ვინ მისცემს ადამიანს არჩევანის უფლებას?





რეცენზია

ვინ მისცემს ადამიანს არჩევანის უფლებას?




ანდრო დადიანი დაახლოებით ორი წელია ჩვენს კულტურულ სივრცეში გამოჩნდა, მისი პერფორმანსები და პოეზია ინდივიდუალურობით, თემების მრავალფეროვნებითა და სენსიტიურობით გამოირჩევა.  მისი ახალი აქცია-პერფორმანსი (შეიძლება ალბათ ასეც ითქვას), ფოტოგრაფ ლევან მამალაძესთან ერთად განხორციელდა.

დადიანისთვის ხელოვნება პრობლემებზე საარტიკულაციო ენაა და ამას ის ხან პეფორმანსებით ცდილობს, ხან მისი პოეზიით, ხან პიესებით ან უბრალოდ კოსტუმებით. ამჯერად კი ფოტოებზე შეგვიძლია ვისაუბოთ.

123 (38) modified

 

*
ხელოვნებამ შინაგან, სულიერ ვიბრაციებთან ერთად უნდა წამოჭრას სოციო-პოლიტიკური საკითხები და გააჩინოს განსჯის, კრიტიკის, ფიქრის სივრცე. დადიანის ”უსახო” სახე, რის გამოც მის პიროვნულ იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ იმ პრობლემების მიღმა მდგომი ადამიანეების ზოგად სახედ/ხმად იქცევა ხოლმე, რომელზეც ის საუბრობს. ამჯერად პერფორმერი სავალდებულო სამხედრო სამსახურის პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. საუბრობს იმ კლასობრივი და გენდერული გადარჩევის საკითხებზე, რომლის ყველაზე მკაფიო სისტემურ სახედ, ჯარი გვევლინება. სადაც საზოგადოება, როგორც კოლექტიური ერთობა აღარ არსებობს და თემს ემსგავსება, რომელიც მისი მსგავსის გარდა სხვა ყველაფრის გაქრობას ცდილობს ან ძალადობით ”თავისიანად მოაქცევს”.

ჩვენს ქვეყანაში, ჯარს შესაძლებელია თავი დააღწიო ნაცნობი ჩინოვნიკის დახმარებით, მყარი მატერიალური ან გავლენიანი ოჯახის დახმარებით, ან უნივერსიტეტში ჩაბარებით და მერე სასწავლო წლების გაწელვით.  თუკი ყველა ამ ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავთ ამ სისტემაში, იმთავითვე გაუსაძლისი მენტალური სიტუაცია დგება, – მაშ ვინღა არის ის კონტიგენტი, ვინც ჯარისჯაცების რიგებში დგებიან? ინტელექტუალური და ეკონომიკური პერიფერიის ტერიტორიაზე მდგომი ადამიანები, რომლებსაც არ მიეცათ სწავლის საშუალება, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები. ამ რიგებში კიდევ სხვა ქვეჯგუფად გამოიყოფა ჰომოსექსუალ, ეროვნულ თუ რელიგიურ უმცირესობებად წარმოდგენილი ბიჭები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული სისასტიკით ვლინდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემათა სასტიკი ხელი.

ფოტოსესიის კონცეფციაში ვკითხულობთ, – ”გახსოვთ ალბათ, რამდენიმე თვის წინ სავალდბულო სამხედრო სამსახურში გამოიძახეს ტრანსგენდერი ქალი მონიკა თიგიშვილი. მაშინ მეთელი ქვეყანა ამ აბსურდზე ალაპარაკდა…”, გვახსოვს. ის ღლიცინის ტალღაც გვახსოვს, რომელიც ამ ფაქტს მოჰყვა გააზრების და მსჯელობის ნაცვლად სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ გამოცემებში, ბეჭვდურ თუ ტელე მედიაში.

– აი პრობლემა! – ამბობს ჩემი მეგობარი.
– რა არის პრობლემა, – ვეკითხები მე- ხუმრობა?
– არა, თვალის დახუჭვა და მხოლოდ სასაცილო საგნად მისი დატოვება. აი მთავარი. – შარვლის უბეზე იკიდებს ხელს და ამბობს,  – ყვერები! ეს მარტო სპერმას კი არა, პრობლემებსაც გამოიმუშავებს ამ ქვეყანაში. – ჩერდება მერე ერთხანს და ამატებს, – და თან იმდენს…

სახელმწიფოს დიდი ხანია ვალდებულება აქვს აღებული, რომ გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური და ჯარი ისეთივე ნებაყოფლობით პროფესიად გადაიქცევა როგორც ექიმობაა ან მასწავლებლობა.  დღეს კი ის მახინჯი მასკულინური კულტურის სტრუქტურირების ადგილია, რომელიც აგებულია ზედაპირულ მამაკაცურ კლიშეებზე და ამის მსხვერპლი ხდება იქ მოხვედრილი ყველა მეტნაკლებად ფემინური ან სუსტი ბიჭი. როცა ბიჭს არ შეუძლია დილით, იდეალურად გაიპასრსოს წვერი 300 კაციან რიგში პირსახოცით ახეხავენ კანს ზემდგომები. როცა ბიჭს არ შეუძლია 35 კილოიანი ზურგაჩანთით ირბინოს კილომეტრები ის შოშველი გულით ხოხავს საღამოს მთელ ყაზარმაში იატაკზე და მერე რამდენიმე კვირა დასისხლიანებული მკერდით დადის წვრთნაზე (შეგახსენებთ, რომ ჯარში მიდის ყველა ბიჭი, ვინც 59 კილოზე მეტია და  როცა 60  ან თუნდაც 65 კილოიან ადამიანს 35 კილოიანი ზურგჩანთით არბენინებენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენ მეტრზე, ან კილომეტრზე დავარდება.). როცა ბიჭს არ შეუძლია იარაღი ისროლოს დასცინის მთელი ნაწილი. როცა ბიჭი ვერ ახერხებს ფიზიკური ნორმატივების ყოველ დღე შესრულებას და ეცემა, ის მიდის ნაწილში და მთელ ნაწილს ალაგებინებენ. ძალაგამოცლილი ადამიანი ალაგებს მთელ ყაზარმას და ამით მისი მარტო ფიზიკური გატეხვა კი არ ხდება ამ სისტემაში არამედ მენტალური დესტრუქციაც, რომელსაც გამოძინება და დასვენება არ უშველის, რადგან დალაგება იქ აღქმულია როგორც ქალის საქმე, სასჯელი. ამით ჯარი კიდევ უფრო ამყარებს მის მოქალაქეებში გენდერულ სტანდარტებს, სადაც ქალი დამლაგებელი სუსტი არსებაა, კაცი კი მბრძანებელი, ძიერი და მებრძოლი.
მიზოგინიის ნიშნებიც იგრძენით არა? დიახ ბატონო, არც ესაა შორს ამ სისტემისგან. ქალებს ჯარში არ იწვევს ჩვენი ქვეყანა. ”ქალები სუსტი არსებები არიან, ქალები უნდა დავიცვათ, ქალებს ყველაზე მეტი რაც შეუძლიათ აკეთონ ესაა,  40 ლიტრიან ქვაბებში თეთრეული ხარშონ ან ზამთრისთვის პავიდლოები ათუხთუხონ”, – აი დაახლოებით ასე. არადა ყველამ ვიცით რამდენი ოჯახის მარჩენალია საზღვარგარეთ მომუშავე ქალები და არა მარტო, საზღვრებს შიგნითაც. მაშინ რატომ აქვს ქვეყანას დაკანონებული მისი მოქალაქეების ასეთი გამორჩევა, რამდენი ათასი ქალი შეგხვედრიათ ცხოვრებაში, რომელიც ბევრ მამაკაცზე ძლიერია, რამდენი ათასი კაცი გვინახავს, რომელიც არაა ძლიერი ადამიანი არც სულიერად და არც ფიზიკურად? სახელმწიფო კი ყველა ყვერებიანს ეუბნება, რომ ისაა ძალა, ფეხებშუა დაბუდებული ჩიტი, და თუ ამ ძალას არ გრძნობ კაცი არ ხარ. და რა ძალაზეა აქ საუბარი? საჭიროების შემთხვევაში შენი ქვეყნისთვის, წინ გადაუდგე ტყვიას! ბევრს გაქვთ ამის ძალა? მე არა! და რომ მქონდეს ვინმესთვის ტყვიაზე შუბლის მიშვერის ერთი ადგილი ამას ჩემი ქვეყნისთვის ნამდვილად არ გავაკეთებდი, ჩემი ქვეყნისთვის, რომელმაც ჩემი განვითარების ყველა საფეხურზე აირიდა მასზე დაკისრებული ვალდებულებები: – რომ მოეცა სრულფასოვანი განათლება; იმის საშუალება, რომ მევლო უცხო ენებზე; იმის საშუალება, რომ ჩემს მშობლებს არ ეძლადათ ჩემი პროფესიის არჩევანზე; იმისთვისაც არაფერი გაუკეთებია, რომ ჯანსაღ გარემოში მეცხოვრა; მერე მესწავლა; სტუდენტური საცხოვრებლები კი არ გაეჩუქებია ნაცნობებზე ან ლტოლვილებზე, ჩემთვის დაეხვედრებია ქალაქში სასწავლებლად ჩამოსულისთვის; მერე როცა სამუშაოდ წავედი 36 საათი 100 ლარად არ მემუშავა; მერე როცა ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა იქ ნეპოტიზმის და უსინდისობის გაუვალი ჯუნგლები არ დაეხვედრებია; ჰოდა, ბოლოს, როცა ამდენ შეუსრულებელ მოვალეობას ვხედავ ჩემი ქვეყნისგან, რატომ უნდა გადავუდგე მის გამო ტყვიას წინ?! იმიტომ რომ ყვერები მაქვს? დიახ მაქვს ბატონო, დიდი, უხეში და ბანჯგვლიანი, ზოგჯერ გაპარსული, ნაზი და ფაფუკი, სიცივეში ერთი მუჭა და სითბოში ორ მუჭამდე ყვერები. მერე? მერე შენ რა  ხელი გაქვს ჩემს ყვერებთან საქართველოვ?!!

აი სწორედ ამ კითხვებს აჩენს ანდრო დადიანის ეს ფოტოპროექტი, აქცია თუ პერფორმანსი თუ რაცაა…

123 (17) modified

 

*
და რატომ ამ ფორმით, რატომ არ არის ფოტოში პერფორმერი ჯარისგან პირმიბრუნებული და რატომაა სამხედრო კაბით? რატომაა ფოტოს სამეტყველო ენა და პრობლემის ვიზუალური კლიშეები ასე იდენტური? უნდა ვივარაუდოთ, რომ ამით ის გვანახებს იმ ძალადობაში ჩამდგარ ადამიანს, რომელიც აღგზნებული თვალებით, როგორც ამ ფოტოშია, მოგვიშვერს მის ნატიფ, პრიალა, ოქროსფერ ავტომატს შუბლში, ქვეტექსტით – ”იმიტომ!”, მნიშვნელობა არ აქვს ავტომატი პირდაპირი იქნება თუ მეტაფორული. ჩვენ ყოველდღიურად გვხვდება დასტრესილი ადამიანები, რომელებიც იმუნურები არიან სისასტიკეზე და მათი დაუნდობლობა გვეჩეხება ხან დიდი, ხან პატარა პრობლემის სახით. ავტორის ძალადობით ავსილი ფოტოები, სწორედ ასეთი, ავტოიმუნურობითაა გაჯერებული, – სახელმწიფო რომელიც ძალადობს მის მოქალაქეზე პოტენციურ თავდამსხმელად აქცევს მოქალაქეს სახელმწიფოზე.  დადიანისთვის როგორც ავტორისთვის სწორედ ამ აგრესიული ძალებისგან განთავისუფლებაა ეს ფოტოები, რომ არა ამ ფორმით მისი ენერგიის სუბლიმირება, ვინ იცის როგორც ბოლო ფოტოშია, ქალაქისთვის ზემოდან გადაეტარებინა ავტომატის ჯერი. მითუმეტეს რომ მისი პოეზიაც და პერფორმანსებიც ამ სოციო-პოლიტიკური უკმაყოფილებითაა სავსე, რომელშიც ვცხოვრობთ.

 

* * *

ფოტოსესიის კონცეფციაში რომელიც ფოტოგრაფ ლევან მამალაძესთან ერთადაა განხორციელებული ვკითხულობთ.

”გახსოვთ ალბათ, რამდენიმე თვის წინ სავალდბულო სამხედრო სამსახურში გამოიძახეს ტრანსგენდერი ქალი მონიკა თიგიშვილი. მაშინ მეთელი ქვეყანა ამ აბსურდზე ალაპარაკდა. ფოტოგრაფ ლევან მამალაძისა და ჩემი კოლაბორაცია სწორედ ამ ფაქტითაა ინსპირირებული.

ჯარი ერთგვარი კაცობის გამოცდაა და ეს გამოცდა ტანჯვად იქცევა პირველ რიგში სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის და ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის, რომლთაც თავის გადარჩენა უწევთ სოციალურ ჯგუფში, რომელიც მთლიანად მასკულინური კულტურის სტანდარტებზეა დამყარებული. ჩვენი ქვეყანა მამრობითი სქესის ადამიანებს ვალდებულებას გვაკისრებს წლები მივუძღვნათ და თუ საჭირო გახდება თავიც შევწიროთ მას, სამშობლოს, რომლსაც მასზე დაკისრებული მოვალეობები ქრონიკულად ავიწყდება. მისთვის (ამ სახელმწიფოსთვის) ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი არაა, სიცოცხლე არ წარმოადგენს უზენაეს და ძვირფას ღირებულებას, სადაც საგანმანათლებლო სისტემა გაუმართავია (უფრო სწორად, – ჩამოშლილია), ათი ათასობით უსახლკარო და მშიერი ბავშვი კი ქუჩებში ბედის ანაბარაა მიტოვებული. ამ პირობებში სახელმწიფო სრულწლოვანების დადგომისთანავე გვიხმობს ყველა მამრობითი სქესის ადამიანს მის დასაცავად, რითაც ის აკანონებს გენდერული ნიშნით საკუთარი მოქალაქეების გამორჩვასა და ჩაგვრას, რადგან, მხოლოდ მამრობით სქესს შეეხება ეს ვალდებულება, მდედრობით სქესს კი არა. სახელმწიფო გვართმევს ნებას, სურვილის მიხედვით ვემსახუროთ მას.”

 

123 (120) modified.jpg


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.