომადოსი იყო, რომ თუ მას რამე დაემართებოდა საქმისთვის მიეხედა.“ 
 
ტერიმ სასმელი მოსვა. „მაგრამ მელი მართალია, ვცხოვრობდით, როგორც დევნილები. გვეშინოდა. არა, ძვირფასო? პოლიციაშიც კი დავრეკე, მაგრამ დახმარების გარეშე დაგვტოვეს. მითხრეს, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, სანამ ედი რამეს არ ჩაიდენდა. სასაცილო არაა?“ თქვა ტერიმ.
 
მან ჯინის ბოლო დასხმა დაისხა და ბოთლი შეარხია. მელი ადგა, ჭიქების კარადასთან მივიდა და ჯინის ახალი ბოთლი გამოიღო.
 
„მე და ნიკმა ვიცით რა არის სიყვარული,“ თქვა ლაურამ. „ჩვენ ურთიერთობას ვგულისხმობ.“ მან მისი მუხლი ჩემსას შეახო. „მემგონი, შენ უნდა თქვა ახლა რაღაც,“ ლაურამ ღიმილით მომაპრყო მზერა.
 
„ჩვენ იღბლიანები ვართ,“ ვთქვი.
 
„თქვენ, ყმაწვილებო,“ თქვა ტერიმ. „უკვე მღლით. ჯერ კიდევ თაფლობისთვე გაქვთ მგონი. ჯერ კიდევ ხმამაღლა მომტირალი ბავშვები ხართ. რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? რამდენი ხანი? ერთი წელი? მეტი?“
 
„წელიწადნახევარია,“ თქვა ლაურამ სიამაყით და სახეზე ღიმილით. „ოჰ, ახლა,“ თქვა ტერიმ „მოიცადეთ, ცოტა ხანი“.
მან ჭიქა აწია და ლაურას მიაშტერდა.
 
„ვხუმრობ,“ თქვა ტერიმ.
 
მელმა ბოთლი გახსნა და მაგიდას ჩამოუარა.
 
„მოკლედ, მეგობრებო,“ განაგრძო მან. „სადღეგრძელო მინდა შევსვა. მინდა შემოგთავაზოთ სიყვარულის, ჭეშმარიტი სიყვარულის სადღეგრძელო.“
 
ჭიქები მივუჭახუნეთ.
 
„სიყვარულისთვის!“ ვთქვით ყველამ.
 
გარეთ ეზოში, ერთ-ერთმა ძაღლმა ყეფა მორთო. ვერხვის ფოთლები ფანჯრისკენ გადმოიხარნენ და შუშას ოდნავ შეეხნენ. ოთახში შუადღის მზე მისი ფართო, მშვიდი და უხვი სხივებით იყო წარმოდგენილი. სხვაგან რომ ვყოფილიყავით აღტაცებულები ვიქნებოდით. ჭიქები კვლავ ავწიეთ და ერთმანეთს ისე ჩავუცინეთ, როგორც ბავშვებმა, რომლებიც რაიმე აკრძალულზე შეთანხმდებიან. 
 
„მე გეტყვით რა არის ნამდვილი სიყვარული,“ თქვა მელმა. „მე გეტყვით ერთ ნათელ მაგალითს. შემდეგ დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.“ მან ჭიქაში ჯინი დაიმატა. შემდეგ ყინული და ლაიმის ნაჭერიც დაამატა. ჩვენ მოლოდინით ყლუპი შევსვით. ლაურამ და მე მუხლები კვლავ შევახეთ. ხელი მის თბილ ბარძაყზე დავდე და ასე დავტოვე.
 
„რომელმა ჩვეგანმა იცის რა არის სიყვარული რეალურად?“ თქვა მელმა. „ასე მგონია, რომ მხოლოდ დამწყებები ვართ სიყვარულში. ჩვენ ვამბობთ რომ გვიყვარს ერთმანეთი და ვაკეთებთ ამას, ეჭვიც არ მეპარება. მე მიყვარს ტერი და ტერის ვუყვარვარ მე და თქვენ მეგობრებო გიყვართ ერთმანეთი. თქვენ იცით როგორ სიყვარულზე ვლაპარაკობ ახლა. ფიზიკურ სიყვარულზე, როცა იმპულსი გამოძრავებს ვინმეს მიმართ, სიყვარული სხვა ადამიანის ყოფნის, არსებობის და როგორიც ის არის, იმის მიმართ. სხეულით რომ გრძნობ, შეგვიძლია ვუწოდოთ ამას სენტიმენტალური სიყვარული, ყოველდღიური ზრუნვა მეორე ადამიანზე. მე ეს გამიკეთებია. ვიცი, რომ გამიკეთებია. ვფიქრობ ტერისაც, შესაბამისად. ტერისაც და ედისაც.“ მელი ცოტა ხნით ჩაფიქრდა და განაგრძო, „იყო დრო როცა ვფიქრობდი, რომ ჩემი პირველი ცოლი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მაგრამ ახლა მძულს მისი შიგნეულობა. მძულს. როგორ ახსნით ამას? რა დაემართა ამ სიყვარულს? რა დაემართა, აი, ეს არის რაც მინდა ვიცოდე. ვისურვებდი ვინმეს ეს ჩემთვის აეხსნა. შემდეგ არის ედი. ისევ ედის დავუბრუნდით. მას უყვარს ტერი ისე, რომ ცდილობს მის მოკვლას და ბოლოს თვითონ იკლავს თავს.“ მელი შეჩერდა და ყლუპი მოსვა. „თქვენ მეგობრებო, თვრამეტი თვეა ერთად ხართ და გიყვართ ერთმანეთი. თქვენ ორივე დაქორწინებულები იყავით აქამდე. და მანამდე გიყვარდათ სხვა ადამიანები. მე და ტერი ხუთი წელია ერთად ვართ, ხოლო ოთხი დაქორწინებულები. მაგრამ საშინელება, საშინელება ის არის რომ, მაგრამ ასევე კარგიც, შეღავათი, როგორც თქვენ იტყოდით, არის ის, რომ თუკი ერთ-ერთ ჩვენგანს რამე დაემართება - მაპატიეთ, ამის თქმისთვის - მაგრამ თუკი ერთ-ერთ ჩვენგან ხვალ რამე დაემართება, ვფიქრობ, რომ მეორე ჩვენგანი ცოტა ხანს იდარდებს, მაგრამ შემდეგ გადარჩენილი მხარე გავა გარეთ და კლავ შეიყვარებს, მალევე გაიჩენს სხვა ვინმეს. ყველაფერი ეს, ყველაფერი ეს, სიყვარული მხოლოდ მოგონებად დარჩება. შეიძლება მოგონებადაც კი არა. ვცდები? ავცდი რამეს? მინდა მითხრათ ავცდი რამეს, ვცდები თუ არა? მე მინდა ვიცოდე ეს. მოკლედ, არაფერი არ ვიცი და პირველი ვარ ვინც ამას აღიარებს.“
 
„მელ, ღვთის გულისათვის,“ თქვა ტერიმ. იგი მელს მიუხლოვდა და მაჯაში მოკიდა ხელი. „ხომ არ დამთვრალხარ, საყვარელო? დათვერი?“
 
„საყვარელო, მხოლოდ ვსაუბრობ,“ თქვა მელმა. „გასაგებია? აუცილებელი არ არის, რომ დავთვრე, იმის სათქმელად რისი თქმაც მინდა. მხოლოდ ვსაუბრობ, არა?“ და მზერა ტერის მიაპყრო.
 
„ძვირფასო, მე არ გეკამათები,“ უპასუხა ტერიმ.
 
მან ჭიქა აიღო.
 
„დღეს მორიგე არ ვარ,“ თქვა მელმა, „მინდა შეგახსენოთ ეს. მე დღეს მორიგე არ ვარ.“ გაიმეორა მან.
 
„მელ, ჩვენ შენ გვიყვარხარ,“ თქვა ლაურამ.
 
მელმა ლაურას შეხედა. შეხედა, თითქოს მისი გამოცვლა არ შეეძლო, თითქოს ის არ იყო ის ქალი, ვინც იყო. 
„მეც მიყვარხარ ლაურა,“ თქვა მელმა. „და შენც, ნიკ შენც მიყვარხარ. იცით, რა?“ თქვა მელმა „თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ,“ და ჭიქა აწია.
 
მან განაგრძო: „რაღაც უნდა მომეყოლა. ვგულისხმობ, რაღაც უნდა დამემტკიცებინა თქვენთვის. ეს მოხდა რამდენიმე თვის უკან, მაგრამ ახლაც ხდება და ის შერცხვენილად გვაგრძნობინებს თავს, როცა ვსაუბრობთ, თითქოს ვიცოდეთ, რის შესახებ ვსაუბრობთ, როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე.“
 
„ნუღარ აყოვნებ,“ თქვა ტერიმ. „ნუ საუბრობ მთვრალივით, თუკი მთვრალი არ ხარ.“
 
„ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაჩუმდი,“ მშვიდად შეეპასუხა მელი. „დამდებ პატივს და ერთი წუთით გაჩუმდები?  იმას ვამბობდი, რომ ერთი მოხუცი წყვილი ავტომაგისტრალზე ავტოავარიაში მოყვა. ბავშვი დაეჯახა მათ და ყველანი ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, არავინ აძლევდა მათ გადარჩენის შანსებს.“
 
ტერიმ შემოგვხედა და მერე ისევ მელს მიუბრუნდა. შეწუხებული ჩანდა, შეიძლება არც კი.
 
მელს ხელი მაგიდაზე მდგომი ბოთლისთვის ჰქონდა წავლებული.
 
„იმ ღამით მორიგე ვიყავი,“ განაგრძო მან. „მაისი თუ ივნისი იყო. ტერი და მე სადილად ახალი დამსხდრები ვიყავით, როცა საავადმყოფოდან დამირეკეს. ეს ამბავი მაგისტრალზე მოხდა. მთვრალმა ბავშვმა, თინეიჯერმა, მამამისის პიკაპი პირადპირ ამ მოხუცი ტურისტების მანქანაში ჩარგო. მოხუცი წყვილი სამოცდაათწელს გადაცილებული იყო. ბიჭი თვრამეტის ან ცხრამეტის, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო რომ მოიყვანეს. მანქანის საბურავი მკერდიდან ამოუღეს. მოხუცი წყვილიც ცოცხალი იყო, გესმით. ვგულისხმობ, სიცოცხლის ნიშნები ოდნავღა ეტყობოდათ. მაგრამ ყველაფერი დამართნოდათ. მრავლობითი მოტეხილობები, შინაგანი დაზიანებები, ჰემორაგიული კანტუზიები, ჭრილობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე გონზე იყო. მაგრამ მათი საქმე ცუდად იყო, დამიჯერეთ. მათი ასაკი კი გადარჩენის იმედს არ იძლეოდა. ქალი უფრო ცუდად იყო ვიდრე კაცი. ელენთა გამსკდარი ჰქონდა, ყველაფერთან ერთად. მუხლები დამტვრეული. მაგრამ მათ ღვედი ჰქონდათ შეკრული და ღმერთმა იცის, რა დაემართებოდათ უმისოდ.“
 
„ეს ხომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეკლამაა,“ თქვა ტერიმ. „ეს თქვენი დირექტორი დოქტორ მელვინ რ. მაკგინისი საუბრობს,“ ტერიმ გაიცინა. „მელ, ხანდახან ამეტებ, მაგრამ მიყვარხარ, საყვარელო,“ თქვა მან.
 
„მეც მიყვარხარ, საყვარელო.“ უპასუხა მელმა
 
იგი მაგიდაზე გადაიხარა. ტერი შუა გზაში შეხვდა. მათ ერთმანეთს აკოცეს.
 
„ტერი მართალია,“ თქვა მელმა და ისევ დაჯდა. „გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედები. დიახ, მათ ეკეთად ღვედები. სანამ მე საავადმყოფოში მივედი ბავშვი გარდაიცვალა, როგორც გითხარით. მიცვალებული კუთხეში ესვენა. ერთი შეხედვით მოხუცები დავათვალიერე და მედდას ვუთხარი, სასწრაფოდ ნევროლოგისთვის, ორთოპედისთვის და ორი ქირურგისთვის დაეძახა.“
მან ჭიქიდან მოსვა. „შევეცდები შევამოკლო,“ თქვა მან. „ქირურგებმა ისინი გავინაწილეთ და მთელი ღამე შეუჩერებლივ ვმუშაობდით. დაუჯერებელი ენერგია აღმოჩნდათ მათ. ასეთს მხოლოდ ერთხელ ნახავ ცხოვრებაში. იმ ღამით ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და გამთენიისას პაციენტებს 50/50-ზე მივეცით შანსი, შეიძლება უფრო მცირე ქალს. ყოველ შემთხვევაში, მეორე დილით ისინი ცოცხლები იყვნენ. შემდგომ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში გადავიყვანეთ, სადაც აპარატიდან გამოერთებულებმა ორი კვირა დაჰყვეს. მათი მდგომარეობა დღითიდღე უკეთესდებოდა. მალევე ისინი საკუთარ ოთახებში გადავიყვანეთ.“
 
მელმა საუბარი შეწყვიტა. „მოდით,“ გააგრძელა მან. „ეს წყეული ჯინი დავცალოთ. შემდეგ სასადილოდ წავიდეთ, არა? ტერიმ და მე ახალი ადგილი ვიცით. აი, იქ წავიდეთ, იმ ახალ ადგილას. მაგრამ არსადაც არ წავალთ, სანამ ამ საზიზღარ ჯინს არ დავცლით.“
 
ტერიმ თქვა: „იქ ჯერ არ გვისადილია. მაგრამ კარგი ჩანს. გარედან ყოველშემთხვევაში.“
 
„მე მიყვარს საჭმელი,“ თქვა მელმა. „რამის ხშირად კეთება რომ მიწევდეს, მთავარ მზარეულობას ავირჩევდი, არა ტერი?“
მან გაიცინა და ჭიქაში ყინულს თითი შეახო.
 
„ტერიმ იცის,“ განაგრძო მან. „ტერის შეუძლია, მაგრამ ნება მომეცით მე გითხრათ. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს სხვა ცხოვრებაში, სხვა დროს, იცით რა? ვისურვებდი რაინდად დავბრუნებულიყავი. საკამოდ უსაფრთხოდ იქნებოდი იმ აღჭურვილობაში. ყველაფერი კარგად იყო, სანამ დენთს, მუშკეტებს და პისტოლეტებს გამოიგონებდნენ.“
„მელ, გინდა ცხენი გააჭენო და თან შუბს ატარებდე?“ კითხა ტერიმ.
 
„მხოლოდ ქალს,“ უპასუხა მელმა.
 
„სირცხვილი შენ,“ თქვა ლაურამ.
 
„ყმები არასდროს იყვნენ კარგ დღეში,“ თქვა მელმა, „მაგრამ მგონი რაინდებიც ვიღაცის ვესელები იყვნენ. ასე არ ხდებოდა? მაგრამ ყოველთვის ყველა ვიღაცის ვესელია. არ ვარ მართალი? ტერი? მაგრამ რაც მე ყველაზე ძალიან მომწონს რაინდებში, მათი ქალბატონების გარდა, ეს მათი აბჯარია, იოლად ვერ დააზიანებდი მათ. არანაირი მანქანები მაშინ არ იყო, იცით? და ვიღაც თინეიჯერები უკანალში არ გერჭობოდნენ.“
 
„ვასალები,“ თქვა ტერიმ.
 
„რა?“ იკითხა მელმა.
 
„ვასალები,“ უპასუხა ტერიმ. „მათ ვასალები ერქვათ და არა ვესელები.“
 
„ვასალები, ვესელები,“ თქვა მელმა. „ნეტა რა განსხვავება? ყოველ შემთხვევაში ხომ გაიგეთ რისი თქმაც მინდოდა. არ ვარ ასეთი განათლებული. მე მხოლოდ ჩემი საქმე ვიცი, მე გულის ქირურგი ვარ, მხოლოდ მექანიკოსი. მივდივარ და რაღაცეებს შევაკეთებ ხოლმე. ჯანდაბა.“ თქვა მელმა.
 
„თავდაჭერილობა არ გამოდის შენგან,“ თქვა ტერიმ.
 
„ის მხოლოდ თავმდაბალი ექიმია,“ ვთქვი მე. „მაგრამ იმ აღჭურვილობაში მათ სული ხშირად ეხუთებოდათ, მელ. ხშირად უჰაერობის გამო გულის შეტევებიც კი მოსდიოდათ და იხსნიდნენ იმ აბჯარს. სადღაც წამიკითხავს, რომ ისინი ცხენიდანაც კი ვარდებოდნენ და უკან ასვლა დაღლილობის გამო აღარ შეეძლოთ. ხანდახან საკუთარი ცხენები თელავდნენ მათ.“
„საშინელებაა,“ თქვა მელმა. „ზოგიეთი ყმა სიყვარულის სახელით შუბით კლავდა მათ. ანდა რა ჯანდაბაც იყო, ისინი იბრძოდნენ იმ დროს.“
 
„ჩვენ ახლაც ვიბრძვით,“ თქვა ტერიმ.
 
ლაურამ დაამატა: „არაფერი შეცვლილა.“
 
ლაურას ლოყები ჯერ კიდევ შეფერილი იყო, თვალები გაბრწყინებოდა. ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
 
მელმა კიდევ ერთი ჭიქა დაისხა. ბოთლს ახლოდან დააკვირდა და რაღაც ციფრებს კითხულობდა. შემდეგ მაგიდაზე დადო და ტონიკი აიღო.
 
„რა დაემართა წყვილს?“ იკითხა ლაურამ. „დაწყებული ამბავი ჯერ არ დაგიმთავრებია.“
 
ლაურა სიგარეტს უკიდებდა. ასანთის ღერი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო.
 
ოთახში მზის სინათლე შეცვლილიყო, ნელ-ნელა ფერკმთალდებოდა. ფანჯრის შუშაზე და სამზარეულოს დახლზე ფოთლების ჩრდილები კვლავ ლიცლიცებდნენ. მათ იგივე ფორმები აღარ ჰქონდათ, რა თქმა უნდა.
 
„რა დაემართა მოხუც წყვილს?“ ვიკითხე მე.
 
„მოხუცი და ჭკვიანი,“ თქვა ტერიმ.
 
მელი მას მიაშტერდა.
 
ტერიმ თქვა: „განაგრძე ამბავი, საყვარელო, ვხუმრობ მხოლოდ. რა მოხდა შემდგომ?“
 
„ტერი, ხანდახან,“ თქვა მელმა.
 
„გთხოვ, მელ,“ უპასუხა ტერიმ, „ნუ ხარ ყოველთვის სერიოზული, ძვირფასო. ხუმრობის მიღება არ შეგიძლია?“
მან ჭიქა აიღო და ცოლს მიაშტერდა.
 
