• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

30 წელი

×
ავტორის გვერდი ფრენკ ბაესი 20 მარტი, 2016 2009

ფრენკ ბაესი (Frank Baez) დომინიკელთა რესპუბლიკის ყველაზე გავლენიანი თანამედროვე პოეტია. არის არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი.

თარგმანი: პაატა შამუგია

====================== 

 

რამდენიმე კვირაში ოცდაათის გავხდები.

გამიჩნდება ნაოჭები,

წარბები შემეჭმუხნება,

ნიკაპი ორად გამეყოფა,

მოვუშვებ მესამე მსოფლიო ომის მონაწილის ულვაშს,

დავკარგავ უნარებს,

შევიძენ ნევროზებს,

გავხდები პარანოიდი,

თმა შემითხელდება,

სამსახურიდან გამაგდებენ.

აი, სახე სარკეში.

დაჟანგული ნერვები.

ქორწინება.

ვალები.

ვენერიული დაავადებები.

იმპოტენცია.

 

30 წლისა, ბიზონზე მონადირის ჟინით,

აღარ შეეწინააღმდეგები ცხოვრებას.

ამ დროს უფრო მარეგულირებელს ჰგავხარ,

მანქანებს რომ ანაწილებს

და ეშინია, რომ ჩამოწერენ

ეს იმიტომ, რომ

ახლა სიკვდილის შანსი მეტია,

ვიდრე, ვთქვათ, როცა 21 წლის ხარ.

ამ ასაკში კაბარემდე ავტობუსით მივედი

და სანაპიროზე ჩამომჯდარმა  საღამო და მთელი ღამე

გავატარე ტალღების ყურებაში  

და იმის ფიქრში, რომ შემეძლო ოკეანის სიღრმეში

დაუხრჩობლად შესვლა,

როგორც იმ ურუგვაელ პოეტს.

საბოლოოდ ამ ჩანაფიქრზე ხელი ავიღე,

რადგან გამახსენდა ის ლექსები,

რომლებიც დასაწერი მქონდა.

ეს ის დროა, როცა ვიღაცა ქალთან დავლიე მანქანის სამრეცხაოში.

დანებით ვიჩხუბე პლაზა სენტრალზე.

ბოლო წელს ზღვაში გადავხტი

რუს მეგობართან ერთად

ტალღები ხარების ჯოგივით გვეხლებოდა.

და ვფიქრობდი: ახლა ვეღარავინ მიშველის.

 

გავხდები ოცდაათის და იზრდება ალბათობა,

შობაზე სანტად გადავიქცე,

მივიღო ტაბლეტები. ვითამაშო ლატარეა.

ვიყიდო დაბალკალორიული პროდუქტი.

დავაგირაო ძვირფასეულობა, სახეხი, ბეჭედი.

მალულად ვიარო ფსიქიატრთან.

ორშაბათობით დავლიო

სოფთბოლის გუნდთან ერთად.

 

ოცდაათი წლისა გავხდები

და გავხდები ოცდაორი ან ოცდაოთხი წლის პოეტების დასაცინი,

მომინდება ახალგაზრდა პოეტებში გარევა

ისინი ჩემი ტელეფონის ნომერს ჩაიწერენ.

ჩემი, როგორც პოეტის, კარიერა აქ დამთავრდება.

დავწერ სქელტანიან ნაშრომებს სოფელში,

ჩემი მკითხველი აუდიტორია იქნება ერთი სარკასტული კატა.

 

ოცის როცა ხარ, წერ პოეზიას, როგორც ატომური რეაქტორი.

ოცდაათისა უკვე ისე წერ,

თითქოს ატომური რეაქტორი მოგეთვინიერებინოს.

 

ოცდაათი წლისა გავხდები და ჩაძირული გემის ფიცარს ჩაბღაუჭებული

ვიოცნებებ, რომ ორმოცისა უკეთ ვიქნები ანდა უარესად

ვიქნები სევდიანი, როგორც ფესაცმლის გამყიდველი კონდეს ქუჩიდან.

სახლში ოფისიდან გვიან ღამით დავბრუნდები

და წვიმისგან დამბალი მექნება

ფეხსაცმელი

ტრუსის რეზინი

წინდები

ფეხები.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული