შიშის მოშინაურება





პოეზია

შიშის მოშინაურება




ყველა ლექსი შიშის გამომზეურებაა,

გამოფენა და სააშკარაოზე გამოტანა.

თითქოს სულის სარეცხს ენის გაცრეცილ თოკზე კიდებ.

მე კი შიშებს დაუნდობლად ვააშკარავებ,

სათითაოდ ვანცალკევებ,

თითოეულ მათგანს ვუკირკიტებ

და ასოების ფორმას ვაძლევ

მაგრამ ამაო ჩემი შრომა,

ამით არაფერი იცვლება.

შიშები ჯიუტად არ გამოდიან ჩემი სხეულიდან

და გეომეტრიული პროგრესიით მრავლდებიან

და, რაც მთავარია, ძლიერდებიან,

და არ თმობენ სხეულის არც ერთ გოჯს.

მეც რა გზა მაქვს,

ვსწავლობ თანაარსებობას მათთან.

 

რომელი იყო შიში, რომელმაც პირველად წამოყო თავი ჩემს სხეულში

და სხვა შიშებს მოუწოდა გაერთიანებისკენ?!

რა იწვევს შიშს

და რას იწვევს შიში?

ყოველდღე ვეკითხებოდი საკუთარ თავს

და პასუხის მოლოდინში, ახალი კითხვები ჩნდებიან

და რიგში დგებიან,

რათა მათთვის განკუთვნილი პასუხი,

როგორც დამსახურებული ჯილდო, ისე მიიღონ.

 

შიში ეს არის თამაში,

შიში არის პოლიტიკა,

რომელშიც მთელი სხეულია ჩართული.

შიში ეს არის მეტაფორათა ჯაჭვი,

რომელიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე, როგორც ასაღებად გამზადებულ ციხესმიგრეზე,

მოიერიშე რაზმივითაა შემორტყმული.

შიში ეს არის პასუხი

ყველა ტკივილზე,

ყველა სიკდილზე,

ყველა ვერგანხორცელებულ ქმედებაზე,

გონებაში დაარქივებულ ყველა მოგონებაზე

და ყველა ცალმხრივ სიყვარულზე

და, რა თქმა უნდა, ყველა ორმხრივ სიყვარულზე.

 

ამიტომაც მე ვამბობ, რომ პირველად იყო შიში

და შიში იყო ჩემთან,

როგორც მიზეზი და უფრო მეტად შედეგი,

ყველა დაწერილი და ჯერაც

დაუწერელი ლექსისთვის.

 

 

 

დეფინიცია

 

გააზრებულად თუ გაუაზრებლად

ლექსი ყოველთვის საპასუხო რეაქციაა

ყოველდღიურობის ყრუ კედლისკენ მიმართული,

რომელსაც არ ესმის ჩვენი სურვილების,

რომელიც არაფრად აგდებს ჩვენს ტკივილებს

და არაფრად აგდებს მშიერი ბავშვების გამყინავ ტირილს

და რაც უფრო ყრუა კედელი

და რაც უფრო დიდია მისი გალავანი,

მით უფრო დიდია ლექსის წერის სურვილიც.

და უფრო მეტია თვითგამოხატვისადმი ლტოლვა,

რადგან ყოველდღიურობის ღრმა ჭაობმა

ჩვენს ინდივიდუალიზმს საფრთხე არ შეუქმნას.

 

ლექსი კი თავისთავად ავტონომიური ერთეულია,

სადაც იქმნება პარალელური სამყაროს მოდელი

და სადაც შეგიძლია ცოფიანი სიტყვები მომართო

მათკენ, ვინც ბეჯითად აშენებს კედელს

და მათ ჩვენგან განსხვავებით ძალა არასოდეს გამოელევათ.

მათი მხრები განიაერია, როგორც ამაზონი,

მათი მოძრაობა მკვირცხლია, როგორც დამარცხებული პარტიიდან

გამარჯვებულ პარტიაში გადასკუპებული დეპუტატი,

მათი ენერგია ულევია, როგორც ქართული პოლიტიკური კლასის სიბრიყვე.

 

ვინ შემართავს საკუთარ სხეულს,

როგორც მოიერიშე ბეტეერს

და თვითონვე ჩახერგავს უკანდასაბრუნებელ გზას,

რადგან უკან დასახევი გზის არსებობა

წინსვლას ყოველთვის შეუშლის ხელს.

 

ვინ ილაპარაკებს ღიად საკუთარ შიშებზე

და ვინ გაიშიშვლებს ბოლომდე საკუთარ სულს,

ვინ იცეკვებს ინტელექტუალურ სტრიპტიზს მკითხველის წინაშე.

ვისაც არ შერცხვება საკუთარი სიშიშვლის,

ის დაიდებს დიდ რანჩოს მათ გულებში

ხოლო სხვებს საბჭოთა ხრუშოვკებში მოუწევთ ვიწროდ ცხოვრება.

 

ვინც გამოვა კომფორტის ზონიდან

და თავს შეიწუხებს,

რათა მეტაფიზიკურ ჩიხში ახალი გზები ეძიოს,

ვინც არასოდეს გახდება ის, ვისაც ებრძოდა,

რადგან საგანთა ეს მარადიული წრებრუნვა მისთვის ძალიან ტრივიალურია.

რითაც დიდ პრობლემებს შეუქმნის საკუთარ მომავალს

და ბევრი არაკეთილისმოსურნე გამოუჩნდება.

 

ვინც ლოდინს ცხოვრების წესად გაიხდის

და გაურკვევლობებით ოკუპირებულ სხეულს

არასოდეს მიატოვეს ბრძოლის ველზე,

რადგან მიტოვება,

რიგ შემთხვევებში, ნიშნავს დამარცხებას,

ხოლო ჩვენ არ გვაქს იმის ფუფუნება,

რომ თავს მორიგი დამარცხებების უფლება მივცეთ.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.