შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: გადარეული მგზავრობა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ





პროზა

შიში და სიძულვილი ლას ვეგასში: გადარეული მგზავრობა ამერიკული ოცნების შუაგულისკენ




თარგმანი: შოთა დიღმელაშვილი
  
 ეძღვნება ბობ გეიგერს, მიზეზთა გამო - ახსნა საჭირო არ არის -
და ბობ დილანს, Mr. Tambourine man-ისთვის . 
 
 „ის ვინც ნებით მხეცდება, ადამიანად ყოფნის ტკივილს აღწევს თავს“
დოქტორ ჯონსონი
  
კარი პირველი
 
სადღაც ბარსტოუს მიდამოებში ვმოძრაობდით, უდაბნოს პირას, წამალმა რომ მოიტანა. მახსოვს, რაღაც ამდაგვარი ვთქვი: „თავში მიქრის; მგონი ჯობია შენ ატარო...“ როცა უეცრად საზარელი ღრიალი მოგვესმა ყველა მხრიდან და ცა უზარმაზარი არსებებით გაიძეძგა. მგონი ღამურები იყვნენ. გამყივანი წრიპინით აცხრებოდნენ მანქანას, რომელიც საათში დაახლოებით ასი მილის სიჩქარით მიგრიალებდა ლას-ვეგასისკენ, ხმა კი გაჰყვიროდა: „წმინდაო იესო! რამ შვა ეს წყეულები?“ 
 
მერე ისევ სიჩუმე. ჩემი პერანგშემოძარცვული ადვოკატი ლუდს ისხამდა მკერდზე, უკეთ გასარუჯად. „რა გაღრიალებს?“ - ჩაიბუტბუტა მზისთვის პირმიპყრობილმა. მის დახუჭულ თვალებს ესპანური სათვალე ფარავდა. „დაიკიდე, - ვუპასუხე მე, - შენი ჯერია, ატარო“. დავამუხრუჭე და დიადი წითელი ზვიგენი  გზის გასწვრივ გადავაყენე. უაზრობაა ღამურებზე ლაპარაკი. მალე თავად ნახავს, საბრალო ნაბიჭვარი.
 
თითქმის შუადღე იყო და ას მილზე მეტი დაგვრჩენოდა სავალი. ასი მძიმე მილი. უკვე ვხვდებოდი, რომ ცოტა ხანში ორივეს სახე აგვეხეოდა, მაგრამ ყველა ხიდი დამწვარი იყო, არც დრო გვქონდა დასასვენებლად. გზაში უნდა დაგვეძლია. 
 
პრესასთვის რეგისტრაცია ლეგენდარულ „მინტ 400“-ზე დასასწრებად უკვე დაწყებული იქნებოდა და ოთხ საათამდე უნდა მიგვესწრო ჩვენი ბგერაგაუმტარი ნომრის გამოსათხოვად. მოდურ ნიუ იორკულ სპორტულ ჟურნალს უკვე ეზრუნა აპარტამენტის დაჯავშნაზე. ისინი იხდიდნენ ამ დიდი წითელი შევროსთვისაც, რომელიც სანსეტის ბულვარზე ვიქირავეთ... ესეც რომ არა, მე ხომ პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ; ჩემი მოვალეობაა ვუპატაკო მკითხველს მოვლენების ეპიცენტრიდან, გინდ ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი.
 
სპორტულმა რედაქტორებმა ნაღდი ფულიც მომცეს, $300, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე დაგვებანდებინა საშიშ ნივთიერებებში. მანქანის საბარგული პოლიციის მოძრავ ნარკოლაბორატორიას ჰგავდა. გვქონდა ორი პარკი ბალახი, მესკალინის სამოცდათხუთმეტი ბურთულა, ხუთი ფირფიტა მაღალკალიბრიანი ელ-ეს-დე, კოკაინით ნახევრადსავსე სამარილე და ნაირფერი პლანეტების მთელი აღლუმი - ორბიტაზე გასასვლელად თუ მიწის ქვეშ ჩასასვლელად, რიხიანად დასამღერად თუ სიცილით ჩასასვრელად... კიდევ, ერთი კვარტი  ტეკილა, რომის კვარტი, ბუდვაიზერის ყუთი, ერთი პინტი  ნედლი ეფირი  და ორი დუჟინი ამილნიტრიტი.  
 
მთელი ეს მოსავალი წინა ღამეს მოვიწიეთ. შეშლილი რბოლა გავმართეთ ლოს ანჟელესში - ტოპაგოდან უოტსამდე ყველაფერს ვბღუჯავდით, რაც ხელში ჩაგვივარდებოდა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი გვჭირდებოდა ამ ერთი გასვლისთვის, მაგრამ თუ უნებურად   კოლექციონერად იგრნობ თავს, მერე უკვე ბოლომდე აწყვები. 
 
ერთადერთი, რაც მანერვიულებდა, ეფირი იყო. ქვეყნად არაფერია ეფირის სიღრმეებში ჩაშვებულ კაცზე უფრო უმწეო, უპასუხისმგებლო, გახრწნილი. ვიცოდი, მალევე მივასკდებოდით ამ საზიზღრობას - სავარაუდოდ, უკვე შემდეგ ბენზოგასამართ სადგურთან. თითქმის ყველაფრის დეგუსტირება მოგვესწრო აქამდე, ახლა კი - ჰო, ეფირიც მოგვდგომოდა ხახის კარს; მომდევნო ასი მილი გახევებულებს და პირზე დორბლშემხმარებს უნდა გვევლო. ეფირით ჩაკაიფებულს ერთადერთი შანსი გაქვს ყურადღება მოიკრიბო: ამილნიტრიტი, ბევრი ამილნიტრიტი - ერთიანად არა, გამოზოგვით, ისე, რომ ფოკუსი და სპიდომეტრზე 90 მილის ნიშნული შეინარჩუნო ბარსტოუს გზაზე.
 
„მგზავრობაც ასეთი უნდა, ძმაო, - თქვა ადვოკატმა და ღიღინით გადმოიხარა რომ რადიოსთვის ხმას აეწია, მერე კი ამოიღნავლა, - ერთი ნაფაზით მეტი მომივიდა, უფალო, ტკბილო... ერთი ნაფაზით მეტი მომივიდა...“ 
 
ერთი ნაფაზი? საბრალო, საბრალო ბიჭი! დაიცა, მალე ღამურებიც მოფრინდებიან. 
 
რადიოს ხმა ძლივს მესმოდა სავარძელზე მიგდებულს. ბოლო ხმაზე მომართულ მაგნიტოფონს ჩავფრენოდი, რომლიც მხოლოდ “Sympathy for the Devil”-ს  უკრავდა. ეს ერთადერთი ჩანაწერი გვქონდა. ჩვენც ვატრიალებდით და ვატრიალებდით - რადიოს გიჟი კონტრაპუნქტი. თან სიარულის რითმს გვაძლევდა. მუდმივი სიჩქარე კარგია, ამ დროს მანქანა ცოტას წვავს - რატომღაც, მაშინ ეს მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. აბა რა. ამგვარი... „ექსკურსიის“ დროს, კაცი საწვავს ყურადღებით უნდა მოეკიდოს. უცებ გაზს არ უნდა მიადგა, თორემ მთელს სისხლს ტვინსუკან გაიწოვს. 
 
ადვოკატმა ჰიჩჰაიკერი  ჩემამდე დაინახა. „გავიყვანოთ ბიჭი“, - თქვა და სანამ პირს გავაღებდი საწინააღმდეგო არგუმენტისთვის, უკვე გაეჩერებინა; საბრალო ოკლაჰომელი ბიჭი-ნაცარა კი მანქანაში ხტებოდა, გაბადრული, სიტყვებით, „ასწორებს! კაბრიოლეტით არ მიმგზავრია აქამდე!“ 
 
- ვა, მართლა? - ვუპასუხე, - მგონი, უკვე მომწიფდი ამისთვის, ჰა?
ნაცარამ თავი დააქიცინა და ძრავმაც იღმუვლა.
- ჩვენ შენი მეგობრები ვართ, - წამოიწყო ადვოკატმა,  - დანარჩენებს არ ვგავართ.
 
„ღმერთო მაღალო, მოსახვევში ძლივს ჩაეტია, - გავიფიქრე და შევუღრინე, - მორჩი ლაპარაკს, თორემ წურბელებს მოგიქსევ“. პასუხად, ადვოკატმა კბილები დაკრიჭა - გავიგონეო. საბედნიეროდ, მანქანაში ისეთი ხმაური იყო, - ცალკე ქარი, ცალკე რადიო, ცალკე მაგნიტოფონი, - რომ უკანა სავარძელზე მოკალათებულ ბიჭს სიტყვაც არ ესმოდა ჩვენი. ან იქნებ... ესმოდა?
 
კიდევ რამდენს გავატანთ? მიკვირდა. რა ხანი დაგვრჩა, ვიდრე რომელიმე ბოდვას დავიწყებთ ბიჭის გულის გასახეთქად? რას იფიქრებს მერე? ზუსტად ეს უკაცური უდაბნო იყო მენსონების  ოჯახის უკანასკნელი ბუდე. მენსონების ამბავი ხომ არ შემოეცნაურება, როცა ჩემი ადვოკატი ყვირილს ატეხს მანქანის თავზე მოტრიალე ღამურებზე და მანტებზე ? ამ შემთხვევაში, რა გაეწყობა, მოგვიწევს დავბრიდოთ და უდაბნოში ჩავფლათ მისი მოჭრილი თავი. აბა დასხლტომის საშუალებას ხომ არ მივცემთ... მაშინვე გაიქცევა და რომელიმე ფაშისტურ სააღმსრულებლო კანტორაში ჩაგვიშვებს, ისინიც ძაღლებივით დაიგეშებიან.
 
