- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ქრისტე აღდგა! - ისმის ეზოში.
ჭეშმარიტად, - ყვირის მამა აივნიდან.
ქრისტე აღდგა! - ტირის მათხოვარი ეკლესიასთან.
ჭეშმარიტად, - ქუდში ხუთ თეთრიანს აგდებს მამაკაცი ოქროს კბილით.
ქრისტე აღდგა! - გაყინული მზერით აცხადებს პირდაპირ ეთერში დიანა ჯოჯუა.
ჭეშმარიტად, - პირჯვარს იწერს მომაკვდავი მოხუცი ეკრანს მიღმა.
ქრისტე აღდგა! - სანთელს ანთებს მეძავი, მუხლებზე დგება და პირში იღებს.
ჭეშმარიტად, - მალევე ათავებს კლიენტი.
ქრისტე აღდგა! - პრემიერ მინისტრის პოსტი ფეისბუქზე ათ წამში ექვსას ლაიქს აგროვებს.
ჭეშმარიტად, - წერია პირველივე კომენტარად.
ქრისტე აღდგა! - დედა რამდენიმე წუთის წინ დაბადებულ ბავშვს ნიკოლოზს არქმევს.
ჭეშმარიტად, - ბედნიერი მამა შამპანურს ხსნის.
ქრისტე აღდგა! - ,,ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა’’.
ჭეშმარიტად, - ,,გშორდები, მორჩა, შემეშვი’’.
ქრისტე აღდგა! - მშრალ ხიდთან გაყინულ ბომჟს ცხვირიდან სისხლი სდის.
ჭეშმარიტად, - სკდება ლამპიონის ნათურა.
ქრისტე აღდგა! - ხელს უჭერს მიკროფონს ილია.
ჭეშმარიტად, - ფეთქდება სამების ტაძარი.
ქრისტე აღდგა! - მესიჯით მილოცავს ,,პეესპე’’.
ჭეშმარიტად, - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ.
ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! - ჩამესმის გუგუნი.
მერე თქვენ რა?! - მეძინება.