• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დინოზავრეთი, ჩვენ

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბუკოვსკი 00 , 0000 2566
თარგმანი: ლუკა ეხვაია
 
დავიბადე ამგვარად
ისეთ ცხოვრებაში
როცა ცარცისფერი სახეები იღიმიან
როცა ქალბატონი სიკვდილი ხარხარებს
როცა ლიფტები მოწყვეტით იმსხვრევა
როცა პოლიტიკური ლანდშაფტი იშლება
როცა სუპერმარკეტის კონსულტანტი ბიჭი ფლობს კოლეჯის დიპლომს
როცა ნავთობნაყლაპი თევზი ამოაბოყინებს თავის ნავთობნარევ ნადავლს 
როცა მზე არის შენიღბული
ჩვენ 
დავიბადეთ ამგვარად
ასეთ ცხოვრებაში 
გულმოდგინედ შეშლილ ომებში
დანგრეული ქარხნების დაცარიელებული ფანჯრების ხედში
ბარებში, სადაც ხალხი ერთმანეთს აღარ ესაუბრება
მუშტი-კრივში, რომელიც მთავრდება სროლით და დაჭრით
დავიბადე ამ ჭაობში
ჰოსპიტალებში, რომლებიც ისეთი ძვირია, უფრო იაფში გამოხვალ რომ ჩაძაღლდე
ვექილებში, რომლებიც იმდენ რამეში გდებენ ბრალს, უკეთესია დანაშაული აღიარო
ქალაქში, სადაც ციხეები გატიკნულია და საგიჟეთები დაცარიელებული
ადგილას,  სადაც მასები სულელებს აქცევენ გასუქებულ გმირებად 
დავიბადე აქ 
ვსეირნობ და ვცხოვრობ მისი მეშვეობით
ვკვდები მის გამო
დავსუსტი მის გამო
დავსაჭურისდი
წავხდი
მემკვიდრეობის გარეშე დავრჩი
მისი მიზეზით
მან გამაცურა
მან გამომიყენა
მან გამაფსმევინა
მან გადამრია და დამასნეულა
მომეპყრო ძალადობრივად
მომეპყრო არაჰუმანურად
მისი დამსახურებით
გულს ჩირქი მოეცხო
თითები აღწევენ ხახამდე
იარაღი
დანა
დინამიტი
თითები აღწევენ გულგრილ ღმერთამდე
თითები აღწევენ ბოთლამდე
აბები
დენთი
ჩვენ დავიბადეთ მწუხარე ბოლო ვადებში
ჩვენ დავიბადეთ სახელმწიფოში, რომელსაც 60 წელია ვალი აქვს
მოკლე ხანში ვეღარ შესძლებს ვალების გადახდას
და ბანკები გადაიბუგება
ფული გახდება უსარგებლო
ქუჩებში დაისადგურებს დაუფარავი და დაუსჯელი მკვლელობები
გაჩნდება ტყვიამრფქვევები და მოხეტიალე განსგტერთა ბანდები
მიწა გამოუსადეგარი გახდება
საკვების რეზერვები შემცირდება
ატომურ ენერგიას ბევრნი დაეპატრონებიან
აფეთქებები შეუჩერებლად შეარყევენ დედამიწას
რადიაცირებულ-რობოტიზირებული ადამიანები ინადირებენ ერთმანეთზე
მდიდრები და რჩეულები თვალს მიადევნებენ კოსმოსური სადგურებიდან
ამ ყოველივეს გვერდით დანტეს ჯოჯოხეთი ბავშვების სათამაშო მოდენას დაემსგავსება
მზე აღარ გამოანათებს და დაისადგურებს კონსტანტური უკუნი
ხეები აღიგვებიან
ყველანაირი მცენარეულობა მიიცვლება
დასხივებული ადამიანები შეჭამენ დასხივებული ადამიანების უმ ხორცს
ზღვები დაიწამლება
ტბები და მდინარეები გაქრება
ბაჯაღლო ოქროს წვიმა წამოვა
ადამიანების და ცხოველების ლპობაშეპარეული ორგანოები ამყრალდება წყვდიადით მოცულ ქარში
უკანასკნელ ცოცხლად გადარჩენილებს უცაბედად თავს დაატყდებათ ახალი საზარელი სენი
და კოსმოსური სადგურები განადგურდება გამოფიტვისგან
გამოილევა მარაგები
ესაა საყოველთაო დეკადანსის ბუნებრივი ეფექტი 
და გაბატონდება აქამდე გაუგონარი წარმტაცი სიჩუმე
ჩასახული მისგან
მზე ჯერ კიდევ მიმალულია
მომდევნო თავის გადაფურცვლის მოლოდინში. 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული