• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დაუჯდომელი

×
დაუჯდომელი
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 04 იანვარი, 2011 47236

ბოლოს და ბოლოს უარი თქვით დაფნაზე, დაფნა კარგია წვნიანში!!!  [ჰანს არტმანი]   

to notice the light changing. [პაულ თეკი]

ღმერთო, დახოცე ისინი!  [ზურა ჯიშკარიანი])

იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი... [მიშელ უელბეკი]

კლასიკა მხოლოდ გვანუგეშებს. ჩვენ ეს არ გვყოფნის.  [დერეკ უოლკოტი]

 

[სრული ვერსია]

 

სვიმონ კანანელის კონდაკი 1

 

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა პირველი ადამიანი გამოჩნდა,

რომელმაც გარკვეულ ხანს იცოცხლა

და ბოლოს ყოვლად ქრესტომათიული სიკვდილით მოკვდა

და სამი დღის მერე (კინოშიც ნახავდით) ფეხზე წამოდგა,

გაიარ–გამოიარა, თვალი ჭერს ჰკიდა,

ღიმილი ზარბაზანივით გადმოჰკიდა ტუჩებიდან

და ლექსი დაწერა,

ლექსი, რომელიც დღემდე იწერება და არა და არ უჩანს დასასრული.

ესეც იმ ლექსის გაგრძელებაა, ისევე, როგორც ყველა ლექსი.

და მე ვიხილე კაცი, რომელიც

ისე გულიანად იცინოდა,

თითქოს სიცილი მხარზე გაედო

და ჯვარივით მოასვენებდა

და მოჰყვებოდნენ თანამესიცილენი

და ყელამდე სიცილში მდგარნი

ფონს ეძებდნენ და ვერ ჰპოვებდნენ

მხოლოდ ის ერთი ახერხებდა, სიცილზე გაევლო,

და ეს პოემაც სიცილზე იწერება

დიდ და ქრესტომათიულ სიცილზე

მადლობა უფალს.

 

 

სვიმონ კანანელის იკოსი 1

 

იდგეს გრძელი სიცილის წელი,

კვირტები და ასფალტი დასკდეს,

ქალებს ძუძუები დაუმძიმდეთ

და თმის ნახევარი ჩიტებად ექცეთ

და ყოველ დილით ივარცხნიდნენ ბულბულებს და

შაშვებს და

მწყრებს და

კოლიბრებს და

ფარშევანგებს

და მონადირეები იპარებოდნენ იმათ თმაში

და ნაწნავებზე დაკიდებულები

ისროდნენ თოფებს და ხოცავდნენ ბულბულებს და

შაშვებს და

მწყრებს და

კოლიბრებს და

ფარშევანგებს...

რაც ნიშნავდეს არა მხოლოდ გაზაფხულს,

არამედ რაღაც უფრო მეტსაც

მადლობა უფალს.

 

 

ანდრიას კონდაკი 2

 

შეგეძლოს იყოს გაზაფხული,

თუნდაც, მაშინ,

როცა არის კიდეც გაზაფხული,

ესეც საქმეა

მადლობა უფალს.

ტროტუარმა ბალახები ამოიყმუვლოს

და შენ, ვთქვათ, ვაშლის ხის ძირას ჩამოწოლილს

სერ ისააკ ნიუტონი დაგეცეს თავში,

რაც ახალ აზრებს აღვიძებდეს

და ქმნიდეს შესაძლებლობების ახალ თავშესაფარს –

სამყაროს ამოტრიალებულ პერსპექტივას

მადლობა უფალს.

და ყვიროდე - „ევრიკა!“

მზე კი თვალებში ჩაგყურებდეს,

როგორც დამწყები ოფთალმოლოგი,

მართალია, ფრიად იდიოტურია ეს შედარება,

მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით – გამართლებული,

ჩვენ ხომ ძირითადად რელატივისტები ვართ.

მადლობა უფალს.

შეგეძლოს ოჯერ ორი ოთხი იყოს,

მზე კი – მაღლა,

შესაბამისად, საქმე იქონიო სრულიად გაზომვად ნივთებთან,

როგორიცაა, ვთქვათ, ნანომეტრი, არისტოტელეს “პოეტიკა” ან სიყვარული,

მადლობა უფალს.

შეგეძლოს იყო პოზიტიური

და ჩაკრები გქონდეს გახსნილი

და ქუჩაში გასვლისას ღიმილი

მუწუკებივით გაყრიდეს სახეზე

მადლობა უფალს

კითხულობდე ბატაის,

გი დებორს,

ეროფეევს,

ანაქსიმენეს,

პინდაროსს,

დიადოხოსს,

კლდიაშვილს,

სამოსატელს,

ბროტიგენს,

ტაციტუსს,

შელის,

შამუგიას,

იუნგს და კიუნგს და, ჯანდაბა მაგათ, კიდევ ვის არა.

მაგრამ სამყარო იყოს იგივე

მადლობა უფალს.

