- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: დავით გალაშვილი
კომუნიზმის საბოლოო მიზანი, იმგვარი სოციალური მდგომარეობაა, რომელშიც მორალის თავისუფლება, ყოველგვარი ქცევის რეგულაციაში, მიიღებს კანონიერი ძალდატანების სახეს. ასეთი საზოგადოება თავის თავში, ყოველგვარი კლასობრივი დაყოფის აღმოფხვრას გულისხმობს და ეს ყველა მარქსისტმა იცის. მიუხედავად იმისა, თუ როგორია ჩვენი შეხედულება საზოგადოებრივი სტრუქტურის მორალურ კოდექსზე დაფუძნების შესახებ, უნდა ითქვას, რომ მორალის საფუძველზე მართვა არაეფექტურია მანამ, სანამ საზოგადოებაში არსებული კლასობრივი საზღვრები არ მოიშლება. საზოგადოებაში რეგულაციის მხოლოდ ერთი მოდელის განხორციელებაა შესაძლებელი, ორის არსებობის შემთხვევაში კი, ერთი ეწინააღმდეგება მეორეს და ამ ფაქტორმა შესაძლოა ანარქიის მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს. თუ საზოგადოება რამდენიმე კლასად იყოფა, ან თუ საზოგადოების სხვადასხვა შემადგენელ ჯგუფს არ აქვს საერთო ინტერესები, მაშინ გარდაუვალია, რომ ჩამოყალიბებული ქცევითი სტანდარტი და რეგულაცია, საზოგადოების წევრთა უმრავლესობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ადამიანებს არ სჩვევიათ თავიანთი ინტერესების წინააღმდეგ ძალდაუტანებლად წასვლა, ისინი ამას აკეთებენ მხოლოდ იძულების შემთხვევაში, ამაში იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სახის იძულება. მანამ სანამ არსებობს სხვადასხვა კლასი, გარდაუვალია, რომ საზოგადოებრივი ქცევის ფუნქციის მომაწესრიგებელი იქნება კანონი და არა მორალი.
თუმცა კანონის ამგვარი ფუნქციონირება, მხოლოდ მჩაგვრელის მიერ ჩაგრულზე რაიმე ქცევითი მოდელის თავს მოხვევით არ სრულდება. მმართველი კლასის კლასობრივი ინტერესები, დაცული უნდა იყოს თვით მმართველ კლასთან მიმართებითაც. კანონის აუცილებლობის მეორე წყარო, კლასისა და ინდივიდის ინტერესს შორის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ საზოგადოების კლასებად დაყოფის ექსკლუზიური შედეგი შედეგი. თუმცა სიმართლეა, რომ ხსენებული წინააღმდეგობა არასოდეს ყოფილა ისეთი მწვავე, როგორიც ეს კაპიტალიზმის პირობებშია. მეტიც, კაპიტალისტური საზოგადოების არსებობის პირობები, ემყარება ანარქიული ხასიათის წარმოებას, მის მუდმივ გარდაქმნას, წარმოების სარგებლიანობის მოტივზე აგებას, ეს ფაქტორები დასაწყისშივე შეუძლებელს ხდის იმის შანსს, რომ ინდივიდისა და საზოგადოების ინტერესები ჰარმონიულად შეერწყას ერთმანეთს და ერთი კლასის ქვეშ გაერთიანდეს, თუმცაღა აშკარაა, რომ ინდივიდუალური და კლასობრივი ინტერესები ემთხვეოდა მაშინ, როცა კაპიტალისტები კონფრონტაციაში შედიოდნენ სხვა კლასებთან(ჩაგრულებთან ან სხვა მჩაგვრელებთან, მაგალითად აგრარულ, ფეოდალურ კლასებთან, ან სხვა ქვეყნების კაპიტალისტებთან)- ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება, კლასი ვალდებულია შეეგუოს იმგვარ პოზიციას, რომელიც ჩაგვრის გენერალურ შესაძლებლობებსა და მიმართულებას უზრუნველყოფს. რაც უნდა ითქვას, შეუძლებელია, რომ კლასისა და ინდივიდის ინტერესები გაერთიანდეს მას შემდეგ რაც, ჩაგვრა მატერიალიზდება კონკრეტულ ფორმაში, მას შემდეგ რაც დაისმება კითხვა: ვინ უნდა გახდეს მჩაგვრელი, და ვინ უნდა დაჩაგროს მან, რა მასშტაბის იქნება ექსპლოატაცია? კაპიტალიზმში კლასობრივი სოლიდარობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ადამიანები მხოლოდ თავიანთი თავით არ არიან შემოსაზღვრულნი. სწორედ ამიტომაც, ამ კლასებს შიგნით, მორალი ვერასოდეს იქნება კანონით ჩანაცვლებული.
პროლეტარიატის კლასობრივი სიტუაცია, კაპიტალიზმის პირობებში და ამ უკანასკნელის დამარცხების შემდგომ დროინდელ წარმონაქმნში, აბსოლუტურად საპირისპიროა. პროლეტარის ინდივიდუალური ინტერესი ვერ რეალიზდება აბსტრაქტულ პოტენციალში, ეს შესაძლებელია მხოლოდ რეალობაში, იმ შემთხვევაში თუ მთლიანად კლასობრივი ინტერესი გაიმარჯვებს. სოლიდარობა, რომელსაც როგორც მიუღწევადს ისე პროპაგანდირებდნენ ბურჟუაზიის მოაზროვნენი, პროლეტარიატის კლასობრივ ინტერესში მუდმივად ცოცხლობს. პროლეტარიატის მსოფლიო-ისტორიული მისია გამოიხატება იმაში, რომ მისი კლასობრივი ინტერესების დაკმაყოფილება, კაცობრიობის ხსნის ტოლფასია.
