ნარკომანი





პროზა

ნარკომანი




თარგმანი – დავით ჩიხლაძე

მე 1914 წელს დავიბადე, დიდ, სამსართულიან, აგურის სახლში, ერთ-ერთ მოზრდილ შუადასავლეთურ ქალაქში. ჩემი მშობლები შეძლებული ხალხი იყვნენ. მამა ხე-ტყის გადამამუშავებელ ფირმას ფლობდა. სახლის წინ გაზონი გვქონდა, უკან – ბაღი და სათევზაო გუბურა, გარშემო კი მაღალი, ხის ღობე. ბავშვობიდან მეფარნე მახსოვს, ქუჩის ფარნებს რომ ანთებდა ხოლმე, უზარმაზარი, შავი და ბრწყინვალე ლინკოლნი და კვირაობით პარკში გასეირნებები. მთელი ეს ბუტაფორია უზრუნველ და მშვიდ ცხოვრებაზე, რომელიც ახლა საბოლოოდ გაქრა. ასევე შემეძლო მომეყოლა ჩემს მეზობელ ბებერ, გერმანელ ექიმზე; ვირთხებზე, რომლებიც უკანა ეზოში დაძრწოდნენ; დეიდაჩემის გაზონის საკრეჭზე ან ჩემს მეგობარ გომბეშოზე, რომელიც ჩვენს გუბურაში ცხოვრობდა, თუმცა არ მინდა დავეშვა იმ შაბლონების მთხრობელამდე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ავტობიოგრაფიული ნამუშევარი.

სინამდვილეში ჩემი ადრეული მოგონებები კოშმარების შიშს უკავშირდება. მე მეშინოდა მარტოობის, მეშინოდა სიბნელის, მეშინოდა დაძინების იმიტომ, რომ ღამის კოშმარის არაამქვეყნიური მონსტრი სულ უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა რეალობასთან. მეშინოდა, რომ ერთ დღეს სიზმარი არ დამთავრდებოდა, როცა გავიღვიძებდი. მე მოვისმინე საუბარი ოპიუმის შესახებ. სადაც ამბობდნენ, რომ ოპიუმის მწეველები მშვენიერ და ლამაზ სიზმრებს ხედავენ და მე გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მოვწევდი ოპიუმს, როცა გავიზრდებოდი.

ბავშვობაში ჰალუცინაციები ხშირად მსტუმროდნენ. ერთხელ, დილაადრიან დავინახე პატარა კაცუნები, რომლებიც ჩემს მიერ აშენებულ სათამაშო სახლში თამაშობდნენ. არ შემშინებია, უბრალოდ სიმშვიდე ვიგრძენი და გამიკვირდა. მორიგი პერიოდული ჰალუცინაცია თუ კოშმარი იყო, “ცხოველები კედელში”. ის პირველად 4-5 წლის ასაკში მქონდა, ნერვული აღგზნების გამო.

დაწყებით კლასებში მე მომავალ პატივსაცემ მოქალაქეებთან ერთად ვსწავლობდი. დიდი, შუადასავლეთური ქალაქის ადვოკატებთან, ექიმებთან და ბიზნესმენებთან ერთად. სხვა ბავშვებთან ძალიან მორიდებული ვიყავი და მუდამ მეშინოდა ფიზიკური ძალადობის. სკოლაში ერთი პატარა, აგრესიული ლესბოსელი, როცა დამინახავდა მაშინვე თმებში მწვდებოდა ხოლმე. დიდი სიამოვნებით მოვდებდი ეხლა სიფათში, მაგრამ სამწუხაროდ დავაგვიანე. წლების წინ ცხენიდან ჩამოვარდა და კისერი მოიტეხა.

როცა შვიდის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს “ხალხს გარიდებოდნენ” და გარეუბანში იყიდეს დიდი, ტყით შემოსაზღვრული სახლი. ისევ გვქონდა თევზსაჭერი გუბურა, მხოლოდ ციყვებმა შეცვალეს ვირთხები. მშობლებმაც აქ დაიწყეს ცხოვრება. მყუდროდ შეიკეტნენ პატარა, ლამაზ კაფსულაში და ყველა კავშირი გაწყვიტეს ქალაქურ ცხოვრებასთან.

სკოლაში ბევრით არაფრით გამოვირჩეოდი არც სპორტში, არც სწავლაში. მათემატიკა, ისევე როგორც სხვა ზუსტი მეცნიერებები, ჩემი სუსტი წერტილი იყო. არასდროს მიყვარდა გუნდური თამაშობები და სულ ვცდილობდი თავი ამერიდებინა. ამის გამო ხშირად ვიტყუებოდი. უფრო ნადირობა, თევზაობა და მოგზაურობა მიტაცებდა. ვკითხულობდი მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ ამერიკელ ბიჭს მოეთხოვებოდა : ოსკარ უაილდს, ანატოლ ფრანსს, ბოდლერს, ანრე ჟიდსაც კი. ერთ ბიჭს დავუმეგობრდი და შაბათობით ერთად “ვიკვლევდით” ძველ კარიერებს, დავხეტიალობდით ველოსიპედებით და ვთევზაობდით ყველგან, სადაც კი თევზი გვეგულებოდა.

იმ დროს მე გატაცებული ვიყავი ერთი ბინის მძარცველის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით – “შეუძლებელია”. ავტორი ამბობდა, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები გისოსებს მიღმა გაატარა. ჩემთვის, შუადასავლეთური ჭაობით მოყირჭებულისთვის, სადაც ყველანაირად ვიყავი მოწყვეტილი ცხოვრებას, ეს საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. მე ჩემს მეგობარს მოკავშირედ, დანაშაულში თანამონაწილედ მივიჩნევდი. ერთხელ ჩვენ ერთ მიტოვებულ ქარხანას გადავაწყდით, სადაც ფანჯრები ჩავამტვრიეთ და საჭრისი მოვიპარეთ. ჩვენ დაგვიჭირეს და ჩვენს მშობლებს ზარალის ანაზღაურება მოუწიათ. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი ჩემგან თავს შორს იჭერდა, რადგან ჩემთან ურთიერთობა მის ადგილს სხვადასხვა საზოგადოებებში ეჭვქვეშ აყენებდა. მე მალე გავაცნობიერე, რომ შეუძლებელი იყო რაიმე კომპრომისი ამ “საზოგადოებებთან” ან ნებისმიერ ადამიანთან, ამიტომ მათთან ურთიერთობას სრული მარტოობა ვამჯობინე.

გარემო დაცარიელდა, მოწინააღმდეგეც მიიმალა და მარტო გადავეშვი თავგადასავლების ძიებაში. ჩემი კრიმინალური ქმედებები საერთოდ არ ისახავდნენ მიზნად მომგების ნახვას და დაუსჯელადაც რჩებოდნენ. მე შემეძლო შევჭრილიყავი ცარიელ სახლში, მეხეტიალა ოთახებში, ხელი არაფრისთვის მეხლო და უკან გამოვსულიყავი. ფული არაფერში მჭირდებოდა. ზოგჯერ დავდიოდი 22 კალიბრიანი თოფით და ქათმებს ვესროდი. ჩემს გამო გზებიც აღარ იყო უსაფრთხო, რადგან ყოველგვარი წესების დარღვევით ვატარებდი მანქანას, სანამ ავარიაში არ მოვყევი (საიდანაც სასწაულებრივად მარტივად დავაღწიე თავი). ამან ძალიან შემაშინა და შედარებით ფრთხილიც გავხდი.

“უნივერსიტეტების დიდი სამეულიდან” ერთ-ერთში ჩავირიცხე და ინგლისური ლიტერატურის სწავლა დავიწე, რადგან სხვა საგნები საერთოდ არ მაინტერესებდა. მე ვერ ვიტანდი უნივერსიტეტს და მე ვერ ვიტანდი ქალაქს სადაც ის მდებარეობდა. გარშემო ყველაფერი ჩამკვდარი იყო. უნივერსიტეტი ყალბ ინგლისურ დადგმას წარმოადგენდა, რომელიც ყალბი ინგლისური სკოლადამთავრებულებით ივსებოდა. მე მარტო ვიყავი და არავის ვიცნობდი, ზემოთაღნიშნული ტიპების დახურული ორგანიზაციები კი ჯერ კიდევ ცდიდნენ უცნობ ახლადმოსულებს.

შემთხვევით რამდენიმე მდიდარ გეის გადავეყარე, რომლებიც მთელს მსოფლიოში მოგზაურობდნენ და ნიუ-იორკიდან კაირომდე გეი ცხოვრებას იკვლევდნენ.სოციოლოგების არ იყოს, მე მათი ცხოვრების სტილი, ლექსიკა თუ მანერები მალე ავითვისე. თუმცა ეს ტიპები ნამდვილი ნაბიჭვრები გამოდგნენ და დროებითმა აღტაცებამაც მალე გამიარა.

როცა დიდი წარმატებების გარეშე სწავლა დავამთავრე, თვეში ასორმოცდაათი დოლარის მიღება დავიწყე მამისგან. დეპრესიაში ვიყავი და არც რამე სამუშაო იყო, ხელი რომ მომეკიდებინა. რომც ყოფილიყო, მაინც არ შემეძლო არცერთ სამუშაოზე ფიქრი. ერთი წლით ევროპაში მოვხიე. ევროპა ომისშემდგომი პერიოდიდან საბოლოოდ გამოდიოდა და დოლარსაც მაგიური ძალა ჰქონდა, მაგალითად სულ ცოტაოდენით ავსტრიის მოსახლეობის ნახევარს თავისუფლად იყიდდი. დედალსაც და მამალსაც, განურჩევლად. 1936 წელი იყო და ნაცისტებიც სწრაფად იკრეფდნენ ძალებს.

შტატებში დავბრუნდი. მამაჩემის ფულის წყალობით შემეძლო მთელი ცხოვრება ხელი არ გამენძრია და კანონიერადაც მეცხოვრა, მაგრამ შუადასავლეთში დაბრუნების აზრი ერთხელაც არ გამივლია თავში. დავიწყე ფსიქოლოგიის კურსებზე და ჯიუ-ჯიცუზე სიარული. გადავწყვიტე ფსიქოანალიზის შესწავლა და მას სამი წელი ვეუფლებოდი. თავშეკავება და მღელვარება საბოლოოდ დავივწყე და ახლა შემეძლო მეცხოვრა ისე, როგორც მინდოდა. ჩემი ანალისტის ჯიბრზე, რომელსაც არ მოსწონდა ჩემი “ორიენტაცია” (როგორც თვითონ ეძახდა) უფრო და უფრო ვიღმავებდი ცოდნას ამ სფეროში. საბოლოოდ ამ ტიპმა გარეთ გამომაგდო, უარი თქვა რა ყველანაირ ნორმაზე და უკანასკნელი აფერისტი მიწოდა. სიმართლე გითხრათ ამ შედეგით მე უფრო კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ის.

მას შემდეგ რაც ხუთი საოფიცრო პროგრამიდან არცერთზე არ მიმიღეს, ფიზიკური გამოუსადეგარობის გამო. არმიაში უვადო სამსახურზე ჩავირიცხე. მალე გავაანალიზე, რომ ჯარშიც არ იყო ჩემი ადგილი და ამიტომ საგიჟეთის ჩანაწერებთან ერთად გამოვიპარე.  – ერთხელ ვან გოგის ამბებით გაჯერებულმა თითის ნაწილი მოვიჭერი, რათა ჩემი დამკვირვებლების ყურადღება მიმეპყრო. თურმე საგიჟეთის ექიმებს ვან გოგზე არც კი სმენიათ. მათ შიზოფრენია მომაწერეს, რომელსაც პარანოიდული ფორმაც დაურთეს და მივიდნენ დიაგნოზამდე, რომელსაც ჯერ არასდროს გადაყროდნენ, რადგან მე ვიცოდი ვინ ვიყავი, სად ვიყავი და ვინ იყო ამერიკის პრეზიდენტი. როცა არმიამ ეს დიაგნოზი ნახა საბოლოოდ უვარგისად მცნო და ჩემი ხელახლა გაწვევაც გამოირიცხა.

არმიასთან საქმის მოგვარების შემდეგ ბევრნაირი სამსახურისკენ გამეხსნა გზა. რას აღარ ვაკეთებდი. პირადი დეტექტივიც ვიყავი, დეზინფექტორიც და ბარმენიც. ვმუშაობდი ქარხნებში და ოფისებში, ამასთან არ ვივიწყებდი დანაშაულსაც. თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემი ასორმოცდაათი დოლარი თვეში მუდამ გარანტირებული მქონდა. სიმართლე გითხრათ, ფული სულ არ მჭირდებოდა და თავისუფალად მოქცევა, რასაც ზოგჯერ დანაშაულსაც ეძახიან, რომანტიკულ ახირებად მიმაჩნდა. სწორედ ამ დროს და ასეთ ვითარებაში მე დავუკავშირდი წამალს და გავხდი ნარკომანი. რამაც პირველად გამიჩინა ფულის შოვნის სურვილი, რაც  აქამდე არ მაწუხებდა.

ხშირად კითხულობენ თუ რატომ ხდება ადამიანი ნარკომანი. პასუხი მარტივია, ის აზრზეც არაა, რომ ოდესმე შეიძლება ნარკომანად იქცეს. შეუძლებელია ერთ დილასაც გაიღვიძო და გადაწყვიტო, რომ ნარკომანი ხარ. ამას სამი თვე მაინც უნდა, ისე რომ დღეში ორჯერ მაინც გაიკეთო. შენ მაინც ვერ მიხვდები რა არის წამლით დაავადება სანამ პირველად არ მოგინდება. მე პირველად მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მომინდა და სიმართლე გითხრათ პირველ ლომკასთან გამკლავება ძალიან მარტივი იყო. მე მაინც ვთვლი რომ საჭიროა ერთი წელი მაინც და ასზე მეტი ინექცია, რათა უკვე შემდგარი ნარკომანი მივიღოთ.

რა თქმა უნდა გკითხავენ : საერთოდ რატომ გასინჯე ნარკოტიკი? რატომ იყენებდი მანამ, სანამ მასზე დამოკიდებული არ გახდი? წამალზე იმიტომ ჯდები, რომ სხვა რამეში თავის გამოჩენის არც სტიმული გაქვს და არც მოტივაცია. წამალი სიცარიელეებს გივსებს. მე ის ცნობისმოყარეობის გამო გავსინჯე. საბოლოოდ კი მივედი იქამდე, რომ ვიკეთებდი მაშინ, როცა შემეძლო. ბოლოს კი შევჯექი. უმეტესობას შემჯდარებისა, რომლებთანაც მისაუბრია იგივე ისტორია აქვთ. მათ არ ახსოვთ თუ რა მიზეზით დაიწყეს გაკეთება. ისინი უბრალოდ მიყვებოდნენ მანამ, სანამ არ შეჯდნენ. თუ შენ არასდროს შემჯდარხარ ვერასდრო გაიგებ თუ რა არის წამლის შიმშილი, შემჯდარისთვის მახასიათებელი ლომკა. შენ არ წყვეტ რომ შეჯდები, უბრალოდ ერთ დღესაც იღვიძებ და ხვდები, რომ ავად ხარ.

მე არ ვნანობ იმას, რომ წამალს დავუკავშირე ცხოვრება. ახლა მგონია, რომ უფრო ჯანმრთელი და სუფთა ვარ, ვიდრე ვიქნებოდი მაშინ, არასდროს რომ არ გავმხდარიყავი ნარკომანი. როდესაც ზრდას წყვეტ, სიკვდილს იწყებ. ნარკომანი არასდროს წყვეტს ზრდას. დამოკიდებულთა უმეტესობა პერიოდულად აგდებს წამალს, რაც ორგანიზმის გამოშრობას და წამალდამოკიდებული უჯრედების ახლით შეცვლას იწვევს. მომხმარებელი იკუმშება და იზრდება ყოველდღე დოზიდან, რომელიც ჭირდება – დოზამდე, რომელსაც იღებს.

ნარკომანთა უმეტესობა გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის. ამას წინათ, მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს ჭიებზე, რომლებიც საკვების ყველა წყაროს მოწყვიტეს და მათზე დაკვირვება დაიწყეს. ჭიებმა ზრდის ტემპს მოუმატეს და კარგი ხანიც იარსებეს. თუკი ნარკომანი შეძლებს ასეთი ტემპით გაგრძელებას ის ფენომენალურ ასაკამდე იცოცხლებს.

წამალი უჯრედული განტოლებაა, რომელიც მომხმარებელს საერთო კანონზომიერებას უზიარებს. მე ბევრი რამ ვისწავლე მისგან, მორფინის თითოეულ წვეთში მე ცხოვრებას ვხედავდი. მე ვნახე ლომკის წამება და ასევე სიამოვნება და სიმსუბუქე, რომლითაც მშიერი ვენები ეწაფებიან სასიცოცხლო ელექსირს. ყოველგვარი სიამოვნება ეს სიმსუბუქეა. მე შევიცანი სტოიციზმი იმ ფიზიკურ მდგომარეობაზე, რომელზეც წამალი ასწავლის მომხმარებელს. მე ვნახე ნარკომანებით გამოტენილი საკნები, რომლებმაც იციან, რომ აზრი არ აქვს არავითარ მუდარას. მათ იციან, რომ არავინ დაეხმარება და არც ისაა დასამალი, რომ არ არსებობს საიდუმლო, რომელსაც ვინმე ანდობს.

მე შევიცანი წამლის მთავარი ფორმულა. ნარკოტიკი, ეს არაა ალკოჰოლი ან მოსაწევი, ეს არაა ცხოვრებიდან სიამოვნების მიღების გზა. ეს არაა სტიმულატორი, ეს ცხოვრების სტილია.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.