ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

წითელქუდა

ალექსი ჩიღვინაძე
08.05.2017

   


მოქმედი პირები:
მღვდელი, 45 წლის
ლუკა, 27 წლის
ნელი, 25 წლის
 
აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში განცალკევებით ზის მღვდელი. თვალები  დახუჭული აქვს და კრიალოსანს მარცვლავს. შემოდის ახალგაზრდა ბიჭი ტილოს ზურგჩანთით. მღვდელს ამჩნევს. მცირე ყოყმანის შემდეგ პირდაპირ მისკენ მიდის და გვერდით უჯდება. მღვდელი თვალს ახელს და აათვალიერებს ბიჭს. ბიჭი ჩანთას ხსნის და იღებს ვისკის პლასტმასის ბოთლს, რომელიც ეს-ესაა აწაპნა მაღაზიიდან. ბოთლს თავსახურს ხსნის, უნდა მოიყუდოს, მაგრამ გადაიფიქრებს და პირველად მღვდელს გაუწვდის.
 
მღვდელი - გმადლობ, არ მინდა.
 
ლუკა -  არ სვამთ? 
 
მღვდელი - ახლა არ მინდა.
 
ლუკა - არც მე მინდოდა, მაგრამ დუტი ფრიში რომ შევდივარ ვერ ვითმენ, იმდენი სასმელი აწყვია რომ...  ისე სუნამოც მაქვს. ხომ არ გინდა?
 
მღვდელი - რა?
 
ლუკა - სუნამო.
 
მღვდელი - რად მინდა?
 
ლუკა - მე რა ვიცი, ცოლს აჩუქებ.
 
მღვდელი - ცოლი არ მყავს.
 
ლუკა -  მეგონა გყავდათ, ისე ზიხართ რომ.
 
მღვდელი -  როგორ?
 
ლუკა - არ ვიცი, ცოლიანივით.
 
მღვდელი -  არ მყავს ცოლი.
 
ლუკა - არც მე არ მყავს და არც მოვიყვან არასოდეს.
 
(პაუზა)
 
ლუკა - ასე რატომ მიყურებთ?
 
მღვდელი - მელაპარაკებით და იმიტომ.
 
ლუკა - არა, ისეთი თვალით მიყურებთ, რაღაცნაირი, მღვდლის თვალებით.
 
მღვდელი - მღვდლის თვალები როგორია?
 
ლუკა - საყვედურით სავსე.
 
მღვდელი - გეშლებათ.
 
ლუკა - არ მეშლება, ასე იმიტომ მიყურებთ რომ ეს ბოთლი მოვიპარე. მაგრამ აქ, აეროპორტში ქურდობა არ არის ცოდვა, ნუ ჩემი აზრით არ არის. 
 
მღვდელი - მოიპარეთ? ქურდობა ყველგან ცოდვაა, მათ შორის აეროპორტშიც.
 
ლუკა - არა, აქ არ არის. შეიხედეთ კაფეში? ნახეთ რა ფასებია? ვერაფერს შეჭამ. აი, ვინ გვპარავს... სამყაროში არსებობს ადგილები, სადაც ზოგიერთი მცნება არ მუშაობს.
 
მღვდელი - მაგალითად?
 
ლუკა - მაგალითად ომში. 
 
მღვდელი - ომი ადგილი არ არის.
 
ლუკა - აბა რა არი?
 
მღვდელი - სიტუაციაა.
 
ლუკა - მართალი ხართ - სიტუაციაა. ესე იგი მეთანხმებით რომ ზოგიერთ სიტუაციაში ზოგიერთი მცნება არ მუშაობს?
 
მღვდელი - რას ნიშნავს არ მუშაობს?
 
ლუკა - აი, გინდა ყოფილა გინდ არა.
 
მღვდელი - არა, მცნებები ყოველთვის მუშაობს.
 
ლუკა - კარგით, მაშინ მითხარით სად არის ომში მეექვსე მცნება? 
ხოა მეექვსე არა კაცკლა? 
 
მღვდელი - კი, მეექვსეა.
 
ლუკა - მითხარით როგორ დავიცვათ ომში მეექვსე მცნება?
 
მღვდელი - ისე როგორც არის.
 
ლუკა - ისე როგორც არის მარტივი სათქმელია. 
 
მღვდელი - ეგ რასაც თქვენ ამბობთ უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერი.
 
ლუკა - ამ კვირაში უკვე მესამე ხართ, ვინც მეუბნება რომ უპასუხისმგებლო ვარ.
 
მღვდელი - უპასუხისმგებლობაა რაც თქვენ თქვით.
 
ლუკა - რატომ?
 
მღვდელი - იმიტომ რომ მაგ ლოგიკით, ყველას შეუძლია თავი იმართლოს და აკეთოს ის რაც თავში მოუვა. 
 
ლუკა - მე ძალიან კონრეტული მაგალითი მოვიყვანე. არ ხოცავენ ომში ერთმანეთს? არ ხოცავენ სამშობლოს, პრეზიდენტების და ღმერთის სახელით? 
 
მღვდელი - არ მინდა თქვენთან დისკუსიაში შემოსვლა. 
 
ლუკა - იმიტომ არ გინდა, რომ არგუმენტები არ გაქვს.
 
მღვდელი - კარგით, ეგრე იყოს.
 
ლუკა - ისე რა სათავისოდ დაალაგა, არა?
 
მღვდელი - რა დაალაგა?
 
ლუკა - მცნებები... ღმერთმა. პირველია - მე ვარ უფალი შენი და სხვა უფალი არ დავინახოო. მე მეცი პატივიო... და მხოლოდ მეექვსეა კაცი არ მოკლაო. ანუ პრიორიტეტები ნახე რა.  
 
მღვდელი - გადაალაგე როგორც გინდა, ოღონდ ნუ დაარღვევ.
 
ლუკა - მეყოფა რაც დარღვეული მაქვს... ერთი მგონი კერპი არ შემიქმნია არასდროს.
 
მღვდელი - ბატონო?
 
ლუკა - კერპი არ შემიქმნიათქო. მეკიდა საგნები. ცხოვრებაში არაფერი შემიგროვებია. თქვენ აგროვებთ რამეს?
 
მღვდელი - კი, დანებს.
 
ლუკა - დანებს? 
 
მღვდელი - ჰო, დანებს და ძველ იარაღს.
 
ლუკა - იცით ფროიდი კოლექციონერობას აუხდენელ სექსუალურ ფანტაზიების უკავშირებდა. თუ იუნგი? ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ანუ საგნებს აგროვებ, ჩუმად ათვალიერებ, ეფერები... თქვენ ეფერებით თქვენს დანებს? 
 
მღვდელი - არა.
 
ლუკა - არა, პირდაპირ ნუ გაიგებთ.
 
მღვდელი - აბა როგორ გავიგო?
 
ლუკა - მგონი ფროიდს და ბიბლიას ერთიდაიგივე პრობლემა აქვს.
 
მღვდელი -  არა მგონია რომელიმეს პრობლემა ჰქონდეს.
 
ლუკა - აქვს. ორივე პირდაპირ ესმით.
 
მღვდელი - მეცნიერი იმისაა, რომ მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგოთ.
 
ლუკა - მამენტ ეგრეა. სად მიფრინავთ?
 
მღვდელი - ევროპაში.
 
ლუკა - კონკრეტულად?
 
მღვდელი - ამსტერდამში.
 
(პაუზა.)
 
ლუკა - და ვიზიტის მიზანი?
 
(მღვდელი ლუკას მწყრალად შეხედავს და არაფერს უპასუხებს.)
 
ლუკა - ვერც თქვენ ხართ ხასიათზე. იცი არავინ იცის რო მივფრინავ. ჩემი გოგოსთვისაც კი არ მითქვამს. 
 
(პაუზა)
 
მღვდელი - გოგო გყავს? 
 
ლუკა - ჰო. 
 
მღვდელი - შვილი?
 
ლუკა - არა, არა, გოგო რა - საცოლე.
 
მღვდელი - რატომ არ უთხარით რომ მიფრინავთ?
 
ლუკა - ჩემ მეგობარს დავუბარე და ის ეტყვის. 
 
მღვდელი - თქვენ თვითონ ვერ ეტყოდით?
 
ლუკა - ვერა. 
 
მღვდელი - რატომ?
 
ლუკა - რთული სათქმელია. 
 
მღვდელი - არ მესმის.
 
ლუკა - იცით პირველად რომ გავედი ევროპაში რა დამემართა?
 
მღვდელი - საიდან უნდა ვიცოდე? რატომ არ უთხარით?
 
ლუკა - გამოიცანით რა დამემართა ევროპაში?
 
მღვდელი - დეპორტი გაგიკეთეს.
 
ლუკა - ჰო, მაგრამ ეგ არაა საინტერესო.
 
მღვდელი - კი, ნამდვილად არ მაინტერესებს. საცოლესთვის კი უნდა გეთქვა.
 
ლუკა - შეიძლება მართალიც ხართ. 
 
მღვდელი - რა თქმა უნდა, მართალი ვარ.
 
ლუკა -  მომაყოლეთ, მოკლედ ერთი პერიოდი რაღაც კანალი გაიხსნა. ტყე-ტყე გადადიოდი ევროპაში, უკრაინიდან... და ტყე არც მეტი არც ნაკლები ყოფილა რადიაციული. 
 
მღვდელი - რადიაციული ტყე რას ნიშნავს?
 
ლუკა - რადიაციული ნარჩენები ყოფილა ტყეში დამარხული, არც ისე ღრმად... რუსებს დაუმარხავთ.
 
მღვდელი - არავინ მარხავს რადიაციულ ნარჩენებს ტყეში.
 
ლუკა - ეგრე გეგონოთ... ყველა ვინც ამ ტყეში მოხვდა, გაგიჟდა.
მე გამიმართლა.
 
მღვდელი - დარწმუნებული ხართ?
 
ლუკა - იმ ტყეში ვინც მოხვდა ყველა მოგიყვებათ, რა გამოაიარა და რა ნახა.
 
მღვდელი - და რა ნახეს?
 
ლუკა - ადამიანის ზომის ვირთხები... ტარაკანები, აი, მსუქნები, გიგანტურები...  ეს ჰალუციანაციები იყო თუ მართლა არსებობენ ეგეთები იმ ტყეში არავინ იცის. 
 
მღვდელი - ადამიანის ზომის ვირთხები არ არსებობენ.
 
ლუკა - აპოკალიფსისის მხეცები ხო არსებობენ რას ამბობთ... მე დავიკარგე იმ ტყეში და ვიცი. ყინავდა. წითელი ნაქსოვი ქუდი მეხურა, ადიდასის, და უცბად იცით ვინ მეგონა თავი?
 
მღვდელი  - ვინ?
 
ლუკა - წითელქუდა. არადა, ვიცი რომ წითელქუდა გოგოა... ბავშობაში თუ რამეს ისე ვერ გავაკეთებდი, ყველა მეუბნებოდა რას შვები გოგო ხომ არ ხარ? რას ტირი გოგო ხომ არ ხარ? რისი გეშინია გოგო ხომ არ ხარ? და იქ, წითელქუდა ვიყავი, მეშინოდა, ვტიროდი, გოგო ვიყავი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
 
მღვდელი -გოგო?
 
ლუკა - ჰო, აბა, წითელქუდა ბიჭი სად გაგიგიათ? ბებიასთან მივდიოდი, ყვავილებს ვკრეფდი მთვარის შუქზე, ვმღეროდი... მერე ვხვდები რო ორივე ბებია მკვდარი მყავს. სად მიდიხარ რო მიდიხარ? და აი, მანდ დამენძრა... კინაღამ ლოცვა დავიწყე.
 
მღვდელი - კინაღამ?
 
ლუკა - მგელმა არ მაცადა. იცით მგელი ვინ იყო? 
 
მღვდელი - ვინ ციყვი?
 
ლუკა - არა, მესაზღვრე... აირწინაღი ეკეთა. თავზე წამადგა. ფანარს მანათებს. ვერაფერს ვხედავ. ვეუბნები წითელქუდა ვარ და ბებიასთან მივდივარ. დედამ მითხრა უცნობებს არ დაელაპარაკო. ჰოდა, ფანარი გასწია და დავინახე ჩემსკენ მოშვერილი ავტომატი. და იცით რა დამემართა? აბა გამოიცანით.
 
მღვდელი - არ ვარ ძლიერი გამოცანებში.
 
ლუკა - სტოკჰოლმის სინდრომის შესახებ გაგიგიათ რამე? აი, მძევალს რო ტერორისტი უყვარდება... მართალი ყოფილა. გასწია თუ არა მგელმა ფანარი და დავინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდა.
 
მღვდელი - ვინ შეგიყვარდა?
 
ლუკა - მესაზღვრე... მაგრამ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ეწერა. 
 
მღვდელი - როგორც ჩანს არ გიმართლებს ურთიერთობებში. 
 
ლუკა - უკან გამომაბრუნეს და ერთი თვე სარეაბილიტაციო ცენტრში მომიწია მკურნალობამ.
 
მღვდელი - ჰქონდა მერე შედეგი?
 
(პაუზა.)
 
ლუკა - შეიძლება აღსარება ჩაგაბაროთ? 
 
მღვდელი - ახლა?
 
ლუკა - ჰო, ახლა... 
 
მღვდელი - არა.
 
ლუკა - რატომ?
 
მღვდელი - იმიტომ რომ აქ ეკლესია არ არის.
 
ლუკა - სამაგიეროდ აქედან პირდაპირ ცაში ხვდები. 
(პაუზა) 
კარგით, ცუდი ხუმრობა იყო.
 
მღვდელი - ნამდვილად.
 
ლუკა - ძალიან მეშინია.
 
მღვდელი - რატომ გოგო ხარ?
 
ლუკა - არა, ფრენის მეშინია.
 
მღვდელი - ეგ ცოდვა არ არის.
 
ლუკა - იმიტომ ვსვამ.
 
მღვდელი - რა გინდა მიზეზი გქონია.
 
ლუკა - მაგის გარდა კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს... გეტყვით აღსარებას. 
 
მღვდელი - არათქო, ხომ გითხარი. ახლა არც მაგის დროა და არც ადგილი. 
 
ლუკა - რატომ? ვზივართ. ფრენას ველოდებით. გარეთ წარღვნაა.  გთხოვთ რა.
 
მღვდელი - მეც გთხოვ, რომ თავი დამანებო.
 
ლუკა - გეტყვით და დაგანებებთ. ხომ შეიძლება ჩამოვვარდეთ?
 
მღვდელი - სად უნდა ჩამოვვარდეთ?
 
ლუკა - ჩვენი თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს?
 
მღვდელი - არ ჩამოვარდებით, ავიაკატასტროფების სტატისტიკა ძალიან მცირეა.
 
ლუკა - სტატისტიკის უფრო გჯერათ თუ ღვთის ნების?
 
მღვდელი - სტატისტიკაც ღვთის ნებაა.
 
ლუკა - ე.ი. აღსარებაზე უარს მეუბნებით?
 
მღვდელი - ეგრე გამოდის.
 
ლუკა - მაშინ ჩემთვის ვილაპარაკებ. 
 
მღვდელი - გადაჯექი და ისე ილაპარაკე რამდენიც გინდა. 
 
(ლუკა ერთი სკამის იქით გადაინაცვლებს ) 
 
ლუკა - ასე კარგია? 
 
მღვდელი - თქვენ იყავით კარგად.
 
ლუკა - მე რასაც ვილაპარაკებ, თქვენ რომ გაიგოთ, ეგ ხომ ჩამეთვლება აღსარებაში?
 
მღვდელი - არა.
 
ლუკა - ამ ოცდაშვიდი წლის ასაკში იმდენი საშინელება მაქვს ჩადენილი, რომ ვერ დაიჯერებთ. 
 
მღვდელი - არაფერია დაუჯერებელი. თვეში ათასამდე აღსარებას მაინც ვისმენ.
 
ლუკა - კარგა ბლომად გყოლიათ მრევლი.
 
მღვდელი - ჰო, არ ვუჩივი.
 
ლუკა - მართლა ძაან ცუდად ვარ.
 
მღვდელი - მერე მე რა გიშველო?
 
ლუკა - მომისმინეთ.
 
მღვდელი - გადავჯდები.
 
ლუკა - გთხოვთ, არ გადაჯდეთ. იცით ადრე, ბავშვობაში ძალიან მორწმუნე ვიყავი...  
 
მღვდელი - ყველა ბავშვი წმინდანია. 
 
ლუკა - ყოველ კვირას თუ არა თვეში ერთხელ მაინც დავდიოდი ეკლესიაში, ვლოცულობდი. ორმოცდამეათე ფსალმუნი ახლაც ზეპირად ვიცი. გინდა წაგიკითხოთ? ასპიტსა და ვასილიკოსა ზედ ახვიდოდე და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი, რამეთუ მე მესვიდაო...
 
მღვდელი - ეგ ოთხმოცდამეათეა.
 
ლუკა - მართლა? ამერია. მწრამსიც ვიცი... მამაო ჩვენოზე არაფერს ვამბობ. ეგ ყველამ იცის. მაგრამ რწმენა დავკარგე. თავიდან მეგონა, რო აზრზე მოვდიოდი. მერე მივხვდი რა აზრზე მოდიხარ არა ის, არც რაციონალურად ვაზროვნებდი და არც არაფრის რწმენა მქონდა.
 
მღვდელი - დაგიბრუნდება რწმენა, ნუ ნერვიულობ. მოდი, ჩემთან როცა საქართველოში იქნები და ჩავიბარებ აღსარებას.
 
ლუკა - ახლა დავიწყებ... მართლა რომ მოვკდე, სად  უნდა წავიღო ცოდვები... ცოდვებიც ასეთი ბარგია რა აი, ამ ჩანთასავით. აბარებ. მერე სადაც ჩადიხარ, იქ გამოდის და ტრიალებს. ტრიალებს და ტრიალებს. ელოდები როდის გამოვა შენი ცოდვა. ჰოდა, მინდა რომ მივატოვო. ერთხელ და სამუდამოდ. მაგრამ რატომ ვარ აქ? მერამდენედ უნდა დავიწყო ახალი ცხოვრება? სად ვცდები?  მგონია რომ მართლა ჩამოვარდება თვითმფრინავი.
 
მღვდელი - ჯვარი გვეწეროს.
 
ლუკა - გეფიცებით, არ დავწვრილმანდები, მსხვილ ცოდვებს მოგიყვებით, წვრილმანებს კი როგორმე ვაპატიებ საკუთარ თავს.
 
მღვდელი - ხომ ხედავთ არაფერში გჭირდებათ აღსარება. მთავარია მიხვდე რომ არასწორად იქცევი.
 
ლუკა - ჰოდა, ბოლოს რაც ჩავიდინე იმას მოგიყვებით, ადრე რაც მაქვს ჩადენილი წესიერად არც მახსოვს.
 
(სცენაზე შემოდის გოგო წითელ, ადიდასის ფირმის ქუდში. ვიღაცას ეძებს. ლუკას დაინახავს და მისკენ წავა. ლუკა მას ვერ ხედავს. მღვდელი კი ამჩნევს და ხვდება რომ ლუკას მოაკითხეს)
 
ლუკა - ისე რა რთული ყოფილა აღსარების თქმა.  
 
მღვდელი - მოსმენა უფრო რთულია.
 
ნელი - ლუკა
 
ლუკა - აქ რა გინდა?
 
ნელი - შენ რა გინდა აქ?
 
ლუკა - მე, მე... ისე... აი, მამაოს ვაცილებ.
 
ნელი - სად აცილებ? თომამ მითხრა, რომ მიფრინავ... 
 
ლუკა - დღეს გითხრა?
 
ნელი - ჰო, აბა როდის უნდა ეთქვა? 
 
ლუკა - იხუმრა თომამ ალბათ.
 
ნელი - მაშინვე გამოვარდი. ხომ შეიძლება რომ ვერ მომესწრო?
 
(ნელი ტირილს იწყებს. )
 
ლუკა - გაჩერდი, რა გატირებს ნელიკო?
 
ნელი - ხომ შეიძლება ვერ მომესწრო. მერე? 
 
ლუკა - სად უნდა მოგესწრო?
 
ნელი - რატომ იქცევი ასე?
 
ლუკა - როგორ?
 
(მღვდელი ადგომას აპირებს.)
 
ნელი - არა, იჯექით, მომისმინეთ, იცით რა ქნა ამან? უნდოდა რომ მივეტოვებინე. გაიქცა, იმიტომ რომ... იმიტომ რომ მშიშარააა.
 
ლუკა - კარგი რა, ნელიკო.
 
ნელი - რა კარგი რა, ხომ გთხოვე, ხომ შევთანხმდით? თუ უბრალოდ ერთობი ჩემთან მითხარი-მეთქი, მე არ ვიყავი წინააღმდეგი. გავერთობოდით, მოგვწყინდებოდა და დავიშლებოდით. რატომ მეუბნებოდი, რომ სულ ჩემთან გინდოდა ყოფნა. რატომ?
 
ლუკა - მინდოდა...
 
ნელი - და ახლა? ახლა არ გინდა ხომ? მიმტკიცებდა, რომ სულ ჩემთან იქნებოდა, რომ ერთად წავიდოდით ამ დამპალი ქალაქიდან, სადმე მთაში ვიცხოვრებდით, პატარა კაფეს  გავხსნიდით ტურისტებისთვის, რომელიც მარტო ზაფხულში იმუშავებდა.
 
ლუკა - ასე მარტივად არ არის.
 
ნელი -ახლა არ არის მარტივად, შე ნაბიჭვარო? ექვსი თვე ცხოვრობდი ჩემთან. ჩემს ხარჯზე სხვათაშორის. (მღვდელს მიუბრუნდება) თვითონ ვერცერთ სამსახურში ვერ ჩერდებოდა, დაიწყებდა და სამ დღეში გამორბოდა... 
 
ლუკა - გარშემო სულ სირები იყვნენ და რა მექნა.
 
ნელი - გგონია მე მომწონს ჩემი სამსახური? გგონია მომწონს ყოველდღე დილიდან საღამომდე ამდენი იდიოტის ყურება? ექსელის ფანჯრები მესიზმრება უკვე.
 
ლუკა - მერე ვინ გეხვეწებოდა? 
 
ნელი - ჩვენთვის ვაკეთებდი ამას, ჩემთვის და შენთვის. იმისთვის რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი... იმისთვის რომ ისეთი ცხოვრება მქონოდა, გვქონოდა... როგორიც წარმომედგინა.
 
ლუკა - დამშვიდდი, ნელიკო.
 
ნელიკო - სად მიდიხარ სად? ერთი კვირის წინ ჩემი მშობლები გავაცანი... იცით რა გააკეთა? არაფერი, ხმა არ ამოუღია. მამაჩემი ცდილობდა საუბარი დაეწყო. ეს კიდევ სპაიდერმენს უყურებდა ჩემს ხუთი წლის დიშვილთან ერთად.
 
ლუკა - მამაშენთან რაზე უნდა მელაპარაკა რაზე? როცა მარტო მე და შენ ვიყავით ყველაფერი კარგად იყო... მერე გაჩნდნენ საიდანღაც მშობლები, მამიდები და დეიდები.
 
ნელიკო - სხვა გზა არ მქონდა. ისედაც ტვინს მიბურღავდნენ იმაზე რომ მარტო ვცხოვრობ. შენ გგონია მე მეხალისებოდა, იდიოტო? სხვანაირად არ გამოდის...არა. 
 
ლუკა - რატომ არ გამოდის? 
 
ნელიკო - შენთვის მარტივი სათქმელია, შენ ბიჭი ხარ. 
 
ლუკა - არ ვარ ბიჭი. გოგო ვარ.  მეშინია, ვტირი, ერთი მენსტრუაცია არ მაქვს...
 
ნელიკო - მენსტრუაცია არც მე არ მაქვს.
 
ლუკა - რა თქვი?
 
ნელიკო - რაც გაიგე...
 
(მღვდელი ფეხზე დგება და წყვილთან ახლოს გადაჯდება. პაუზა)
 
ლუკა - ორსულად ხარ?
 
ნელიკო - ჰო. 
 
ლუკა - რატომ არ მითხარი?
 
ნელიკო - როცა თქმას ვაპირებდი, გაიქეცი… წერილი მაინც დაგეტოვებინა...
 
ლუკა - ნელიკო, იცი…
 
ნელიკო - არაფრის მომსმენა აღარ მინდა. გვიანია უკვე.
 
მღვდელი - უკაცრავად, რომ ვერევი, მაგრამ... ნელიკო, ხომ? ლუკა მართლა მე მაცილებდა. უბრალოდ ფრენა გადაიდო და შევრჩით. სულ შენზე მელაპარაკებოდა. მართლა. მიყვებოდა როგორ უყვარხარ.
 
ნელიკო - არ მჯერა.
 
მღვდელი - კი, კი, სუნამოც გიყიდა. ლუკა...
 
(დაბნეული ლუკა სუნამოს იღებს ჯიბიდან და ნელიკოს უწვდის.)
 
ნელიკო - არ მჭირდება. უკან შეისხი.
 
მღვდელი - უკანასკნელი ფული გადაიხადა.
 
ნელიკო - ფული საიდან გქონდა?
 
ლუკა - აა.. ავანსი მომცეს.
 
ნელიკო - რაში?
 
მღვდელი - რომ იცოდეთ როგორ ნანობდა?
 
ნელიკო - რას ნანობდა? რას? მამაჩემმა ჯვრისწერაზე ჩამოუგდო სიტყვა და იცით ამან რა უპასუხა? უთხრა რომ მონათლული არ არის.
 
მღვდელი - აბა, როგორ შეიძლება ეგრე.
 
(ლუკა მხრებს იჩეჩს.)
 
ლუკა - რა ვიცი აბა... 
 
მღვდელი - იცით... 
 
(პაუზა.)
 
მღვდელი - მე შემიძლია აქვე დაგწეროთ ჯვარი.
 
ნელიკო - მართლა? 
 
მღვდელი - ჰო, რატომაც არა.
 
ნელიკო - რა რომანტიკულია, აეროპორტში... ყოველთვის ვოცნებოდი ამაზე.
 
მღვდელი - რაზე აეროპორტში ჯვრისწერაზე?
 
ნელიკო - არა, უბრალოდ განსაკუთრებულ ადგილას, ზღვის ფსკერზე, მწვერვალზე. და აეროპორტიც კარგია... ხალხი დაფრინავს აქ.
 
მღვდელი - ჰოდა, მოდით...
 
ლუკა - ხუმრობს ნელიკო, აეროპორტი რომელი ეკლესია ნახე.
 
მღვდელი - არა, არ ვხუმრობ... სრულიად სერიოზულად ვამბობ.
 
ლუკა - რეგისტრაცია დაიწყო მგონი...
 
მღვდელი - არაუშავს, მოვასწრებთ. შენ ნუ ნერვიულობ... ახლა თუ არ დაგწერე, მერე შენ როდის გადაწყვეტ კიდევ. არ გიცნობდდე მაინც...
 
(მღვდელი ფეხზე ადგება. ჩანთიდან ალაგებს ჯვრისწერისთვის საჭირო ატრიბუტიკას.)
 
ლუკა - რას აკეთებთ?
 
(მღვდელი ნელიკოსა და ლუკას გვირგვინებს ადგამს. სანთლებს აჭერინებს ხელში და სანთებელით უკიდებს)
 
მღვდელი - ვერ ხედავ? 
 
ლუკა - ეს ყველაფერი სულ თან გაქვთ?
 
მღვდელი - არა, უბრალოდ, ამსტერდამიდან მიმიწვია ქართულმა სათვისტომომ. ცამეტი წყვილისთვის უნდა დამეწერა ჯვარი. ცამეტი თარსია-მეთქი და იპოვნეს კიდევ ერთი წყვილი. პლიუს შვიდი ნათლობა მაქვს. ასე რომ მოდით ახლა ჩქარა, სანამ მართლა დაიწო ჩასხდომა.
 
ლუკა - თვითმფრინავმა არ გაგასწროთ, თორემ დარჩებიან მოუნათლავები ამსტერდამში.
 
მღვდელი - შენ ნუ გეშინია... აბა, აქეთ დადექით. 
 
ლუკა - მეჯვარეები რომ არ გვყავს?
 
მღვდელი - ეგრე არც ადამს და ევას ჰყავდა მეჯვარეები... იცოდეთ ჯვრისწერის შემდეგ პირველი საზრუნავი ქმარისთვის ცოლია. ცოლისთვის ქმარი. ქორწინებამდე ადამიანები არასრულყოფილები არიან. მთავარი პასუხისმგებლობააა. გესმის ლუკა?
 
ნელიკო - მე თანახმა ვარ.
 
მღვდელი - ჯერ ადრეა.
 
ლუკა - ხუმრობთ ხომ? 
 
ნელიკო - ბეჭდები რომ არ გვაქვს?
 
მღვდელი - ბეჭდები მერეც შეიძლება. დავიწყოთ... ჯვარს იწერს მონა ღვთისა ლუკა და მხევალი ღვთისა ნელი... 
 
(მღვდელი სწრაფად და გაურკვევლად ბუტბუტებს რიტუალის ტექსტს.)
 
მღვდელი - თანახმა ხართ?
 
ნელი - რა თქმა უნდა.
 
(ლუკაც თავისთვის ჩაიბურტყუნებს.)
 
ლუკა - აჰა.
 
მღვდელი - მაშინ გაცხადებთ ცოლ-ქმრად.
 
(ნელიკო გადაეხვევა ლუკას. მღვდელი ლუკას სასმელს გამოართმევს.)
 
მღვდელი - აი, სასმელიც... დავილოცოთ. იხარეთ და იბედნიერეთ, სიკეთე და სიხარული. გამრავლებით კი დაგიწყიათ უკვე... და თქვენ იცით. 
 
ნელიკო - დიდი, დიდი მადლობა.
 
მღვდელი - არაფრის, შვილო ჩემო არაფრის. წადით, ახლა და თქვენ იცით. ნელიკო, აბა, შენ იცი გაუფრთხილდი ამ ბიჭს. 
 
ნელიკო - აბა, რას ვიზამ... დიდი მადლობა.
 
(ლუკა და ნელი სცენიდან გადიან. მღვდელი მარტო რჩება. ლუკას დატოვებულ ვისკის ბოთლს მოიყუდებს და ბოლომდე ჩაცლის)