ჰიპნოგოგი





პოეზია

ჰიპნოგოგი




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
სიზმრინგლისური
სიზმარპროლოგი
 
I
ჩემი კედლების უკან ჩემი კატები არიან.
და ჩემი კატების უკან არის ფარშავანგი რომელიც მიმღერის ჩემს სიკვდილს და შენსას.
მე მას ვუთხარი „თვალის მდუმარებაში, მე გავიღიმებ და აღვსდგები, და ვიხილავ ვიღაცას ვისაც ვიცნობდი მძინარეს; მის ოთახში მის საწოლში მის სხეულში მე სამოთხეში ვიყავი.“
მე მღვიძავს ვარდების ხმაურში და ნორჩი გოგოს ხმაში. ჩვენ ვიძირებით მოახლოებულ აჩრდილებში.
მე ვსიზმრობ და მას ვერ შევაკავებ.
მე ვიხილე.
      (ძვირფასო ქრისტე—მდუმარება და დანაკარგი; ჩვენ ვიბადებით და ვეცემით. ძვირფასო ქრისტე, შენც მოტეხილი და დაკარგული და გამოკიდული ხარ
ვითარცა რომაული სამხედრო დროშა
ყველა ჩვენგანის თავზე.)
 
II
ჩემი თავისქალის წრფის უკან
რომელიც იმალება ჩემი თმის
და კანის უკან,
ვხედავ მამაჩემის იმავე თავისქალას,
და მამაჩემის თავისქალის მიღმა,
ბაბუაჩემის თავისქალას,
და ჩემი დიდი ბაბუის თავისქალას,
რომელსაც არასდროს ვიცნობდი.
და ამრიგად გრძელდება
ვიდრე α და ω
მიუთითებენ უსასრულობისკენ.
ჩემი თვალით—ეს ცეცხლი, ეს ბუზი, რომელიც ხედავს ყველაფერს და იღიმის, და არაფერი ესმის, და კვდება—
მე ვხედავ სრულად ჩემი თავის გარშემო და ამ ბოლოს.
ჩემი თავი მე გამოვიგონე; მე შევქმენი ჩემი თავი;
მე ფორმა ვარ მხოლოდ სიზმრინგლისურის,
სიტყვები ჭიმული კანით და შიშით.
ჩემი თვალებით ჩემს თავისქალაში
მამაჩემი აკვირდება უშველებელ და კალეიდოსკოპურ სიზმარს.
დაბადებით მე სხვა ვარ და არა ეს. კოღოები ხარობენ ჩემს კანში.
ხვლიკია ჭერში
ჩემ თავსზემოთ.
წყალმარჩხი ქოთნები უარჰყოფენ ჭიანჭველების გეზებს საჭმლისკენ.
არასდროს მდუმარება არაა.
ციკადები ომნიპოტენტური ხმაა. კამპონგი ბნელი და უძრავია.
მე ის არ ვარ რაც მეგონა ვიყავი. მე ის არ ვარ რაც, თითქოს, ვარ. რაც მთავარია,
მე ის არ ვარ რაც ვარ.
მეგონა ახალი ამბები დაეშვნენ ელვისებრ მავთულებით,
მხიარულები სიკვდილითა და ყაიდით,
ბზრიალა იო-იოებით და ყბების კაკუნით,
აღმართული თვალებით, მოთამაშე ძაღლებისებრ.
მზე ირთვება, და
შლის ჩიტის სინათლეს.
და შეფერხებულ მზის დაბნელებაში ვიხილე მე ჩემი თავი,
ცოტაოდენი სიბნელე ბოლოსდაბოლოს თხლადხილვადი,
სიყვარული ვითარცა უტკბესი რამ.
ალ ბოული, ჯეკ ბაქანანი განაგრძობენ სიმღერას,
სიზმრად ხედავენ ნათურებსა და ლამაზ ქალებს,
მორკალულ ტუჩებს გატენილს სისხლით,
მშვიდი ვარსკვლავების ქვეშ მთრთოლვარე დადგმულ კოცნებს,
ყავას დალეულს კრემით და ნამცხვრებს ხილფაფით
ვენური მთვარის ქვეშ;
ოდეს ვიწონებით, განვისჯებით,
და ვიკლაკნებით ამ ქარიშხალში
როგორც ჩიტები ფრთების თავზე.
 
III
კიდევ ერთხელ დავიჭირე მკვდრები—თვალს ვახამხამებ
და აქ არიან, ვერცხლისწყლიერი ლანდები, განსაზღვრულები
და მოძრავები; ანუ მკვდრები მოძრაობენ, და ყვირიან,
და ლოცულობენ, და ტირიან, და იტანჯებიან
და თვალი ხამხამებს ისევ და ერთი—ერთი დახუჭული
იჭერს მკვდრებს. ცა ღრუბლებს მიერეკება.
ღმერთი თავს დაგვფარფატებს და კივის
ჩვენ უმცირესი ტკაცუნიც არ გვესმის
უმცირეს ღიმილსაც კი ვერ ვხედავთ
და ვიდღაბნებით ჩვენს სიკვდილსა და მეორე დიად სიკვდილში
სანამ ჩვენ ბარტყებს დავსდევთ და ვოცნებობთ სამოთხეზე უფრთებოდ და უნაღვლოდ, ქრისტეს ცრემლები ეცემა იერუსალიმს. ფარდები მთვრალია ნესტით, და მოაჯირები, და ბილიკები და ღილაკები, და შავი და ღამურები, და დამჭკნარი გამკივანი სინათლეები მგზავრობენ და იცინიან სარეველებისა და კვირტების თავზე, და ყელები იღებიან იკეტებიან და ამოიოხრებენ. მე ვარ მთვარე და მზე, ამოსვლა და ჩასვლა, სუნთქვები პირველი და უკანასკნელი, და ვარსკვლავების ნაყოფი. მე ვარ რომელიღაც უკვდავი და უმიზნო მტვერი.
ორი სხეული წევს საწოლში თავიანთი წამიერი მომენტის მანძილზე ერთად მარადისობაში; მეხსიერება არ ინძრევა; ჩვენ ვუყურებთ როგორ კოცნიან ციცინათელები ღამეს და ზურგს აქცევენ ირმის ნახტომს აწ და მარადის, სანამ ჩვენი თვალები სიტკბოდ აწვიმს ერთმანეთს.
 
IV
თვალი მოვკარი შენს თვალებს
წუხელ მოუსვენარ სიზმარში
გამოღვიძებულებს მწვანე მდელოდან ლურჯი ზღვებიდან ვარსკვლავებიდან
შენი თვალები აღმოცენდნენ როგორც ყვავილების სპექტრები
მე შუქი ჩავაქვრე და სწრაფად ჩავკეტე კარი
წიგნი დაეცა
იმდენი ფიქრი მქონდა, იმდენი ნიშანი
ვერცერთი რამიდან აზრი ვერ გამოვიტანე
ეს მწვანე სიზმარი ნამდვილი არ იყო; ჭრიჭინები მღერიან
უდაბნოების და ველების გადაღმა დავიწყებული ნადიმი
რომლის მოციმციმე კბილებიც დროის სვლას ნიშნავენ
ღრუბელი ეცემა; ჩიტი თრთის და მღერის
მისი ნისკარტი ღამითაა დალაქული
სუფთა ოქრო—სიბნელე იცდის, სიბნელე მშიერია,
ღრმა გაბრაზებულია, და ტელეფონი რეკვას არ წყვეტს
ფილმის ეკრანი ეშვება, და მუნჯი ფილმები გადიან
ბასტერ კიტონი ეცემა და იხრწნება, ხოლო ბიგ ბენი მღერის და იხარშება
უსასრულო ჭაობში; მდუმარება ბადაგივით სქელია
და ლოცვად გვიხმობს—შენი სისხლით დახატე ღმერთი
და აავსე წყეული ქალები დანებით და ფრანებით
და საზომებით და სარქველებით და ატირე მათ გრძელი ჰიმნები
გაზოვანი და ტლანქი მოკვდავობისადმი ოდეს თევზები ეშვებიან
გახსოვდეს, გახსოვდეს მწველი ღადარი
ჩასმული შენს მკერდში—სული ტელევიზორს უყურებს
და ხარბად შთანთქავს სისხლს და პოპკორნს
ხრწნა დაცემა და მძიმე დღეებიც ამას ჰქვია
მძიმე, ძალიან მძიმე დღეები, მისტერ ლინდსი,
მძიმე დღეები და ასეთი სასსსტიკი ზამთარი—
შენ გააჩერე ჩემი საათი
როცა სამი და ზარი პოლიციაში ჩამოკრა
მაგრამ არის დრო ჩაისთვის და დრო მოკვდომისთვის
და დათხოვნის უწყება საფოსტო ყუთშია—
და უნდა იცოდე—შენი
პატარა ძროხა და ხბო უნდა მოკვდეს
 
V
მეღვიძა, სიზმარად ვხედავდი
ახალ დისტოპიებს თავის შესაფარებლად და შიგ დასამალად
და ახალ სახეებს მოსარგებად
და ახალ სხეულებს საბინადროდ
და ახალ ტყუილებს სათრობელად
და თუ როგორ მიყვარდა მთვარე
და მისი თესლის ზეწრები
მთვარის მიმოქცევა შენს სხეულში
შენი სისხლის სუნთქვის სურნელი
და მისი გემო ზღვაში სამხრეთში მინათებს ფეხებს
სანამ ცვრისგან ქმნილებს არ ემსგავსებიან
უზარმაზარი სილამაზის მარგალიტებით
სანამ შენი თაგვისებრი სუნთქვა იყო
ხელი ჩემს საათზე
და ყოველი სუნთქვით მე ვუახლოვდებოდი
ჩემს სულელურ და მანათობელ ბოლოს
 
VI
მთელი გრძელი ზაფხულის მანძილზე
ცეცხლ-ცეკვისა და ცერისსისქე მწუხრის ქვეშ
ფიქრი მომღიმარ და მოცინარ
შენზე ბავშვებთან ერთად
მახეიბრებდა
ყალიბში ჩასხმულსა და მიტოვებულს
გადღაბნილი აჩრდილი მშვენიერი—
არსებობს სიყვარული ისე ღრმა
ისე მოტეხილი და წამომდგარი—
სატანჯველი, შავი ველი
მთვლემარე ჩვენს ტუჩებს შორის
და ტყუილები დაუდევრად რომ ვქსოვეთ
ვიცოდი ერთ დროს შენი არსი
ჩვენს დროში როდესაც მზის ჩასვლა და მე შეგეხეთ
დახრილ ოთახში, წარსულიდან ზუსტად სამხრეთით
შენს მუცელსა და ფერდებს შორის—
ის იყო დროებითი ცრუ სამოთხე.
დაკარგული მაშინვე როდესაც ჩვენ ვქმნიდით
და დაგემოვნებისას განადგურებული
რამდენი სისხლია ახლა ნაკლული
მე ვისიზმრე ტალღებივით შეპყრობილი შენი ნაკბენი ტუჩებისთვის
საღამოს ექსტატურ თაღში—
შენ და ღამე, შენ და მთა
შენ და ხვალე, შენ და ხვალ—
გამეცალე—გამეცალე—გამეცალე—
რაც გვსურს ის ვერ გვექნება
და მით მეტად მოსურნეს
მეძინა სიტყვებზე და სტროფებზე და ტექსტებზე
ფუჭ სურვილზე, თან დროს შევცქეროდი
და ბოლოს დაგკარგე ბოლოს ბოლოს დაგკარგე ბოლოს
როცა მთვარე დაეშვა დაბლა და იტირა.
 
 
VII
დილა მშვიდობის—როგორ ხარ?
გირეკავ რათა გითხრა
რომ გიხილე როცა დაპყრობები გესიზმრებოდნენ
ვრცელი ომები, უფრო დიდი კედლები—
მაგრამ—
მახარებს იმის თქმა—
შენი სახლები მოკვდნენ
შენი შვილები ალებით გაივსნენ
ცხენები მოკვდნენ და პეპლები ეცემიან
ღმერთი საზღვარგარეთაა
ქარი ჰაერშია
და სიღრმიდან
მე ხელს ვიშვერ ყველა ჩვეგანისკენ
 
დილა მშვიდობის
კვამლის ღრუბლები აღიმართნენ
ალები ალები სავსე თვალებით თვალებით
შენი ვაჟები თავიანთ დებს ახრჩობენ
და თვალებს ხატავენ კედლებზე
სისხლში ჩაწობილი ენებით
თვალებით თვალებით სავსე ალები ალები
და მე სიღრმიდან
ვეძახი ყველა ჩვენგანს
 
დილა მშვიდობის
მე ვიხილე სახე რომელიც ცრუობს
მე ვიხილე ტუჩები მომღიმარი
ყალბი ღიმილებით ალები ალები
შეხედე შეხედე—მე წავიკითხე წიგნი წიგნი
რომელმაც მომავალი დამარცვლა
 
და სიღრმიდან
ვხედავ მეფის აღზევებას აღზევებას
და მის შუბლს მოჭედილს თვალებით თვალებით
და ის ზის ცხენზე ცხენზე ცხენზე
ბოლის ჯაჭვით მის ფლოქვებს უკან
და უნდა ვთქვა ჩემი სიღრმიდან
ვიხილე ამბის აღმოცენება ფრთების ღრუბლიდან
აღსდეგი აღსდეგი თვალებიდან თვალებიდან
და რიცხვი არის თთთ6ეტი არის თთთ6ეტი არის თთთ6ეტი
 
სიღრმეთაგან სილამაზე
და სიღრმეთაგან დანაკარგი
სიღრმეთაგან სიღრმეთაგან
მე დავიძახე და დავამატე და გიხილეთ ყველა
თქვენი შვილები მოკვდნენ და თქვენ გელიან
 
VIII
მზე უკვე ჩავიდა
თქვი შენ
და მის უკან მთვარისსახა დისკო
ლურჯი; მარგალიტი; თეთრი—ოპალური პირი
იმედების, ოცნებების, ბეწვის ტომარამ
რომელიც იჭერს ფარვანებს მწუხრში
რომ მტვრის კვალს ტოვებენ
გაიძულა მარტო გაღებულიყავი და მოგეწერა
ნახვამდის ყველა ჩვენგანს თეთრ ოთახში
თვალთეთრ, თავისქალათეთრ ოთახში
საწოლში,
მკვდრებს შორის—
Santa rita, ora pro nobis
მე შემოგხედე
და შევეხე მიწას
დამალულს ბეტონისა და სისასტიკის ქვეშ
Credo quia impossibile est
რომ მკვდრები აღსდგებიან, აღსდგებიან, აღსდგებიან
და შენი თვალის
დახამხამებაში, დაციმციმებაში, სანტა რიტა,
მე ვიხილე შენი მზისდაბნელება გატყორცნა,
ოდეს ბინდმა ცისარტყელა შეკრა
მთლიანად შენი მსვლელობის გარშემო
და მე ვიხილე და ხსნილი ვიყავი

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.