- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ჩემი 28 წლის დისტროფიკი გელფრენდი მხოლოდ 28 კილოს იწონიდა.
მისი მიზანი 20 კილომდე ჩამოსვლა იყო.
თვლიდა, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და მეც უფრო მომეწონებოდა.
არადა რომ სცოდნოდა როგორ ვერ ვიტანდი.
მისთვის ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა იყო, როდესაც ჩხუბისას ძვლების ტომარა ვუწოდე. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა კიდევ რვა კილოს დაკლება, რადგან ჩათვალა, რომ ტომარა მსუქანის სინონიმია.
ამასობაში მე გამასუქა, მასთან 3 თვიანი ურთიერთობის განმავლობაში უგემრიელესი საჭმელებით ვიკვებებოდი.
ჩემს გელფრენდს ძალიან უყვარდა კარგი საჭმელები, მაგრამ ვერ ჭამდა. როგორც კი ერთ ლუკმას გადაყლაპავდა მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, ეწყებოდა კრუნჩხვები და ვიდრე გულს არ აირევდა და ნაჭამს უკან არ ამოიღებდა ვერ წყნარდებოდა. საჭმელზე ალერგია არ ჰქონია, უბრალოდ მის თავის ტვინში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა მუდმივად ჩასძახოდა, რომ ერთი ლუკმა 0%-იანი ხაჭო აუცილებლად გაასუქებს, ისე, რომ აღარავის მოეწონება.
თვითონაც იცოდა, რომ ეს სისულელეა, მაგრამ რა უნდა ექნა? შინაგან ხმებთან გამკლავება ძალიან უჭირდა.
თავის გურმანულ მისწრაფებებს ჩემზე იკმაყოფილებდა.
მთელი დღე სამზარეულოში იდგა, აკეთებდა საჭმელს, აცხობდა ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს და შემდეგ წინ მილაგებდა. მაგიდასთან დაჯდებოდა და ნეტარებით მიყურებდა როგორ ვჭამდი ამ საოცარ საჭმელებს.
მას ეგონა, რომ იდეალური ქალი იყო.
სადილისას ყოველთვის ვცდილობდი მისი ნერვები და გონება კიდევ უფრო შემერყია. სცენა ასე თამაშდებოდა, ვზივარ და ვჭამ ნელა, ყოველ ლუკმას ვიტრიალებ ცხვირთან და ვცდილობ არომატი შევიგრძნო, ხანდახან ჩანგალზე წამოცმულ ხორცის დიდრონ ნაჭერს ვთავაზობ და დაყვავებით ვეუბნები:
“გასინჯე, ძაან გემრიელია! საოცარი ხელი გაქვს!” – ის ცხვირს აიბზუებდა და მეც ვითომ სწორედ იმ წამს გამახსენდა, დანანებით ვეტყოდი, “მაპატიე, საყვარელო!”
ხანდახან, როცა შევატყობდი, რომ მოთმენა აღარ შეეძლო ყველაზე გემრიელ ნაწილებს ვტოვებდი და ვთხოვდი საღამოსთვის ან შემდეგი დღისთვის შეენახა. ის მაძალებდა, იცოდა, რომ იმ დღეს აუცილებლად წაუცდებოდა ხელი.
“შევჭამდი, მაგრამ ჩემი შინაგან ხმა მეუბნება, რომ ძალიან ბევრი მომივიდა.” ამის გაგონებაზე ის უმალ ალაგებდა მაგიდას, რადგან ძალიან ზრუნავდა ჩემზე და არ უნდოდა მეც მისნაირად გამეფრინა.
გემრიელი ვახშმის შემდეგ ვწვებოდით. მე გამოტენილი ვიყავი, მას კი მხოლოდ ერთი სტაფილო ჰქონდა ნაჭამი, რომლის ნახევარიც ამოერწყია.
შუაღამისას ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ აალაგებდა თავის ძვლებს ჩემი სხეულიდან და ჩუმად მიიპარებოდა სამზარეულოსკენ. ამ დროს ოცდაათამდე ვითვლდი და ზუსტად ამ დროის გასვლის შემდეგ იატაკზე ძვლების დაყრის ხმა მესმოდა. შემდეგ ხველება. ამ დროს მეც მსწრაფლ ვდგებოდი და მისკენ გავრბოდი. არ მინდოდა ეს სანახაობა გამემაზა და არც არასდროს გამიმაზავს, მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ მეძლეოდა საშუალება ამ სადისტური შოუთი დავმტკბარიყავი. ძალიან მახალისებდა მისი საზიზღარი სხეულის ყურება როდესაც ის უმწეოდ იკლაკნებოდა და წამოდგომას ცდილობდა. ამ დროს, როგორც წესი, პირიდან დუჟი სდოდა და ხროტინით ცდილობდა შველა ეთხოვა. მე თითქოს პანიკაში ვვარდებოდი და რამდენიმე წამი აქეთ-იქით დავრბოდი. ხან ტელეფონს ვეცემოდი, ხან ონკანთან მივირბენდი წყლის მოსატანად. ბოლოს როცა თვალები ფოსოებიდან გადმოეკარკლებოდა და ჩემს უუნარობას შეგუებული იქვე იატაკზე არწყევდა მივიდოდი და ცალ მუხლზე დაჩოქილი ვუჭერდი შუბლს. როცა სულს მოითქვამდა, მომიტრიალდებოდა და ძალიან საყვარლად და შეწუხებული მეტყოდა:
“რით ვერ ისწავლე, წამიყვანე ტუალეტისკენ. ახლა ამას ხო აწმენდა უნდა, დავიღალე.”
“რა ვქნა, ძვირფასო, პანიკაში ვვარდები, მგონია რომ რაღაც მოგივა.”
“არაფერი არ მომივა. მაგრამ ვერ ამწევ, ძალიან მძიმე ვარ. აი, ცოტაც და იდეალურ წონაზე დავდგები.” ზლაზვნით წამოდგებოდა, რა დროსაც ყველა მისი ძვლისა და სახსრის მოძრაობა გამოკვეთილად ჩანდა. მე ამ დროს იატაკზე ვიჯექი და გაღიმებული ვუყურებდი. მას სულ ეგონა, რომ ძალიან მიყვარდა, ვგულშემატკივრობდი და სწორედ ამიტომ ვუღიმოდი ასე სათნოდ. არადა, ამ მომენტში გონებაში რამდენჯერმე ვათამაშებდი მისი კლაკნვის სცენას და ეს ყველაფერი საოცრად მახალისებდა.
მოვიდოდა და შუბლზე ნაზად მაკოცებდა.
როცა იატაკის წმენდას იწყებდა მე იქვე სავარძელში ვჯდებოდი და სიგარეტს ვეწეოდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორც კი წმენდას მორჩებოდა, მაშინვე, მის შინაგან ხმას გაეღვიძებოდა და კიდევ ერთხელ შეახსენებდა რა საშინლად მოიქცა და რომ ის ნამცეცები, რომლებიც კუჭში დარჩა აუცილებლად გაასუქებდა.
ისევ დავარდებოდა, ატეხდა ხველებას და ხელების სავსავით შველას მთხოვდა.
აქ უკვე ვეხმარებოდი, რადგან პანიკის არგუმენტი აღარ გამოდგებოდა.
სადისტური შოუს შემდეგ ვწვებოდით.
მომეხუტებოდა და თავის ძვლებს ჩემს სხეულზე შემოალაგებდა. უყვარდა როცა მუხლი ჩემს მუცელზე ედო და თავი – მხარზე. მე კიდე საშინლად მეზიზღებოდა მისი უფრომო სხეული, რომელიც სიბნელისა და ფანჯრიდან შემოსული მკრთალი სინათლის წყალობით სიმახინჯის ახალ-ახალ დონეებს იპყრობდა.
ჩემს მახინჯ და დისტროფიკ გელფრენდს ელენე ერქვა.
როცა გავიცანი ქუჩაში, ტროტუარზე იჯდა და არწყევდა.
თავისი ძვლიანი სახით შემომხედა და მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ვინც მე მჭირდებოდა.
საქმე ისაა, რომ სწორედ იმ დღეს დამშორდა ჩემი შეყვარებული, რაღაც ყლეობები მოიმიზეზა და ცივი სახით და მკაცრი ტონით გამომიცხადა, რომ ჩემი ადგილი მის ცხოვრებაში არ იყო.
მოკლედ, როგორც კი ტროტუარზე ჩამომჯდარი, ტუჩებზე დუჟ გადაგლესილი დისტროფიკი დავინახე ძალიან გამიხარდა.
ჩემს ყველა ყოფილს პრობლემა ჰქონდა თავის წონასთან.
მსუქნები არ ყოფილან, უბრალოდ მათ ასე ეგონათ.
დღე იწყებოდა იმით, რომ ძალიან გასუქდნენ, ხოლო ღამე მთავრდებოდა იმით, რომ დღეს ძალიან ბევრი ჭამეს და აუცილებლად გასუქდებოდნენ.
ყოფილებზე საუკეთესო შურისძიება კი მათზე უკეთესთან შეხვედრაა.
პირველივე პაემანის შემდეგ ავტვირთე ჩემი ახალი დისტროფიკი შეყვარებულის ფოტო ჩემს პროფილზე და გული მივახატე.
ჩემი ყოფილების გულებს ბოღმით ვავსებდი და იმედი მქონდა, რომ ოდესმე გაუსკდებოდათ.
ერთ დილას სასიამოვნო სურნელმა გამაღვიძება.
სამზარეულოში ყველაზე მრავალფეროვანი საუზმე დამხვდა და მეც სიამოვნებით მივუჯექი მაგიდას.
ჩემი დისტროფიკიც გვერდით მომიჯდა, მაგიდაზე იდაყვით ჩამოეყრდნო – ხელისგულს ნიკაპით. გამომშრალი თვალებით შემომხედა. მე ვუყვარვარდი თუ ის ფაქტი, რომ ვჭამდი – არ ვიცი.
“იცი! ახალი მეთოდი აღმოვაჩინე.”
“გახდომის?”
“არა, ჩემი საყვარელი საჭმელის მიღების.”
“აბა?”
“უნდა დავღეჭო და არ გადავყლაპო, გემოს შევიგრძნობ, გასუქებით კი არ გავსუქდები!”
“ცადე უკვე?”
“არა, შენთან ერთად მინდოდა მეცადა!”
“კარგი.”
თეფშზე ერთი მოზრდილი ყიყლიყო გადმოიღო. ღრმად ამოისუნთქა, ჯერ მე შემხედა, მერე – ყიყლიოს და ხარბად ჩაკბიჩა.
ღეჭვისას სახეზე ნეტარება მოეფინა, შემომხედა და ნაზად გამიღიმა.
ზუსტად 15 წამი დაჭირდა ჩემი საყვარელი სანახაობის დაწყებას.
ყიყლიყო ხელიდან გააგდო, ყელზე ხელი იტაცა და სასოწარკვეთილმა ამოიკნავლა, “ნამცეცები გადამცდა.”
ამ შემთხვევის შემდეგ ერთი კვირა ვცდილობდით ისე დაეღეჭა, რომ ნამცეცი არ გადასცდენოდა.
“იქნებ დღესაც გეცადა? ცოდო ხარ! შენც ხო გინდა გემრიელად ჭამა!” – ვეტყოდი და სადისტური შოუს მოლოდინში ვინაბებოდი. ბოლოს, რომ ნახა, რომ არ გამოსდიოდა, მადლობა გადამიხადა მხარდაჭერისა და მცდელობისთვის და ახალ მეთოდზე საბოლოოდ თქვა უარი.
ამ ერთ კვირიანი ეპიზოდის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა და ახლა კვლავ ორ კვირაში ერთხელ ვნახულობდი ელენეს ტანჯვას.
ნუ იფიქრებთ, რომ მე მას მხოლოდ ჩემი ექსებისა და საკუთარი სადისტური ვნებების დასაკმაყოფილებლად ვიყენებდი. ღმერთმანი, რამდენჯერმე შევთავაზე დაბრუნებულიყო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდნენ და წამლებს აძლევნდნენ, რომელიც მის შიზოფრენიას დროებით შველოდა. მაგრამ არაფრით მთანხმდებოდა.
როგორც მისი ყოფილი დაქალისგან გავაკრვიე, ადრე ძალით წაიყვანეს, თანაც წყალში რაღაც წამალი ჩაუყარეს, დააძინეს და ვიდრე გამოიღვიღებდა წამალიც გადააყლაპეს. მასში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა სარეაბილიტაციო ცენტრის გაგონებაზე უმალ შეტევაზე გადადიოდა და რამდენჯერმე თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა. ბოლოს რომ იქ დაბუნრება ვუხსენე, ჯერ ლოყები ჩამოიხოკა, მერე თვალები ჩაუსისხლიანდა, ცოფიანი ძაღლივით დორბლები ყარა და მთელი ქვანი აჯაფსანდალი ჩამომამხო თავზე.
სიმართლე რომ ვთქვა, კი კარგი სანახავი იყო ამ დროს და სიცილიც ძლივს შევიკავე, მაგრამ ვიდრე განმეორებას ვცდიდი მისი სუიციდური წარსული გამახსენდა და ამ შესანიშნავ შოუზე უარის თქმა მომიწია.
გაცნობიდან სამი თუ ოთხი თვის თავზე ყველაფერი მომბეზრდა. თანაც ღმერთმანი, აქამდე იმ ჩემს ექსებს ან სულაც დავავიწყდებოდი ან კიდევ დაიხოცებოდნენ. მერედა ძნელია სამი თვის განმავლობაში უყურო ამ საშინელ არსებას, რომელთანაც სექსიც კი შეუძლებელი იყო. ჯერ იყო და მე ისე გავსუქდი, რომ მისი სხეული ჩემს მასას ვერანაირ პოზაში ვერ უძლებდა. თვითონ თუ მოექცეოდა ზემოდან, მისი სხეულის კლაკვნასა და სახსრების გადახრის ამპლიტუდას ისტერიკულ სიცილამდე მივყავდი და არც ერთს შეგვეძლო გაგრძელება. არა, სანახაობა კარგი იყო, ვერ უარვყოფ, მაგრამ…
მოკლედ, ამ ქორნიკული უსექსობის, ისტერიკების, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის მაღალი კონცენტრაციის დამსახურებით ერთ დღეს სულ დისტროფიკი დედის მუტელი ვაგინე… კინაღამ… ვიდრე სიტყვები ჩემს ბაგეთ მოსწყდა ერთმა მზაკვრულმა აზრმა გამიელვა და სულ მსუქანი და ქონიანი ყლექალა ვეძახე.
შეუძლებელია სიტყვებით იმის აღწერა, რაც იქ დატრიალდა.
სახე გაეყინა, ტუალეტში შევარდა სარკეში ჩაიხედა, იქიდან თმა გაწეწილი და აკივლებული გამოვარდა, ჩემს წინ მუხლებზე დაეცა, თავი იატაკს ურტყა და დუჟმორეული სახით შემომკნავლა.
ცოტა არ იყოს შემეშინდა.
უცებ მაცივართან მდგარი სასწორი დაინახა, წამოხტა და ზედ დააფრინდა.
რამდენიმე წამი უყურა, სამჯერ ჩამოვდა და ავიდა.
“შე უმადურო ნაბიჭვარო! მატყუარა ყლეო! ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან!” ყბებში ისე გამოსცრა კინაღამ ისეტიკული სიცილი წამსკდა, მაგრამ თავი შევიკავე, საძინებლისკენ წავედი და ჩემი ნივთების ჩალაგებას შევუდექი. ამასობაში სამზარეულოდან სასწორზე ასვლის და ჩამოსვლის ხმა მესმოდა, ყოველშემთხვევაში მე ამის ძალიან მჯეროდა და კარადაში თავჩარგული დრო და დრო გულიანად ვიცინოდი.
როცა წასასვლელად გამოვედი, ის სამზარეულოს შესავლელთან იდგა და სახე წაშლილი, თვალებ ჩასისხლიანებული და ტუჩზე დორბლმომდგარი მიყურებდა.
“წავედი.” გავუღიმე. “მაგრამ შენებს შევატყობინებ და აუცილებლად წაგიყვანენ სარეაბილიტაციო ცენტრში. ოღონდ ამჯერად წონის დასაკლებად.”
მისი გაბმული კივილი მაშინაც კი არა შეწყდა, როცა კარი გამოვიხურე. კიბეზე დაშვებისას და ტაქსში ჩაჯდომისასაც მესმოდა ეს საშინელი ხმა.
რაღაცნაირი თვითკმაყოფილება დამეუფლა, როგორც პენსიაზე გასულ ვარსკვლავს, რომელმაც თავისი უკანასკნელი შოუ ტრიუმფით დაასრულა და პუბლიკას თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.
ამ ამბებიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, სახლში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, დედაჩემის გაკეთებულ სენდვიჩებს ვჭამდი და კიდევ უფრო ვსუქდებოდი. კარის გაღების და დახურვის ხმა შემომესმა, მეგონა ჩემი ძმა მოვიდა, რომელიც მაღაზიაში ლუდის საყიდლად მყავდა გაგზავნილი და მის ლოდინში სენდვიჩებს ნელა ვჭამდი, იმიტომ რომ ლუდისთვისაც მინდოდა მიმეყოლებინა. ოთახში ჯერ დედაჩემი შემოვიდა და უკან ათამდე ან მეტი პოლიციელი შემოყვა.
მათგან ერთ ერთი, ყველაზე მხნე და ჭკვიანი ჰაბიტუსის მქონე მომიახლოვდა და სახელი და გვარი მკითხა, ეს ხარო?
“დიახ” გაკვირვებით ვუპასუხე. ეს ისედაც მოკლე პასუხი დამთავრებული არ მქონდა, როცა კისერში მტაცა ხელი და პირდაპირ ჩემს სენდვიჩებში ჩამაყოფინა თავი.
“თქვენ ბრალი გედებათ თქვენი ყოფილი შეყვარებულისთვის უკანონონდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობაში.”
“რომლის?”
“ელენესი. რა კიდე რომელიმეს გვამს უნდა ველოდოთ?”
“არა.” შოკირებულმა მივუგე და დედაჩემს მივაშტერდი, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ სინდვიჩებს აღარასოდეს გამიკეთებდა.
როგორც გამოძიების მასალების გაცნობის შემდეგ დავასკვენი, ჩემი წასვლის მერე ელენემ რადიატორზე მიიბა თავი, რათა წყურვილითა და შიმშილით მომკვდარიყო. თავიდანვე გადაწყვტილი ქონდა თუ არა ჩემთვის გაჩალიჩება ეს არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო ძალებით საწერი მაგიდიდან თავისი საზიზღარი ფეხებით კალმის და ფურცლის გადმოყრა და თავისთან მიჩოჩება შეძლო. რის შემდეგაც წერილი დატოვა, რომელშიც იტყობინებოდა, რომ რადიოტრზე სწორედ მე მივაბი და ასე დავტოვე. მისი დისტროფიაც მე დამდო ბრალად, სარეაბილიტაციო ცენტრში დაბრუნება მსურდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ გამიშვაო.
რამდენიმე დღის მერე მომკვდარა, მისი გვამი კი ისეთი გამომხმარი და უცხორცო იყო აყროლებას მთელი ორი კვირა მოანდომა და სწორედ მაგ დროს გამოიძახეს სპეციალური სამსახური მეზობლებმა.
ჩემი ადვოკატი დაჟინებით მთხოვდა დანაშაული მეღიარებინა. თუ გინდა, რომ სამუდამო პატიმრობა არ მოგისაჯონ, საპროცესოს დათანხმდი, აღიარე, თხუთმეტ წელს მოგისჯიან და ათ წელიწადში გარეთ იქნებიო.
უარი ვუთხარი და ისტორიის ჩემი ვერსია როცა მოვყევი, ყველა სადისტური შოუს და ჩემი ვნებების ჩათვლით, თვალები გაუბრწყინდა. სკამიდან წამოფრინდა და სადღაც გავარდა.
სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნა იჩალიჩა და მთხოვა ფსიქოლოგისთვის ზუსტად იგივე მომეყოლა რაც მას ვუამბე.
დავუჯერე.
ექსპერტის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ ათ წლიანი პატიმრობა შემომთავაზა, ოღონდ სასამართლოზე ამ მარაზმით ნუ გაგვიყვანთო.
დავთანხმდი.
სადღაც ორი წელიწადია რაც გარეთ ვარ. ელენეს სიკვდილის მერე თორმეტი წელი გავიდა.
ამ ორი წლის განმავლობაში, რაც თავისუფალი ვარ, ერთი დღე არ ჩამიგდია, ყოველდღე ამოვდივარ ელენეს საფლავზე. ამომაქვს საჭმელი და ღვინო. მის შესანდობარს ვსვამ და საკურთხს ვჭამ – იმის იმედად, რომ ეს საჭმელი იქ მიუვა და მასში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა არც საიქიოში მოასვენებს.