ვუდი ალენ იესო





პოეზია

ვუდი ალენ იესო




თიმ მინჩინის ეს სკანდალური სიმღერა 2011 წელს „ჯონათან როუზის შოუში“ უნდა გასულიყო, მაგრამ ტელევიზიამ ის ბოლო წუთებში ამოიღო ეთერიდან. ვეცადე, დასაშვებად თავისუფლად მეთარგმნა, ისე რომ, დატეხილი რიტმული სტრუქტურაც ყოფილიყო და შინაარსიც არ დამემახინჯებინა. demo.ge–ს მკითხველებს საშუალება ეძლევათ, მოისმინონ მუსიკაც და თვალი შეავლონ ტექსტის ქართულ თარგმანსაც.

მასალების მოწოდებისათვის დიდი მადლობა თინა აგნუსს. 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ვუდი ალენ იესო

(ავტორი თიმ მინჩინი, თარგმანი: პაატა შამუგია)

 

ქრისტე იყო ებრაელი, კარგი ფილოსოფოსი

სავსე იყო უამრავი აზრითა და ლოგოსით

მან იცოდა ყველა ჩვენი კომპლექსი და შიშები

მეგობრები მის ნახვაზე იხარებდნენ–იშვებდნენ.

იყო ფიცხი ებრაელი, სრულად პოლიტიკური,

შიგა და შიგ მერყევი და ღრმად ანალიტიკური.

 

დიდება იესოს

დიდება ვუდი ალენ იესოს

ვუდი ალენ იესოს!

 

იყო დიდი არტისტი, რაგინდარა რაკურსით

აკეთებდა ყველა დროის უუმაგრეს ფოკუსებს

წყალს ღვინოდ აქცევდა,

ავდარს დარად აქცევდა,

მისი სვლები ახლაც იწვევს ჩქამს და აურზაურებს,

მხეცი იყო თავის ამბავში, როგორც დარენ ბრაუნი.

 

დიდება იესოს

დიდება ჯადოსნურ ვუდი ალენ იესოს

ვუდი ალენ იესოს!

 

 

იესო მოკვდა, მაგრამ ისევ მოფრინდა,

როგორც ჩიტი ნიბლია,

ასე ამბობს ბიბლია.

ისე, როგორც საიმონ პეგის „მკვდრების განთიადშია“.

გახსოვდეთ, რომ ვინც ეცემა,

ფანატების ჯგრო ნიჩბებით ეცემა.

 

დიდება იესოს

დიდება ჯადოსნურ ვუდი ალენ ზომბი იესოს

ჯადოსნურ ვუდი ალენ ზომბი იესოს!

 

ცად ამაღლდა იესო,

მისი მსგავსი აქ არავინ ჰგიებსო.

ძალზე იშვიათია, ვინმე რომ დაფრინავდეს,

აი ასე, ადგეს და, ცაში შეუჩინარდეს.

და მხოლოდ ის იყენებს ამ დიდ შესაძლებლობას.

დიდი ძალა მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას.

 

დიდება იესოს

დიდება ჯადოსნურ ვუდი ალენ ზომბი სუპერმენ იესოს

იესოს!

 

ქრისტე დედამ დაბადა, ბაგის შემოგარენში

მავან მუტრუკ მამაკაცთან ცხელი  სექსის გარეშე.

არა, დედა თავის სხეულს მხოლოდ უფალს უნახავს,

ანუ არცერთ მამაკაცს შიშველი არ უნახავს

ასეთ გარემოებაზე არის ბევრი თეზისი,

და მას ეწოდება პართენოგენეზისი.

ზოგ სხვა არსსაც  არ სჭირდება სექსისას მამრი–ჩოკინა,

ასეთებს მიეკუთვნება ხვლიკი და ლოკოკინა.

 

დიდება იესოს

დიდება ჯადოსნურ ვუდი ალენ ზომბი სუპერმენ კომოდოს დრაკონ იესოს

იესოს!

 

იესოს შეუძლია მკვდრებთან კომუნიკაცია,

იესო „ფსიქიკ სალია“. იესო მაგარი კაცია.

იესო უკვდავი არის, რაც ცოტა უცნაურია,

და უფრო უცნაურია,

ღვინო რომ წყალს შეურია,

საკუთარ სისხლს რომ სთავაზობს,

ვისაც შია და წყურია.

დრო და სივრცე ხომ არია, მიმოაქვს ანუ გადააქვს,

სწრაფია ელექტრონივით, ან შრჲოდინგერის კატაა

და წყალზეც მარჯვედ გაივლის,

მშვიდად გემივით გაივლის.

კი, მართალია, ის იყო

გრძელთმიანი და წვერებით

და ფეხშიშველი ავარა,

მაგრამ მე არ ვამბობ, რომ მე ის

არა ვარ, არა, არა ვარ!

არ ვამბობ, რომ ვარ იესო

არ ვამბობ, რომ ვარ იესო

მე ვარ იესო!

 

დიდება იესოს

დიდება ვუდი ალენ იესოს

ვუდი ალენ იესოს

დიდება ჯადოსნურ ვუდი ალენ ზომბი სუპერმენ კომოდოს დრაკონ

ტელეპათ ვამპირ კვანტურ ხომალდ /მე/ იესოს!

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.