- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ცხოვრებისეული, უზენაესი დილემა მდგომარეობს შემდეგში,
უყვარდეს ადამიანს თუ იყოს ბედნიერი,
თუ უყვარს, დაჰკარგავს ბედნიერებას,
რადგან სიყვარულის მანტრა არის ტანჯვა,
ხოლო თუ ილაღობებს, ჩამოშორდება ტანჯვას,
და ვერასოდეს შეიგრძნობს გრძნობების აშლას,
აზვირთებას და მათ ტაიფუნს,
ვერასდროს წალეკავს ტკივილის განცდა.
მე ვირჩევ სიყვარულს და ვაღიარებ მის მეტაფიზიკურობას,
ვლახავ რაციონალიზმისა და პრაგმატიზმის მიერ აღმართულ ჯებირებს,
ვხდები ლოგიკას მოკლებული და ვემიჯნები შერლოკიანელებს,
არანაირი დედუქცია და წინასწარი გათვლა.
ვებრძვი რაციოს და მეუფლება გრძნობა, რომ ვებრძვი ცივილიზაციას,
მაგრამ ღირს კი ცივილიზაცია გრძნობების ქარიშხლის ფასად,
მე განვაგდებ მწყობრ აზროვნებას და ლამაზად მოვარაყებულ თეორიებს,
მე ვუტევ აკადემიურ აზრს,
რომელმაც დიდი ხანია დაკარგა აკადემიურობა და იქცა ახალ რელიგიად,
მე ძირს დავცემ დეკარტს,
მისი სიტყვებისთვის,
„ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ.“
და დაჟინებით მოგიწოდებთ თქვენ,
იწამოთ ახალი მცნება
ოღონდ არა ათი მცნება,
დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი მცნება გვჭირდება,
მთელს კაცობრიობას,
და აი, ისიც:
„ვგრძნობ, მაშასადამე, ვაზროვნებ,“
უწინ ხომ მოგწონდათ მქადაგებლები,
რომლებიც თავს ღმერთების შვილად ასაღებდნენ,
მიმიღეთ მეც, როგორც რიგითი მესია,
და მე გესავთ თქვენ,
შეიგრძენით, განაღეთ გულთა კარიბჭე!
მე ვდგავარ ვალჰალაში, კატანით ხელში
და ვიგერიებ ზუსტს მეცნიერებებს,
მათ საცეცებს არ დარჩათ მიუწვდომელი სფერო,
გამოვიხმობ მისტიკის ღმერთებს
და შევსთხოვ, მოუვლინონ ქვეყანას:
მისნები, შამანები, დრუიდები, მჩხიბავები,
ვუდუისტები, ალქაჯები, ქურუმები,
ანგელოზები და დემონები,
რომლთა კვალიც დიდი ხანია გაქრა,
მე ვითხოვ ფანტასტიკური არსებების მთელს ურდოებს,
ნიმფებს, დვარფებს, ქალთევზებს, ელფებს,
ორკებს, გობლინებს, სალამანდრებს,
მე ვითხოვ ფავნის ლაბირინთად გადაიქცეს მთელი მსოფლიო,
კმარა ამდენი ყოველდღიური რუტინა და რეალობა,
მოვითხოვ მიძინებული სულების გამოფხიზლებას
და ჯადოსნური მოვლენების სრულ მოძალებას.
მე გამცნობთ, რომ არსებობს სული,
და მოგიწოდებთ უარყოთ სოციალური კონსტრუქციის თეორია.
ნუ შეგეშინდებათ, რომ დაკარგავთ ინტელექტუალის სტატუსს
და სხვაგვარ ფუჭ რეგალიებს,
ახალ რელიგიად აღიარეთ ფანტასმაგორია და გრძნობა!