- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: ზაზა სუთიძე
ჩვენ გვეძახიან ლუზერებს, მაგრამ ნამდვილი ლუზერები იქ არიან - უოლ-სტრიტზე. მათ ეხმარებოდნენ იმით, რომ ჩვენს მილიარდებს აძლევდნენ. ჩვენ გვეძახიან სოციალისტებს, მაგრამ აქ ყოველთვის იყო სოციალიზმი - და მხოლოდ მდიდრებისათვის.
ისინი ამბობენ,რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ კერძო საკუთრებას, მაგრამ 2008 წლის კრიზისმა გაანადგურა კერძო საკუთრების უმეტესი ნაწილი - რასაც იმაზე მეტი ძალისხმევა დასჭირდა, ვიდრე მისი განადგურებისათვის დაგვჭირდებოდა. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მეოცნებეები - მაგრამ პირწავარდნილი მეოცნებეები არიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ასეთი მდგომარეობა შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს.
და ჩვენ არ გვძინავს - ჩვენ გამოვდივართ სიზმრებიდან, რომელსაც ვაქცევთ ღამის კოშმარად. ჩვენ არაფერს ვანადგურებთ. ჩვენ, უბრალოდ, ვაკვირდებით, თუ როგორ ანადგურებს სისტემა საკუთარ თავს. ჩვენთვის ცნობილია კლასიკური სცენა მულტიპლიკაციიდან: როდესაც კატა ქანცის გაწყვეტამდე გარბის, არ იცის რა, რომ ნიადაგი მის ქვემოთ აღარ არსებობს. მხოლოდ მაშინ ამჩნევს ის ამას, როდესაც ქვემოთ იხედება და ვარდება. სწორედ ეს ხდება ახლა აქ - ჩვენ ვეუბნებით ბიჭებს უოლ-სტრიტიდან: "ბიჭებო ჩაიხედეთ ქვემოთ!!"
2011 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ჩინეთის ხელისუფლებამ შემოიღო აკრძალვები, რომ ტელევიზიებში არ გაეშვათ ისეთი ფილმები, სადაც ალტერნატიული რეალობაა ასახული, მაგალითად, მოგზაურობა დროში და ასე შემდეგ. ეს არის კარგი მაგალითი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩინელები მაინც ოცნებობენ ალტერნატიულ რეალობაზე და შესაბამისად, ეს ოცნებები უნდა აიკრძალოს. აქ არც არსებობს ასეთი აკრძალვების აუცილებლობა - დომინირებულმა სისტემამ გაანადგურა ჩვენში თვითონ ოცნების უნარიც კი.
როგორ ფილმებს ვუყურებთ მუდმივად? ჩვენთვის ადვილია, წარმოვიდგინოთ სამყაროს აღსასრული გაცილებით უფრო მარტივად - მაგალითად, ასტეროიდის შეჯახება დედამიწასთან და ყველაფრის მოსპობა პლანეტაზე, მაგრამ არა კაპიტალიზმის დასასრული.
ამგვარად რას ვაკეთებთ ჩვენ აქ? ნება მომეცით გაგახსენოთ ერთი ანეკდოტი კომუნიზმის პერიოდიდან: ბიჭს აღმოსავლეთ გერმანიიდან ციმბირში აგზავნიან სამუშაოდ. მან იცის, რომ მის წერილებს წაიკითხავს ცენზურა, ამიტომაც ის ეუბნება თავის მეგობრებს: "მოდით, შევთანხმდეთ საიდუმლო კოდზე. თუ ჩემი წერილები იქნება დაწერილი ლურჯი მელნით - ესე იგი, მე ვწერ სიმართლეს, თუ წითელი მელნით, ესე იგი ვწერ სიცრუეს". ერთი თვის შემდეგ მისი მეგობრები იღებენ წერილს : "აქ ყველაფერი კარგად არის, მაღაზიები სავსეა ხარისხიანი პროდუქტებით. კინოში აჩვენებენ დასავლურ ფილმებს. დიდი და კომფორტული ბინები. ერთადერთი, რისი ყიდვაც არ შეგიძლია, ეს არის წითელი მელანი.
ეს ანეკდოტი ჩვენზეა - იმაზე, თუ როგორც ვცხოვრობთ. ჩვენ გვაქვს ყველანაირი თავისუფლებები, მხოლოდ არ გვაქვს წითელი მელანი - ენა, რომელსაც შეუძლია გადმოსცეს ჩვენი მოჩვენებითი თავისუფლება. ჩვენ გვასწავლიან ვილაპარაკოთ თავისუფლებაზე, ომის ენით ტერორიზმთან, რომელიც უკვე თავისუფლების ფალსიფიცირებას ახდენს. ამიტომაც შეიკრიბეთ თქვენ აქ - რომ მოგვცეთ ჩვენ ყველას წითელი მელნები. მაგრამ არსებობს გარკვეული საშიშროება - არ შეგიყვარდეთ საკუთარი თავი.
ჩვენ აქ შესანიშნავად ვატარებთ დროს. გახსოვდეთ, კარნავალები მალე სრულდება. და რა იქნება მომდევნო დღეს-როდის დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ ცხოვრების სტილს? მოხდება თუ არა რაიმე ცვლილებები? მე არ მინდა, რომ აქ ყოფნის დღეებს ჩვეულებრივი დღეებივით იგონებდეთ: "ეჰ,ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები და ეს კარგი იყო !" გახსოვდეთ ჩვენი ძირითადი მესიჯი: "ჩვენ გვაქვს უფლება, ვიფიქროთ ალტერნატიულ რეალობაზე". ჩვენ წინ გველოდება დიდი გზა. ჩვენ წინაშე დგას რეალურად ურთულესი საკითხები. ჩვენ ვიცით, ის რაც არ გვინდა - მაგრამ ვიცით, რაც გვინდა? როგორმა ორგანიზაციულმა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს კაპიტალიზმი? როგორი ტიპის ახალი ლიდერები გვინდა?
პრობლემა არის არა კორუფციასა და სიხარბეში. პრობლემა - თვითონ სისტემაა. ის გიბიძგებთ კორუფციისაკენ. თქვენ სვამთ ყავას კოფეინის გარეშე, ლუდს - ალკოჰოლის გარეშე, ნაყინს კალორიის გარეშე - სწორედ ასე მოექცევიან ისინი თქვენს სამართლიან პროტესტს - ისინი გადააქცევენ მას უკოფეინო ყავად.
ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ყელში ამოგვივიდა ეს სამყარო, სადაც შინაგანი კომფორტის შესაგრძნობად საკმარისია ერთი ბოთლი "კოკა-კოლას" გამომუშავება, რამდენიმე დოლარის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა, Starbucks-ის პროდუქციის "კაპუჩინოს" შეძენა, საიდანაც გაყიდული პროდუქტებიდან 1% მიდის მესამე სამყაროს მოშიმშილე ბავშვებთან. აუტსორსინგი (შინაგანი რესურსების გამოყენება,უფლებამოსილებების გადაცემა) სამსახურში, აუტსორსინგი ჩვენი სიყვარულის საქორწილო აგენტებს - და ასევე ჩვენ უფლებას ვაძლევთ აუტსორსინგი გასწიონ ჩვენს პოლიტიკურ აქტივობაზე.
არა, ჩვენ გვინდა ყველაფერი დავიბრუნოთ. ჩვენ არ ვართ კომუნისტები - თუ ჩვენ კომუნიზმში ვიგულისხმებთ სისტემას, რომელიც დაინგრა 1990 წელს. ის კომუნისტები გახდნენ საკმაოდ წარმატებული და დაუნდობელი კაპიტალისტები. თანამედროვე ჩინეთში კაპიტალიზმი უფრო დინამიკურია, ვიდრე ამერიკული კაპიტალიზმი - და მას არ სჭირდება დემოკრატია. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც თქვენ აკრიტიკებთ კაპიტალიზმს, თქვენ არ აძლევთ სხვას საშუალებას, დაგაშანტაჟონ იმით, რომ თქვენ თითქოს წინააღმდეგი ხართ დემოკრატიის. საქორწინო შეთანხმება კაპიტალიზმსა და დემოკრატიას შორის უკვე დარღვეულია. ცვლილებები მოსალოდნელია.
რას ლაპარაკობს ჩვენი მედია? როგორ გვესმის ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები? ერთი მხრივ, ახალ ტექნოლოგიებიდან და სექსუალობიდან გამომდინარე, გვეჩვენება, რომ ყველაფერი შესაძლებელია. შეგვიძლია გავფრინდეთ მთვარეზე, ბიოგენეტიკას შეუძლია გვაქციოს უკვდავებად, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ სექსით ცხოველებთან - რომელ ცხოველთანაც გინდათ და ვისთანაც გინდათ. მაგრამ შეხედეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ეკონომიკას - აქ ყველაფერი შეუძლებელია. თქვენ ცდილობთ სულ ცოტათი ასწიოთ გადასახადები მდიდრებისათვის - და გეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ დავკარგეთ კონკურენტუნარიანობა. თქვენ გინდათ რომ ჯანდაცვის სფერო კარგად ფინანსდებოდეს - და გეუბნებიან: "შეუძლებელია, ეს ნიშნავს ტოტალიტარულ სახელმწიფოს".
რაღაც არასწორად არის სამყაროში როდესაც თქვენ გპირდებიან უკვდავებას და სადაც ამავდროულად შეუძლებელია გამოიყოს მეტი ფინანსები ჯანდაცვისათვის. ჩვენ უნდა გავერკვეთ ჩვენს პრიორიტეტებში. ჩვენ არ გვინდა ცხოვრების უმაღლესი სტანდარტები. ჩვენ გვინდა ცხოვრების უკეთესი სტანდარტები.
ერთადერთი რამ, რაშიც ჩვენ ვართ კომუნისტები - ეს არის ის, რომ ჩვენ ვნერვიულობთ "საერთოსა და საყოველთაოზე" (the commons), საერთო-საყოველთაო ბუნებაზე, საერთო-საყოველთაო პრივატიზირებულ ინტელექტუალურ საკუთრებაზე, საერთო-საყოველთაო ბიოგენეტიკაზე. მხოლოდ ამისათვის, მხოლოდ ამ ყველაფრისათვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ. კომუნიზზმა განიცადა კრახი - მაგრამ პრობლემები, რომელსაც ჰქვია "საერთო-საყოველთაო" დარჩა უცვლელი. ისინი იქ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ არ ვართ ამერიკელები. მაგრამ ფუნდამენტალისტ-კონსერვატორებს, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას ჭეშმარიტ ამერიკელობაზე, უნდა ვკითხოთ: რა არის ქრისტიანობა? ეს არის წმინდა სული. რა არის წმინდა სული? ეს არის მორწმუნეების ეგალიტარული საზოგადოება, რომლებიც ერთმანეთთან სიყვარულით არიან დაკავშირებულნი. მათ საკუთარი თავისუფლებები და პასუხისმგებლობები აქვთ. ამ ურთიერთობებში წმინდა სული იმყოფება აქ და ახლა. ხოლო იქ ქვემოთ - წარმართები, რომლებიც აღმერთებენ თავიანთ ღვთისმგმობ კერპებს. ის, რაც ჩვენ გვჭირდება - მოთმინებაა. ერთადერთი, რისაც მეშინია, არის ის, რომ ჩვენ დავიშლებით და ყველანი სახლებში წავალთ, ხოლო შემდეგ ერთმანეთს შევხვდებით წელიწადში ერთხელ - რომ დავლიოთ ლუდი და ნოსტალგიურად მოვიგონოთ: "რა კარგი იყო იქ!" ერთმანეთს მიეცით პირობა, რომ ასე არ მოხდება.
ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ხშირად ნატრობენ იმას, რაც სინამდვილეში არ უნდათ. არ შეგეშინდეთ რეალურად ინატროთ ის, რაც სინამდვილეში გინდათ.