- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თუ ვინმე ნაწნავისგან გოგონას შექმნის
რათა მან იხსნას სამყარო ყვავილებისგან,
სარკეში ამოთხრის თავის თავს ანგელოზი.
ყველაფერი ისეთი მოარულია
როგორც ცეცხლის ნიღაბი მკვლელის პირზე,
როგორც სიყვარული და კოცნა განშორების შემდეგ.
...
მათი აღგზნებული მაჯის კანები
საპონივით უსხლტება ხელიდან ერთმანეთს
თითოეული მათგანი საწყისი პუნქტიდან ინაცვლებს
ქარის უსწრაფესი კარუსელით
და მათი სიყვარული მზის დაშლილი ბოლქვებია
მათი ხმები მიდიან
უცნობი თანავარსკვლავედების დასაკრეფად.
ყვავის სიცოცხლე როგორც მანგანუმის ყვავილი
ამოფესვილი ჩემს სხეულზე
და თუ ვიღაც იტყვის რომ მისი ასო-
ეს სამყაროა
მე ავფრინდები
დეკემბრის თვის აეროპორტიდან
მზად ვარ გამოვექომაგო
და დავრგო საკუთარ სახელში
სიცოცხლის ხე
ვიბრუნო უსასრულოდ
ვიდრე სიტყვები არ მომარღვევენ
ჩემივე სხეულიდან და ვთქვა რომ
ამიერიდან სუნთქვას შევძლებ
თუკი ვივლი მხოლოდ სამხრეთით.
...
ბავშვი ტირილისას ხმება
და ხდება ჯუჯა ხე
მე კი ცეცხლს ვშობ,
ეპარქიას ვხსნი ბრაზისთვის.
ჩვენ ანგელოზები ვართ
მალე დაგვხოცავენ ერთი ტყვიით.
დრო გადის ,
მე მხოლოდ შენ მაინტერესებ
და უწყვეტი კოცნა
როგორც ავტობანის სისინი,
გადიხარ სამყაროდან
და კვდები ლურჯ ნათურაში ,
მე კი ქვიშით ვიფარავ აპოსტასს.
...
ისინი ამბობენ სიტყვებს
რომლებსაც ამოჰყავთ ემოცია საკუთარი თავიდან
ისინი მშვენიერები არიან
სარკიდან იწოვენ საკუთარ თავებს და ჭამენ
ახლა ეს სახლი დასჯილი სიჩუმეა
როგორც ზღვისგან გარიყული თევზი
უცნობ სანაპიროზე
სადაც ანგელოზები ტეხენ ნიჟარებს
და მოძვრებიან სიცოცხლის ძაფისკენ
მათი ხელები შაქარყინულივით თეთრია და ცივი
და რცხვენიათ იმის გამო რაც არ ჩაუდენიათ
და ბოდიშს იხდიან
რადგან არიან პატარა
შიშველი თევზი ადამიანები
აკვარიუმში.
***
სამი დღე არაფერი მეჭამა
მხოლოდ აბრეშუმის მკრთალი,
ნაზი სიტყვები
და შენი ენა მეჭირა პირში
მაგრამ დასასრული უფრო მყარია
ვიდრე ლითონი
ის ზის ჩვენს სისხლუჯრედებში
და კვლავ თავდაუზოგავად
გვახეთქებს ერთმანეთს.
შენ იმბეცილი ხარ,
და უახლოვდები მწვანე სამყაროს,
ელექტრონული მუსიკის ციფრული ქვესკნელი
გვაყვარებს ერთმანეთს.
ჩვენ ბოდიარტზე ვსაუბრობთ,
ავტოსტოპზე და ველურ პირობებზე დანიაში,
სადაც არავინ გველოდება
სადაც ქუჩებშს შორის შიმშილისგან
ძვლები შუქნიშნებივით ამოგვეყრება.
...
ორი წლის წინ ნამდვილად ვიცოდი
რა იყო ჰარდკორი
ტუალეტის ნიჟარა არ იდგა ოთახში
მან კარადის კარი გამოაღო და შიგნით შეაფსა
შეგვეძლო პულვერიზატორით მთავრობის სახლისთვის მიგვესხა
შუაღამის ქუჩებში მშვენიერი იყო
ჩემი, მისი და ღმერთის შერწყმა.
შენი ძმაკაცი დიდი ხანია გავაცილე პოლონეთში
წერილებს ვწერდი
მაგრამ პასუხი იშვიათად თუ მიმიღია.
როგორ მიყვარდა ეს ბიჭი,
შენ არ იცოდი
ის ჩამოვიდა ახალი ქალით,
ნარკოტიკის დიდი მარაგით
ისე მიყვარდა,
მისთვის შემეძლო
ბავშვები მუსიკალური საკრავებით ისე მეშვვა
არ დამერღვია მელოდია.
ვიყინებოდით კვერცხის გულივით მცირე კოცონი გვინდოდა
და ეგეც არ იყო.
...
ეს იყო ტექსტილის სახლი,
ტკივილი რომელზეც ბავშვობაში ვწერდი,
იასამნის ბოთლი რომლის ჩუქებაც მინდოდა,
საბოლოოდ კი არაფერი დარჩა .
შთავბერე სული და მტვერი მივიღე.
ჩვენ ყველას ტირილი გვინდოდა,
პატარა ბავშვის წინაშე,
რომელსაც არასდროს უნახავს დიდი ქალაქი და არც ცირკი,
მაკდონალდსი ან თეატრი.
იქნებ მათ გონიათ დამავიწყდა ,
თუ რა არის სიყვარული,
ჩემი ჯიბის ფარნის ანთებისთანავე,
სიბნელეში კვლავ იკვეთება დემონის სახე.
ეს შიშებია..
შენ კი აღარასოდეს ჩამჭიდებ ხელს
...
შენ გეკარგება სინთეტიკის სხეული
ეზოში სამი მაღალი ცელი ყვავილობს
ისინი ცდილობენ გამოიცნონ
თუ რა ჩაიფიქრა სიცოცხლემ შენს თვალებში .
საშიში არაფერია.
მოვა ღმერთი და კურდღელს მოგიყვანს
ის საწვიმარით მოვა და ბალახზე დასვამს სველ არსებას
რომელსაც ყურზე ბრინჯს მოაყრი.
ყველას ეგონა სიკეთის ხარჯზე გამდიდრდებოდი
მაგრამ გიმტყუნა ბედისწერამ
უხეშად ჩაერია შენს მიზანთროპულ კამპანიაში
და ხელმოცარულ მონსტრად გაქცია
ეს არაფერია
ისწორებ მარჯნისფერ დრედებს
და თევზს ყიდი ქალაქში.
...
მე მოვკალი მეგობარი
რომელთან ერთადაც რწმენის მდელოზე აღმოვცენდი
ის ამბობდა სიტყვებს
მეთანის მცირე ამოფრქვევებს
ბავშვის პირით
და სიზმრებს ფრთოსან თევზებს უყოფდა.
მე ვგრძნობდი
და მე მიყვარდა.
შენ არ გახსოვარ.
ის ვარ შუქნიშნად რომ იქცა და
კიდევ ის, თეთრ ფილმზე რომ გიყვებოდა გამადიდებელი შუშის სათვალით.
ჩვენ ვიპოვეთ ხსნის გზა,
ჩეხეთში, პატარა სოფელ დომაჟლიცეში,
სადაც შენთან ერთად გადავაგდე ნარკოტიკი და გრაფიტი,
ვიზუალ არტი და ლენდ არტი ,
სადაც დავივიწყე.