დვიჟენიისგან გადაღლილი თემქელი ხმელი ბიჭი ხშირად წარმოიდგენს თავს ძვირფას ტანსაცმელში და მაგარ მანქანაში, მაგრამ მისი ცხოვრება უსასრულოდ შორსაა პრაგმატიზმისგან, კარიერის აწყობისგან, ფულის შოვნისგან და შესაბამისად კარგი ცხოვრებისგან.
სურს, ძმაკაცებისთვის და ახლობლებისთვის საჭირო და ხელმისაწვდომი დარჩეს. სწორედ ამის გამო არ დახარჯა ძვირფასი დრო სწავლასა და მუშაობაში.
ბირჟაზე კვირაში ხუთი დღე მაინც იდგა და თვიდან თვემდე, ათასობით უბნელის თვალში უფრო ნაცნობი, ხელშესახები, უშუალო და უფრო ახლობელი ხდებოდა. უსაქმურობა ყველაზე კარგი საშუალებაა, საკუთარი თავი სხვებს დაუთმო. მისივე უბანში დისტრიბუციაში ორთვენახევარი მხოლოდ იმის გამო იმუშავა, რომ სხვადასხვა კორპუსის წინ მინი-ავტობუსით მისულს, იქნებ დიდი ხნის უნახავი კლასელები ენახა.
ბავშვობის მეგობრები და ნაცნობები მისთვის აბსოლუტური ცნებაა. მაინც სად იკარგებიან ბავშვობის მეგობრები? ეს მონუმენტური შეკითხვა გიოს ხშირად აწუხებს. მან, როგორც ღმერთის ნამდვილმა ხელდასხმულმა, მთელი ცხოვრება მეგობრებზე და ახლობლებზე ფიქრს, უფრო ზუსტად კი ადამიანებზე ფიქრს დაუთმო. თემქელმა სპეციალურად აირჩია ეს გზა. მთავარია სახელი . . . . ახლა შეუძლია მე-16 კორპუსის წინ ბორდიურზე ჩამოჯდეს და თამამად თქვას – ‘‘ის ყლე უნდა იჯდეს მაგარ მანქანაში, მე კი არა?’’
ნანას ქორწინებაში არ გაუმართლა. ყოფილი ქმარიც მისი უბნელი იყო, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიცნო. ერთმანეთი ზედა ქუჩაზე, ნანას კორპუსიდან ოთხასოცდაათი მეტრის მოშორებით, სკოლასთან შეამჩნიეს. ქმართან გაშორების შემდეგ არ გაბოზდა.
როცა ბინდდება, უბანში გადის და დაქალებთან ერთად სეირნობს, სადაც ბევრი ნაცნობი ყავს და ‘‘სახეზე’’ თითქმის ყველა ცნობს. გოგოს კვალობაზე ოდნავ უხეში და ზანტია. უმაღლესი განათლების მიღება, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა, მაგრამ არ გაბოზდა.
დროდადრო ბიჭს ხვდებოდა და მანქანით თბილისის ზღვისკენ სეირნობდნენ. საღამოს ათის ნახევარზე სახლში უნდა ყოფილიყო. თბილისის ზღვიდან უბნამდე რა მანძილია? არც არაფერი. მგონი, ის ტიპი არც ისე მოსწონდა. მანქანით სეირნობა განტვირთვა და გულის გადაყოლება იყო. თვითონაც ვერ ხსნის რატომ ზასაობდა მასთან. რაც მთავარია, არ გაბოზდა.
მისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ახალგახსნილ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. მოსახერხებელი სამსახურია. მესამე სართულიდან პირველზე ჩადის და ღამით პირველიდან მესამეზე ადის.
თუ მაღაზია დიდხანს ვერ იმუშავებს, ნანა საღამოობით კვლავ თბილისის ზღვაზე და უბანში ისეირნებს. თუ ბიჭებს აღარ შეხვდება, ზასაობას სემიჩკა ჩაანაცვლებს, სადაც სკოლა დაამთავრა, მამა მოუკვდა, გათხოვდა, შვილი ეყოლა, ქმარს გაშორდა და კიდევ ბევრი რამე მოხდა. მოკლედ, იქვე დაელოდება, რასაც ცხოვრება გაუმზადებს. იმ კორპუსებში, იმავე სუნში . . .
2016 წლის 21 აგვისტოა. ჩემი ბავშვობის ნაცნობმა, გლდანელმა გიორგიმ ნიუ იორკის შტატში, კოლეჯ ნაზარეთში ისწავლა, შემდეგ მაგისტრატურა ბუდაპეშტში დაამთავრა. ჩემი მეზობელი ნათია ვილნიუსში ბანკის მმართველია. არაერთი ჩემი კლასელი საზღვარგარეთაა. 2016 წელია. გიო, ვიზეც სულ თავიდან დავწერე, მე-16 კორპუსის წინ ბირჟაზე აღარ დგას ხოლმე. უკვე კარგა ხანია, რაც ნანაც გასცდა უბნის კედლებს. სადღაც შორს მუშაობს. კორპუსელ დაქალებს სულ უფრო იშვიათად ხედავს და ნაცნობების ახალი წრე აქვს, მაგრამ ის ამბები, რაც ამ ტექსტის დასაწყისში მოვყევი, ჩემთვის – ნამდვილი გარეუბნელისთვის განზოგადებულ დროში ხდება. ჩემი ნაცნობი გიო წარმატებულია. ნანა უბანში აღარ კვდება, მაგრამ თბილისის ახალგაზრდა გარეუბნების ანტიკულტურა სხვა რამეში მდგომარეობს. სულ ერთია, თბილისის პერიფერიების რამდენი მოსახლე გაყვება კონვენციურ გზას, რომელიმე სფეროში წარმატების მისაღწევად. ჩვენი სამეზობლო მაინც ანტიკულტურაა, რომელიც არასოდეს არ დაკანონდება ადგილობრივ კულტურად.
მხოლოდ ხანდახან, უხეში იმპულსები უბიძგებს საზოგადოებას, თბილისის ახალგაზრდა გარეუბნები კულტურულ ჭრილში განიხილოს. როცა ფერაძის ქუჩაზე, ნონეშვილზე ან დუმბაძეზე, მკვლელობა ხდება, მაშინ კითხვები ებადებათ: ‘‘ვინმეს ვინმე უყვარდა? იეჭვიანა? სხვა ცხოვრება მოინდომა?’’
დროდადრო, ახალგაზრდა უბნების სიღრმიდან ამოხეთქილი ცოცხალი ენერგია, ამ ანტიკულტურის შიდა სურვილებს და გრძნობებს აცნობს ხალხს. ჩვენი სამეზობლოების პრობლემებს მკვლელობიდან მკვლელობამდე ვუბრუნდებით. ხალხის წარმოდგენები გარეუბნების საიდუმლო ცხოვრებაზე, სასტიკი მოვლენიდან მოვლენამდე ცოცხლობს. ამის გარეშე იქაური ყოფა კულტურად არ კანონდება.