პანორამა





პოეზია

პანორამა




თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

   არწივები ყეფდნენ, მტრედები კვნესოდნენ—არწივის მართვეს ნისკარტი დაბლაგვებოდა ჩემს მელოტ შუბლზე.
   ბევრად აჯობებდა, სინამდვილეში, დაგეგდო ეს აკვანი, როგორც არწივი (აგდებს დრაკონებს) იმის შიშით, რომ შხამიანი სისხლით არ მოითხვაროს ნისკარტი.
   შენ ჩაგესახება . . . როგორც როდესაც (კეკროპის) ქალწულებმა, აგრაულიელმა ნიმფებმა კალათაში აღმოაჩინეს გველებით გარემოცული ერისიქტონი.
   რა ლამაზია ეს ბავშვი.
   მკვდარი სისხლის ტბა.
   მონადირეთა ქორო მელუ (ან მელუზინა)
   ტროგლოდიტები—რომლებიც იმალებიან.—მათ არ სურთ მზის ხილვა.
   ისინი, რომელნიც ღამეს ეთაყვანებიან (შავი ქალწული).
   ჩვენ ის ღამის თაყვანისცემას ვუძღვენით და წამოვმართავთ მსხვერპლშეწირვისთვის.—მას ჩვენ სამ სხვასთან ერთად ვტოვებთ.
   სოლომონის გალერები (წითელი) ზღვით წავლენ. მეფე—თავის გეზს არ ღალატობს—კანონს იცავს.
   მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს—მირილა ან მილიტა—ყმაწვილი კაცი.
   ეს მღვიმე ჯერაც რბილ მიწაში გამოითხარა.
   დიახ, ჩვენ სოლომონს, გენიათა უფლისწულს ვემსახურებით.
   ჩვენი ხალხი არ მომკვდარა. მეფე—ხალხი ალმასებშია—მისი ღმერთები დაგმანული ტყვიის ლარნაკებში არიან.
   ისინი მოგვი ზოროასტრის (ზერდუსტის) აკვანს ეძებენ. მარმარილო ჯერაც რბილი იყო.
   და ბაბილონი აღიმართება ბაბელის ნანგრევების გიგანტურ ჩრდილში.
 
   ორი ქალაქი—და როდესაც შება—როდესაც რამამ, ბორეელთა ტომის ამ დამპყრობელმა, ყოველი ერი თავისი კვერთხის ქვეშ მოაქცია—ტალღები რომლებიც—მაშინ იყო, რომ გათხარეს მიწისქვეშა ქალაქები, რომლებსაც თავს აფარებს ხალხი.
 
   შავი რასები გაიყარნენ ვიდრე აფრიკამდე.
   ბებრები აცდუნებენ მას სიმდიდრეებით.
   2 უდარდელი ჭაბუკი (ფარერი), ორთავე დედოფალზე შეყვარებული.
   ბებრებმა უთხრეს, რომ ერთი შეირთავდა მას, ისე რომ ვერ დაეუფლებოდა, ხოლო მეორე დაეუფლებოდა, ისე, რომ ვერ შეირთავდა.
   მოდი, ავურიოთ ჩვენ ორის შანსები . . . რა უცნაური მისტერიაა.
   ის პაპირუსს აწვდის თავის ძმას—როდესაც შენ კ.ს (კარს?) მიარტყამ ხელს, ის უკვე აღარ გექნება.
   მეროელები მოდიან, გეგონა, მოგესმა—შენ ყველაფერს დაკარგავ.
   ის არ ისურვებს ამ მონის შერთვას და მე განვთავისუფლდები.
   თუ უარს იტყვის—ჰო—თანხმდება.
   ის გულში იკრავს თავის ძმას და უბრუნებს თავის საშუალებას.
   ცხენებს ოქროს ნაქლიბები აყრიათ . . . ფორთოხლები და ბადრანგები.
   3 მოხუცი კაცი მოდის ანტრ’აქტის ჟამს და აპატიმრებენ მეფეს, რომელიც მოთხოვნითაა გამოცხადებული.
 
   4’ე აქტი. ეს ნეკროპოლისია—დედოფალი ეშვება მათი მოწვევით . . . ინებე ჩვენთვის სოლომონის ბავშვის გადმოცემა!
   იძინე შენს ლუდში და სვი შენი ფიალა. (ზანგი და ა.შ... ნახევრადმკვდარი ზანგი, რომელსაც ვკვდებავთ)
   ის გადაიხვეწა. ისინი ოქროს აძლევენ. არაფერი.
   მემნონ . . . ქონდრის ღმერთები.
   დედოფლის ყველა ბრწყინვალებანი, ქალის ყველა სილამაზენი.
   მაჯნუნს ატყვია ბედით დაღდასმულ კაცთა ეს სიზმარეული სევდა.
   ჩემს გულში მთელი ჯარები არიან—ივდით.
   გული გამებლანდა შენს ქალწულთა ქერა თმებში—ო, ჰევა, დედაჩემო!
   ვინტიმილია—გენოელი და ფლორენციელი ქალები, მათი ქანობადღვრილი ამდგარი თეთრი მხრები. . .
   ორთავეს შეცვლა—ერთმანეთის მარად ყვარება.
   ქერა გოგონა ლიმონებს მიირთმევს . . . ო ისე ნორჩი, ისე მოყირჭებული. ბერის დუკესა.—რომაელი ქალები, რომლებიც . . .
   ჭაბუკს სურს, რომ . . .
   და ბოლოს, მიმწუხრს, ხელთჩაკიდება, როცა ჯერ არ განათებულან, ფანჯრის მახლობლად.
   ოღონდაც პაპი შეუნდობდეს . . .
   ერთი ცალი მარიამის ცრემლი, შუბლზე რომ ეცემა.
   ვინატრებდი მის ოკეანისხელა გუბეში განბანებას—ცოდვათგამოსყიდვის აზრები—სამყარო არ პატიობს. 
 
 
 
 
 
კომენტარი:
შეიძლება ითქვას, რომ ეს იდუმალი თხზულება ნერვალის შემოქმედების იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც მისმა სიგიჟემ პიკს მიაღწია, და როდესაც მან თავისი შედევრი „ორელია“ შექმნა. თავად ამ ნაწარმოების სრული სათაურია „მოგზაურობა იტალიაში / პანორამა“ და ის, სავარაუდოდ, 1854 წელს უნდა იყოს შექმნილი. ამ პანორამის საფუძველი, ალბათ, პოეტის 1834 წლის იტალიური მოგზაურობა და 1843 წლის აღმოსავლეთში გამგზავრებებია, თუმცა პანორამაში აქტუალური მოგზაურობა მხოლოდ სტრიქონებს შორის თუ იკითხება, ხოლო ნერვალისთვის ცენტრალური სიზმრის ეფექტი, ლიტერატურულ/ისტორიული მასალის თავისუფალი (და ხშირად ბუნდოვანი) გადამუშავება აქ ისე ერწყმიან კოლაჟს და კინემატოგრაფიულ ეფექტებს, რომ მიღებული ნაწარმოები მეტისმეტად უახლოვდება მოდერნისტულ ლექსს (ვთქვათ, პაუნდის კანტოებს) და ასეთის წინამორბედადაც გვევლინება.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.