• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გენიოსი[1]

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 05 იანვარი, 2012 3206

დღეს დილით, როცა შფოთიანი სიზმრების შემდეგ,

გამოვიღვიძე,

აღმოვაჩინე, რომ საშინელ გენიოსად ვქცეულვარ.

ფსიქოლოგიურად ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი,

მაგრამ მაინც გადავამოწმე:

სარკეში ჩავიხედე და ჰაბიტუსი შევითვალიერე,

წყალი არ გაუვა, გენიოსი ვარ.

მხრებშიც კი მოვხრილვარ, როგორც პატიოსან ტიტანს შეჰფერის,

აღარაფერს ვამბობ აწეულ მარცხენა წარბზე.

გავდივარ ქუჩაში

და ჩემზე შეყვარებული გოგოების ურდოებს მუჯლუგუნით ვიგერიებ,

ღმერთო ჩემო, მაინც რამდენნი არიან,

მაინც რა რთულია ცხოვრება,

როგორ უნდა გაუძლო ამდენ სიყვარულს!

პრეზიდენტის ესკორტი ჩერდება,

გადმოდის ქვეყნის პირველი პირი

და მეც სულ პირველ პირზე კოცნით ვხვდები,

ის, თავის მხრივ, გენიოსურ ხელზე მკოცნის,

დაჩოქებას არ ვანებებ, მე თავმდაბალი გენიოსი ვარ.

მლოცავს პატრიარქი, პაატა ბურჭულაძე კი

სახელდახელოდ შექმნილ ჩემს ხატს ვერტმფრენით დაატარებს.

ქალები ჩემს სურათს ლიფქვეშ მალავენ.

რა მაქვს საწუწუნო.

მართალია, ანგელოზის გარეგნობა არ მაქვს,

და საერთოდაც, არჩევა რომ შემეძლოს,

უფრო მოხდენილ სხეულს ავირჩევდი,

დაკუნთულს და მუქკანიანს,

და ჩემი ცხვირიც, რომელიც ასე უზარმაზარია

და რომელზეც, პრაქტიკულად, მთელი ქართული

გენეტიკური კოდი განისვენებს,

უფრო მოკლე იქნებოდა, აპრეხილი, დონჟუანისებრი.

მაგრამ რაც არის, ეგ არის.

მე მხოლოდ გენიოსი ვარ

და ამასაც უნდა დავჯერდე.

 

[1] ავტორი პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის ფრანც კაფკას, სალვადორ დალის და გალაკტიონს.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული