არცოდნის ფესურა





პოეზია

არცოდნის ფესურა




ზამთრის ნაბუნიობა
 
         ახლა განთიადი         მაგრამ არის ზამთრის მსუბუქ საღამოობით
ერთი მომენტი როდესაც მწეველი ნატრობს თითო მეტალის ცილინდრულ
ნაგვისყუთს ყველა მაღაზიის შესასვლელთან:         ხანდახან
ისე უნდება ყველა ჩვენგანს    სადმე შესვლა                   არის,   რათქმაუნდა
        რაღაც შემზარავი დილის პირველ ავტობუსში       როგორც პატრონი
გასასეირნებლად გამოსული საყელურით ხელში     ძაღლი კი სახლში დარჩა
გინახავს?             ანდა ზუსტად როგორც ამასწინათ   ველაპარაკებოდი
                                                                                                        ქრისტიანებს 
ვუთხარი მათ მთელი ჩემი სიძულვილი და მათაც მითხრეს, არაფერს ცვლის
შენი სიძულვილი და შენი ტანჯვა არაფერს ნიშნავს მხოლოდ სულს ინადგურებ
ამით             მაგრამ ჩვენ ხომ ჭეშმარიტად არ ვიცით სულის საზღვრები   და
რა ეტევა მასში       რადგან ჭიქა სავსე შხამით       მაინც სავსეა,
არა?        და ზუსტად როგორც ცუდი წერა (რა იშვიათად ვამბობთ მის
მნიშვნელობას!)    მაგრამ ცუდი წერა ხდება   და   მომიწევს ვისწავლო   როგორ
       შევეგებო     მას გაშლილი ხელებით      შევიკედლო ისიც   ნაწერში
        რადგან მართლა დღემდე არ გვისწავლია ცუდის და კარგის გარჩევა
არაფერი ვიცით  ცოდნა უცნობია  ჩვენთვის   და   ჩვენივე   ცუდის
      უარყოფით  ვკარგავთ   იმას  რაც ჩვენში ჩვენია              თუკი ეშელმანი
ჩვენი სიბნელის პოეტი გვირჩევს:     ასე დაიწყე: სამყაროს არ აქვს წარმოშობა
                განა არ შეგვეძლო უბრალოდ გვეთქვა:          დაიწყე ასე:
                                                                        იყო და არა
 
     რაც ყველაზე უფრო შორსაა ჩემგან ის უნდა მიყვარდეს ყველაზე
მეტად
           ცელანმა ლექსიდან გადახტომით მოიკლა თავი
                                   მე ლექსთან გავატარე ზამთრის ნაბუნიობა
 
               და რატომ       ლექსთან      ლექსში   ლექსში გახვეულმა  გავატარე
      ზამთარი       
                                                     ხანდახან ისე ცივა ჩვენთან ქუჩებში
 
 
 
 
shipwreck hotel
 
 
ხშირად ხდება, რომ მომწონს რასაც ხალხი წერს
ხეტიალისას
           ყველა მდელოს აქვს ცალი ყური
ნებისმიერი გამვლელისთვის           ერთი სტრიქონი
ან წინადადება                                 მინდორში სადაც
ქვებს ვკრეფდით     ჭიანჭველებს        და ჩვენი წინადადება
აქროლადი, ეფემერული    წამიერი        სადაც შენ იწყები და
მე გავდივარ               გვახასიათებდა
თან იკლაკნებოდა როგორც სკოლოპენდრა           სანამ მეს
ვეძებდი      ქცეულს წყვილ თვალბალღად                     შენს
ბაიებში                                            ხანდახან ხდება, რომ მომწონს
რასაც წერს ხალხი        მაგნიტურ სიტყვებს            როგორღაც
გარიყულობისას   გარიყულობის მიუხედავად        არცერთ
წინადადებას, ცხადია, არასდროს უსწავლებია   არავისთვის
როგორ იცხოვროს           მაგრამ მხოლოდ ერთი ნაბიჯი   როგორ
გადავდგა, საკმარისი იქნებოდა    აორა                        ჰო, სეზარ
რომელი ტრილსე მამზადებდა მაწანწალა ძაღლისთვის
        რომლისთვისაც ერთი შეხედვა საკმარისი იყო
ამდევნებოდა გუშინ ღამით,
                                გამომყოლოდა სახლამდე        სადაც (იცოდა?)
კარს მივუხურავდი ცხვირწინ                        „რაც მეტს ვახამხამებ
მით მეტად ვხედავ“           და ყოველი სიტყვა მეტად
მამუნჯებს  რაღაც     (ქარი, სიგარეტი?
ყავა? ერთიდაიგივე) ამ დღის შუაში    აბრუნებს ჩემს
ფიქრებს   გაუთავებლად     ენ ნუევა იორკ, სადაც ლორკა
გაჩერდა   რომელიღაც სხვა გაზაფხულს (ან სხვა წელიწადის
                                                                                           სხვა დროს)
გარიყულობის
სასტუმროში     (ან რომელიმე სხვა
სასახლეში) (და სხვა პოეტი?)       shipwreck hotel         სადაც ყველა
ნომრის გასაღები დამზადებულია                     ნეანდერტალის თავის
ქალისგან                      ყველა ფარდა შეკერილია ისისის პირ-
ბადისგან               სადაც კაცი ბოლოსდაბოლოს უნდა გაეხვეს
ქალის ჩაგვრის ბადეში           რომელიც ვერცერთმა ვერასდროს
აწია       როგორც ვერ ავწევ ტვირთს ამ სიტყვებს შორის
რომ სძინავს            ვერ დავწერ სესტინას სიტყვებზე ის რომლის
პირბადეც ვერასდროს ვერავინ ასწია
                           სიზმარში, რომელიც ამ ძილში ვნახე
არ ჩავიწერე და დამავიწყდა     ვჭამ ხორცატამს და კურკას
ვაფურთხებ     რომელიც მიგორავს (რგოლიდან)
(რგოლში) სასტუმროს ნომრის მაგიდაზე
რომელიც ჩემი თავისქალაა       (ატამი? კურკა?
ეს ოთახი?) ჩემი ტვინია         რომელი მაგიდაც ვიცი
წინა სიზმრიდან                                             ეს ორი ერთმანეთს
ხვდება მაგიდის პირას          ვარდებიან მაგიდის მიღმა
და მესმის როგორ უჩივიან ამინდს   ამაღამ      ამინდს რომელიც
მომდევნო სიზმარში დამხვდა                და მაბრუნებს
უწინდელ ლექსში
 
 
 
 
 
 
ზებალდელეგია
 
 
   thomaskirche’ში     ვხედაც კაცს
                  მოზრდილი ზურგჩანთით (და როგორ ახერხებს
              ეს ზურგჩანთა    არ გატურისტულდეს?)
                                                              რბილი თეთრი თმებით
  მსხვილი ფუნჯა ულვაშებით—
ჭაღარა ციყვის კუდებად უხილავ ტუჩებზე—
     და რომელიღაც ნოქტამბული ფრინველის თვალებით    რომ
                   ხედავენ     ამ    ისტორიით, ამ  ევროპის მტვრით
      დაფარული       კედლების მიღმა           ხედავენ ფსკერს     და
   ხედავენ ფსკერის მეორე მხარეს
                                 და რადგან წამიკითხავს ყველაფერი რაც შენ დაწერე,
მაქს,        არ შემიძლია არ ვიფიქრო რომ ეს კაცი შეიძლება შენ იყო
         და ვიფიქრებდი რომ არ მცოდნოდა          (ან იქნებ მაინც ვფიქრობ)
                  —მაგრამ ვიცი მოკვდი 15 წლის წინ
                                 და მოკვდი სხვაგან
                             ვიცი აქ აღარ დაბრუნებულხარ
ვიცი, მოკვდი    რადგან მეტისმეტად დიდხანს შეხედე ბალახს
      ჰო, აქ, დოიჩლანდში, სადაც დავიბადე, აღარ დავბრუნებულვარ,
მპასუხობს ზებალდი, აქ მე იმას ვერ ვიპოვიდი, რასაც ვეძებდი:
აქ, გესმის?, აღარავინ ლაპარაკობს. . . . .
             მესმის, მაქს    ვუპასუხე    მესმის   და რამდენჯერ ვინატრე
მცოდნოდა რას იფიქრებდი შენ ყველაფერზე რასაც
        აქ ვხედავ                   მე,
                 რომელსაც მესმის შენი ტრაექტორია,
ამოთხარო წარსული, ისტორია     როგორც თხრიან
   სიზმარს, მოლანდებას, ფატა მორგანას                   და ხილვა,    მირაჟი,
       სიზმარი      შეისწავლო შენი   უზუსტესი, უცივესი, უმკაცრესი
მგრძნობიარე სკალპელით
(Traumarbeit als Anatomie)
                                                    მე კარგად მესმის შენი სურვილი, მაქს,
              წაგეშალა შენი სახელი     არა, უკეთ, წაგეშალა შენი თავი    შენი
      სახელისგან,     რადგან იცოდი         სახელს, დარქმეულს ვეღარ წაშლი
               ცრუ სვასტიკაზე ჯვარცმული სახელი
                                                                 ჯვარცმული ქვეყანა. . .
     და თითქმის მესმის, მე, შენი ნატვრა
                                  აკოცო ალერსი      ჩაგრულს
                     ტანჯულს
წაშლილს და გამქრალს
                აკოცო წარსულზე       აკოცო ყურით
            და მთელი ტანჯვით აღვიქვამ იმას, რომ დაგკარგეთ
                      შენს ბასრ მტკივნეულ თვალებს ახლა
                         რომ ვხედავ             და           ახლა
                            აქ რომ ვარ
   მსურს ვიცოდე   რას იტყოდი     ამ ყველაფერზე
                      შენ, რომელიც ხედავდი ბოროტების მიღმა
                                                             ძალადობის ძირს
     რას დაინახავდი პეგიდას ფსკერზე?
რა დაგხვდებოდა იქ             რას იტყოდი გერმანიის ყველა
შეშლილზე?       რაც წახვედი გაივსო აქაურობა მიუსაფრებით და
უპოვრებით     მეტროს ვაგონში ზანგი კაცი ბურტყუნებს და
უხმობს teacher’ს         ქალი ამოდის ავტობუსში და ყვირის
                           empathie
                                             სანამ მეორე ქალი ტირის
            რას იტყოდი ჩემზე    რომელიც ვერსად ვპოულობ ამქვეყნად
ადგილს                           რომელიც ვივსები ვრაზით და ნაღველით
                                               რომელსაც ჩემს სისუსტეში მძულს ენა
      რომელზეც შენ წერდი                   და მძულს ეს ქვეყანა
               ცოტათი მეტად     ვიდრე სხვა            ძლიერი ქვეყნები
                                  ან იმ ქალზე, რას იტყოდი,
      რომ ჩამიარა ეკლესიიდან გამოსულს, ქვის სკამზე ჩამომჯდარს,
                             მიაბიჯებდა
                                                 მიიმღეროდა
      მხნედ და
     ავადმყოფურად
                                  ბეთჰოვენის
                 სიხარულის
        ოდას
 
 
 
 
 
 
 
 
les inspirés du bord de la route
 
 
   თუკი მართალია, მიშელ, რომ რემბომ გვაჩუქა თავისი
ძვლები
   თვით პოეზიის ძვლები? მესმის, ამბობს ვიღაც
   შეიძლება, მაგრამ მე სხვაგვარ ხრახნს ვეძებდი
   მე არ მივმართავ სუსტებს და ჩაგრულებს      მე ვცდილობ
   ვთქვა სუსტები და ჩაგრულები   რომ თვითონ სიტყვები
 იყვნენ      ატარებდნენ   მათ სიმძიმეს, სიმჩატეს
            არაფერს           მაინც მიხარია, რომ შენ
  არც მე არ ვართ       არც ურია, არც ზანგი, არც
ბოშა,             ანუ ვერ ვიამაყებთ   ჩვენი
     წარმოშობით, მოგვიწევს ვუგონოთ ისევ და
  ისევ ჩვენს თავებს      ეს წარმოშობა:   გამოვიგონოთ
         დავიჩემოთ    და წამსვე უარვყოთ              შევ— და
განვქმნათ      ისევ და ისევ     გაუთავებლად
                   იქნებ ისაა ჩვენი წარმოშობა სადაც კი არ ვართ
   არამედ არ ვართ    სადაც მივდივართ და ვერ
      მივალთ ვერასდროს     შეუძლებელი    ადგილი
  დანიშნულების, ეს უდაბურეთი,   არა კანელა
          სადაც ერთ დროს ვიხეტიალეთ      ცალ-ცალ
კერთად         არა, უსახელო უდაბურეთში                ახლა
              ვიცით:
‘cauchemar appartient à tous’
  ყველას?             ჰო, მაგრამ
მეტი          le cauchemar, désormais
     appartient                                 à chacun
     ახლა ვიცით, პირველი        უდაბურეთი   პირველი
შესაძლო დემოკრატია
          სიზმარქმნილება, შესაძლოა
                    მაგრამ მხოლოდ       ნაპრალი
კოშმარის კედელში
        მიშელ, გავუწყლოვდები
 მგონი, სიზმარსიზმარზე         ამ
   უდაბურეთში
 
 
 
 
 
 
არცოდნის ფესურა
 
 
 
 და ჩემი სურვილი           გავქრე, როგორც
მტვრის ერთი ნამცეცი    ამაოა, ვიცი             ვიცი, თავს
ვიტყუებ მხოლოდ რწმენით, რომ ეს ნამცეცი ჩემს თითებს
შორის    შეიცავს, სიმრავლეებს     ანდა პირიქით       მას
შეიცავენ           —არა, ამ ერთი ნამცეცით, რომელიც მომეცა
      სამყაროს ვერ ვიღებ, ყვავილებით დღეს დილით რომ
ვნახე          ვერ ვიხილე მთელი მსოფლიოს ყველა
       ყვავილი        და რომლებიც ვიხილე       დაჭკნენ
უკვე                              და ყველაფერი    რაც ვერ ვნახე
  რაც გამომრჩა    ან, განსაკუთრებით    რასაც ყურადღება
არ მივაქციე    დამიბრუნდება       რომელიმე ბოლო
სიზმარში     ამ ნამცეცთა გროვა—მთელი უდაბნო
      ჩემს დასახრჩობად                 მოგკლავს ის, იმათი
ჯამი, რასაც კი სათანადოდ ვერ მოეპყარი      მზარავს
და მაოცებს ფიქრი, რომ გასხლტა წამით სხვა ფიქრებს
       შორის                ფიქრმცენარეები                ყველა
ფიქრი, ასე განსაჯე, სხვამხრივ მცენარია, და მცენარ-
ეული, მაშასადამე თელურიულად თავისუფალი?   ასე
თქვა ორმა პოეტმა მანამდე, ან არ უთქვამთ ასე,    ამას
მპირდებოდა ჩემი სურვილი პირველ სტრიქონში, ან
არ მპირდებოდა      ამას                                            აზრი
           მიდის რამსიშორესაც სურვილი წავა, მესმის
ექოს დუდუნი                               მაგრამ წავა სადმე იმაზე
     შორს   ვიდრე რაც ჩემი სამყაროს საზღვრებია?   და
თუ ვერა    მაშ რატომ იძვრის საერთოდ—ხომ უკვე არის
იქაა, სადაც ბოლოს აღმოჩნდებოდა             დღეს თვალს
ვკრავ შემთხვევით    ფრაზას თოროსთან    „სწორედ ის
საგნები რომლებსაც ვხედავთ რატომ ქმნიან
      სამყაროს?“                  ქმნიან სამყაროს,   a
world              სამყაროს?   ერთ სამყაროს?        ერთ
და არა ჩვენ სამყაროს                 და რასაც ვერ
    ვხედავთ?       რასაც ვერ ვხედავთ ქმნის, ვფიქრობ
სამყაროებს     ქმნის მეტს ვიდრე რაც ვარ, რასაც
ვხედავ,   რასაც ვიქმ       ჩემი არცოდნა / არხედვა
გზაა გავუშვა აზრი იმის მიღმაც,    რამსიშორესაც
სურვილი მიდის, სურვილი განპირობებული იმით რაც
ვიცი ან ვიხილე                   გზაა მცენარეფიქრი,
ნაყოფი, ეს ხე       გავარიზომო      წარმოიდგინე, არა
     ხე ცნობადისა       არამედ არცოდნის ფესურა
არა სიცოცხლის ხე ყველას მითოლოგიიდან და
      კოსმოგონიიდან          არამედ         არვიცირისხე
=უთავბოლო სამყარო           წარმოიდგინე მაშინ პოეტი
თან რემბო თან ოლსონი    განძარცვული გენდეროვნებისგან
  ქვებს შორის ნადირობს აბისინიაში      ღიღინებს
 მძიმედ, ასთმატურად,    მე ბიბლია არც მითები არ მადარდებდა
        ჩემ ჰანგს ვუკრავდი                      მხოლოდ
მიწა და ქვები მშია               აყვავილე სიზმარი
  იქ სადაც აქამდე ცნობიერი იყო         ნელ
ნელა    ყველა შემოუშვი ამ   ედემის ბაღზე მოდელირებულ
ცნობიერებაში      სადაც კაცი და ქალი მისგან გამოწოვილი
     მამის ფეხის თითებს ლოკავენ        შემოუშვი ყველაფერი
სანამ ეს ყველაფერი არ გაყრის იმას სრულებით   რაც მანამდე
აქ ხარობდა                 მაშინ    არა ქალი და კაცი
არამედ შერწყმული ჰერმაფროდიტი რომელიც
     იგონებს უსასრულოდ     თავის   არარსებულ
წარმოშობას             ქმნის და განქმნის
           სამყაროებს                               მტვრის ერთ
ნამცეცად         რომლითაც ასე სავსეა ეს
ოთახი                   სავსე ყველაფრით რასაც
ვერ ვხედავ
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.