რა მნიშვნელობა აქვს,

„ანა კარენინას“ წაიკითხავ თუ რესტორნის მენიუს.

საგანთა წესრიგი მაინც არ იცვლება,

მადლობა უფალს.

 

 

ანდრიას იკოსი 2

 

ორი რამ აღავსებს ჩემს სულს განცვიფრებით:

საბჭოთა ტროიკა აბაჟური ჩემ ზემოთ და აპენდიქსი ჩემში.

მადლობა უფალს.

რა დროს ეგაა? – იტყვის მავანი

და თვალებს იარაღივით მოგაბჯენს შუბლზე, –

რეალობა სწორხაზოვანია

ის არ ტოვებს განსჯისათვის

საკმარის შრეებს.

ყოველდღიურობის მყიფე რუტინაში

საყოფაცხოვრებო ურჩხულები თვლემენ,

და თითქოსდა უნებლიე მოძრაობით

მხოლოდ სიკვდილს გამოიტყვიან.

აი, გაიზრდება თქვენი ბიჭი

და გამოვა ბანდიტი, მკვლელი,

ან უარესი – პოეტი გამოვა.

მუდმივის და ცვალებადის,

მწირისა და მონუმენტურის,

ეთიკურის და გოთიკურის და

ეპიკურის და ლოგიკურის და

კომიკურის და მისტიკურის და

ლირიკულის და პრაქტიკულის და

არქტიკულის და ტროპიკულის და

ტექნიკურის და ჭკუისმიღმურის შემზავებელი,

ქარებს კუდში ჩაუდგება

და სამყაროს შეცვლის ლოდინში

ამოხდება დებილი სული.

მადლობა უფალს.

ყველა და ყველაფერი სიკვდილზე გამოიტყვის

სეფე–სიტყვას,

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (ზ.) კონდაკი 3

 

დიდი ხნის წინ სიკვდილი იყო სიკვდილი და მეტი არაფერი

ახლა ყველამ იცის, რომ სიკვდილი არის მეტაფორა და მეტი არაფერი.

მორფოლოგიური ჰიდრა,

დაკიდებული შხამიან ფილოლოგიაზე,

რომლითაც სიცოცხლეს განმარტავენ პედაგოგები.

უსასრულოა სიბეცე მათი.

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (ზ.) იკოსი 3

 

შეგეძლოს, იყო მომნუსხველი

შეგეძლოს იყო მონუსხული

და სასიკვდილო ჟრუანტელი

უსაფრთხოების ღვედივით გეკრას სხეულზე

მადლობა უფალს.

ებრძოდე მარტოობას ღვინით და არყით და

ვისკით და კონიაკით და გლინტვეინით და კოქტეილით და

ვერმუტით და აბსენტით და

ბურბონით და ლიქიორით და ტეკილით და

ბოლოს და ბოლოს, რომით

(ყველა გზა ხომ რომთან მიდის)

მადლობა უფალს.

რუტინა კი უფრო დამძიმდეს და დამძიმდეს თვალებიც

და წამწამები იქცნენ ზღარბებად,

რომლებიც გუგებში შეგირბიან

მადლობა უფალს

და მღეროდე სიცოცხლის შეუძლებლობის სიმღერას

და გაჰკიოდე მიკიოტივით

მანამ, სანამ

ბგერებთან ერთად სისხლიან გლანდებსაც არ ამოისვრი.

მადლობა უფალს

გარეთ კი იყოს გაზაფხული,

და ყვავილების სუნი

უხერხულ ხუმრობასავით ჩამოდგეს ოთახში

და შეყვარებულების სიცილი ისმოდეს

შენ კი იყო ოთახში ჩაკეტილი და მეზობლებს გიჟი ეგონო

მადლობა უფალს

მარტოობა, როგორც ცნობილია,

ავითარებს წარმოსახვას

და დავიწყებულ შინაარსთა რეპროდუცირებას აიოლებს,

რაც ასე მნიშვნელოვანია გიჟური კომუნიკაციების ეპოქაში

მადლობა უფალს.

ასეც რომ არა,

საგანთა შედარებისთვის დრო ხშირად უნდა გამოყო.

ასე უფრო ადვილია.

ფილოსოფია იძლევა ასეთი პაუზებისთვის

ქრონოლოგიურ ღრიჭოებს.

მადლობა უფალს.

მაგრამ ფილოსოფია არ იძლევა პასუხებს.

მადლობა უფალს

არც პოეზია იძლევა პასუხებს

მადლობა უფალს

არც მათემატიკა იძლევა პასუხებს,

მადლობა უფალს

არც ვებ–პროგრამირება და მითუმეტეს, სიყვარული იძლევა პასუხებს,

მადლობა უფალს.

 

 

 

 

 

თომას კონდაკი 4

 

ცდილობდე კორპუსიდან ისკუპო,

რათა გაურკვევლობის მედუზა გორგონა

გაიყოლიო და ასფალტზე მიასრისო,

მაგრამ შიში ოხერი იყოს,

სამგზის და მეტგზის, რომ იტყვიან, მადლობა უფალს

დაე, სხვები კვდებოდნენ შენს ნაცვლად,

ასე ხომ გაცილებით მოსახერხებელია

მადლობა უფალს.

მოკვდნენ ბავშვები ომში და ომსგარეთ

მოკვდნენ ახლობლები, მეზობლები და ძმები და დები

მოკვდეს ყველა,

ვინც ჩვენს შორის ჩამოქცეულ უხერხულ დუმილს

ქარის სისინი შეუყუდა,

ვინც ჩვენი ჩრდილები გამოაღო

და სამხრეთის ქარები შეასახლა.

მოკვდნენ შენი უინტელექტო ლექტორები, მტრები და კეთილისმსურველები

და დარჩე მარტო

მადლობა უფალს

 

 

თომას იკოსი 4

 

თეოსოფიამ დაამტკიცა, რომ უფალი არ არსებობს,

მადლობა უფალს.

რასაკვირველია, უფალს სრული უფლება აქვს,

არ არსებობდეს. ეს ძალიან დემოკრატიულია.

მადლობა უფალს.

თუ მაინცდამაინც, ვისურვებდი, ღმერთი პორტატული ყოფილიყო

დაკეცავ – ილოცებ, გახსნი – იჩათავებ. თუ რამე – ჩამოჯდები კიდეც.

განა ღმერთი შვებისთვის არაა?!

მადლობა უფალს.

არავინ იცის, რა პერსპექტივები თვლემენ

მომავლის მღვიმეებში.

მჯერა, ასი წლის მერე

ყველა სამოსან მესამეკლასელს შეეძლება ადამიანის გაცოცხლება,

რაც განმარტავს მომავალს,

როგორც სრულიად მოწესრიგებულს

და მაშასადამე, სრულიად აუტანელს.

მადლობა უფალს.

ადამიანის თმები და ფრჩხილები

მისი სიკვდილის შემდეგაც იზრდება,

ყოველი ნაწილი მთელის ბუნებას ამხელს,

უკვდავება შესაძლებელია

მადლობა უფალს.

ვინ არის ღმერთი, მე არ ვიცი,

მაგრამ ის ჩანს ჩემს სუნთქვაში

მადლობა უფალს.

დარწმუნებული ვარ, ღმერთი უარს იტყვის

რეპრეზენტაციის კლასიკურ ფორმებზე

და მეორედ მოსვლისას შესაძლოა ლიმუზინით გამოგვეცხადოს,

როგორც რობერტ დე ნირო ან ლედი გაგა

მადლობა უფალს.

ყოველივე ეს ესთეტიკურს გახდის აპოკალიფსს

რაც, რა დასამალია და,

ყოველთვის აკლდა ესქატოლოგიურ პასაჟებს.

მადლობა უფალს.

ესთეტიკა სიამოვნებაა,

სიამოვნება მოწყვლადია,

რაც მოწყვლადია, ლპება,

რაც ლპება, კვდება,

რათა ხელახლა მოვიდეს

და მეტემფსიქოზის მოყვარულები აროკოს

ხელახალი სიკვდილის სიხარულით

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (ა.) კონდაკი 5

 

გახედო ქუჩას, როგორც ბრძოლის ველს,

რომლის მიღმაც უნდა განავრცო მზერა და აზრი

და ხედავდე ულამაზეს გოგონას,

თეძოებით რომ მოაგორებს

ათას დაჟინებულ მზერას და სურვილს,

მადლობა უფალს.

ზემოკლე კაბა, უფრო სწორად, ქვემოკლე კაბა

[„უნდა არსებობდეს რაღაც შინაგანი კავშირი

ფიქრს, სიტყვასა და გარეგან

ობიექტს შორის.” (იხ: ვივეკანანდას ჩანაწერები)]

მრგვალი ტაკო, მმმმმმმ... მრგვალივე ძუძუ...

და მეტს უკვე ვეღარ ითმენდე

და შერბოდე ტუალეტში აგზნებული და ელვაშეხსნილი

რადგან, ცნობილი ამბავია,

არის ჟამი გროვებისა და

არის ჟამი ნთხევისა

მადლობა უფალს.

 

 

იაკობის (ა.) იკოსი 5

 

მზე იყოს ჯერ კიდევ შუბის ტარზე

და შიმშილის ანჩხლი კატა

დარბოდეს კუჭში

და კლანჭებით სერავდეს მუცელს

მადლობა უფალს.

თქვა „საჭმელი“ და აღმოცენდეს უხვი ხორაგი,

წარმოსახვა რეალურია,

საკვები – გემრიელი.

მადლობა უფალს.

ვინ  გამოიტყვის შენს სიხარულს?

კბილები ჯარისკაცებივით მწყობრად მოძრაობენ

და ტკვერავენ

მორიგ მსხვერპლს,

(ვთქვათ, ეს იყოს დეკეულის ხორცი.

