• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

თევზის ღიმილი

×
ავტორის გვერდი გიო ლომიძე 10 იანვარი, 2018 3401

ადამიანები

გასამხნევებლად იმარაგებენ ადამიანები ერთმანეთზე შთაბეჭდილებებს.

იმარაგებენ და ახარისხებენ, იხსენებენ და აფერადებენ.

წყალი ყოველთვის ორთქლდება ხიდან.

პლანეტის ფესვებს ჰგავს მრავალსართულიანი შენობები,

თითქოს წონასწორობის დაკარგვის შიშით, საცეცები დაუკაპიწებია

ჰაერზე მოსაჭიდებლად.

ჩვენ კი ვმოძრაობთ შიგნით...

საინფორმაციო მონიტორებმა ალერგიად გამოაყარეს შენობებს.

ხმა და ცვალებადი გამოსახულება; ხმა და ცვალებადი გამოსახულება.

ადამიანები... ისინი ბუსუსებში ცხოვრობენ.

ადამიანები - განუკურნებელი არსებობით.

ადამიანები - ერთმანეთზე გამქრალი შთაბეჭდილებებით

და კიდევ ადამიანები - წყალგამშრალი ხეები...

არიან მათ შორის მოხეტიალე ადამიანები - ელექტრომუხტები,

მცირეამპერიანი ნათურის განათება რომ შეუძლია.

მათზე ამბობენ : ბჟუტავს და მაინც ანათებს.

ერთი წაქცეული კაცი მიყვებოდა : ,,ხშირად დავცემულვარ.

არ ვაკვირდებოდი რომ ფეხი მივარდებოდა ერთსა და იმავე ორმოში.

ტკივილი ორმოდან მოდიოდა’’.

სხვებმაც გაიგეს, დაიჯერეს და აიტაცეს :

ტკივილი ორმოდან მოდიოდა, ტკივილი ორმოდან მოდიოდა.

ამის შემდეგ აღარავინ უფრთხილდებოდა დაცემას.

სიზმარი ვნახე. დიდხანს ვიხსენებდი. ქვა ვიყავი.

ერთადერთი ქვა. მოდიოდნენ და სხდებოდნენ ადამიანები.

სხდებოდნენ, ისვენებდნენ, მიდიოდნენ.

მეთევზეები მატლებს ეძებდნენ ჩემს ქვეშ.

გადამაგორებდნენ, ჩხრეკდნენ ნესტიან ნიადაგს.

მიდიოდნენ ხელმოცარულები და ქვას სხვა ადგილზე ტოვებდნენ.

 

 

თევზის ღიმილი

           

შეშინებულია  ყველა მენტალური პარადოქსი

მომაკვდავია ყველა  სოციალური დოქტრინა.

გაიშიშვლე ხელის გულები მშობელო შვილთან კავშირისთვის,

ზეთის ხილის ბაღებში ნაგროვები სიმწიფის გასაფანტად.

აღიარე ტკივილი წინასწარ. აგემღვრევა უზნეო რიტორიკა

საფლავებში შემძვრალ ბილიკზე,

სადაც მხოლოდ გლოვა მიგიზიდავს.

ჩემი სუნთქვა შენ, ჩემი სუნთქვა შენ, ჩემი სუნთქვა შენ...

დაისაკუთრე არარსებული გაუმაძღრობა,

შენსავე ოცნებებიდან წამხდარი ვერშემდგარი აპოთეოზი...

მოერიდე სურვილს - უკეთესად გაიცნო სამყარო...

არასოდეს გკითხავ  ,,სად იყავი აქამდე’’ ;

რადგან ვიცი სადა ხარ ახლა.

გადახედე ჰუმანურობისაგან გამოშიგნულ საზოგადოებას

და დაიჯერებ რომ სამართლიანად მწყდებოდა გული სიცოცხლეზე.

რომ ეს არ იყო ამოჩემება, რომ ეს განგაში გონიერ რჩევას იძლეოდა.

ვერ დავასწარი კლინიკურ მასებს გარდაცვალება;

ვერ შევეხიზნე სიმშვიდეზე აცრილ ნაბიჭვრებს,;

ყეფდა და ყეფდა ძაღლზე მეტად ადამიანი :

შენი ტყვია მე, შენი ტყვია მე, შენით ვიამე...

ვერასოდეს წაიკითხავ წერილებს ჩემგან

თუ რატომ არის არსებობა სახარბიელო.

ნეტავ იცოდე ძილის წინ ოთახი როგორ ივსება ზღაპრების სუნით,

ოთახი გაჯერებული მცდელობებით და დაბნეულობით,

მონატრებით და უხერხულობით.

ჩემი სიყვარულის ლეგიტიმაცია, არასოდეს დაიმარხება.

