• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პრაღა. დღიურები

×
ავტორის გვერდი ეკა ქევანიშვილი 00 , 0000 2087

ჩემო მუსულმანო თინა,

დღეს მძიმე დღე მაქვს.

გამიყავი შენი ხილი.

ამ სასტუმროს ამ ნომერ ოთხში სანამ ვაშლის ხე გამიჩენია.

მე, ჩემო თინა,

არაჩემო,ერთი ხის ტყვე ვარ.

ტყვეები კი ჩუმად არიან.

მომიყევი შენს არქიტექტორ ბოიფრენდზე,

რა კარგიაზე,

როცა ზოგადად, კაცს აქვს

ფული,

იუმორი,

საწოლში იწვის და საწოლს გარეთ

დახვეწილი ინტელიგენტი,

ღვინის დასხმისას ბოთლის ყელს ისე ატრიალებს

წვეთები ისევ შიგნით იღვრება.

უფრო ახლოს ხარ, შენს სიყვარულზე როცა მიყვები

როცა მიყვები,

რომ სიყვარული ღმერთს აუჯანყდა.

 

...

ჩვენს შორის რამდენი მიწაა.

რამდენი კილომეტრი ცაში.

მესიზმრა თუ დროშიც აგცდი – ყვავილები კი წარწერით

„მისთვის“

ისე შემოაქვთ,

თითქოს შეკვეთილი პიცა მომართვეს

სამსახურის მოპირდაპირე პიცერიიდან.

შენი გზავნილის ასოები ფრენენ და ხტიან,

შენი სუნი ჩამომიტანეს.

თაიგული მაგიდაზე დგას.

ერთად გვძინავს.

ერთად ვიღვიძებთ.

ვთქვი – ხელები დაგრძელდება თუკი გიყვარვარ.

ვთქვი – დავინახე ჩემი გული შენს ფეხებთან რომ აფართხალდა

თვითმფრინავი როცა აიჭრა.

 

...

საბაჰუუნ,

მეგობარო, ავღანელო,

ეგ ფოტოები, რაც აჩხაკუნე, ნალის ჭედვის და კვამლის ფონზე,

ამ ქალაქის ძველ მოედანზე,

გადაყარე.

სინამდვილეში ის ვარ რაც დავრჩი, ობიექტივი რომ მომაშორე.

შენ ამბობ, რა უნდათ თქვენ ჯარისკაცებს ჩემს ქვეყანაში,

სინანულით.

გებოდიშები შვიდასივეს ნაცვლად,

ათასივეს ნაცვლად.

საბაჰუნ,

შენ კეთილი და გოიმი ხარ,

მაგრამ ისე გიყვარს ქაბული.

ეს სიყვარული გადამდებია.

...

 

აქამდე ხმებს ვჭრიდი, ვკერავდი.

ქათმის ნაღველივით ფრთხილად ვაცლიდი ხრინწს,

ახლა ყურები დამჭკნარი ფოთლებია.

ახლა თვალები მოხსნილი მაქვს.

ჯიბეში მიყრია წყვილი წაბლისფერი,

ეს ჩემი სასწავლი შავ–თეთრი გრამატიკაა,

ახალ ფილმში  – ბრმაც გეყვარები.

...

იცი როგორ მგავს

ამ მოედანზე,

გამურულ ქვაბში დანთებული ცეცხლი.

 მე ეს ცეცხლი

შენს გულში დავდე, როგორც ლელო და ზედ დავაკვდი.

მე ეს ცეცხლი ხელისგულზე მენთო თვეობით,

როგორც ციცინათელების გროვა.

შიგნიდან გამოგწვი.

ახლა ისეთი სასიამოვნოა შენი ხმა,

თითს როდესაც მოგიკაკუნებ.

მე შენში ვმღერი.

...

გვერდით ძმას სძინავს.

ძმა დიდია.

ცეცხლოვანი ცეკვებისკენ მექაჩება.

ერთდ ვათენებთ.

ძმა პატარაა სინამდვილეში,

თუ გინახავს, როგორ ტიროდა ის

სამი თვის, მუცლის ტკივილით.

თუ გინახავს, გახეთქილი წარბით მოსული,

„დედამ არ ნახოს სისხლიანი თეთრი ჯინსები.

შენ გარეცხე“.

შეთქმულები ხართ.

დების სიყვარული ჯვარია.

დების სიყვარული არ ჩანს,

მაგრამ ბრწყინავს სიბნელეში.

...

 

ჩვენ მკვდარი კაფკას მეზობლები ვართ.

რა აზრი აქვს ამის დამალვას,

ღამით ფანჯარას ვერ ვხსნი შიშით – რა იცი.

ხომ შეიძლება.

დახოცილმა ებრაელებმა ამოყვინთონ

და გთხოვონ წყალი.

ხომ შეიძლება. დღისით ზედმეტად მყუდრო ბაღი

საფლავებით დათესილი

ღამე აბუნტდეს.

.......

 

ეს კითხვა კი,

რომელიც დავსვი,

გაჩნდა უცნობი ბიჭის გამო, როცა ფოტოზე,

სადაც ვდგავარ მარტო და მყარად,

და გოთური სახურავები ლამის დამემხოს,

შევამჩნიე, ცხვირში თითებს გულმოდგინედ როგორ  იტენის.

რაში გვჭირდება გრანდიოზული ფასადები

მხრების უკან,

საგანგებო ღიმილის უკან,

განზე გადგმული ფეხის უკან,

პოზის უკან,

თუ რეალობას, შენი იქ დგომით რასაც ამტკიცებ,

ვიღაცის ხელის მოძრაობა ასე დადღაბნის.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული