ნათლული





პროზა

ნათლული




 

„ პატრიკ დევერი ათენამ მონათლა, ზუსტად იცის ვის უნდა მოჰფინოს მადლი. ასი სანტიმეტრით მოგშორდება, ხოლო ყურში ლოცვას ჩაგჩურჩულებს, აი ისეთს ოდისევს რომ არგუნა დაბადებისას. ფერებით სავსეა ათენას ამბორი და ურჩი ღმერთებისკენ აღმართული ფარია იგი. სიყვარულსაც გარგუნებს, აი ისეთს, მარადიულს . . .  „ 
 
შენც ათენას მონათლული ხარო მითხრა დედამ და რვაას ფურცლიანი წიგნის ბოლო გვერდზე სანიშნი მოათავსა, არადა ვიცოდი რომანის შუა ნაწილს არ გასცდენოდა. ათენას ნათლულები ცუდათ ამთავრებენ ზოგადად, ხან თავს იხრჩობენ, ხანაც ისეთ განსაცდელში ხვდებიან, წიგნის გმირებს შეშურდებათ მათი. 
 
ათენას ნათლულობა განაჩენია, თუმცა დედას რამეს შეაგნებინებ.
                           
                                                                   . . .
ულვაშები შევისწორე, მწვანე სითხე ხელის გულზე გადმოვასხი და თმებში შევიზილე, უწინ კვერცხს ვხმარობდი, ახლა კი ამ სითხეზე გადავედი. ზოგადად თმები არ მცვივა, თუმცა დაზღვეულნი არავინ ვართ. კაცი რომ ოცდაათს გადააბიჯებს ყველაფრის შიში უჩნდება. განსაკუთრებით მეშინია დილით ერექცია რომ გამიქრეს. რამდენჯერ დამსიზმრებია - ვიღვიძებ, ხოლო ჩემი ფალოსი თითქოს სხვას ეკუთვნოდეს ხმას არ მცემს. სრული უბედურებაა მენდეთ. შემდეგ მართლა გავიღვიძებ და სარკისკენ მივქრივარ, ჩემი თვალების აღარ მჯერა და იქ ვუყურებ თუ რა ფორმაშია იგი. ძალა კიდევ შერჩენია, თუმცა სტრესული მდგომარეობისას ვეღარ ვცნობ, შეიძლება ითქვას მღალატობს და ურჩად გამირბის. ვერ დაიჭერ, მაგალითად შენ სადღაც საბურთალოს ხარ, ხოლო მისი სული ნიუ-იორკის ქუჩებში დახეტიალობს. გამწარებულ გულზე დალევს ხოლმე ადამიანი, მაგრამ ჩემთვის უკიდურესად საშიშია ალკოჰოლი. ბოთლს რომ შევყურებ, შიგნით გველი მეჩვენება და გული მერევა ხოლმე - მეგობარმა დებილი ხარ, მექსიკური არაყია, შიგნით მართლაც გველი ზისო. არ ვიცი, იქნებ გველი სულაც არ არის და ვინმე მექსიკელი ბებერის ათასჯერ მკვდარი მეგობარია, რომელმაც ჯერ სტერილიზაცია გაიარა, ხოლო ახლა თბილისშიც კი მოხვდა. არ გაუმრთლა მაგას ჰქვია. 
 
როგორც დედა ამბობს ათენას ნათლულები არც თუ ბევრნი ვართ, მე პირადად არცერთს ვიცნობ, არც მაქვს სურვილი, საკუთარი თავიც მაკმაყოფილებს. ისე ხანდახან, ანაზდად თუ გავიფიქრებ ვინმე პარტნიორზე, ოფლიანი ხელის გულებით ფალოსზე რომ წაგიჭერს თითებს, ბედნიერების და მეგობრობის მჯერა მაშინ, ხანდახან ღმერთისაც მჯერა - ეს მაშინ ხდება, მწვანე ფერებში თუ ავღმოვჩნდები, სადმე ტყეში ან მინდორში. მაშინ კოსმოსური, რაღაც ზეციური ორომტრიალი სუფევს სხეულში და ისე ლამობს გარეთ გამოხტომას, თითქოს ჩემი ხორცის ნაწილი არც იყოს. ის ცალკე არსებად იქცევა, უსახელო მოლეკულად, რომელსაც ძალუძს კუჭის გავლით პირიდან ამოხეთქოს და ელვისებურად მოედოს გარემოს. მე მას ბედნიერებას ვუწოდებ, თუმცა იგი გაცილებით უფრო მეტია, რადგანაც ყველაფერთან ერთად სიმშვიდის მოტანა შეუძლია. ბედნიერება და სიმშვიდე კი სინონიმები არ არიან . . . .
 
ჩანაწერი 52 - „ ძალიან ადრე გამეღვიძა, სულ ორი საათი თუ მეძინა, ტვინი ჯერ ამას ვერ ხვდება და მიღებული ალკოჰოლისთვის არ მსჯის, მაგრამ სად გავექცევი, არაყი და შამპანიური სულ რაღაც სამი საათის განმავლობაში უდავოდ არაა რბილი კოქტეილი. რამ გამაგიჟა არ ვიცი, ჩანს შამპანიური დროულად ვერ მომეკიდა, ან სულაც ძალიან ცოტა იყო, მე კი ცოტა არაფერი მიყვარს, ათენას ბრალია ესეც. არაყი ვინ მოიტანა არ მახსოვს, სავარაუდოდ სალო იქნებოდა. უცნაური გოგოა, მთელ ხმაზე გაჰყვირის მეგობრებში ლესბოსელი ვარო, ხოლო მეხუთე ჭიქაზე ყურში ჩამჩურჩულებს შენს გარდა არავინ მყვარებიაო. მაშინ ვხდები რა ეგოისტი ვარ, ალბათ ესეც ათენას უნდა დავაბრალო. ისე რაც საკუთარ თავში არ მომწონს ყველაფერი რომ მას ვაჩუქო არ უნდა იყოს ურიგო, მაგრამ მისი გაბრაზების მეშინია და იმ ღმერთების ათენას გარეშე დაკაპიწებული რომ აქვთ ხელები, რათა ყელში მწვდნენ და ისე გამგუდონ, რომ სულსაც არ მისცენ გაღწევის საშუალება.“
 
გრეისლენდი, რამოდენიმე ათასი ოთახი და ელვისის დიდი ფოტო დამესიზმრა, ახალგაზრდობაში გადაღებულ კადრს წააგავდა, თუმცა მე ასეთი ელვისი არასდროს მყვარებია, ზუსტად ის უფრო მომწონდა, წონა მომატებული რომ დაჰქროდა ლას-ვეგასში, ზიზილპიპილებით მორთული, დაღლილი და გამოცლილი. გამოცლილი ყველაფერი მიყვარს, ცარიელი ბოთლიც კი ისე სევდიანად შემოგყურებს, რომ ვეჭვობ ლაპარაკიც შეუძლია. ელვისიც ასეთ ბოთლს დაემსგავსა, ერთ დროს შუშხუნებით სავსეს, უმტყუნა ნერვებმა, არადა იფიქრებდით ღმერთებმა მუდმივი სიცოცხლის ელექსირი აჩუქესო. მატყუარა ღმერთები,ასე აგირჩევენ, სულს ჩაგბერავენ და მერე ისე გიღალატებენ იუდა პატრა ბავშვი გეგონებათ მათან შედარებით. ათენამ ეს ჩემზე კარგად იცის, უფრო მეტიც, ხანდახან ურჩადაც კი უწევს წინააღმდეგობას მაგრამ ფინალში ძალა გამოცლილი ისიც ნებდება, ხოლო ღმერთები დაგეგმილივით იხელთებენ დროს და მუსრს გაგავლებენ. შენ კი ამ დროს ყველაფერი ცალ ფეხზე გკიდია და ასკინკილასაც კი ითამაშებ ოდნავი სურვლიც რომ გაგაჩნდეს.
 
გუშინ წინ ღამის 12 -ზე მეწვია ქალღმერთი, ვერ გავიგე სიზმარი იყო თუ უბრალოდ მომელნადა, რაღაცით ერთი ძველი ევროპელი მსახიობი გამახსენა, სტუდენტობის დროს ძალიან მომწონდა და იმასაც კი ვფიქრობდი არა სწორ ადგილას გავჩნდი თორემ სახლში დავადგებოდი და სიყვარულს ავუხსნიდიმეთქი. მერე როგორც ხდებმა ხოლმე გადამიყვარდა, თუმცა ამჟამად ათენას ხილვა რომელიც ასე წააგავდა იმ ევროპელ ქალბატონს, წარსული წლები მომანატრა.   
 
თავზე ხელი გადმისვა და ოდნავ სევდიანად შემომხედა, თამბაქოთი აყროლებულმა მზერა ვერ გავუსწორე და რაღაცნაირად, ისე რომ არ მჩვევია საწოლს მივეწეპე. ზუსტად ვერ გავიგე რა მითხრა, თუმცა ნათლად ვიგრძენი ღმერთებს ჩემს გარეშე გადაეწყვიტათ ჩემი ბედი. ათენასთან შეუთანხმებლად კონტრაქტი გამიწყვიტეს და ალბათ სასიკვდილოთაც გამიმეტებდნენ რომ არა ჩემი მფარველი. 
 
გამთენიისას შხაპი მივიღე, რიტუალივით გამომივიდა, თითქოს ამქვეყნიურისგან გაწმენდას ვლამობდი, სინამდვილეში კი უბრალოდ დაღლილი სხეული ორთქლში მოვასვენე. ძველი რომაელივით პირსახოცი შემოვიკარი და სარეკში ალმაცერად გავიხედე. მუცელი გამზრდია, ისე ძლიერად რომ სხეულის ჩვეული წყობა უბრალოდ მოურღვევია, სუფთა ვიყავი მაგრამ ძალიან არა სიმეტრიული. მაშინ პირველად ვიგრძენი ათენას მოსვლის ნამდვილი მიზეზი . . . .
 
ჩანაწერი 62 -  „საღამოს სალოს შევხდი და ულაპარაკოდ, უსიტყვოდ ჩავუცურე ხელი მკერდში, შემდეგ ორი სიტყვით ტროას დაცემაზე ხარბად ვისაუბრე, სულ ორი სიტყვით მაგრამ ისეთი მონდომებით, რომ ინსტიქტურად მუცელი ნეკნებამდე შემეკეცა, ხოლო კოჭებიდან ისეთი ძალა ვიგრძენი თითქოს ორი სანტიმეტრით უფრო მაღალი გავხდი. სალომ ჩემს სიტყვებს ისევ ალკოჰოლი დაახვედრა, უარი ვთქვი, აღარ მინდოდა - ბახუსმა დამღალა და ჯობია ისევ შენს მკერდში ხელები გავითბომეთქი. მწვანე მაისური ეცვა, ზედ რაღაც ყვითელი გულსაკიდი მოერგო და თავი ისე ეჭირა თითქოს ბოლოჯერ არ მიყურებდა, არადა ვიცოდი იგივეს გრძნობდა, დღეს დილის 6-ის ნახევარზე გული გამიჩერდებოდა.” 
 
სახლში დაბრუნებულმა კვერცხი ინსტიქტურად ისევ გავტეხე, მწვანე სითხე დამთავრებულიყო რის გამოც ცილათი დავკმაყოფილდი, თმებში შევიზილე და ათენას მოსვლას დაველოდე, ასე ორი საათისკენ კი ღრმად ჩამეძინა. არაფერი დამსიზმრებია, უბრალოდ გონებამ გაიხსენა ასე ორი წლის წინ მომხდარი პატარა უცნაური ამბავი.... 
 
მაშინ მე და ჩემი მეგობარი არჩი, სახლიდან გამოვიპარეთ, ის ცოლს გაექცა, მე კი ჩემს მაშინდელ სატრფოს, ორივეს მარტო დარჩენა გვსურდა, მაგრამ ამას მხოლოდ ერთად თუ მოვახერხებდით. ტაქსისტი კარლო დიდი ხანი ვასეირნეთ ქალაქის ქუჩებში და თან ყოველ ორ წუთში არაყს ვთავაზობდით, ეტყობოდა გამოცდილი ლოთი იყო მაგრამ პოლიცის მიერ ისეთი დაშინებული, რომ ერთი ყლუპიც არ გადაუკრავს; ჩვენ კი მოწყურებული ცხოველებივით ვეტანებოდით ალკოჰოლს და იმ დღეებზე ვოცნებოდით, როცა ყველაფერი იმაზე უკეთესად გამოჩნდებოდა ვიდრე დღეს იყო. ასე ექვსისკენ ქალაქიც დავტოვეთ და რომელიღაც პატარა მდინარეს მივადექით - კარლომ აქ დაგიცდით თქვენთან ერთად წოწიალის თავი არ მაქვსო. არ შევეწინააღმდეგეთ, ნახევარი დღის საფასური გადავუხადეთ და იმ იმედით რომ არსად გაიქცეოდა მდინარისკენ გავწიეთ. ასოდენ ჭუჭყიანი  არაფერი მიხილავს, თითქოს წყალში ვიღაცას ნავთობი აერია, რომელიც ისეთი მონდომებით მოჰქროდა, რომ არა ერთ მილიონერს შეშურდებოდა მისი; არჩიმ წვმის ბრალია და თან დაღამდა და ასე იმიტომ ჩანსო. სიგარეტს მოვუკიდე და უფრო მივუახლოვდი კენჭიან ნაპირს. ქვები თითქოს გაელესად ისე მტკივნეულად მერჭობოდა ფეხის გულებში, თუმცა რაც უფრო ვუახლოვდებოდი ნაპირს მით უფრო შეუმჩნეველი და უმტკივნეულო გახდნენ ისინი. არჩიმაც შეამჩნია ეს მოულოდნელი ცვლილება და ანთებული ასანთით მიწას დახედა. 
 
-თევზებია გამოყრილი !
 
 -რა თევზები ?
 
-დიდი, მსუქანი, თევზები !
 
ვერ მოვითმინე და ხელით მიწას შევეხე, ზეთიანი, ცივი სლიპინა ორგანიზმი ვიგრძენი, რის გამოც მთელი ძალით ამოვიღე კუჭიდან ყველაფერი. არჩიმ მოდი კარლო მოვიყვანოთ მანქანით და უფრო კარგად გავარჩევთ აქ რა მოხდაო. კარლოს მანქანამ გულში სითბო დამიბრუნა, აი ისეთი, სახლში რომ ბრუნდები დიდი მოგზაურობიდან. კარლომ დიდი ხანი იწუწუნა შემდეგ კი მაინც დაგვთანხმდა, ჩანს ისიც დააინტერესებულიყო ამ უცნაური პეიზაჟით. შუქზე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ მდინარის ორივე მხარე კვადრი თევზებით იყო მოფენილი, ხოლო მათი სიმრავლე საგრძნობლად აღემატებოდა იმ რიცხვს, რაც ზოგადად ცხოვრებაში თევზი მქონდა ნანახი თუ მირთმეული. კარლომ თავისი თქვა, არჩიმ თავისი დაამატა, ხოლო მე უბრალოდ გავჩუმდი. გულში გავიფიქრე - ჩვენ სამიდან ვინმეს თუ სიკვდილი უწერია სჯობს კარლო იყოს პირველიმეთქი, მოკლედ მკვდარი თევზები ერთგვარ ღვთიურ ნიშანს დავუკავშირე. 
 
ჩანაწერი 71 - „ ღამე კაკუნმა გამაღვიძა, ჰო სალო იყო, ჰო სახლში ვერ გაჩერდა, ჰო შემოვუშვი - მოვედიო ცივად მითხრა, მე ათენას ველოდი ხელში კი სალო შემრჩა. საწოლზე ჩამოჯდა და ოდანვ ბრძანებლური ტონით მისკენ მიმიხმო. გამთენიისას სიკვდილი პოეტურია, თუმცა თუ გადაიფიქრებ საქმეს ჩაგიწყობო. ვერაფერი გავიგე, მას კი სახეზე ღიმილი შეეპარა და გეფიცებით ისე მოუხდა, ვიფიქრე ამ წამს სალო რომ მიყვარს, ასე ვერასდროს ვერაფერს შევიყვარებმეთქი. ერთად დავწექით, ის კვლავ სდუმდა, მე პირიქით, ჩანს რაღაც ძალა არ მასვენებდა და ისე რომ ერთი ისტორია არ მქონდა დასრულებული, მეორეზე გადავდიოდი. განთიადი ახლოვდებოდა და ღმერთების სასჯელს ველოდი, ვიცოდი საკუთარი დრო ამოწურული მქნოდა, ხოლო ათენას საქმე ვეღარ ჩაეწყო“
 
-დრო ამოვწურე სალო, ის დრო რომელიც ათასჯერ მომცემდა შანს ელვისი გავმხდარიყავი, ის დრო რომლის შემდეგაც მხოლოდ სასრული მოსჩანს, ხოლო გული სინანულის ნატამალსაც აღარ განიცდის. 
 
-სმენა არ გაქვს . . . .
 
-სმენის გარეშეც შეიძლება სიმღერა
 
სახლიდან გავაგდე, ყველაზე ნაკლებად ათენას ეჭვიანობაღა მაკლდა, ზუსტად გამთენიისას კვლავ საწოლს მივეწეპე და ქალღმერთის მოსვლას დაველოდე. ნათლულს მარტო არ დატოვებდა, თუნდაც ისეთს რომელმაც ვეღარ გაამართლა. 
 
ჩანაწერი 72 - „ გათენდა, ღმერთებს იუმორის გრძნობაც არ დაკარგვიათ, როგორც ჩანს მხოლოდ მირონის მადლი მომაცილეს და უნათლიოდ დატოვებული სალოსთან ბოდიშის მასახდელად გამამწესეს - არა უშავს, სალო ჰო მხოლოდ ადამიანია, ერთს მოვეფერები და მაპატიებს, ყოველშემთხვევაში მან ხომ არ იცის მადლი რომ ასეთი იოლი გასაფანტია . . . . „
პატრიკ დევრემა კი თავი მოიკლა, არ დაელოდა ღმერთების განაჩენს და ალბათ მართალიც ქნა, თუმცა დედას რამეს შეაგნებინებ .
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.