- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
***
რომ გეზარება იყო მთლიანი..
მდარე დუმფარებს იზომებ ტანზე..
სიზმარი ზოგიერთ უჯრედს გითლის..
მაქსიმუმ, აღიქვა, გარეთ უამრავი სიცარიელეა,
რომ დაეტიო..
სოციალური სიცარიელე..
ხელის ცეცებით მოარული ბოცვერის ტანში..
შუბის მყარი მუქარით, ლითონის ლოგიკით და მზა არგუმენტებით..
შენ შეგფუთავენ, დაგარქმევენ პირობით სახელს..
და არ გკითხავენ, სახელობითში რა ქვია შენს სახლს..
ან ძაღლს..
ან თასმას..
მხოლოდ წოდებით ბრუნვით დგამენ დაბნეულ ძეგლებს..
ხვალინდელის არარსებობისთვის..
შენ დაღალე?
არ წამოგცდეს!
მათ ეს არ მოსწონთ..
შეინარჩუნე ნიღბის გარე თავმოყვარეობა..
რა პრობლემაა?
ათი წელია ჩავუსაფრდი ლექსში კითხვის ნიშანს..
იქნებ რომელიმე ფურცელზე მაინც დაკმაყოფილდეს..
აი ისე, კაცობრიობა მთვარეზე რომ გაფრინდა..
და ისე, „მაკდონალდსი“ რომ გვაქვს სადღეღამისო..
2013 წელი
***
მე დავლევ საწვავს პირდაპირ ჩემი ბუგატის ავზიდან...
მივესალმები თბილისს, ნამეტროალს და
თბილისს უმეტროოს...
უმეცარ წყვილებს, ალექსანდროვის ბაღში, ეყვარებათ ჯონათან დევისის ძველი დემო
და ექნებათ ენთუზიაზმი, რომელიც მხოლოდ ჯინსის ჩაცმით არ გამოიხატება...
ჩემი ბუგატის უკანა სავარძელზე მე წავიკითხავ „ვეფხისტყაოსანს“,
როცა არ შემეშინდება, რომ, საქარე მინის მიღმა ამის მეტი არაფერი იციან...
ვიღაც ჩამყვირებს, მოვითხოვთო აღდგენილი საკონსერვო ფაბრიკების გამონაბოლქვის ლეგალიზაციას...
და მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა სტენსილი გაუშინაურდება იქვე მჯდომ მზესუმზირის გამყიდველ ქალბატონებს...
ოდესმე ალბათ მეც გავიგებ ყელსახვევის ფარულ ნოსტალგიას 2 წლის ბავშვებში,
რომლებიც განწირულები არიან ჰალსტუხისათვის,
სანამ ბებიები გაზქურიდან უზარმაზარ შეჭამანდს გადმოდგამენ
და ბაბუები გაზეთს დახურავენ...
ვაშა გამოუძინარ საქართველოს!
დილით, ნაბახუსევზე, ჩაკეცილი ბოტასებით „ბორჯომზე“ გასულს...
2013 წელი
***
წერილი მზეს...
ჩამოდი, ოღონდ, არ დაწვა ბავშვი...
ფერნაკლულია ისედაც,
ზურგზე რძის ნისლი ასდის...
მენტალურია ორღობეში გაჩრილი შაშვი,
არ შეიმჩნიო,
თითქოს დამბლა დაეცა მანძილს...
ქალაქი დევს...
2013 წელი
***
არ მახსოვს, ბოლოს როდის მეცვა...
არ მახსოვს, ბოლოს როდის ვტიროდი...
იოდის ხსნარით... მდნარი პლასტიკატით...
არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიცეკვე...
დაწეულ დოზე...
დროის კავალერია...
ლამპის ფითილით ავიხვიე თვალები ისევ...
უკან გადადგმული ნაბიჯების ეშაფოტზე ისევ დამხვრიტა საკუთარმა ქვეყანამ...
არ მახსოვს, ბოლოს როდის მომენატრა...
არ მახსოვს, ბოლოს როდის დამავიწყდა...
შენ მითხარი რომ ძალიანაც ვერბალური ვარ...
ჰორიზონტალურს... გამოკეტილს...
სათვალე გამიკთე...
არ მახსოვს, ბოლოს როდის მოვწიე...
კანონი სკამიდან ვითომდა ხელის ჩამოსართმევად წამომართულ დიპლომატს გავს,
რომელიც ტრაკში წიხლს გითავაზებს...
როდის ვიყავი თავაზიანი?...
მესიჯების ვაზა მოვიდგი...
არ მახსოვს, ბოლოს რა დავწერე ამ ლურჯ ეკრანზე...
ალბათ „All is cool”…
ასოციალურობაზე დაწერილი სოციუმის ცივილური მოსაზრებები ასო-ასო მქნიან...
ეს ცივი ომია...
როდის გავანეიტრალე სიძულვილი ატომური გამიჯნურების შესახებ?
ცივილიზაცია მარტო ის არაა, რომ, მეტროში ღილების მაგივრად პლასტიკურ ბარათებს ვხმარობთ...
მინდა რეიბანების ძეგლი დავდგათ შუა რუსთაველზე...
ან თუნდაც სადგურის მოედანს რეიბანების მოედანი ვუწოდოთ...
არადა 10 წუთის წინ მივხვდით, რომ ლენინი ლოლიპოპი არაა და არც მამალო
და ჩამოვიღეთ მარადიული საწუწნი ჯოხიდან...
უფრო მეტიც, - სამნახევარი წუთის წინ მივხვდით, რომ ვაგზალს სადგური ჰქვია და
ახლა?
არ მახსოვს ბოლოს როდის მოვკვდი...
სახეზე ავტობუსის კონტროლიორის ყვითელი ჟილეტი გადამაფარეს...
ესეც არ მახსოვს...
მახოვს, რას განვიცდიდი ბოლოს ზოოპარკში რომ ვიყავი...
ვაშა მაღალ საქართველოს!
ვაშა შენებას!
2013 წელი