ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

სუბიექტურობის ცნება ჟაკ ლაკანსა და მაქს შტირნერთან

სოლ ნიუმენი
11.03.2016

   


მთარგმნელი: შოთა თხელიძე
 
(ნაწყვეტი წიგნიდან: „ბაკუნინიდან ლაკანამდე: ანტი-ავტორიტარიზმი და ძალაუფლების გადანაცვლება“)
 
უკმარისობა (ჟაკ ლაკანის ‘ყოფნის უკმარისობა’ – lack of being) ან სიცარიელე, რომელიც აყალიბებს სუბიექტს, ამ სუბიექტის მთლიანობის ან არსის საფუძველს მაინც არ წარმოადგენს. პირიქით, იგი კვლავ და კვლავ ხაზს უსვამს მის არარსებობას, არაფრობას - რადიკალურ უკმარისობას. სხვა სიტყვებით, იგი ერთგვარი უადგილო სივრცეა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სუბიექტის არსს და მისი მყარი იდენტობის წარმოქნას ხელს უშლის. სუბიექტს არასდროს შეუძლია მისი იდენტობას დასრულებული ან მთლიანი სახე მისცეს, რადგან ეს უკმარისობა არასდროსაა შევსებადი. მთლიანობის არარსებობის ცნება ლაკანს უფლებას აძლევს პოსტსტრუქტურალიზმის პარადგიმის მიღმა გავიდეს. მაშინ როცა სუბიექტი სხვადასხვა მახასიათებელ ნიშანთა რიგად არის დაშლილი, როგორც ამას პოსტსტრუქტურალისტები ამტკიცებენ, ის მთლიანად მაინც არ არის განსაზღვრული: ნიშნათა საბოლოო სიმრავლის ჩამოყალიბების პროცესი ამ უკმარისობის/სიცარიელის მიერაა დაბლოკილი, რომელიც სუბიექტის სრულ გამოხატვას უგულებელყოფს. არსებულ მახასიათებელ ნიშანთა რიგს მიღმა დარჩენილი ნაშთი კი გაურბის ამ მახასიათებელ ნიშანთა შეძენას, და სწორედ, ეს აყალიბებს სუბიექტურობას. ლაკანისთვის სუბიექტი გახლეჩილია: სუბიექტურობა არ არის მხოლოდ სიმბოლური სხვის (Symbolic Other), დისკურსის, კანონის, ძალაუფლების და ა.შ. შედეგი, ის ასევე რეალურია (Real), ამ მახასიათებელ ნიშანთა წარუმატებელი შეძენის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი. აქედან გამომდინარე, სუბიექტი განისაზღვრება მისი თვითშეცნობის კრახით. ამიტომაც, პოსტსტრუქტურალისტური მოტივები თვით-არაგამოხატულობა და განსახვავებულობა სუბიექტურობას ძირს აუცილებლად არ უთხირს: უფრო მეტიც, ისინი განსაზღვრავენ სუბიექტურობის სტრუქტურას. პოსტსტრუქტურალიზმი სუბიექტს მის მახასიათებელ ნიშანთა სიმრავლეში გაფანტულად წარმოაჩენს. ლაკანი კი პირიქით,  სუბიექტის ნამდვილ შემადგენელ ნაწილებად სწორედ ამ სიმრავლეს და არგამოხატულობას აღიქვამს. ასე რომ, სადაც პოსტსტრუქტურალიზმი გვთავაზობს იდენტობის ტრანსგრესიას, იქ ლაკანის ანალიზი მიუთითებს იდენტობაზე დაფუძნებულ ტრანსგრესიაზე - იდენტობაზე, რომელიც დამყარებულია მისსავე შეუძლებლობაზე. როგორც სლავოი ჟიჟეკი ასაბუთებს, ლაკანი ცდება სუბიექტის მარტივ დეკოსტრუქციას: იგი გვთავაზობს სუბიექტის რეკონსტრუქციას, დაფუძნებულს მისსავე ლიმიტებსა და  შეუძლებლობაზე. უფრო მეტიც, სუბიექტი წარმოდგენილია ერთი  ძირითადი ნიშნით - მრავალ მახასიათებელ ნიშანთა ნაცვლად. ლაკანის ანალიზში სუბიექტი არ არის გაფანტული: არც მრავალ ნიშანთა დისკურსებითაა განსაზღვრული, როგორც ამას პოსტსტრუქტურალისტები ამტკიცებენ. ის ძირეულად გახლეჩილია მახასიათებელ ნიშანთა შეძენის პროცესსა და საკუთარ მნიშვნელობას შორის, რომლის თავიდან არიდებას ცდილობს. სუბიექტსა და გამომხატველ ნიშანთა შეძენის პროცესს შორის ყოველთვისაა უკმარისობა, რომელიც ვერასდროს დაიძლევა. ეს ძირეული უკმარისობა შესაძლებელს ხდის პოსტსტრუქტურალიზმის საზღვრებს გავცდეთ.
 
სასარგებლო იქნება ლაკანისა და შტირნერის სუბიექტურობის ცნებათა შორის საერთო მახასიათებლებს დავუკვირდეთ. შესაძლოა შტირნერის ეგოს ცნება ლაკანის უკმარისობის, როგორც არარსებობის ან სიცარიელის, მაგრამ შემოქმედი სიცარიელის გააზრებაში დაგვეხმაროს. შტირნერი ხშირად აღიქმება, როგორც ახალი, ძირეული, რადიკალური ინდივიდუალიზმით და ეგოიზმით გამორჩეული სუბიექტურობის ცნების შემომტანად. ისეთივე სუბიექტურობის, როგორიც მარქსს ბურჟუათა იდეოლოგია წარმოედგინა. მაგრამ შტირნერი სხვაგვარადაც შეიძელება იყოს გაგებული: ეგოც - იდენტობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორის ნაცვლად, შეიძლება დავინახოთ, როგორც რადიკალური სიცარიელე, უადგილობა, რომელიც უარს ამბობს არსზე და ამის საპირისპიროდ, წარმოდგება როგორც ნაკადი, შემთხვევითობა და წარმოქმნადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეგო შტირნერთანაც სიცარიელე და არაფრობაა, იგი შემოქმედია. მას შემდეგ რაც ეს სიცარიელე გააზრებული იქნება, როგორც იდენტობის საფუძველი, სუბიექტი აღარ იქნება მისივე არსით შემოფარგლული, რაც მას საკუთარი თავის ხელახალი შექმნისკენ და ახალი იდენტობების გამოკვლევისკენ უბიძგებს. ეს იდენტობები არასდროსაა ძირეული, რადგან ისინი არაფერს ეფუძნება. ასე რომ როგორც ლაკანი, შტირნერიც არ უარყოფს სუბიექტურობას, არამედ ისიც ხაზს უსვამს მის სიცარიელეს, უკმარისობაზე დაფუძნებულობას და იმას რომ ის ყოველთვის ნახევრად დანაწევრებული და დაუსრულებელია. ის ვერასდროს გახდება დახურული, როგორც ერთი მთლიანი იდენტობათა კომპლექსი.
 
შედეგად, შტირნერისა და ლაკანის საოცარ თანხვედრას ვაწყდებით. შტირნერისთვის სუბიექტი მისი მახასიათებელი ნიშნებისგან, რომლებიც მის სიმბოლურ წესრიგში მოთავსებას ცდილობენ, გაუცხოვებულია; სუბიექტსა და იმას, შორის რაც მას წარმოადგენს ყოველთვის დიდი ბზარია: „და იტყვიან ღვთისას ‘სახელები არ გამოგხატავენ თქვენ’. ეს კარგია ჩემთვისაც: არანაირი კონცეფიცია არ წარმომაჩენს მე, ყველაფერი რაც ჩემი არსის გამოსახატავადაა, მღლის, რადგან ისინი მხოლოდ სახელებია“. მათ არ შეუძლიათ სუბიექტის ადეკვატური გამოხატვა ან ახსნა. ისინი მხოლოდ, მისი მცდარი სახით წარმოჩენას ემსახურებიან. შტირნერის ეგო საშუალებას იძლევა ლაკანის უკმარისობა შემოქმედად და ნაყოფიერად აღვიქვათ: სიცარიელე, სადაც ახალი შესაძლებლობები და სურვილები შეიძლება იქნას წარმოებული. მაშინ როცა დელიოზი ლაკანის სურვილის იდეას, დაფუძნებულს უკამურისობაზე, ნეგატიურად და რეაქტიულად აღიქვამს, ის სხვაგვარად - პოზიტიურად და ნაყოფიერად შეიძლება იქნას დანახული. თუკი სურვილი დამყარებულია უკმარისობაზე, სიცარიელესა და შეუძლებლობაზე, ის არასდროს იქნება დახურული, ძირეული იდენტობა და შესაბამისად, ყოველთვის დარჩება ღია ახალი შესაძლებლობებისთვის.