ფორთოხლის მარმელადის ფუგა





პოეზია

ფორთოხლის მარმელადის ფუგა




ეძღვნება ზაბინე შიფნერს
 
 
უთენია დილის ფორთოხლის მარმელადს ჩვენ ვჭამთ საღამოს
ვჭამთ შუადღეს და დილითაც ჩვენ მას ვჭამთ ღამით
ჩვენ ვჭამთ და ვჭამთ (სხვა თოხლი არა გვაქვს)
ჩვენ ფილტრამდე ვეწევით სიგარეტს სადაც ის მწარეა
სუპერმარკეტში ბინადრობს მხატვარი რომელიც მოვიდა შუშხუნა ღვინით და დიდი სიტყვებით
რომლებიც მოვრთეთ თხილით
და მარციპანით გერმანიიდან
შენი ფორთოხლის თმა მარმელადო
 
ის რთავს მათ და გამოდის სუპერმარკეტიდან და ნამწვები იწყებენ ბრწყინვას
ის სვამს თავის შავ პაკეტის ჩაის რძითა და შაქრით
ის ჭამს თავის ბრტყელ პურს რომელიც კაპიკები ღირს
ის ფილტრამდე ეწევა თავის სიგარეტს სადაც ის მწარეა
ის გვიბრძანებს შენ დაუკარ რამე საცეკვაო: ესაა მხიარული სტუდენტური ცხოვრება
 
ფორთოხლის მარმელადო დილაუთენიის ჩვენ გჭამთ ღამით
გჭამთ დილით და შუადღეს ჩვენ საღამოსაც გჭამთ
ჩვენ გჭამთ და გჭამთ
მხატვარი ბინადრობს სუპერმარკეტში ის მოვიდა შუშხუნა ღვინით და დიდი სიტყვებით
ჩვენ მოვრთეთ ისინი თხილით
და მარციპანით გერმანიიდან
შენი ფორთოხლის თმა მარმელადო
შენი საფერფლის გული სუპერმარკეტ ჩვენ ვეწევით სიგარეტს ფილტრამდე სადაც ის მწარეა
 
ის გაიძახის დათვალეთ რამდენი ნამწვი დარჩა საფერფლეში თქვენ ერთნო
დანარჩენებო თქვენ ამოკრიფეთ იქიდან წინა საღამოს ნამწვები
ის კიოლნს გადაჰყურებს ფანჯრიდან ნაბახუსევი ლურჯია მისი თვალები
თქვენ გადათვალეთ რამდენი ნამწვი დარჩა საფერფლეში დანარჩენებო ამოკრიფეთ იქიდან წინა საღამოს ნამწვები
 
ფორთოხლის მარმელადო დილაუთენიის ჩვენ მიგირთმევთ ღამით
მიგირთმევთ შუადღისას და დილითაც სხვა თოხლი არ გვაქვს მიგირთმევთ საღამოს
ჩვენ გჭამთ და გჭამთ
მხატვარი ბინადრობს სუპერმარკეტში შენი ფორთხოლის თმა მარმელადო
შენი საფერფლის გული სუპერმარკეტო და მოდის შამპანურით
 
ის გაიძახის მეტად დაუკარით კუჭისა კუჭი სავსეა კარაქით და ფორთოხლის მარმელადით სუპერმარკეტიდან
ის გაიძახის გაივსე ფილტვები ბოლით და თქვენი ბოლი ზეცას მისწვდება
მერე გექნებათ სტუდენტური ცხოვრება კიოლნში და ის იქნება დამშეული და ტკბილი
 
ფორთოხლის მარმელადო დილაუთენიის ჩვენ გჭამთ ღამით
გჭამთ შუადღეს კუჭია ოსტატი სუპერმარკეტიდან
ჩვენ შენ გჭამთ საღამოს და დილით ჩვენ გჭამთ და გჭამთ
სიკვდილია მხატვარი რომელიც გვიყვარდა გერმანიაში მისი თვალი ლურჯია
ის მოვიდა შამპანურით და დიდი სიტყვებით და კრემიანი ნამცხვით
კაცი ბინადრობს სუპერმარკეტში შენი ფორთოხლის თმა მარმელადო
ის მადიანად სანსლავს სიგარეტებს
ის გვთავაზობს კრემიან ნამცხვალს თხილითა და მარციპანით გერმანიიდან
 
და როცა გადის ქუჩაში ამბობს:
რაოდენ ტკბილია სტუდენტური ცხოვრება დოიჩლანდში!
 
შენი ფორთოხლის თმა მარმელადო
შენი საფერფლის გული სუპერმარკეტ
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.