ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
ინტერვიუ

ჩარლზ ბუკოვსკი: კარგი ლიტერატურა კლავს

შონ პენი
18.04.2011

   


ინტერვიუ ჩაწერა მსახიობმა შონ პენმა ამერიკული ჟურნალისათვის „Interview” (1987 წ.) ვაქვეყნებთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას. თარგმანი: პაატა შამუგია

 
ალკოჰოლზე
 
ალკოჰოლი ერთ–ერთი უდიდესი რამეა დედამიწაზე. ის ბევრისთვის მავნებელია, მაგრამ არა ჩემთვის. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მთვრალი ვაკეთებ. ქალებთანაც ასე ვარ. იცი, მე ყოველთვის შებოჭილი ვიყავი სექსის დროს, მაგრამ ალკოჰოლი მათავისუფლებდა, სექსუალურად თავისუფალს მხდიდა, მამსუბუქებდა, მე საკმაოდ გაუბედავი და ჩაკეტილი ვარ. ალკოჰოლი კი მაძლევს საშუალებას, გმირი ვიყო, ფართოდ გადავაბიჯო დროსა და სივრცეს. ასე რომ, მიყვარს, კი.
 
 
მოწევაზე
 
სიგარეტი და ალკოჰოლი ერთმანეთს აბალანსებს. ვეწევი, რომ გამოვფხიზლდე და იცი, იმდენს ვეწევი,რომ ორივე ხელისგული მიყვითლდება ხოლმე. შემხედე, თითქოს ხელთათმანები მეცვას. თითქმის ყავისფერია. ამ დროს ვამბობ: შენი დედაც მოვტყან, წარმოიდგინე ფილტვები რა დღეში გექნება!“
 
 
კატებზე
 
კარგია, თუ გარშემო ბევრი კატა გყავს. თუ თავს ცუდად გრძნობ, კატას შეხედე და მოხასიათდები. მათ ყველაფერი იციან, ვერაფრით გააკვირვებ. იციან და მორჩა. რაც მეტი კატა გყავს, მით მეტ ხანს იცოცხლებ. თუ ასი კატა გყავს, იცოცხლებ ათჯერ მეტ ხანს, ვიდრე ათი კატის ყოლის შემთხვევაში. ერთხელაც, ამას როცა გაიგებენ, ყველას ეყოლება ათასი კატა და უკვდავები გახდებიან. საერთო ჯამში, ეს სასაცილოა. 
 
 
ქალებსა და სექსზე
 
ქალები... ეტყვი ერთ–ორ სიტყვას, ხელს წაავლებ, შეიყვან საძინებელში და მოტყნავ. მერე ისინი მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ მე ქალთმოძულე ვარ. „ბუკოვსკი – შოვინისტი ღორი!“ ეს სულ ჭორებია. მართალია, მე მათ ზოგჯერ ცუდად ვექცევი, მაგრამ ზოგჯერ კაცებსაც და ბავშვებსაც ცუდად ვექცევი. თუ ნამდვილად ვფიქრობ, რომ რაღაცა ნაგვობაა, ვამბობ კიდეც, რომ ეს რაღაცა ნაგვობაა. 
 
 
პირველად
 
პირველად... ჰო, ეს ძალიან რთული იყო. ერთმა გოგომ მასწავლა კუნილინგუსის გაკეთება და კიდევ სხვა ნაგავი რაღაცები. ასეთი რამეები არ ვიცოდი. ის მეუბნება: „იცი, ჰენკ (ბუკოვსკის მეტსახელი – პ.შ.), შენ დიდი მწერალი ხარ, მაგრამ ქალების გაგებაში არ ხარ!“ –„და რას გულისხმობ?! მე უამრავი ქალი მყავს გადატყნული.“ „–არა, მოდი, გასწავლო“. და ა.შ. მე მომწონს, მას რომ სიამოვნებას ვანიჭებ, მაგრამ... იცი, რა, სექსი დიდებული რამეა, ოღონდ თუ მარტო სექსია და სხვა არაფერი.
 
 
წერაზე
 
იცი, ერთხელ მოძალადე აღვწერე მოთხრობაში. პირველ პირში. ის პატარა ბავშვს აუპატიურებს. ამის გამო ხალხი დიდხანს მადანაშაულებდა. ერთხელ მკითხეს: „თქვენ მოგწონთ პატარა გოგოების გაუპატიურება?“ ბევრი უსიამოვნება მქონია ჩემს ტექსტებთან დაკავშირებით. ალბათ ამიტომაც მეყიდება წიგნები კარგად, თუმცა, როცა ვწერ, ვწერ ჩემთვის. 
დღისით არასდროს ვწერ. ეს იგივეა, შიშველმა ჩაირბინო მაღაზიაში. 
 
 
პოეზიაზე
 
სკოლაში „პოეტის“ და „პოეზიის“ ხსენებაზე ყველას სიცილი უვარდებოდა. ალბათ იმიტომ, რომ პოეზია სისულელეა. 
 
არასწორად არ გამიგო. იყო რამდენიმე კარგი პოეტი. მაგალითად,  ჩინელი ლი ბო.  მას შეეძლო, ოთხ ხაზში იმაზე მეტი მგრძნობელობა ჩაედო, ვიდრე ამას 14 სტროფში აკეთებენ პოეტები. სხვათა შორის, ისიც სვამდა ღვინოს. 
 
საბოლოოდ, კი მაინც სისულელეა ეს ყველაფერი. ზუსტად ასე ჩაწერე: პოეზია – ეს მძღნერია.
 
 
სელინიზე
 
სელინი პირველად როცა ჩავიგდე ხელში, ავიღე კრეკერი და კითხვა–კითხვაში მთელი კოლოფი კრეკერი შემომეჭამა. კითხვას რომ მოვრჩი, ადგომა მინდოდა და ვერ ავდექი, კრეკერის უზომო რაოდენობამ ლამის მომკლა. აი, რას უშვრება კარგი ლიტერატურა ადამიანებს. მან შეიძლება მოგკლას. თუმცა, ცუდი ლიტერატურაც იმავეს შვრება. 
 
 
შექსპირზე
 
შექსპირი მოსაწყენია. მაგრამ ხალხს ამის გაგონებაც არ უნდა. წარმოგიდგენია, წმინდაა და არ უნდა შეეხო. ვერ იტყვი, რომ შექსპირი ნაგავია. ეს სნობები – როგორც კი რამე ძველი და დაცულია, ეგრევე ტკიპასავით აეკვრებიან. ამ დროს როცა სიმართლეს ეუბნები, ისინი ცოფდებიან. ეს ძალიან გულისამრევია. 
 
 
იუმორზე და სიკვდილზე
 
უკანასკნელი იუმორისტი იყო კაცი, რომელსაც ერქვა ჯეიმს ტორბერი. მისი იუმორი იყო პანაცეა. ცოტა რაღაც მეც დამდევს მისეული. მაგრამ ჩემთან მაინც სხვა რამეა. კუჭში რომ გავდივართ, ეს სასაცილოა. რომ ვფსამთ, რომ ვჭამთ, ეს სასაცილოა. არა? ძუძუებიც სასაცილოა, მეტიც – უსარგებლო. 
 
იცი, ჩვენ ურჩხულები ვართ. და რაც მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე შევიყვარებთ საკუთარ თავს. წარმოიდგინე, რა აბსურდულები ვართ ამ ჩვენი ნაწლავებით, რომელშიც მძღნერი დაგვიცოცავს, ამ დროს კი თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს და ვამბობთ: „მე შენ მიყვარხარ“. ეს ხომ ძალიან სასაცილოა. 
 
მერე ვკვდებით. რაც სხვათა შორის, ძალიან აღმაშფოთებს! რა დასამალია და,  სიცოცხლეც აღმაშფოთებს. აღმაშფოთებს ის, რომ ამ ორ რამეს შორის ვარ გაკიდული.
 
 
ხალხზე
 
ხალხს არ ვუყურებ ხოლმე. ისინი ხელს მიშლიან. თუ ვინმეს დიდხანს უყურებ, ემსგავსები კიდეც მას. 
 
ხალხი... მათ გარეშეც იოლას გავდივარ. ისინი მაცარიელებენ. არცერთი ადამიანის მიმართ არ ვგრძნობ პატივისცემას, პრობლემებიც ამის გამო მექმნება. საერთოდ, ვიტყუები ხოლმე, მაგრამ ახლა სიმართლეს ვამბობ.  
 
 
პოპულარობაზე
 
ვთქვათ, ვზივარ ჩემთვის. ამ დროს მოდის ვიღაც და მეუბნება: „თქვენ ბუკოვსკი ხართ?“ „– არა!“ – ვეუბნები და გავდივარ. 
 
იცი, კარგია, რომ ჩემი წიგნები მოსწონთ, მაგრამ მე... წიგნი არა ვარ. მე ის კაცი ვარ, ვინ მას წერს.  და არ მინდა ვინმე ვარდებით ხელში დამდევდეს ყველგან. მინდა  თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცენ.  
 
 
მარტოობაზე
 
მე არასდროს ვყოფილვარ მარტო. ყოფილა შემთხვევა, რომ თავის მოკვლა მდომებია, მსოფლიოში ყველაზე ცუდად ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს დამიშვია აზრი, რომ ვინმე შემოსულიყო და დამხმარებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარტოობა ეს ისაა, რაც არასდროს მაწუხებდა, რადგან მე ყოველთვის საშინლად მარტოდ ვგრძნობ თავს. ხალხით გადაჭედილ სტადიონზეც კი მარტო ვარ. არასოდეს მგონებია, რომ აი, ახლა მოვა სიმპათიური ქერა გოგო, მოვტყნავ, ის კვერცხებზე მომეფერება და მორჩა, მშვენივრად ვიქნები! არა! ეს არ მიშველის. ბევრი ღვინო – აი, რა მშველის.
 
 
სილამაზეზე
 
სილამაზე არ არსებობს. ადამიანის ფიზიონომია მათემატიკურად რომ განვიხილოთ, ნულის ტოლია. ნამდვილი სილამაზე – ეს ხასიათია. ადამიანის ხასიათი. და არა გამობერილი ფორმები. ქალები, რომელთაც გულწრფელად ვეუბნებოდი, რომ ლამაზები იყვნენ, სინამდვილეში, ქოთნებს ჰგავდნენ. 
 
 
პრესაზე
 
მათ უყვართ თავდასხმა. „ბუკოვსკი ამაზრზენია“ – წერენ. ეს ძალიან მამხიარულებს, მომწონს, მე ამით ვიკვებები. იცი, ერთხელ მითხრეს, რომ ჩემს ლექსებს უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. საშინელებაა, როცა ასე პოპულარული ხდები. შეგრძნება გაქვს, რომ რაღაც არასწორად გააკეთე.
 
მე არ მიყვარს, როცა ყველაფერი კარგადაა. იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ კარგი. 
 
 
შიშზე
 
მე ამის შესახებ არაფერი ვიცი.
 
 
რწმენაზე
 
რწმენა კარგია მათთვის, ვისაც სწამს. ოღონდ მე ნუ გამიწყალებენ ტვინს. მე ჩემი სანტექნიკოსის უფრო მეტად მჯერა, ვიდრე მარადიული ცხოვრების. 
 
 
ცინიზმზე
 
მე ხშირად მადანაშაულებენ, რომ ცინიკოსი ვარ. მე ვფიქრობ, რომ ცინიზმი ლაჩრობაა. ისევე, როგორც ოპტიმიზმი. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. 
 
 
მორალზე
 
მე ღმერთის არ მწამს, მაგრამ მწამს, რომ ადამიანი როგორც კი იბადება, მას სიკეთე თან დაჰყვება.
 
 
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ბუკოვსკის შესახებ გადაღებული ფილმების ნუსხა http://www.fandango.com/charlesbukowski/filmography/p83489