რეაქტიული ანგელოზი





პოეზია

რეაქტიული ანგელოზი




ნუ გაჩერდები!

ვიცი, სიცივე არაფერ შუაშია.
ეს შენს სულში გამოძერწილი სიმარტოვეა,
რომ აკანკალდა მოძველებული მანქანასავით
ახალი გზების ვერგავლის შიშით.
ვიცი, რა ძლიერ გინდა ვინმე მოვიდეს,
შეგეხოს, გითხრას:
"ახლა უკეთ ხარ?
ასე ჯობია?"
ვერ ეგუები, რომ მეგობრები
თვალების ნაცვლად ფეხსაცმელებზე გიცქერენ,
რომ გულწრფელობა სიგიჟეა,
მაგრამ გთხოვ დამიჯერე,
ნუ გაჩერდები!
ეს გზა შენია 
და არაფერია უფრო ლამაზი, 
ვიდრე შენი ტკივილები.
ნუ გაჩერდები!

 

რეაქტიული ანგელოზი

 

გლეხები ტკბებიან,

როცა ირაოს ვერტმფრენი ხაზავს

ქერად შეღებილ ხორბლის ყანებზე.

როცა წმინდა ელმოს ცეცხლის გვირგვინით შემკული

რეაქტიული ანგელოზი -

პლანეტის ქანებს მის ქნარზე ჭიმავს

და მიწისძვრათა მედიატორით კრისტალიზებულ სულთათვის უკრავს.

ახლა, სხვა დროა ამხანაგო!

დანამულ მინდვრებს ტყუილად ნუ უცქერ,

ისინი მხოლოდ ნაკელის სუნს და ნესტს გიქადიან!

ჩვენი ნაბიჯები აღემატება აეროდინამიკისა

და კატაფალკების სიჩქარეს.

ახლა, სხვა დროა ამხანაგო!

ადექი და შენი ოცნებების ყალიბით ხელში

მიუახლოვდი მას,

მიუახლოვდი რეაქტიულ ანგელოზს.

 

 

 

ამის შესახებ

(დაკარგულთა)

 

ზოგჯერ, მგონია, რომ ჩემში სული უკუღმა ჩადეს

და ამიტომაც, როგორც ჯიბეში კალამი მელანს,

მეც ისე ვჟონავ ფურცელზე ლექსებს.

ასეთ დროს, როცა მგლები ყმუიან

და ქარხნები დუმდებიან,

ვაცნობიერებ, რომ ბავშვობა სიბერეზე შორია

და დაუწერელი ლექსები ფანტომურად მტკივდება.

ჩემი ღამე სხვანაირად ბნელია...

მინდა ყველა გზა-კვალიანად დაკარგულის სახელით

დავწერო ორიოდ სიტყვა ამის შესახებ.

 

თავდაპირველად, შეიქმნა იმედი.

იმედი გამდიდრების, წარმატების, გამოჯანმრთელების.

რაც მთავარია, იმედი იმის, რომ არ დაგვტოვებენ.

დააკვირდით, როგორ ცარიელდება

თქვენი ცხოვრების თბილი, ჯგუფური პორტრეტი,

როგორ გეცვლებათ ღიმილი სახეზე,

როგორ იზრდება ამ პორტრეტის დაწვის სურვილი...

ჰო, იმედის მერე შეიქმნა სიმარტოვე.

ჰო, ღმერთისთვის ასეთი სამყარო აღმოჩნდა სრულყოფილი

და აღარც არაფერი შეუქმნია.

სხვა დანარჩენი ჩვენი უიმედო სიმარტოვის ნაყოფია.

აი, გაიღვიძებ ის, ვინც ჭიპლარივით მაკლიხარ,

ვითაც ვსუნთქავდი,

ვითაც ვჭამდი...

გაიღვიძებ და წამწამების დახამხამებით

ჩამოიფერთხავ თვალებიდან უცნაურ სიზმარს,

სადაც მიხილე.

გაიღვიძებ და მომღიმარი მზერით გახედავ მეუღლეს,

რომელიც მე არ აღმოვჩნდი.

მე კი, ქუთუთოებს ვიჭრი,

რათა ვეღარასდროს დავიძინო

და ვერ ვიხილო სიზმარი, რომელსაც "ნახვამდის" ჰქვია.

ზოგჯერ, ბრმა ტყვიას ხელკავს გავუყრი,

ვაცილებ, ვიცავ, რათა არავინ გაკრას მხარი,

შემდეგ დაჟინებით ვეპატიჟები ჩემს სხეულში,

ის კი მპასუხობს, თავი საშინლად მიხურსო და გამირბის.

ვის ვესაუბრო ამის შესახებ?

მხარზე, რომ თავი დამადე და ამ მხარზე ყვავილები ამომივიდა,

ვის ვესაუბრო?

რომ ამ ყვავილებს უშენო დღეებს ვუყრი სასუქად,

ვის ვესაუბრო?

ყველაფერი, რომ რიგზე იყოს,

მეც რიგში ვიყო

და შენი ფეხმძიმე სხეულის გატარება მომიწიოს,

ვის ვესაუბრო?

 

ყველა შესაძლო იმედი

შენი ღიმილის ნაპრალებში ტბასავით დაგუბდა,

შემდეგ ეს ტბა ფულიანმა ინვესტორმა შეიძინა

და გარშემო ჩემი ტკივილები გააშენა.

ყველა გზა, რომელიც შენკენ მიდიოდა - წავიდა,

მე კი ვერ დავეწიე.

მხარზე ყვავილი კი არა, ბაო-ბაბი, რომ ამომივიდეს

მაინც ვერასდროს იხილავ...

მითხარი, ნიჰილ...

ამის შესახებ ვის ვესაუბრო?

 

 

 

 

ჩვენი მანიფესტი

 

დაე, პოეზია დაემსგავსოს კვეთებულის ლოცვებს,

რომლის კითხვითაც გამოვდევნით

უიმედოთა და უვიცთა სულებიდან

უვიცობას და უიმედობას.

დაე, ის გახდეს ფერადი,

როგორც ხილის ბაზარი.

დაე, დაეწაფონ სტრიქონებს

მტერნი და მოყვასნი,

ვითარცა პურს მათი არსებობისას.

დაე, ჩვენი მოსმენისას მამაკაცები სველდებოდნენ

(ცრემლით),

ხოლო ქალებს უდგებოდეთ

(თმა ყალყზე).

დაე, დადგეს დიდი გვალვის წელიწადი

და ტყეებიდან გამოქცეულ

ცეცხლმოდებულ მგლებს, ირმებს,

ზღარბებს, ციყვებს,

ბუებს,

მიკიოტებს,

როგორც ათასობით ფენიქსს

სახანძრო მანქანების სირენებითა

და სირინოზთა ცრემლებით აქრობდნენ.

დაე, დახტოდნენ ნერვები,

როგორც მდუღარე ზეთის წვეთები,

მეტს ვეღარ ძლებდე!

ხუჭავდე თვალებს,

ახელდე ფერფლისფერ ფარფლებს

და თვითგანადგურების ინსტიქტით ხტებოდე ზღვაში.

ზღვა იყოფოდეს ორად,

და განაგრძობდე სირბილს

უგზოობის ხავსმოდებულ მაგისტრალზე!

დაე, მეთევზეები წამწამების ანკესებს

ისროდნენ ცისკენ

და იქ მკვდარი თევზებივით მოტივტივე

თვითმფრინავებს იჭერდნენ.

დაე, ლოცვით დაღლილი ტუჩებიდან

ძვრებოდეს კვნესა

და აღგზნებული თვალებით აკეთებდეს პანორამას

კედელს მიჭედებულ ხატებზე.

დაე, ქუჩებში ღამ-ღამობით

დაძრწოდნენ ლექსოფილები

და აუპატიურებდნენ

ყველა დრომოჭმულ, ბანალურ იდეას

და ამგვარ პერვერსიას აღფრთოვანებით

ეგებებოდნენ ონტოლოგები.

დაე, დუმილებს შორის უხერხულად

წვებოდნენ წყვილები

და სიყვარული ისრისებოდეს

გაოფლილ სხეულებს შორის.

დაე, ტაძრებს რეაქტიული რაკეტებივით

სწყდებოდნენ გუმბათები და მიფრინავდნენ

სხვა თვითმყოფად პლანეტებზე.

დაე, ნოემბრობით ხეებს ფოთლები გასცვივდეთ

და ქუჩებმა გამოისხან ძეგლები!

დაე, პროტესტი პოპ-კორნებივით სკდებოდეს სულში,

ხოლო სული, კვირტებივით, გაზაფხულზე.

დაე, ფილტვების კრატერებიდან

ამოფრქვეულმა ნახშიროჟანგმა

ჩვენი წარსული უმოძრაო და არაფრისმთქმელ

ქანდაკებებად აქციოს.

დაე, დრო-სივრცის ველში გამოხვეული ქვრივები

ბრუნდებოდნენ თავის პირველ ღამეებში

და ყველაფერი იწყებოდეს თავიდან,

ანუ, ჩაბნელებული,

მე ვიტყოდი ჩავნებებული ოთახებიდან

და მთავრდებოდეს გარდაუვალი სიკვდილით...

და სიყვარული ისრისებოდეს...

და სიყვარული ისრისებოდეს...

და სიყვარული იზილებოდეს,

ცომივით ოფლში,

მერე ამ ცომით საზეიმო სუფრისათვის

აცხობდეთ შვილცხობილებს,

სეფის ბავშვებს

და შესაძლოა ომცხობილებსაც!

და ყველაფერი იწყებოდეს თავიდან...

დაე,  გამუდმებით, როგორც

სნეული ქრისტიანი ლოცვებს,

იმეორებდეთ:

ცეცხლი!

მეტალი!

და პოეზია!

 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.