ღმერთო! ეს ვთქვი? თუ უბრალოდ გავიფიქრე? ვლაპარაკობდი? გაიგეს? ადვოკატს გავხედე, მაგრამ სადღაც სხვაგან იყო - გზას მიშტერებული, საათში დაახლოებით ას ათი მილის სიჩქარით მიაქანებდა დიად წითელ ზვიგენს. უკანა სავარძლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მგონი სჯობს გამოველაპარაკო ბიჭს. რაღაცებს თუ ავუხსნი, იქნებ მოეშვას.
 
რა თქმა უნდა. მოვბრუნდი და ფართო, დახვეწილი ღიმილით დავაჯილდოვე ბიჭი, მისი თავის ფორმით აღფრთოვანებულმა. 
 
- სხვათა შორის, ერთი რამეა, რაც უნდა იცოდე. 
მიყურებდა და თვალს არ ახამხამებდა. კრიჭაც შეეკრა?
- გესმის ჩემი? - ვუყვირე.
თავი დამიქნია.
- კარგი. მინდა იცოდე, რომ ლას ვეგასში მივდივართ ამერიკული ოცნების საპოვნელად, - კვლავ გავუღიმე, - ეს მანქანაც ამიტომ ვიქირავეთ. სხვა არ გამოდგებოდა. დაწვი?
ისევ თავი დააქნია, თუმცა თვალები ყიდდა, რომ ნერვიულობდა. 
- მინდა მთელი პრეისტორია იცოდე, იმიტომ, რომ სახიფათო საქმეა, შეიძლება კაცს მაგრად დაერხეს... ფუ, ლუდი სულ დამავიწყდა. გინდა?
თავი დააქნია. ამჯერად უარყოფის ნიშნად. 
- ეფირი?
- რა-ა?
- არაფერი. მოდი, მთავარ მუღამს გეტყვი. დაახლოებით ოცდაოთხი საათის წინ, ბევერლი ჰილსზე, პოლო ლანჟშის სასტუმროში ვისხედით, - შიდა ეზოში, რა თქმა უნდა, - უბრალოდ, ვისხედით პალმის ქვეშ, როცა ვიღაც უნიფორმიანი ჯუჯა მეახლა ვარდისფერი ტელეფონით ხელში და მეუბნება „ეს ის ზარი უნდა იყოს, რომელსაც რა ხანია ელით, სერ“.
 
 გავიცინე. ლუდის ქილა გავხსენი და ქაფით მთელი უკანა სავარძელი გავწუწე, თან თხრობას ვაგრძელებდი:
 
- და შენ წარმოიდგინე, მართალი იყო! ზარს ველოდი, მართალია, არ ვიცოდი ვისგან, მაგრამ ველოდი. ამუღამებ?
ბიჭს სახეზე თითქოს შიშის და გაოგნების ნიღაბი აეფარებინა. მე ჩემსას ვაწვებოდი:
- მინდა იცოდე, რომ ეს კაცი, საჭესთან, ჩემი ადვოკატია! ისეთი კი არა, ბულვარზე კონებად რომ ყრია. არა, ამის დედაც, უბრალოდ შეხედე. არც შენ გგავს, არც მე, ხო? იმიტომ, რომ უცხოელია. მგონი სამოელი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. თუ აქვს? რასისტი ხარ?
- არა, ღმერთო, არა! - ამოილუღლუღა.
- ასეც ვიცოდი. იცოდე, რასის მიუხედავად ეს კაცი ჩემთვის ძალიან ძვირფასია
ადვოკატს შევხედე. სადღაც დაფრინავდა. მძღოლის სავარძელს მუშტი მივცხე.
- მნიშვნელოვან რამეს ვამბობ, გაიგე? ნაღდ ამბავს ვყვები! 
მანქანა შეტორტმანდა. 
- ხელი გაწი, შენი... - იყვირა ადვოკატმა და საჭე გაასწორა.
 ბიჭი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მზად იყო მანქანიდან გადამხტარიყო თავის საშველად, თუნდაც ეს ნახტომი მის ცხოვრებაში უკანასკნელი ყოფილიყო. 
 
ნელ-ნელა გვერხეოდა, საშიშად ვიქცეოდით. რატომ? - საგონებელში ჩავვარდი, - რა, ადამიანური ურთიერთობების ადგილი არ იყო ამ მანქანაში? პირუტყვებამდე, მხეცებამდე დავეცით?
 
არა. იმიტომ, რომ ნამდვილ ამბავს ვყვებოდი. დარწმუნებული ვიყავი, ამის გამო. და ვგრძნობდი, რომ ამბავი მნიშვნელოვანი იყო. სხვაგვარად ჩვენი მოგზაურობის ნამდვილ მიზეზს ვერ ვცხადყოფდი. მართლა ვიჯექით პოლო ლანჟში - არც კი ვიცი რამდენი საათი - ვსვამდით მესკალინით დაშაქრულ სინგაპურ სლინგს, ვაყოლებდით ლუდს. და როცა ზარი გამოვიდა, მე მზად ვიყავი. 
 
მახსოვს, ჯუჯა ფრთხილად მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და როცა ვარდისფერი ყურმილი მომაწოდა, მე არაფერი მითქვამს, მხოლოდ ვისმენდი. მერე ტელეფონი გავთიშე და ადვოკატს მივუტრიალდი: „გენშტაბიდან დარეკეს. უნდათ, ახლავე ლას ვეგასისკენ დავაწვე და შევხვდე პორტუგალიელ ფოტოგრაფს, სახელად ლასერდა. დეტალებში ეგ გამარკვევს. სასტუმროში რომ დავრეგისტრირდები, თვითონვე გაიჩითება“.
 
ჩაფიქრებული ადვოკატი უეცრად გამოცოცხლდა: „ღმერთო! - წამოიყვირა, - მგონი ვხვდები. ხათაბალასავით ჟღერს! - ხაკისფერი პერანგი თეთრ ტრუსში ჩაიტანია და სასმელი მოითხოვა, - ამ საქმის მოსაყომარებლად იურიდიული კონსულტაცია დაგჭირდება. აი, ჩემი პირველი რჩევა: დაიქირავე სწრაფი კაბრიოლეტი და ლოს ანჟელესიდან უახლოეს ორმოცდარვა საათში აუდე“. შემდეგ მწუხარედ გაიქნია თავი: „მთელმა ჩემმა უიკენდმა დაყვინა, შენთან ერთად მომიწევს წამოსვლა. ჰო მართლა - უნდა შევიარაღდეთ“.  
 
- რატომაც არა? - ვუპასუხე, - ოღონდ იცოდე, ამგვარ ბრძოლაში ტყვეები არ აჰყავთ. აღჭურვილობა და მწვანეები დაგვჭირდება: გვჭირდება წამლები და სუპერმგრძნობიარე მაგნიტოფონი უსასრულო ჩანაწერით. 
- რაზე წერ?
- „მინტ 400“, ყველაზე ბარაქიანი ოფროუდ მოტორბოლაა ორგანიზებული სპორტის ისტორიაში. ქვიშის ავტოებიც კი მონაწილეობენ. ფანტასტიკური სპექტაკლი ვიღაც სქელტრაკა მაყუთას საპატივცემულოდ, დელ უები ჰქვია. ძვირფასი სასტუმრო რომაა, მინტი, ლას ვეგასის შუაგულში, მაგის მფლობელი... ყოველ შემთხვევაში პრეს-რელიზში ასე წერია; ნიუ იორკიდან წამიკითხეს ახლახან.   
- მაშინ, როგორც ადვოკატი, გირჩევ მოტოციკლი იყიდო. სხვანაირად, ნაღდ ამბავს ვერ მოუყვები მკითხველს.
- შანსი არაა, - მოვუჭერი მე, - ვინსენტ ბლეკ შედოუს აქ სად დავითრევთ?
- ეგ რაღაა?
- უდედისმხვნელესი ბაიკი. ახალი მოდელის ორიათას კუბურ დუიმიანი ძრავი ორასი დაკუნთული ცხენის ძალას ანვითარებს, წუთში ოთხიატასი ბრუნით. მაგნიუმის ჩარჩოშია ჩასმული, ორადგილიანი ტრაკისმკოცნელი დასაჯდომით. წონა - ზუსტად ორასი ფუნტი .
- ზედგამოჭრილია ჩვენი შტურმისთვის. 
- კი, - ვუპასუხე თავდაჯერებით, - მანევრირების ამბავში ვერ ბრწყინავს, მაგრამ თუ სწორი გზაა, ამ მხეცზე ამხედრებულს ეშმაკიც ვერ დაგეწევა. F-111 -საც ჩამოიტოვებს, აფრენამდე. 
- აფრენამდე? - ჩაფიქრდა, - ჩვენ მოვირგებთ ლითონის ამ სამკაულს?
- დედას ვუტირებთ, - ვუპასუხე, - ნიუ იორკს დავუკავშირდები მაყუთისთვის. 
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.