მელმა მზერა ლაურაზე გადაიტანა. განაგრძო: „ლაურა, ტერი რომ არ მყავდეს და არ მიყვარდეს და რომ ნიკი ჩემი საუკეთესო მეგობარი არ იყოს, შენ შემიყვარდებოდი. შენ მოგიტაცებდი, ძვირფასო.“ 
 
„განაგრძე ამბავი,“ თქვა ტერიმ, „და მერე იმ ახალ ადგილას წავიდეთ, კარგი?“
 
„კარგი,“ უპასუხა მელმა. „სად ვიყავი?“ თქვა და მაგიდას დააცქერდა, შემდგომ კი  თავიდან დაიწყო.
 
„მე ყოველდღე ვნახულობდი მათ, ხანდახან დღეში ორჯერ, როცა მორიგე ვიყავი. თაბაშირი და სახვევები, თავიდან ფეხებამდე ორივეს. ასეთები მგონი ფილმებში გინახავთ მხოლოდ. ზუსტად ისე გამოიყურებოდნენ, როგორ ფილმებშია. თვალის, ცხვირის და პირის პატარა ნახვრეტები ჰქონდათ მხოლოდ. ქალს ფეხი ზემოთ ჩამოკიდებული უნდა ჰქონოდა. დიდი ხნის განმავლობაში ქმარი ძალიან დათრგუნული იყო. ავარიის გამო არა. ავარია იყო ერთი, მაგრამ არა ყველაფერი. პირთან მივუახლოვდებოდი ხოლმე, მაგრამ მეტყოდა არას, ავარია არ იყო ამის მთავარი მიზეზი, არამედ თვალები; ის რომ მას მისი ცოლის დანახვა არ შეეძლო. ასე თქვა რომ ზუსტად ეს იყო მისი ცუდად ყოფნის მიზეზი. წარმოგიდგენიათ? გეუბნებით, კაცს გული ტკიოდა, იმის გამო რომ არ შეეძლო მისი დაწყევლილი თავის მობრუნება და მისი ცოლის დანხვა.“ 
 
მელმა მაგიდაზე მიმოიხედა და თავი გაიქნია. „ამ მოხუცს კლავდა ის, რომ მის გვერდზე მყოფი ქალის დანახვა არ შეეძლო.“
ყველამ მელს შევხედეთ. 
 
„გესმით რას ვამბობ?“ თქვა მან.
 
შესაძლოა ცოტა მთვარლები ვიყავით უკვე. მესმის, რომ უკვე რთული იყო რამეზე კონცენტრირება. ოთახში სინათლე უკვე ნავლდებოდა, უკან ფანჯარაში გადიოდა, საიდანაც შემოდიოდა ხოლმე. მაგრამ შუქის ასანთებად სკამიდან ჯერ კიდევ არავინ დგებოდა.
 
„მისმინეთ,“ თქვა მელმა. „მოდით, დავცალოთ ეს წყეული ჯინი. ერთი დასხმა კიდევ არის დარჩენილი. შემდეგ საჭმელად წავიდეთ. იმ ახალ ადგილას წავიდეთ.“
 
„დეპრესიაშია,“ თქვა ტერიმ. „მელ, აბებს რატომ არ სვამ?“
 
მელმა თავი გააქანა. „ყველაფერი რაც არსებობს უკვე დამილევია.“
 
„ჩვენ ყველას გვჭირდება აბები ახლა და მერეც,“ ვთქვი მე.
 
„ზოგიერთი მათი საჭიროებით იბადება,“ თქვა ტერიმ.
 
ის მაგიდაზე რაღაცას თითს უსვამდა. შემდეგ შეწყვიტა.
 
„მინდა რომ ჩემ შვილებს დავურეკო,“ თქვა მელმა. „პრობლემა ხომ არ არის ვინმესთვის? შვილებს დავურეკავ,“ თქვა მან.
ტერიმ თქვა: „თუკი მერჯორიმ აიღო ტელეფონი? მეგობრებო, მემგონი იცით მერჯორის თემა? საყვარელო, ხომ იცი რომ არ გსურს მერჯორისთან საუბარი. ეს უფრო უარესად გაგრძნობინებს თავს.“
 
„მერჯორისთან საუბარი არ მინდა,“ თქვა მელმა, „მაგრამ ბავშვებთან მინდა.“
 
„დღე არ გავა რომ მელმა არ თქვას, რომ მას კვლავ უნდა მერჯორი დაქორწინდეს. ან კიდევ მოკვდეს,“ თქვა ტერიმ. „მელი ამბობს, რომ ის გვაკოტრებს ჩვენ და მის გულსატკენად კვლავ არ თხოვდება. მას ჰყავს ბოიფრენდი, რომელიც მასთან და მის ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. მელი ამ ბიჭსაც მხარს უჭერს.“
 
„ის ფუტკრებზეა ალერგიული,“ თქვა მელმა. „რომ არ ვლოცულობდე ის კვლავ გათხოვდებოდა, მაგრამ ვლოცულობ, რომ დაწყევლილი ფუტკრების კბენისგან არ მოკვდეს.“
 
„სირცხვილი შენ,“ თქვა ლაურამ.
 
„ბზზზზზზ,“ თქვა მელმა და მისი თითები თითქოს ფუტკრები იყოს, ტერის ყელისკენ წაიღო. შემდეგ ორივე ხელი თავისკენ დაუშვა.
 
„ის უზნეოა,“ თქვა მელმა. „ხანდახან მგონია რომ მეფუტკის ფორმაში დავადგები თავზე. ხომ იცით ეს ფორმა, სახეზე ბადე, როგორც მუზარადი, უზარმაზარი ხელთათმანები და გამოტენილი პალტო? დავაკაკუნებ მის კარებზე და მთელ სკა ფუტკარს შევუშვებ მის სახლში. მაგრამ პირველ რიგში, დავრწმუნდები, რომ იქ ბავშვები არ იქნებიან.“
 
მან ფეხი ფეხზე გადაიდო. თითქოს დიდი ხანი დასჭირდა ამ მოძრაობის გასაკეთებლად. შემდეგ ორივე ფეხი იტაკზე დადო, წინ გადმოიწია, იდაყვებით მაგიდაზე დაყდნობილმა და ხელებში  ნიკაპმოქცეულმა.
 
„შეიძლება არც დავურეკო ბავშვებს, ბოლო ბოლო. შესაძლოა, ეს არც თუ ისე კარგი იდეაა. შეიძლება, მხოლოდ საჭმელად წავიდეთ. როგორ ჟღერს?“
 
„შესანიშნავია,“ ვთქვი „ჭამა თუ არჭამა. ან სმის გაგრძელება. მე შემიძლია აქ ვიყო მზის ჩასვლამდე.“
 
„ეს რას ნიშნავს საყვარელო?“ თქვა ლაურამ.
 
„მხოლოდ იმას რაც ვთქვი,“ ვუპასუხე. „ეს ნიშნავს რომ შემიძლია გაგრძელება. მხოლოდ ამას.“
 
„მე ჩემთვის შევჭამდი რაღაცას,“ თქვა ლაურამ. „ვფიქრობ ასე ძლიერ არასდროს მშიებია. არაფერია რომ შევჭამო?“
 
„ყველს და კრეკერებს მოგიტან,“ თქვა ტერიმ.
 
მაგრამ ტერი მხოლოდ იჯდა. ის არც არაფრის მოსატანად არ ამდგარა.
 
მელმა მისი ჭიქა ამოატრიალა და რაც შიგ იყო მაგიდაზე დაღვარა.
 
„ჯინი გათავდა,“ თქვა მან.
 
„და ახლა რა?“ თქვა ტერიმ.
 
ჩემი გულისცემა მესმოდა. ყველას გულისცემის მოსმენა შემეძლო. შემეძლო იმ ადამიანური ხმის გაგება, ჩვენ იქ მსხდომნი რომ გამოვცემდით, გაუნძრევლად მჯდომნი, მაშინაც კი როცა ოთახში სრულიად დაბნელდა.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული