ოცნება ინდოეთზე





პროზა

ოცნება ინდოეთზე




თარგმნა დათო ბარბაქაძემ
 
 
რამეთუ ინდოეთი სახელდო ნოემ და მისი მეფე ცოდნის მეფედ იწოდება.
 
რამეთუ ინდოეთშია სამოთხე და სამოთხეში არსებობს ცოცხალი შადრევანი, საიდანაც ოთხი დიადი მდინარე მოედინება.
 
ინდოეთში წელიწადში ორი ზაფხული და ორი ზამთარია.
 
ინდოეთში მარადმწვანე მიწაა.
 
ზაფხულში იქ ჩრდილი სამხრეთს ეცემა, ზამთარში კი – ჩრდილოეთს.
 
ინდოეთში თორმეტიათასშვიდასი კუნძულია: ნაწილი მთლიანად ოქროსია, ნაწილი – ვერცხლის. არის კუნძულები, სადაც მარგალიტის ისეთი სიუხვეა, რომ ხალხი ტანთ არ იცვამს და მხოლოდ მარგალიტით იმოსება.
 
ინდოეთში ღვინოს პალმის წვნისგან ამზადებენ. არის ხე, რომლის ნაყოფსაც პურის გემო აქვს.
 
ინდოეთში არის ჭია, რომელიც უცეცხლოდ ვერ იცოცხლებს.
 
იქ ქუჩებში გველები დაცურავენ.
 
ინდოეთში აბრეშუმის მატრასზე და ოქროს საწოლზე სძინავთ. სუფრაზე ისინი ვერცხლის სინიდან მიირთმევენ, და ნებისმიერი, განურჩევლად თავისი ჩინისა, მარგალიტს და ძვირფასი თვლებით შემკულ ბეჭედს ატარებს.
 
იქ არის ტომი ადამიანებისა, რომლებსაც ხელებზე და ფეხებზე რვა-რვა თითი აქვთ. 30 წლამდე ისინი ჭაღარანი არიან, მერე კი თმა თანდათან უმუქდებათ.
 
იქ არ არიან ღარიბები, ხოლო უცხო ქვეყნის ხალხს გულღიად ხვდებიან.
 
ინდოეთში კიბორჩხალა, მშრალზე რომ ამოდის, უმალ ქვად იქცევა.
 
იქ არის ადამიანთა ტომი, რომელიც ვაშლის სურნელის გარეშე ვერ ცოცხლობს. და როცა ისინი გზას ადგანან, უსათუოდ თან უნდა ჰქონდეთ ვაშლი, ვინაიდან ამ ნაყოფს მოკლებულნი, ისინი იღუპებიან.
 
იქ იყო ისეთი ხვატი, რომ ადამიანები სახლებიდან საერთოდ არ გამოდიოდნენ.
 
ინდოეთში არის ჯგუფი ფილოსოფოსებისა, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ასტრონომიას და მომავლის წინასწარმეტყველებას. და მე მინახავს ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც 300 წელი შესრულებოდა, ხოლო იმდენად საოცარი იყო მსგავსი დღეგრძელობა, რომ სადაც უნდა წასულიყო, მას ყველგან უკან დასდევდნენ ბავშვები.
 
ინდოეთში არავინ ცრუობს.
 
ინდოეთში უცხოელი ვაჭრები, ჩვეულებისამებრ, ბინად ფუნდუკებში დგებიან ხოლმე. სტუმრისთვის საკვებს დიასახლისი ამზადებს, ლოგინსაც ის უშლის და მასთანაც ის წვება.
 
იქ არის ადამიანთა ტომი, რომელსაც ყურები მუხლებამდე აქვს.
 
ინდოეთში არის შადრევანი, რომელსაც მომაკვდინებელი გველები დარაჯობენ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც წყალია, და როცა ვინმეს მოსწყურდება, ის ერთიანად უნდა გაშიშვლდეს, ვინაიდან გველები სიშიშვლეს ცეცხლზე მეტად უფრთხიან.
 
იქ არის ადამიანთა ტომი ისეთი დიდი ზედა ტუჩით, რომ სახეს მისით მოიჩრდილებენ ხოლმე, როცა მზეზე სძინავთ.
 
და შევხვედრივარ მეფეს, წინ რომ ორი კაცი მოუძღოდა და საყვირს აყვირებდა; უკან ადევნებულ ორ ადამიანს მრავალფერადი ქოლგები მოჰქონდა და მეფეს მზისგან იცავდა, ხოლო მხარდამხარ პანეგირისტები მოჰყვებოდნენ, და თითოეული ცდილობდა მეორეს აღმატებოდა მეფის ქება-დიდების საქმეში.
 
ინდოეთში არის ნაყოფი, კვახივით მრგვალი, რომელშიც კიდევ სამი ნაყოფია მოთავსებული, და თითოეულს განსაკუთრებული გემო აქვს.
 
ინდოეთში მზეს თაყვანს სცემენ ქალაქის საზღვრებს გარეთ აგებულ დიდ ტაძარში. ყოველ დილით, განთიადისას, მცხოვრებნი ამ ადგილისკენ მიიჩქარიან და გიგანტური კერპის წინ კეთილსურნელოვნებებს წვავენ, იმავდროულად კი კერპი ჩემთვის აუხსნელი მიზეზით ბრუნავს და აღუწერელ ხმაურს გამოსცემს.
 
ინდოეთში მომავალს ჩიტების ფრენის მიხედვით წინასწარმეტყველებენ. 
 
ინდოეთში, როცა ადამიანს სურს თავისი თავი ცეცხლს მიუძღვნას, ცხადდება დიდი დღესასწაული. ოჯახი საზეიმოდ ემზადება და შემდეგ ეს კაცი თხრილთან ცხენით ან ქვეითად მიჰყავთ. და იქ, ცეცხლში, ვარდება იგი, მუსიკის და სიმღერის ხმებით გარემოცული. სამი დღის მერე ის ბრუნდება, თავისი უკანასკნელი ნება რომ გათქვას, ხოლო შემდეგ სამუდამოდ უჩინარდება.
 
ინდოეთში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინაიდან იქ ჭირი არ იცის. და ეს ხალხი ურიცხვია. მე მინახავს მამაკაცების მილიონიანი არმიები, და – უფრო ბევრი.
 
ინდოეთში მრავალი გარყვნილია, მაგრამ ბოროტი დანაშაული მათთვის უცნობია.
 
ინდოეთში გარდაცვლილებს ასაფლავებენ ქალები, რომლებიც წელამდე შიშვლები დგანან გვამთან და ყვირიან: “ვაი! ვაი!”.
 
იქ არის მყეფარი და ძაღლისთავიანი ადამიანების ტომი.
 
ინდოეთში გემებს კაბებივით კერავენ, ლურსმნების და რკინის გარეშე, თორემ ზღვაში კლდეები რკინას მიიზიდავენ და ლურსმნით ნაჭედი ყველა გემი კლდეს მიემსხვრევა.
 
იქ არის რქიანი ადამიანების ტომი, ისინი ღორივით ღრუტუნებენ.
 
ინდოეთში არის ჭები, რომლებშიც ღამ-ღამობით ცხელი წყალია, ხოლო მთელი დღის განმავლობაში – ცივი.
 
კბილებს იქ კბილსაჩიჩქნებით ისუფთავებენ.
 
ინდოეთში ხალხი შავია. რაც უფრო შავები არიან ისინი, მით მეტად ლამაზებად მიიჩნევიან, ამიტომ მშობლები ყოველ კვირას ბავშვებს ზეთს ჩააზელენ ხოლმე, ვიდრე ისინი ეშმაკებივით არ გაშავდებიან. (თუმცა, ინდოეთში ღმერთები შავები არიან, ხოლო ეშმაკები – თეთრები).
 
ინდოეთში ქალებს ბევრი ქმარი ჰყავთ და ყოველ მათგანს თავისი მოვალეობა აქვს დაკისრებული. ცოლი სხვა სახლში ცხოვრობს, ქმრები – სხვა სახლში. დღე ისე იყოფა, რომ ყოველი ქმართაგანი ცოლის სახლში იმყოფება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, და ამ დროს სხვა ქმარი მის სახლში ვერ შევა.
 
წელიწადში ერთხელ ისინი ანთებენ აურაცხელ ზეთის ნათურას.
 
ინდოეთში არის ხეები, რომლებსაც ისეთი დიდი ფოთლები აქვს, რომ თითოეული ამ ფოთლის ჩრდილს ხუთი და მეტი კაციც კი შეიძლება ერთად შეუდგეს.
 
ისინი ჯერ ფეხებს იბანენ, მერე – სახეს. ვიდრე ცოლთან დაწვებოდნენ, განიბანებიან.
 
ინდოეთში ძროხას ეთაყვანებიან, და თუ ვინმე ძროხას მოკლავს, მკვლელს მაშინვე სიკვდილით სჯიან. ზოგიერთები, განსაკუთრებით დღესასწაულების დროს, შუბლში ნელსაცხებლის ნაცვლად ძროხის განავალს შეიზელენ ხოლმე.
 
ინდოეთში ქმარი არ არღვევს ცოლ-ქმრულ ერთგულებას.
 
და ვნახე ტაძარი მაღალ მთაზე, და იყო მასში ერთი ცეცხლისფერი ამეთვისტო, ზომით ნაძვის გირჩისოდენა; და შორიდან კარგად მოჩანდა მასში მოთამაშე და მობრიალე მზის სხივები.
 
ინდოეთში ბრძენკაცებს შეუძლიათ დიდი ქარების წარმოქმნა და დაშოშმინება. ამიტომაც იკვებებიან ისინი საიდუმლოდ.
 
ინდოეთში ქალები წითელ ნიღბებს ატარებენ: მათ ეს ფერი ყველაზე მეტად უყვართ. ზოგიერთები თავს შეღებილი ფოთლებით იბურავენ, მაგრამ სახეს არავინ იღებავს.
 
იქ არის ტომი ადამიანებისა, რომლებსაც ფრთები აქვთ და ხეებზე აფრენა შეუძლიათ.
 
ინდოეთში კაცები წვერს არ ატარებენ, მაგრამ გრძელი თმა აქვთ, რომელიც ზურგზე ეფინებათ, და აბრეშუმის თასმით იკრავენ. ასე მიდიან ისინი საომრად.
 
ინდოეთში არის ისეთი მაგარტყავიანი თევზი, რომ მისგან სახლებს აშენებებენ.
 
ინდოეთში არაა არც ერთი მკერავი, რადგან ყველა შიშველი დადის.
 
ინდოეთში ძალიან ბევრი ხალხია, რადგან მათ არ უყვართ თავისი ქვეყნის დატოვება.
 
ინდოეთში ეთაყვანებიან კერპს – ნახევრადადამიანს, ნახევრადხარს. და კერპი მეტყველებს და 40 ქალწულის სისხლს მოითხოვს. ერთ ქალაქში მე ვნახე, როგორ მიაბრძანებდნენ კერპს უზარმაზარი ეტლით, და ეს ისეთ ძრწოლას იწვევდა, რომ ბევრი ეტლს ქვეშ უვარდებოდა, რათა დაღუპულიყო, როგორც ამას მათი ღმერთი ითხოვს.
 
ინდოეთში სახლობს ცხოველი, სახელად “მარტორქა”, რადგან ცხვირზე მას რქა ეზრდება. როცა ის დადის, რქა ქანქარებს, მაგრამ საკმარისია ნადირი რამემ განარისხოს, რომ რქა იჭიმება და ისეთი მტკიცე ხდება, რომ ნადირს ამ რქით ხის ძირ-ფესვიანად ამოგლეჯაც კი შეუძლია. მარტორქის გამხმარი ტყავი სისქით ოთხი თითის ზომისაა, და ზოგიერთები მას საგუთნე რკინის ნაცვლად იყენებენ და მიწას ხნავენ.
 
იქ არის ტომი ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ ერთი ფუტის სიმაღლის არიან, და ისინი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყონ, ყარყატმა რომ არ წაიღოს. ოთხ წელიწადში ისინი იზრდებიან, რვა წლის მერე კი უკვე ბერდებიან.
 
ინდოეთში ყველგან ვარდებია – ისინი ყველგან ხარობენ: მათ ყიდიან ბაზრებში, მამაკაცებს ვარდის გვირგვინი აქვთ ყელზე ჩამოცმული, ქალები მას თმაში იწნავენ. სჩანს, მათ არ ძალუძთ უვარდოდ სიცოცხლე.
 
ინდოეთში ქალები დღისით თავიანთ ქმრებთან წვანან, ღამით კი უცხოელებთან მიდიან და მათთან წვებიან, და ფულსაც კი უხდიან, რადგან მათ მოსწონთ თეთრი ადამიანები. და თუ ქალი უცხოელისგან დაორსულდება, ქმარი ამ უკანასკნელს ფულით ასაჩუქრებს. თუ თეთრი ბავშვი გაჩნდა, უცხოელი დამატებით 18 ტენკას იღებს, ხოლო თუ – შავი, მაშინ – არაფერს.
 
იქ არის ტომი ადამიანებისა, რომელთა ტერფები უკანაა მიქცეული.
 
ინდოეთში არსებობენ გრძელი გველები, რომლებსაც ჰქვიათ “კოკოდრილი”, და რომლებიც დღისით ხმელეთზე ცხოვრობენ, ღამით კი – წყალში. ზამთრობით ისინი არ იკვებებიან, და ძილქუშს ეძლევიან. ისინი კლავენ ადამიანებს და როცა ნთქავენ, თან ტირიან.
 
ინდოეთში არის მდინარე, სახელად აროტანი, სადაც თევზის ისეთი სიუხვეა, რომ მისი ხელით დაჭერა შეიძლება. მაგრამ ვინც თევზს ხელს შეაღებს, უმალ ციებ-ცხელება შეეყრება. საკმარისია თევზს ხელი უშვას, რომ სნეული უმალ კარგად ხდება.
 
შარვლის ნაცვლად ისინი ჩალმით იმოსებიან.
 
იქ წინწილებს ჯოხებს ურაკუნებენ.
 
ინდოეთში არის ხე, სიმაღლით სამი წყრთა, რომელიც ნაყოფს არ იღებს, და იქაურთა ენაზე მოკრძალების ხედ იწოდება, ვინაიდან ადამიანის მიახლოებისას იკუმშება და ტოტებს იკრეფს, ხოლო როცა გაეცლება ადამიანი, ის კვლავ იშლება.
 
ინდოეთში გოგონებს ისეთი მკვრივი სხეული აქვთ, რომ შეუძლებელია მათთვის ხელის წავლება ან ჩქმეტა. მცირე საფასურად ისინი კაცებს ნებას რთავენ, რამდენიც უნდათ იმდენი ჩქმიტონ. ასეთი სიმკვრივის წყალობით მათი მკერდი კი არ კიდია, არამედ დგას.
 
იქ ტყეებში ფარშავანგები დარბიან.
 
და ვნახე ტაძარი, წმინდა ბრინჯაოსგან ჩამოსხმული, ხოლო მასში – ადამიანის ზომის ოქროს კერპი. მას თვალებად ბადახში ესხდა, და – ისეთი ხელოვნებით ნამუშაკევი, - მეჩვენებოდა, რომ ეს თვალები განუწყვეტლივ მე მიყურებდნენ.
 
ინდოეთში ქალები შიშვლად დადიან, და თუ მავანი ქალი თხოვდება, მას ცხენზე სვამენ, ქმარი კი უკან, ცხენის გავაზე, შემოჯდება, და ცოლს ყელზე დანას მიაბჯენს, და არ აცვიათ არაფერი, მხოლოდ მაღალი, მიტრას მსგავსი, თეთრი ყვავილებით მორთული, ქუდები ჰხურავთ. და იქაური ქალწულები მათ წინ სიმღერით მიუძღვებიან, სახლის კარამდე, იქ ნეფე-პატარძალს მარტო სტოვებენ. ხოლო როცა ისინი დილით ადგებიან, ისევ ისე შიშვლად დადიან, როგორც – წინადღით.
 
ინდოეთში ზოგი თავს იჭრის, რათა სამოთხეში მოხვდეს. ამ დროს ისინი განსაკუთრებული სახის მაკრატლით სარგებლობენ.
 
ინდოეთში, თუ ადამიანმა სახლიდან გამოსვლისას ყური მოჰკრა, რომ ვიღაცამ დააცემინა, მაშინვე უკან შებრუნდება და აღარ გამოვა, ვინაიდან დაცემინებას იქ ავისმომასწავებლად თვლიან.
 
იქ არიან ადამიანები, რომელთა ყურები ქარის წისქვილის მსგავსია, ღამით ისინი ერთ ყურზე წვებიან და მეორეს ზემოდან იფარებენ.
 
ინდოეთში მამაკაცები ქალის სამოსს იცვამენ: ისინი სარგებლობენ კოსმეტიკით, ატარებენ საყურეებს, სამაჯურებს, არათითზე და ფეხის თითებზე კი – ოქროს ბეჭდებს.
 
სექსუალური აქტის დროს ისინი ვაზს შემოხვეულ გველებს ჰგვანან, ესე იგი ქალი მოძრაობს წინ და უკან, თითქოს მიწას ხნავდეს, კაცი კი უძრავად წევს.
 
ინდოეთში არის ფრინველი, სახელად “სიმენდა”, რომლის ნისკარტსაც რამდენიმე პაწია საყვირი აქვს ურიცხვი ხვრელით. როცა ის სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, ბუდეში თავს უყრის გამხმარ ტოტებს, ზედ დგება და ისე ტკბილად გალობს, რომ სასწაულებრივად ხიბლავს და აჯადოებს მსმენელს. შემდეგ ის იწყებს ფრთების ცემას, ხეს ცეცხლს უკიდებს და თავს იწვავს.
 
მე მათ ვკითხე მათი რწმენის შესახებ, და მიპასუხეს: “ჩვენ გვწამს ადამი”.
 
ინდოეთში ცოლი გარდაცვლილი ქმრის დასაკრძალავ კოცონში ვარდება, და თუ ის ამას არ ჩაიდენს, მაშინ მას ცეცხლში ხალხი აგდებს.
 
იქ ისეთი ხვატია, რომ მახვილი ქარქაშში დნება, ძვირფასი ქვები კი ნახშირდება.
 
იქ არის უთავო ხალხი, რომელსაც თვალები მუცელზე აქვს.
 
იქ არის ხალხი, რომელიც ოთხზე დადის.
 
ინდოეთში არის დრაკონი, სახელად “ბასილისკო”, რომლის სუნთქვაც ქვას ნაცარტუტად აქცევს. მას შეუძლია კუდით ნებისმიერი ცხოველი მოკლას, სპილოს გარდა. ამბობენ, თუ ადამიანთან ბასილისკოს შეხვედრისას ურჩხული მას პირველი დაინახავს, ადამიანი მოკვდება, მაგრამ თუ ადამიანმა პირველმა ჰკიდა თვალი ბასილისკოს, მაშინ ურჩხული მოკვდება.
 
ინდოეთში, როცა მარგალიტის მოსაპოვებლად ყვინთავენ, თან ახლავთ ხოლმე ბრძენკაცები, რადგან თევზები იმ ადგილებში, სადაც მარგალიტია, ადამიანისთვის საშიშია, ბრძენკაცები კი თავიანთი ლოცვებით ნუსხავენ თევზებს.
 
იქ ისე ცივა, რომ წყალი კრისტალდება და ამ კრისტალებზე ნამდვილი ალმასები ჰყვავიან. და ეს ალმასები და კრისტალები ორთქლდებიან და მრავლდებიან და ციური ნამით საზრდოობენ.
 
ერთ დილით ტანად ძალიან მაღალი, თოვლივით თეთრწვერა კაცი გამოცხადდა ჩემს საცხოვრისში, წელამდე გაშიშვლებულიყო, და მხოლოდ თოკით გაფსკვნილი მანტია მოსავდა მის მხრებს. ის ჩემს წინ ქვიშაზე დაემხო და მიწას სამჯერ დაარტყა თავი. ჩემს შიშველ ფეხებს რომ მოჰკრა თვალი, სცადა დაეკოცნა, მაგრამ გავერიდე. და მაუწყა, რომ ზღვის კუნძულიდან მოსულიყო, რომ ორი წელი ყარიბობდა და რომ მე მეძებდა, ვინაიდან კერპებისადმი მისი თაყვანისცემა იმდენად გულწრფელი და სრულქმნილი იყო, რომ ღმერთი აუმეტყველდა, ჩემი სახე უჩვენა და უბრძანა მოვეძებნე, რათა მე ის ჭეშმარიტ გზაზე დამეყენებინა.
 
ქალები იქ ვერცხლის იარაღით იბრძვიან, რადგან მათ რკინა არ მოეპოვებათ.
 
იქ არიან ქალები, რომლებსაც მკერდზე წვერები ეზრდებათ.
 
და ვნახე ქვეყნის სიღრმეში ვენეციური დუკატები და ოქროს მონეტები, ჩვენს ფლორინს ორჯერ რომ აღემატებოდა.
 
ინდოეთში თმას არ იჭრიან არც ტანზე, არც სასქესო ორგანოებზე, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ თმის შეჭრა აძლიერებს ხორციელ ვნებებს და გარყვნილებას აღძრავს.
 
იქ არ ასაფლავებენ გარდაცვლილებს, არამედ შეაზელენ განსაკუთრებულ სანელებლებს, სვამენ სკამზე და ფარავენ ქსოვილით, და ყოველი ოჯახი თავის გარდაცვლილს ცალკე ამყოფებს. სხეული ძვლებამდე ხმება, და ეს გვამები ცოცხლებს ჰგვანან, და ყველას შეუძლია მათში თავიანთი მშობლების და ოჯახის წევრების მომავლის შეცნობა.
 
ინდოეთში, როცა გზას ადგანან, უყვართ, როცა მათ უკან ვინმე მოდის.
 
ყველა შემთხვევაში რჩევას ისინი ქალებს ეკითხებიან.
 
ინდოეთში წელიწადში ერთხელ ხომალდის ანძის მსგავს ლატანებს აღმართავენ ხოლმე და მათზე თავიანთ ოქროთი მოქარგულ მშვენიერ სამოსს ჰფენენ. ყოველ ლატანზე ღვთაებრივი შესახედაობის ადამიანი ზის და ყველასთვის ლოცულობს. ხალხი მათ დამპალ ფორთოხალს, ლიმონს და სხვა აყროლებულ ნაყოფს ესვრის, მაგრამ წმინდა ადამიანები არ უნდა აიმღვრნენ.
 
ინდოეთში, ბავშვი რომ ჩნდება, განსაკუთრებული ყურადღება მამაკაცს ეთმობა, და არა - ქალს. ორი ბავშვიდან ისინი უპირატესობას უფროსს ანიჭებენ, რადგან ითვლება, რომ უფროსი თავის დაბადებას უმთავრესად ავხორცობას უნდა უმადლოდეს, ხოლო ამ ქვეყნად უმცროსის მოვლინება მომწიფებული გონებისა და აუჩქარებელი ქმნადობის შედეგია.
 
იქ არის ტომი ადამიანებისა, რომლებსაც ერთი უზარმაზარი ტერფი აქვთ, და როცა მათ შუადღის მზის ქვეშ დასვენება მოესურვებათ, ზურგზე წვებიან და ფეხს ქოლგასავით აწევენ ხოლმე. ისინი ჩინებულად დარბიან.
 
ინდოეთში გრძელ ფრჩხილებს უშვებენ, და ადამიანების სიდიადე უქმად ყოფნაშია.
 
იქ არიან პატარა ადამიანები, რომლებსაც პირის ნაცვლად სახეზე მხოლოდ პატარა ხვრელი აქვთ, და საჭმელს ჩალის ღერით ისრუტავენ. 
 
ინდოეთში წიგნის სახელწოდება ბოლოში იწერება.
 
და ვნახე ერთი წმინდა კაცთაგანი. ის იდგა შიშველი, მზისკენ სახემიპყრობილი, პანტერების ტყავით მოსილი, და გზა განვაგრძე. თექვსმეტი წლის მერე იმავე გზის გავლა მომიხდა, და ის ისევ იქ იდგა უძრავად.
 
იქ ისე ცხელოდა, რომ თევზი ცეცხლში ჩაგდებული აბრეშუმივით იწვოდა მდინარის ფსკერზე.
 
და ვნახე ამ მიწის ნაპირიდან შორს, ცაში, რაღაც ღრუბელივით დიდი, მაგრამ შავი და ღრუბლებზე უფრო სწრაფად მფრენი. ვიკითხე, რა უნდა ყოფილიყო, და მპასუხობდნენ, რომ ეს იყო დიადი ფრინველი როხი. მაგრამ ქარი ნაპირიდან ქროდა და როხი მასთან ერთად გაფრინდა, და უფრო ახლოს მისი ნახვა ვერ მოვახერხე.
 
ინდოეთის ფრინველები და მხეცები სრულიად განსხვავდებიან ჩვენი ფრინველებისგან და მხეცებისგან, ერთადერთი გამონაკლისია მწყერი.
 
 
 
 
 
ყველა წარმოდგენა და ენიდან ცოტა რამ აღებულია 1492 წლამდე 500 წლის წინათ დაწერილი ნაშრომებიდან. ინდოეთი, რა თქმა უნდა, ის ქვეყანაა, საითაც მიემართებოდა კოლუმბი, როგორც თვითონ ეგონა. ამ პირველი მოგზაურობისა და 1498 წელს მალაბარის სანაპიროზე ვასკო და გამას გადასვლის მერე ინდოეთზე წარმოდგენები უფრო სრულყოფილი გახდა.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.