მკვლელობა სხვა საუკუნეში





პროზა

მკვლელობა სხვა საუკუნეში




ძველი ხელნაწერებისა და თეოლოგიური ნაშრომების თარგმანების კოლექციონერი ვარ. ჩემთვის გაუგებარ საიდუმლოზე მინდა მოგითხროთ, რისთვისაც წარმოგიდგენთ ოდნავ გამხატვრულებულ, რეალურად კი მეტაფიზიკაში გადასულ მეცნიერულ ტექსტს. 
 
მაშ ასე, ტრანსცენდენტალურ ფილოსოფიაში არსებობს ტყის იდეა, - ტყე, როგორც ძლიერი ანთროპული პრინციპის აშრიალება ქაოტურ წონასწორობაში. ასევე, გვაქვს ბალანსი, რომელიც ძირითადი ეთიკური და რელიგიური კატეგორიაა.
ჩემს გმირს, რომელიც არსებითად თავად გახლავართ, მუდმივად ერთი უცნაური შეკითხვა უტრიალებს თავში: ვართ თუ არა ქართველები პრაგმატულები მისტიკურ საკითხებში და მისტიკურები პრაგმატულ სფეროში?
 
მაშინ, როცა მე-7 საუკუნის დასავლეთ ევროპაში, ბოლო ფილოსოფოსი ბედე ცდილობდა, ფილოსოფია ქარისტიანულ მსოფლმხედველობასთან დაპირისპირებულ ქმედით დისციპლინად წარმოეჩინა(რის გამოც არაერთხელ მოუხდა ცხოვრების წესის შეცვლა), ჩვენს ქვეყანაში უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც ყველა განსწავლულმა ადამიანმა საკუთარ თავს მეტაფიზიკოსის სახელი ჩამოართვა და ქრისტიანი უწოდა. როგორც ცნობილია, ჩვენთან ლათინური არასდროს არავინ იცოდა და მართლაც საკვირველი იყო ფაქტი, რომ, სადაც ადრე იყალთოს აკადემიიის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობდა, რომელიღაც ნანგრევებში მწყემსი ბავშვის მიერ შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ბოეციუსის ნაშრომზე „ფილოსოფიით ნუგეში“ („De consolatione philosophiae“) კაროლინგი ავტორების (ერთ-ერთი მათგანი იყო ვინმე Remigius of Auxerre - რემიგიუს აუქსერელი) ლათინურ ენაზე გაკეთებული განმარტებების ქართული თარგმანის მანუსკრიპტი. ხელნაწერი დათარიღდა მე-12 საუკუნის პირველი მეოთხედით, რაც, დამერწმუნეთ, ყოვლად აუხსნელი მოვლენაა. რას არ მივცემდი ამ ხელნაწერში!.. ვინ იყო და სად გაქრა ის ადამიანი, რომელიც რვა საუკუნის წინ ლათინურიდან ქართულად ფილოსოფიურ ტრაქტატებს თარგმნიდა? ამის გარკვევა საქართველოს ისტორიას შეცვლიდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩვენს ისტორიაში არაფერიც არ შეცვლილა...
 
პირველი ტექსტის დამდგენი კომისია, რომელშიც შედიოდნენ სამი ასტროლოგი, ორი სპირიტი, ერთი გადამწერი, ერთი ლექსიკოგრაფი, ერთი ფილოლოგოსი, ერთი რიტორი, ერთი ისტორიოგრაფი და ვინმე ლათინი მთარგმნელი, შეიქმნა მე-17 საუკუნეში, მეფე ვახტანგ VI-ის ბრძანებით. კომისიამ ვერაფერიც ვერ დაადგინა, ორი კონკრეტული და ერთი ზოგადი დასკვნის გარდა:
 
პირველი: ტექსტი არეულ-დარეული და ბუნდოვანია, თუმცა ცხადია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ დამწერი ხელმძღვანელობდა კაროლინგი ავტორების კომენტარებით ბოეციუსის თხზულებაზე, რაც დასტურდება მისი პერსონაჟების ბედ-იღბალის მკაცრ წინასწარგანსაზღვურლობაში განგების მიერ და ბოროტების ბიბლიური საწყისის სრულ უარყოფაში;
 
მეორე: ერეტიკული და წარმათული პასაჟების სიმრავლის გამო, რომელიც ქრისტიანული მოძღვრებით არის შენიღბული, ტექსტი იდევნებოდა და ნადგურდებოდა ეკლესიის მიერ. სწორედ ამ მიზეზით იგი მოხსენიებული არ არისარცერთ ნუსხაში, კატალოგსათუ წყაროებში; თითქმის ბოლომდე აღმოფხვრილია თაობათა მეხსიერებიდან და აღმოჩენილი მანუსკრიპტიც, სავარაუდოდ, მხოლოდ მესამედია ორიგინალი ტექსტისა;
 
და მესამე (დამაბნეველი, ზოგად-მისტიკური დასკვნა): გამოშლის(emanation), უკან დაბრუნების, შერწყმისა და შენახვის უძველესი, დიდი პლატონური კანონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ტექსტის სრული ვერსია დღესაც არსებობს, რომელიც, როგორც ჩანს მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა ხუთი საუკუნის წინ (აღმოჩენილი არასრული ვერსია კი, ჩანს, ეკლესიის ბიბლიოთეკის საიდუმლო საცავებში ინახებოდა), მომავალში სამს ექნება, რომელთაგანაც ერთი შეიშლება, ორი კი ნაადრევად დაასრულებს სიცოცხლეს. თავადხელნაწერი ბოლო მფლობელთან ერთად განადგურდებაო...
 
თითქმის მთელი ცხოვრება დასკვნის ამ ენიგმატურ ნაწილზე ვფიქრობ და მხოლოდ სამი კვირის წინ მივხვდი,სამიდან ვინ იყო ის ორი ადამიანი, ვისაც ხელნაწერის სრული ვერსია ჰქონდა, ისე, რომ არც იცოდნენ.
 
ორიდან ერთმა განდობილმა მთელი სიცოცხლე ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებას მიუძღვნა: საბოლოოდ მოკლავს თუ ვერა ამერიკის შეერთებული შტატები ღმერთს და პოეზიას? ეს ადამიანი, რომელსაც საქართველოში გავრცელებული სახელი დავითი ერქვა, გადასახადებს არ იხდიდა დატყის ტრანსცენდენტალურ შინაარსზე ფიქრობდა. არ ვიცი, როდის და როგორ მოხვდა ძველი ქართული თარგმანი ჯერ ჯორჯიის, შემდეგ კი მასაჩუსეტსის შტატის ტყეში, ერთ-ერთ ტბასთან აშენებულ ქოხში, მაგრამ  ამ ხელნაწერის ბნელი ენერგიის გავლენა რომ აშკარაა მეამბოხე ხელდასხმულის ერთადერთ ფილოსოფიურ ნაშრომზე და მის ნაადრევად დასრულებულ ბობოქარ სიცოცხლეზე, - ფაქტია.
 
როგორც ჩანს, ხელნაწერის გასაგებად ენის ცოდნა არაფრის მომცემია. მოგეხსენებათ, თვალები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძველ ტექსტებთან გვაქვს საქმე, მხოლოდ მეორადი მნიშვნელობისაა. მთავარი მაინც ხელები, სმენა,აზრობრივი და სენსორული ტელეპათიის უნარია. ტექსტის აღქმა უფრო ბგერითი რხევების შეგრძნებით ხდება, რისთვისაც აუცილებელია ღვთაებრივი იმპულსი და სრული თანხვედრა, განუსაზღვრელი შეერთება შეგრძნებულისა შემგრძნებელთან და პირიქით(ყველა კარგი მკითხველი შეშლილია...).
 
არც ის ვიცი, რა გზით მოხვდა ხელნაწერი მე-20 საუკუნის შვეიცარიის ქალაქ მონტანიოლაში, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, იქაც ერთი განდობილი გამუდმებით წერდა და მსჯელობდა საკითხზე, - არის თუ არა ტრამალი ადამიანის ძირითადი იმანენტური საწყისი? გამუდმებით აკვირდებოდა სულის გრადაციას ტყეში და ტყის მიღმა, შედიოდა და გამოდიოდა, მანამ, სანამ თვითმკვლელობა არ სცადა. მოგვიანებით, ვიღაც ქალი, რომელიც თამაშის დიდ საფრთხეზე არასდროს დაფიქრებულა, მოკლა კიდეც და საბოლოოდ სიცოცხლე სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში დაასრულა. თუმცა, ნამდვილისა და არარსებულის აშკარა აღრევის გამო, რეალურად ჩაიდინა თუ არა მან მკვლელობა, დღემდე გაურკვეველია.
 
მართლაც ამოუხსნელია ძველი ხელნაწერების გავლენის ძალა ადამიანებზე. ჩემს კოლექციაში არის რამდენიმე სრულიად გაურკვეველი მანუსკრიპტი. რაც უფრო გაუგებარია მანუსკრიპტი, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა. თითქოს თითოეული სიტყვის ამოკითხვით, როგორიც არ უნდა იყოს ის, თვითონვე ვწერ, ვქმნი და ვაყალიბებ რაღაც საზრისებს. კითხულობ, ე. ი. - წერ. წერ, ე. ი. - კითხულობ. უამრავი საზრისები იბადება, შესაძლოა ბედიც კი... თუმცა, ფატალიზმის არაფერი გამეგება. ამასწინათ, უჩვეულოდ ლამაზი ასოებით შედგენილ ხელნაწერს გადავხედე. უნდა გამოვტყდე, ჩემს კოლექციაში ეს ხელნაწერი ყველაზე მეტად მაფორიაქებს. ქაღალდზე, გაურკვეველი ასო-ნიშნების მოხაზულობაში, წმინდა შემთხვევითობისმათემატიკურიპრინციპის გამოყენებით, სიტყვების ჩასმა დავიწყე. გამომივიდა შემდეგი: „ვართ თუ არა ქართველები პრაგმატულები მისტიკურ საკითხებში და მისტიკურები - პრაგმატულ სფეროში?“. ეს რაღაცით თეფშის დატრიალებას გავდა.შიშისმომგვრელი და გასაოცარია, როცა ქაღალდზეგლუვი მოხაზულობის ასო-ნიშნებმა მოძრაობა დაიწყო, უცნაურად დაჯგუფდა, შემდეგ გადაადგილდა, შეერთდა, განცალკევდა და პასუხიც დაიწერა: „აგწონეთ. ღმერთშემოქმედებაში ბაბილონელებს აჯობეთ. მოკვდები!“.ავიღე მანუსკრიპტი, ჩავდე დიდ კონვერტში, დავაწერე „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს“ და სასწრაფოდ სახლიდან გამოვედი (აქამდე თქმა დამავიწყდა, - ვცხოვრობ ზემო რაჭის სოფელ გლოლაში, რომელიც დაბურული ტყით არის გარშემორტყმული. ლამაზი და მისტიკური ადგილია).ნაშრომი რაიონის ფოსტიდან გავაგზავნე, თუმცა კონვერტი თერთმეტ დღეში უკან დამიბრუნდა პასუხით: „ძველ, ცარიელ ფურცლებს ხელნაწერთა ინსტიტუტი ვერ მიიღებსო“. ახლაც წინ მიდევს ეს ხელნაწერი, რომელიც სავსეა ლამაზად გამოყვანილი ასო-ნიშნებით. როგორ ვერ წაიკითხეს, ვერც კი დაინახეს, - ძალიან გაკვირვებული ვარ! აი, ახლაც შემიძლია წავიკითხო, ამ წუთში...ეს რაღაც ღვთაებრივი ინსპირაციაა, ვწერ და ვკითხულობ, ვკითხულობ და ვწერ. სხვისთვის ცარიელ ფურცლებს ვავსებ, თითქოს ვიღაცების ბედს ვჭედავ. საზრისებს ვაჩენ. მაშ ასე, აქ წერია: „არსებობდა ამ მანუსკრიპტის სამი მფლობელი, ხოლო ოთხსფლობს ეს მანუსკრიპტი. სამი იყო, ერთი არის და აღარ იქნება. ხელნაწერი თავად პოულობდა მფლობელებს, რათა დაუფლებოდა მათ. ის ქაჯეთის ციხეში დაიწერა პოეტის მიერ და მალე სოფლის ტყეში დაიწვება. ის თარგმანებაა და არა თარგმანი. ბოლო მფლობელს კარზე დაუკაკუნებენ, მოკლავენ, ხელნაწერს კი დაწვავენ, რათა ენერგიის შენახვის კანონისა და ჰაერის ძალის მეშვეობით სხვა სამყაროში გადაინაცვლოს...“.
 
ხედავთ, წავიკითხე, საზრისები გავამრავლე, ვიღაცის ბედიც განვსაზღვრე.  ჩემთვის ბოლომდე მაინც გაუგებარია ეს ყველაფერი, ძალიან მარტივად და გასაგებად კი წერია... ახლა გავაგრძელებ, თუმცა კარზე აკაკუნებენ, იშვიათად ვინმეს გავახსენდე, ალბათ ვინმე გზააბნეული მგზავრია, გავაღებ და დავბრუნდები...

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.