ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პოეზია

წინასწარი შეკითხვა

ემე სეზერი
07.09.2017

   


თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
წინასწარი შეკითხვა
 
და რაც მე შემეხება დაე ჩამავლონ ფეხში
მე ამოვარწყევ ლიანების ტყეს
და ჩამომახრჩონ ჩემი ფრჩხილებით
                                   მე მოვფსამ აქლემს პაპს რომ დაათრევს და ვუჩინარდები ფიკუსის მწკრივში რომლებიც ძლიერ სუფთად ღობავენ დაუპატიჟებლად წვეულს და ახრჩობენ მას ლამაზ ტროპიკულ მაწონასწორებელ ქანაობაში
არაერთი კაცის სისუსტე ისაა რომ არ იცის როგორ იქცეს არც ქვად არც ხედ
რაც მე შემეხება მე ვსახლდები ხანდახან გოგირდოვან პატრუქებად ჩემს ბოა თითებს შორის გამო იმ უცალო სიამისა რომ ავალდე პუანსეტიას ახალ ფოთლებად მთელი საღამოს განმავლობაში
წითელმწვანეები ქარში მოცახცახე წითელმწვანეები
როგორც ჩემს ყელში ჩვენი ცისკარი
 
 
ლინჩი I
 
რატომ მწვდა გაზაფხული ყელში? რა უნდა ჩემგან? და თუ არც კი აქვს საკმარისი შუბები და ალმები! მასხრად გიგდებ გაზაფხულო მაჩვენო შენი ბრმა თვალი და შენი ცუდი სუნთქვა. შენი ავხორცობა შენი საძაგელი კოცნები. შენი ფარშავანგის კუდი მაგიდებს აყირავებს ჯუნგლების მაქმანებით (ამოძრავებულ მცენარეულ წვენთა ფანფარა) მაგრამ ჩემი რწმენა მეტად მჟავეა და ჩემი ველმოქმედება მეტად მძლავრი ვიდრე შენი ბოროტმოქმედება. ლინჩი არის საღამოს ექვსი საათი მდინარის განტოტების ლაფში არის შავი ცხვირსახოცი მოფრიალე მეკობრეების გემის ანძაზე არის ფრჩხილის ხრჩობის წერტილი შეძახილის კარმინზე არის პამპა არის სადედოფლო ბალეტი არის მეცნიერების გამჭრიახობა არის დაუვიწყარი კოიტუსი. ო ლინჩ მარილი ვერცხლისწყალი და ანტიმონიტი! ლინჩი არის გველეშაპის ლურჯი ღიმილი ანგელოზების მტერი ლინჩი არის ორქიდეა მეტისმეტად ლამაზი იმისთვის რომ ნაყოფი მოისხას ლინჩი არის შესასვლელი მატერიაში ლინჩი არის ქარის მასისხლიანებელი ხელი ტყე რომლის ხეებიც გალებია რომლებიც იქნევენ თავიანთი კასტრირებული ფალოსების ცოცხალ ალებს, ლინჩი არის ხელი ძვირფასი ქვების მტვრით დაწინწკლული, ლინჩი არის კოლიბრის გამოშვება, ლინჩი ლაფსუსია, ლინჩი არის საყვირის დაბერვა გრამოფონის გაბზარული ფირფიტა ციკლონის კუდი თრეული მტაცებელი ფრინველების ვარდისფერი ნისკარტებით. ლინჩი ლამაზი კულულებია რომლებსაც ძრწოლა მაყრის სახეში ლინჩი ფესვების მიერ დანგრეული და უმანკო ტყის მიერ გაკოჭილი ტაძარია. ო ლინჩ ძვირფასო თანამგზავრო ლამაზო გასხმულო თვალო ფართო პირო დამუნჯებულო გარდა თუ ნჯღრევა მასში ჩაღვრის კარგად ნაქსოვი ლორწოს ბოდვას, ელვა, კონტინენტი შენს დაზგაზე რომელიც კუნძულებად ფეთქდება ქურუმი რომელიც მრუდედ ხოხავს ვით სკოლოპენდრა მთვარე რომელიც ღრიჭოზე ჯდება გოგირდი რომელიც წამოდგება ჩემი მოკლული სმენის ჯამურ სათოფეში.
 
 
ბლუზი
 
აგუასერო
ლამაზი მუსიკოსი
გაშიშვლებული ხის ძირას
დაკარგულ ჰარმონიებს შორის
დამარცხებულ მოგონებებთან ახლოს
ჩვენი მარცხის ხელებთან ახლოს
და ახლოს უცნაური ძლიერების ხალხთან
ჩვენ დაბლა დავუშვით ჩვენი თვალები
და მშობლიური
ავხსენით რა კვანძი სევდის სადავდეს
ვიტირეთ