შეიკუმშება დრო გაუსაძლისობის

და იკემსება ფარატინა ნიღაბი.

და იწყებს დნობას ზურგთან ქილიკი,;

ვივიწყებ ფორმას - ადამიანი.

ვერ ვიამაყებ ნანახი ომით,

ვერც შენ გაიგებ რად არ ვიყავი

საკუთარ თავთან როცა მრცხვენოდა

იმ შინაარსის მოღუშულობა

ფლეგმა სახიდან რომ არიგებდნენ

-შენი კვნესა მე, შენი კვნესა მე, შენით ვეწამე...

ვერ დავასრულე ზიგზაგი რიტმი,

ვერ მოგამზადე მოსასმენად ყველა სიზმარის.

ასე უბრალოდ, უბრალოდ ვიტყვი

-ჩემი სუნთქვა მე, ჩემი კვნესა მე, ჩემი ტყვია მე...

 

 

მომავლის აქტი

 

არ წამიკითხო ფსალმუნები გარდამავლებზე.

დასამშვიდებლად ძილიც მეყოფა.

ისიც მეყოფა სიმყუდროვეში

შენი დუმილი რომ დამაყრუებს.

არ დაიჯერო ჩემნაირები

ვინმეს იმედზე ტოვებენ სხეულს,

ან არსებობის ალგორითმიდან ალოგიკური პასუხი მიაქვთ.

არავის უთხრა ამ დღის შესახებ;

არავის შეხვდე ისეთი სახით, დამარცხებულად გამოგაცხადონ.

გაიმეორე ყველა პირობა დაღამებისას.

მზეს შუბის ტარი გამოაცალეს დიდი ხანია.

რევოლუციას აღარ დარჩა ხალხში მიზეზი.

გადაეღობე ყველა მცდელობას,

იმაზე მეტად მომიახლოვდე ვიდრე აქამდე

და შეუდექი ყოველ ცისკარზე

ნაწერებიდან თითო ფურცლის განადგურებას,

დაუძლურებამ სადაც მაჯობა.

დღეებს აღარ აქვთ ოცნების სუნი.

ჩვენი წუთები საათს გაექცა

და ერთმანეთში გადავინაცვლეთ...

 

 

 

 

გარდაუვალი

 

გახშირდა მისალმების გარეშე შეხვედრები

სოციალურ ქსელში შეთავაზებული მეგობრობის სანაცვლოდ.

მაგრამ არაფერი იცვლება იმ ქუჩაზე

სადაც უვნებლობის ნიშანს ყურით ყველა თუ არა

ქუჩის თითქმის ყველა ძაღლი მორჩილად ატარებს.

საკმარისია ნაბიჯი შეანელო, დაიხარო,

გაქცევის ნაცვლად შენსკენ გამოიქცევიან.

ამით ყველანაირ გარეგნულ ნიშანს მნიშვნელობა ეკარგება.

ტაძართან მოფუსფუსე ადამიანებივით გროვდებიან

სანაგვე ურნების ახლოს. გროვდებიან და იწყებენ ყეფას.

სხვა კავშირია. სურვილები არ მეორდება. ისინი უნდა გამოიჭირო.

მათში მოთავსდე. შეეფერო. გაზავდე.

სხვაგვარად ისიც გაგიჭირდება ერთ ადამიანს მიუახლოვდე.

წაიბორძიკებს, დაფრთხები და მზად ხარ გაეცალო.

მანამ შეგიძლია ავდარი საკუთარ უბეში გამოიმწყვდიო,

სანამ გულს ორპირში არ გამოკიდებ გამოსაშრობად.

გამოცალე... გამოაშრე...გამოკიდე...

გამოები ჩასაძირად გამზადებულ ალიაქოთს.

ფეხდამცდარი წონასწორობა

უკაცრიელ კუნძულზე მეტად შემაშფოთებელია.

მორჩილად ჩაუსაფრე ღამის ამოძახილს ის ხმაური,

ჩანასახშივე რომ შეძლო შენივე დაყრუება.

მერე შემოუბრუნდი უაზრო მოლოდინებს

და წარუდგინე ახალი სალახანა, როგორც ნიშანი

მონდომებიდან აორთქლებული ალტერნტივის.

აღარ გამოდგები რეაქციის დამაჩქარებლად.

ამოწურე... ამოცრიცე... ამოხაპე ენერგია

ვერშემდგარი ექსპერიმენტისთვი.

საცდელ ნედლეულად ჩაბარდი აშმორებულ სათავსოს

და სამუდამოდ გაფორმდი ადამიანად.

ამის შემდეგ რამდენიც გინდა ისაუბრე

ლაბორატორიულ ღმერთებზე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული