მინდა, გაცნობო...





პოეზია

მინდა, გაცნობო...





მინდა გაცნობო, რომ შევიცვალე:
დავცხრი,
დავმშვიდდი
და საგნებსაც
იმგვარად ვხედავ,
როგორებიც ისინი არიან.
 
მინდა გაცნობო რომ დავჭკვიანდი
და მოვეშვი სისულელეებს –
და უშფოთველად მივდევ დინებას,
დროზე ვწვები,
დროზე ვიღვიძებ.
 
მინდა გაცნობო, რომ გონს მოვეგე
და აღარაფერს ვაკარებ გულს,
რაც მის რიტმულ მოქმედებას
დაარღვევს და ამომაგდებს კალაპოტიდან...
აღარ მიყვარს,
აღარ ვოცნებობ.
 
მინდა
გაცნობო, რომ შევიცვალე
და ამჟამად ის კაცი ვარ,
როგორსაც მე სხვები მხედავენ
და არა ის,
ვინც ვიყავი,
და როგორც, ალბათ, უნდა ვყოფილიყავი...
 
მინდა გაცნობო, რომ შევიცვალე:
დავცხრი,
დავმშვიდდი
და საგნებსაც იმგვარად ვხედავ,
როგორებიც ისინი არიან.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.