და ვთქვათ, ერქვას დეკეულს „მარიანა“

და ცურს დროშასავით მოაფრიალებდეს

მადლობა უფალს.

 

 

იუდას წარმოსახული კონდაკი 6

 

ჯდე ინახად და წვიმდეს საჭმელი.

(კულინარიული ონტოლოგია ეს საერთოდ ცალკე დარგია)

ოი შემწვარი ჯიხვი, ოი ქაბაბი, შაშხი, ლორი. ოი ლორი

ოი პაშტეტი, ღორის ენა, ათასგზის ოი

ცვრიანი სუკი, ოი სუკი, ოი უფალს,

ბიოეთიკა არ იძლევა წარმოსახვის უზომოდ გაშლის საშუალებას.

ოი ბიოეთიკა, ოი ღომი, ოი ელარჯი,

ოი ქათმის რაგუ ქოთანში, ოი ლობიო ქოთანში, ოი ოი ვაი პელმენი ქოთანში

ფსიქოანალიზური გააზრებით, ქოთანი დედის საშოა,

რომელშიც პრეემბრიონული მოგონებები პროეცირდებიან,

ქოთნიდან ხვრეპა კუნილინგუსია, ინცესტის არომატით

ოი არომატი ოი ვაზის ტოლმა ოი ხინკალი მოხეური და

ოი ოსტატის მოხვეული და

ზედ ჭაჭა–რაჭას ბოცეული და...

სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ,

მაჯებისკენ დაძრული ხინკლის წვენის ტრაექტორია,

შეფარდებული მისსავე სურნელთან,

რითაც, რასაკვირველია, არ მიიღება ოი მათემატიკური მუდმივა,

მაგრამ მიიღება ოი ოი ოი მუდმივი სიამოვნება.

მადლობა უფალს.

ოი უფალს

სამგზის ოი

მწვადგზის ოი უფალს

 

 

იუდას იკოსი 6

 

თვითდიაგნოზიც გამოსავალია:

ამფეტამინი და მეტამფეტამინი

დღეში ორჯერ.

მადლობა უფალს

დიაზეპამი და ტიზერცინი დღეში სამჯერ

სამგზის მადლობა უფალს

უკუჩვენებები:

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

მადლობა უფალს.

პარკინსონი

მადლობა უფალს.

გაფანტული სკლეროზი

მადლობა უფალს.

მიასთენია

მადლობა უფალს.

ჰემიპლეგია

მადლობა უფალს.

ჰიპოტენზია

იშემია

პორფირია

მადლობა უფალს.

 

 

მათეს კონდაკი 7

 

მე გავრბოდი,

გავრბოდი ყველა მოსალოდნელი ბედნიერებისგან,

მადლობა უფალს,

და ყველა ლექსში ვადასტურებდი,

რომ

პოეზია, რომელიც არაა მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი,

ნაგავია.

მადლობა უფალს.

სიყვარული, რომელიც არაა სახიფათო,

სახიფათოა.

მოძრაობა, რომელიც არაა კატასტროფული,

უსარგებლოა

ფუჭი ილუზიების კონვეერია

გაზარდე ეჭვი შენს თავში,

რწმენა მხოლოდ ასე მიიღწევა.

მადლობა უფალს.

 

მათეს იკოსი 7

 

ეს კრიზისია, მეგობრებო,

ხელოვნების და ცხოვრების დიდი კრიზისი,

ადამიანებს მნიშვნელობები გაეპარნენ,

და რა უნდა ვქნათ ჩვენ ისედაც უმნიშვნელოებმა?!

ესღა გვინდოდა?

მადლობა უფალს.

ყველა სიტყვა და აზრი გემოგაცლილი პედიგრია,

ფილოსოფიური სალაფავი.

აჰა, თქვლიფეთ, ძაღლისშვილებო,

თქვენი დედაც

მადლობა უფალს.

 

 

 

პეტრეს კონდაკი 8

 

ჭირივით გძულდეს პოლიტიკა – საგანმანათლებლო მეტადონი,

რიტუალის ჩანაცვლება სამოქალაქო ევქარისტიით.

თუმცა, როგორც ჩანს, მისი უარყოფაც რიტუალია,

რომელსაც ვერ გაექცევი.

ესე იგი მადლობა უფალს.

და უარყოფდე და უარიყოფოდე

უარყოფდე ყველას,

ვინც პლანქტონივით დატივტივებს იდეოლოგიურ კოქტეილში,

ვინც მღვრიე წყალში იჭერს ბაცილებს

და სდებს ყველას, ვინც სხვა არის.

მამალი იერიქონის საყვირივით სჭექდეს (აი, უკვე მესამედ)

შენ კი ბეწვის ხიდს სდებდე უთოუსა და სათუოს შორის

და უარყოფდე და უარიყოფოდე

მადლობა უფალს.

და იყოს ყველა შენი სიტყვა – ტყვია უმისამართო,

მეტაბაზისური ჭურვი,

რომლითაც მოძრაობა სხვა რელსებზე გადადის.

სპორადულობა – როგორც არჩევანი,

ყოფიერების მკაცრ მარათონში მონიშნული თეთრი ხაზი.

წამწამები – სიკვდილის საქანელა,

მოძრაობა დიდისა და გიჟურის ზღვარზე

მადლობა უფალს.

და გდევნიდნენ და სდევნიდე,

რაც იყოს ერთგვარი სოციალური სექსი,

პერვერსია იდეოლოგიური ინსტრუმენტებით

მადლობა უფალს.

და გადმოდგეთ ქუჩებში

და ერთმანეთის გულები იშიშვლოთ

და დროშებივით აფრიალოთ,

მადლობა უფალს.

და იყოს სისხლი თქვენი – როგორც ცუნამი

და ქალაქები დაიხვეტონ და მიტოპავდნენ წითელ რუებს

შეშინებული მოქალაქეები.

და ეს იყოს უარყოფის საზღაური.

მადლობა უფალს.

 

პეტრეს იკოსი 8

 

სისხლმა გაწმინდოს შენი გონი,

და უძღვნა მისგან დარჩენილი ნაფლეთები მას,

ვისი დიდებაც თაბორის მთაზე გაცხადდა.

ლოდი ყოვლადკეთილი და ა.შ. და ა.შ.

მადლობა უფალს.

და სწირავდე ყოველ წუთს და იქმოდე სიკეთეს

იქმოდე სიკეთეს დილით

იქმოდე სიკეთეს შუადღისას,

ბაზარში, სახლში, ტუალეტში,

უცხოელ სტუმრებთან,

იაპონური პორნოს ყურებისას.

სადაც გოგონას ტუალეტის იხვით ხმარობენ

მადლობა უფალს.

იქმოდე სიკეთეს

ტანკას კითხვისას.

იქმოდე სიკეთეს შეუსვენებლივ

მადლობა უფალს.

სიკეთე ყველაზე საიმედო ბიზნესია.

თანაც არ იბეგრება,

მადლობა უფალს.

შესაძლოა ეს ანგარებაში ჩამოგვართვან,

მაგრამ დაე ჩამოგვართვან

სიყვარული ანგარებაა.

სიძულვილიც ანგარებაა.

საღამოს ჭადრების ხეივანში სეირნობა და

`იცი, ჩემო ფუმფულავ, როგორ მიტაცებს შენი თვალების უძირო ტბა, რომ მინდა

მასში საუკუნოდ ჩავიძირო”-ს თქმაც ანგარებაა.

ღმერთი რომ იყო, ანგარებაა.

ღმერთი რომ არ იყო, ეგეც ანგარებაა.

მადლობა უფალს.

 

 

იოანეს კონდაკი 9

 

კომუნიკაციები მოშლილია,

სიტყვები მნიშვნელობის გარეშე დარჩნენ.

და ამიტომ ქილიკობენ კავშირის შეუძლებლობას მოხუცები –

მეზოზოური სიფათებით,

ნაოჭებშორის ჩამალული ტრანსგრესიით,

ოხ, ეს ტუტუცი ბებრუცანები.

ღმერთო, ჩახოცე ისინი,

მადლობა უფალს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ აღმატებულ თეორიებზე,

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე,

რომ არავის ესმის,

იმაზე, რომ ვერცერთი ჩვენი აზრი

ვერცერთ პატიოსან ყურში ვერ დასცემს კარავს.

და ეს არის ტრაგიკული დროის ნიშანი.

მადლობა უფალს.

 

 

 

იოანეს იკოსი 9

 

ღამდებოდეს და მთელი ქალაქი მონდომებულად ებმებოდეს

კვლავწარმოების ფაქიზ რუტინაში,

ერთი სიტყვით: ტყნაური ატყდეს.

მადლობა უფალს.

შენ კი იღებდე ბოლო ღერ „ჩესტერს“ და ტაძრიდან გადიოდე

და პირველსავე შემხვედრ გოგოს უჩურჩულებდე:

„გახსენი ბაგე –

თოთო, როგორც ფაჰლავა

და წმინდა, როგორც კორპორატიული საიდუმლოება.

აი, შეხედე, ჩემი მკერდი შენსას როგორ ეთანადება –

ამობურცულისა და ჩაბურცულის თანაყოფნა.

მადლობა უფალს.

უფრო ქვემოთ თუ ჩავიწევთ, უუხ, შესაძლოა,

მთლად გნოსტიკურ დუალიზმამდეც კი მივიდეთ

უუხხხ უფალს

მადლობა უფალს

ეეს? ეს – არაფერი.

უფრო სწორად, ეს, სწორედ რომ, ყველაფერია,“ – პასუხობდე, –

„ეს არის თავად ნა–ყოფიერება,

თავისი მოძრაობით იმეორებს სამყაროს რხევებს

და მალია, როგორც ხირიმის ტყვია

და ტყვიასავით დაუნდობელი.

მადლობა უფალს.

გიყვარს ტარანტინო? სამწუხაროა!

მაშინ მომიწევს,

მხოლოდ საკუთარ ცოდნას დავეყრდნო

მადლობა უფალს.

აქებდე იმას,

რასაც ჩვენში უთვალავი შესატყვისი აქვს,

რაც ეთნოფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც საინტერესოა,

სხვა თუ არაფერი

(ქხმ–ხ! – ჩაახველო)

მადლობა უფალს

დიახაც, უთვალავი, მაგალითადრე:

სირი,

შიბლა,

დიშლა,

ბალაყანა,

ტინკი–ვინკი,

კუტუ,

ჭუჭუ,

ჭუჭულიკა

კიტრი,

ყლე (რომელსაც საბაც განმარტავს, როგორც მამაკაცის სარცხუინელს)

და ბარეღამ აქვე: სარცხვინელი

მადლობა უფალს

შაბანა,

შამბალა,

ცუნცურა,

პიტალო,

საოხრე,

სამგლე,

ჩოილარი

სამში გრძელი

ბანჯგვლიანი ნაგაზი (ღმერთო, რა პერვერსიაა)

მადლობა უფალს.

იხსენებდე მითოლოგიას

„ოზირისის სიკვდილი:

ოდესღაცმრისხანე ღმერთი სიკვდილისთანავე

14 ნაწილად დაეჭრათ და მთელ ეგვიპტეში

მიმოეფანტოთ მისი სხეულის ნაწილები

მის ცოლს იზიდას კი სულ ნაწილ–ნაწილ დაებრუნებინოს თავისი ქმარი,

ოღონდ ფალოსი – ვერა, რაკი ის თევზს, ჰამ და, გადაეყლაპოს

(გარყვნილი თევზი!)

მადლობა უფალს

მაგრამ იზიდას ხის ფალოსი შეეკვეთოს,

რითაც ჩაუნაცვლებინოს საყვარელი ქმრის

ბიოლოგიური დიშლა, შიბლა, შაბანა, შამბალა, ბალაყანა, ჭუჭუ, კუტუ, საოხრე,

სამგლე და ა.შ.

მადლობა უფალს.

ფაქტობრივად, მსოფლიოში პირველი ვიბრატორი

იზიდას ჰქონია.

მადლობა უფალს.

საქართველოში? საქართველოშიც.

საქართველოშიც არ გვკლებია საოხრე, ღვთის მადლით,

ერთი გაჭენებული და გამოჭენებული

სახელმწიფო მუზეუმშიც გვისვენია,

ვითარცა ნაშთი ძველი დიდებისა.

მადლობა უფალს,

ძველ რომაელები კი... ხომ არ დაგღალე ამდენი ლაქლაქით?

მადლობა უფალს.

ძველი რომაელები კი ხელნაკეთ ფალოსს კისერზე იკიდებდნენ,

რომ დაცულიყვნენ ბოროტი ძალებისგან.

ფუი ეშმაკს

მადლობა უფალს.

ესეც ჩემი მუტუნუს ტუტუნუსი

ყელწაწვდილი, როგორც ფიცხი პიონერი.

ამხანაგური სალამი, ამხანაგო გოგონა.

დღეს ჩვენ კარგად ვიმხიარულებთ.

მადლობა უფალს.

 

 

ბართლომეს კონდაკი 11

 

გახდე პოპ–ვარსკვლავი, შენი ლექსები გახდნენ საყოველთაონი

და შენს კარებთან მოსკიტებივით დაძრწოდნენ ჟურნალისტები

„ბი ბი სი“–დან,

„სიენენ“–იდან

„ალჯაზირადან“

„რუსთავი 2“–დან და „კავკასიიდან“

(და რატომღაც, „ნეიშნალ ჯეოგრაფიკიდანაც“)

და ცდილობდნენ, თუნდაც ერთი ექსკლუზიური ბლუყუნი გამოგძალონ,

მადლობა უფალს.

შენ კი იცინოდე იცინოდეიცინოდეიცინოდეიცინოდე ისტერიულად

(დიდი ტრაგედიის დროს სიცილი ერთადერთი სწორი რეაქციაა)

და არავინ იცოდეს შენი სიცილ(ებ)ის შესახებ

ან ჩვენ თვითონ რა ვიცით საკუთარი სიცილ(ებ)ის შესახებ.

ზოგჯერ მათი არსებობაც კი ძნელად მოსაჩხრეკი ხდება,

რაც, ცხადია, არ გამორიცხავს მათ არსებობას,

თუმცა, რა დასამალია და, მაინცდამაინც ვერც ამტკიცებს,

მადლობა უფალს.

 

ბართლომეს იკოსი 11

 

სიტყვების გამუდმებული განმეორებით

ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ნებისმიერი მათგანი.

ამას აკეთებს პოეზიაც –

ის სიტყვებს კლავს

და ტოვებს მხოლოდ მათ ანარეკლს

რუტინის ორთქლიან სარკეში,

მათ სახიფათო ონტოლოგიურ ქსოვილს.

გაუსვი თითი

დატოვე სიტყვა –

ეფემერული, უადგილო და უხერხული,

როგორც სიკვდილი,

როგორც პიკასოს რეპროდუქცია „თიბისი ბანკში“

როგორც დაბადება–გარდაცვალების საყოფაცხოვრებო ტავტოლოგია.

მადლობა უფალს.

 

 

ფილიპეს კონდაკი 12

 

და როცა რომელიმე სიტყვა მიაღწევს გამოხატვის მაქსიმალურ სიღრმეს,

მაშინ სამყარო დაიცლება მნიშვნელობებისგან

და იქნება დიდი სიცარიელე,

სადაც მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ილივლივებს,

რომლითაც ყველაფერი აღინიშნება, განიმარტება და გაისხიპება

დავარქვათ მას ღმერთი

ცა იქნება ღმერთი

მზე იქნება ღმერთი

“დრო” იქნება ღმერთი,

„მე შენ მიყვარხარ“ იქნება ღმერთი

„ტომ!.. პასუხი არ არის...“ იქნება ღმერთი

„რომელი საათია?“ იქნება „ღმერთი?“

„ღმერთი მოკვდა“ იქნება „ღმერთი“

ღმერთიც იქნება ღმერთი

და აი, მაშინ ღმერთის სიცილი

გადაფარავს დედამიწას,

ქალაქებსა და ტროტუარებს მოედება მისი სიცილი

და სარდაფებს დატბორავს და ქუჩებს დატბორავს მისი სიცილი,

და იქნება დიდი სიცილდიდობა,

აუტანელი და ფანტასტიკური სიცილდიდობა,

მე ვიტყოდი,

ხარხარდიდობა,

ხორხოცდიდობა,

უფრო მეტიც, როხროხდიდობა

და შესაძლოა, კისკისდიდობა

მადლობა უფალს.

გაჩერდება მოძრაობები,

შეიქმნება საცობები და იქნება სირენების გამკივანი ხმა,

და ათასობით მანქანა, როგორც ათასობით ნოეს კიდობანი,

მოცურდება სიცილ–სიცილ

მოძრაობა გაჩერდება,

და შუქნიშანზე „შევროლედან“ გადმოვა ათასი ნოე,

და ათასივე აიკაპიწებს ათას ტურტლიან შარვალს

და შიგ შუა სიცილში გატოპავს

ვინაიდან დაწერილია,

ყველაფერი დაუბრუნდეს თავის სამყოფს, წიაღს და სავანეს:

ძროხა ბაგას, ბაგე ბაგეს, ბინგო – ბონგოს, შვილი – საშოს, საშო – საშას, საშა – გრეის,

და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.

მადლობა უფალს.

და მოვიდეს დიდი დედა დიდი შუაღამიდან

გადაიხსნას დიდი საშო, როგორც კომბოსტო,

ჩაგავლოს ქეჩოზე თავისი ნახევრადღვთიური ხელები

და შეგიბრუნოს იქ, საიდანაც გამომძვრალხარ,

შენ უარობდე

და შენი “ნაიკის” ბოტასები სრიალებდეს საშოს ბაგეებზე,

მაგრამ საბოლოოდ დანებდე,

რადგან, როგორც უკვე აღინიშნა,

ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს თავის სამყოფს,

ყველაფერი უნდა განმეორდეს,

მიუხედავად ყველაფრისა.

მადლობა უფალს.

 

 

ფილიპეს იკოსი 12

 

ბოლოს და ბოლოს,

ღმერთი სხვა არავინაა, თუ არა დაკომპლექსებული ეშმაკი,

რომელმაც საკუთარი ძე ჯვარზე მიაკლა.

მადლობა უფალს.

შესაძლოა, ახალგაზრდობაში

მას არ აძლევდნენ ქერუბიმები

და ამიტომაც გამოიგონა საკუთარი პერსონა,

როგორც სამყაროს ჭიპი, როგორც დემიურგი.

მადლობა უფალს.

შესაძლოა, მას სტანჯავდა ავადმყოფობა,

დარწმუნებული ვარ, დისტროფიკი იყო,

შესაძლოა ბრონქიალური ასთმაც აწუხებდა,

მადლობა უფალს.

რატომ იყო სამოთხეში ვაშლის ხე,

იქნებ უფალს С ვიტამინი აკლდა...

იქნებ ბავშვობაში ცემდნენ კიდეც...

მადლობა უფალს.

მე, ცხადია, ვაცნობიერებ,

ჩემი აზრების სწორხაზოვნებას

და არტისტულ ათეიზმსაც

მადლობა უფალს

ამავდროულად, ისიც მესმის, რომ

ნებისმიერი რელიგია ათეიზმით სრულდება,

თუმცა, ბორის გროისის განცხადებით,

ჩვენ ჩვენ ჯერ კიდევ გვიანდელი პროტესტანტიზმის ეპოქაში ვართ.

მთავარია, ჩვენ გავუძლოთ ამ ყველაფერს,

და ცხადია, ჩვენ გავუძლებთ ამ ყველაფერს,

მადლობა უფალს.

 

 

ანონიმური კონდაკი 13

 

მე მესმის შენი სახელი, ღმერთო,

რომელმან ღრუბელი წვიმად მოთარგმნე

და ნამი გვაპკურე

რომელმან შექმენი სამყარო, ძალითა მით ძლიერითა, როგორც ცნობილია

და რომელიც იყავ პირველად

და მე ვიტყოდი, უპირველესად,

რომელმან გამოთქვი ქარიშხალი, თითქოს იავნანა გამოგეთქვას,

და მივდიოდეთ ჩვენ ამ შუა იავნანაში

დაღლილები და აუტანლები

და არ გვეშინოდეს, ვინაიდან შენ აქ ხარ, ღმერთო,

რომელმან სიცილითა სიცილი დათრგუნე,

ჯოჯოხეთი წიხლით შეხსენი

და ცოდვილები სამოთხისკენ კინწისკვრით გაიგდე

(ეგრე უნდათ მაგათ!)

რომელმან სულიწმინდის დესანტი გადმოსხი ჩვენს მოწყვლად ტანებში,

და შეგვიმსუბუქე ამაოების მძიმე კურტანი,

რომელმან ელვასავით შეიხსენი სხეული,

წამწამები გამოდე ყოფნასა და არყოფნას შორის,

როგორც უკვდავი მირაბოს ხიდი,

რომელიც გიიომ აპოლინერმა გააუკვდავა,

თორემ როგორც ხიდი, რასაკვირველია, დიდიც არაფერი.

რომელმან მოქსოვე ჩემი სიზმრები შემოდგომის ბალახებისგან

და ბულბულის ბგერებისაგან

რომელმან შექმენი სექსი ლოგინში და სიკვდილი სომალიში

თანაც უბრალოდ, სიკვდილი კი არა, ათასობით ბავშვის სიკვდილი.

რომელმან დაგვიტოვე მიწა ფეხქვეშ

და გაბმული კივილი ყურქვეშ

და სიტყვები პრეზიდენტის ტელემიმართვიდან

და სასოწარკვეთილი გიჟების არალეგალური ფრაზები

და ხორკლიანი მოგონებები დედაზე

და ხელნაკეთი სიზმრები

საიდანაც დეკორაციები ურცხვად გაზიდეს

რომელმან ჩვენი ცრემლი აზიდე ცაში

რათა ჩვენი ღამეული ჟრუანტელები

ვარსკვლავებზე გამოჰკიდო

და ჩვენი საყოფაცხოვრებო სიცილები

დროშასავით დაარჭო კოსმოსში

რასაკვირველია,

ეს იქნება პატარა ღიმილი ადამიანისათვის

და დიდი ხორხოცი კაცობრიობისთვის,

მაგრამ ჩვენ შენი მადლიერი ვართ

და სხვანაირად არც იქნებოდა.

მადლობა უფალს.

 

ანონიმური იკოსი 13

 

ვინ გამოაღო ჩვენი სიზმრები?

და სიზმრებშიდა ღრიჭოებში

ვინ ჩაგვითესა მკაცრი სიფხიზლე?

ვინ ამოზარდა ტროტუარებზე ჩვენი ჩრდილები?

ვინ დათესა სიკვდილი ყველა მოსახვევეში?

ვინა ამოკაწრა ნაოჭები დედაჩემის შუბლზე?

ვინ იწვევს სიკვდილს?

რა მიიღწევა სიკვდილით, გარდა დავიწყების?

ეს ყვავილები ვინ ჩამოდო ჩემს საფლავზე?

– ეს გზა აღგვამაღლებს? – ვეკითხები.

– ეს გზა აღგვამაღლებს, – მპასუხობს ღმერთი.

– დაჯექი, ორიანი, ღმერთო!

არაფერი გაგეგება ამქვეყნისა,

საერთოდ არაფერი!

ხარ შენთვის ცაში

და მშვიდად ხარ

სტატისტიკა კი ასეთია:

ყოველწლიურად 15 მილიონი ბავშვი შიმშილით კვდება,

მსოფლიოში ყოველი 25-ე ადამიანი საკვების უკმარისობას განიცდის,

მათ შორის, 16 მილიონი 5 წლამდე ბავშვი.

მხოლოდ სტიქიურმა უბედურებებმა 295 ათასი ადამიანი იმსხვერპლა,

3 მილიარდი ადამიანი იბრძვის, რათა, უბრალოდ, ცოცხალი გადარჩეს.

გუშინ დედამ შვილი მოკლა,

გუშინწინ – პირიქით.

რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?!

ჩვენ ისედაც გვჯეროდა შენი…

 

თბილისი, 2011 წელი.  ყდის დიზაინი: მუსია ქებურია

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული