დაიძინე, პოეტო





პოეზია

დაიძინე, პოეტო




ტკივილი
 
ჩემგან წახვედი.
შენმა მსუბუქმა სხეულმა ნაკვალევიც ვერ დატოვა.
დავდივარ ახლა სიმარტოვეში გამომწყვდეული და
აქა-იქ ქვებივით დაყრილ მოგონებებზე შემხტარი ვცდილობ
უიმედობის ბურუსს მიღმა დაგინახო.
ილუზია მეუბნება: არ წასულა, წასული ხომ ყოველთვის ტოვებს ნაკვალევს.
რეალობა მეუბნება: წავიდა, ნაკვალევი აუცილებელია არაა.
და მე მტკივა
და შენი ცარიელი სახე, კონტურებითღა ებრძვის არყოფნაში გადაჩეხვას,
გაქცევის სურვილს წლები მიეფარა,
თვითმკვლელობა - ბავშვობის ოცნება და გულისამრევი პათეტიკა.
არსების უარსებობა,
ჯოჯოხეთური წრე და წასვლის შეუძლებლობა,
დაკარგული სახება,
ვკვდები და ვცოცხლდები
და ასე დაუსრულებლად.
და თვითირონია, ტრაგიზმის შესალამაზებლად, ლექსის პირველივე სიტყვაში დაკარგული.
           
 
დაიძინე,პოეტო
 
შეწყვიტე, პოეტო ეგზისტენციალურ შიშებსა და შიშის ეგზისტენციაზე ლაპარაკი,
შენი ლექსი არ გაფრინდება ბუშტივით,
არც გაიბერება ბუშტივით,
არც გასკდება ბუშტივით,
ლექსს ყლეზეც არ ჩამოიცვამენ,
ის ვერ დაგვიცავს.
მომბაძე და დაიძინე.
შენამდე ბევრი პოეტის ყლე ვნახეთ 
და არცერთი ყოფილა დიდებული.
მომბაძე და დაიძინე. 
შეგიძლია პედესტალიდან ჩამოხვიდე 
და ღმერთის სიძულვილი თუ ღმერთის სიყვარული
ერთ ადგილას გაიკეთო, 
რადგან თაობამ თავისი მახინჯი შიშები მახინჯ ეკლესიებად ააგო.
და მომბაძო მე, დაიძინო.
ნუ იყვირებ რეალობის არარეალურობაზე, 
მედიის შექმნილ ფარსზე და ძვირადღირებული 
სუპერმარკეტების იაფფასიან მომხმარებელზე, 
რადგან ჩვენ გმირები არ ვართ და ჯიბეებიც 
კარგა ხანია შიშით ამოგვევსო.
მომბაძე მე, დაიძინე.
ძალაუფლების ჯურღმულებში შენი საცოდავი მეტაფორები ხარხარის საგანია.
სამყარო ახლა პირდაპირია როგორც არასდროს. შეგიძლია წახვიდე მეტაფორების და 
შედარებების სანაგვეზე, 
თქვა - ვადარებ, მაშასადამე ვიძინებ
და მომბაძო მე, დაიძინო.
ნუ იქნები გულუბრყვილი იდიოტი, 
პოსტმოდერნზიმზე გულნაწყენი და გულნატკენი,
ნუ შეებრძოლები მას ძველი ფიქრებით, 
რადგანაც ძველ პოეტს ახლა დაბადებულს 
ჭეშმარიტად შეეძლო ეთქვა - ავანგრევ ქვეყანას და ვეღარ შევქმნი.
და მომბაძე მე, დაიძინე.
ცამეტი წლის ცელქი გოგო ენობრივ თამაშებში გაგწრვთნის
და ამაშუკელი შოუს კეთების მასტერკლასს ჩაგიტარებს.
შენი მეზობელი ეკა მარტოობას გასწავლის
და სასოწარკვეთილებაში შეგირდად დაგიყენებს.
ქართველი ჟურნალისტი ობიექტურობაში გავარჯიშებს
და მაღაზიაში იატაკზე გაწოლილი  მტირალი ბავშვი
პრტესტის გრძნობას გიწილადებს.
შენ კი არ იძინებ.
დაიძინე.
ნელა დაიძინე.
ჩქარა  დაიძინე.
 
 
 
*
 
პაპაჩემო, მოდი დავსხდეთ
და დავანთოთ ბუხარი 
თითქოს ცხოვრება ზამთარი იყოს მოურჩენელი. 
მიდი, დაიწყე შენი ამბები
გადარჩენის სხვა შანსი რა გვაქვს 
სანთლის შუქზე მოვუხმოთ წარსულს.
 
არ აგვინთია, თავდება შეშა,
თითქოს ჩვენ ვიწვით და
ეს ცეცხლიც 
ღმერთის ჭრილობა  
სიზმრად ასკდება ამ რეალობას
როგორც დიდ გოგოს
ნაჩუქარი კაბა მამისა.
 
პაპავ, რა უნდა სიბრძნეს სიკვდილთან,
ეგ საშიში სიტყვაა 
 ლექსს კი აფუჭებს.
ნუ გაჩერდები,
გააგძელე შენი ამბები 
თითქოს ცხოვრება ზამთარი იყოს მოურჩენელი.
 

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.