თუმცა გათავისუფლების აქტი, ვერ იქნება მხოლოდ მარტივად განსაზღვრადი, ავტომატურად მიმდინარე ბუნებრივი ევოლუციის პროცესის შედეგი. იდეის გამარჯვება ადამიანის ეგოისტურ ინდივიდუალურ ნებაზე, რა თქმა უნდა, მკაფიოდ იმპლიციტური რამაა პროლეტარიატის დიქტატურის დომინანტურ ხასიათში. შესაბამისად, პროლეტარიატის დაუყოვნებელი მიზანი კლასობრივი ჰეგემონიაა, რომლის თანმიმდევრული განხორციელების შემთხვევაში, მოიშლება კლასობრივი სახესხვაობები, რაც საბოლოოდ უკლასო საზოგადოებამდე მიგვიყვანს. თუ კლასობრივი ჰეგემონია ნამდვილად ეფექტური გახდა, მას ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, საბოლოო მიზნით, მხოლოდამხოლოდ ყველა ადამიანის პროლეტარიატის მმართველობის დემოკრატიულ ფორმაში გაერთიანებით შეუძლია, რომელიც პროლეტარიატის დიქტატურის შინაგანი ფორმის მანიფესტაციაა. პროლეტარიატის დიქტატურის თანმიმდევრული განხორციელების საბოლოო მდგომარეობა არის დემოკრატიული სივრცე, რომელიც შთანთქავს დიქტატურას და მას ზედმეტს გახდის. მას შემდეგ რაც კლასები არსებობას შეწყვეტენ, დიქტატურა აღარ გაირჯება ვინმეს წინააღმდეგ, ის გახდება არასაჭირო რამ და დაკარგავს თავის ფუნქციას.
რაც შეეხება სახელმწიფოს, რომელიც იძულებისა და ძალადობის მთავარი მონოპოლისტია, შეწყვეტს არსებობას. ეს მოცემულობა ენგელსთანაც გვხვდება, როცა მან თქვა, რომ „სახელმწიფო გაქრება“, თუმცა მთავარი საკითხია როგორ? რა ნიმუშის მიხედვით შეიძლება განვითარდეს პროლეტარიატი? ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც საკითხი მორალის სოციალური ეფექტურიანობის შესახებ, პრობლემატური ხდება. მორალი თამაშობდა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ძველი ყაიდის საზოგადოების იდეოლოგიაში, მაგრამ ის არასოდეს ყოფილა თვითონ სოციალური რეალობის ფუნდამენტური ხელშემწყობი ფაქტორი. ეს შეუძლებელიც იყო, რადგან კლასობრივი მორალის განვითარების სოციალური წანამძღვრები და მისი ვალიდურობა( სახელდობრ, ინდივიდთა იგივეობრივი ორიენტაცია და ინტერესები) აქტუალურია მხოლოდ პროლეტარიატისათვის. იმავეს თქმა შეიძლება სოლიდარობაზე და პირადი ინტერესის კლასობრივთან დაქვემდებარებაზე, შემთხვევაზე, როცა ინდივიდუალური ინტერესი ემთხვევა კოლექტიურს. ამგვარი სოციალური შესაძლებლობა დღეს არსებობს, მეტიც ყველა ინდივიდს, რომელიც თავს პროლეტარიატს მიაკუთვნებს, ძალუძს თავისი ინტერესები დაუქვემდებაროს კლასობრივს, ყოველგვარი თვითსაზიანო ფაქტორების გარეშე. ამგვარი არჩევანის თავისუფლება შეუძლებელი იყო ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, რომელშიც წესრიგი შენარჩუნებულია მხოლოდ და მხოლოდ კანონით. ბურჟუაზიისათვის მორალი ნიშნავს მხოლოდ პრინციპს, რომელიც კლასობრივი დაყოფისა და მისი არსებობის მიღმაა, სხვა სიტყვებით, ის ნიშნავს მხოლოდ ინდივიდუალურ მორალს. ამ ტიპის მორალი, სამწუხაროდ, გულისხმობს ადამიანური კულტურის იმგვარ დონეს, რომელიც მთელი საზოგადოებისათვის ეფექტური, შესაძლოა გახდეს მხოლოდ მომავლის ეპოქაში.
უფსკრული, ეგოისტური ინტერესით მოტივირებულ ქცევასა და მორალურ მოქმედებას შორის, გადაილახება კლასობრივი მორალით, რომელიც კაცობრიობას, როგორც ენგელსი ამბობს, წარუძღვება „თავისუფლების საუფლოში“. მაგრამ ვიმეორებ: ამგვარი განვითარება შეუძლებელია გამომდინარეობდეს ბრმად მოქმედი სოციალური ძალებიდან, ის უნდა იყოს მუშათა კლასის თავისუფალი გადაწყვეტილების შედეგი. პროლეტარიატის გამარჯვების შემდეგ, აუცილებლობის საკითხი[1], თვითონ მუშათა კლასს შიგნით, აქტუალურია იმ მომენტებში, როცა ინდივიდებს არ ძალუძთ, ან არ ნებავთ მოქმედება თავიანთივე ინტერესების საკეთილდღეოდ. ამის საპირისპიროდ, ფიზიკური და სულიერი ძალადობის ფაქტორი, კაპიტალისტურ დღის წესრიგში, ნამდვილად ერთგვარ აუცილებლობად იქცა, თვით მმართველ კლასებშიც კი, ეს იმიტომ, რომ ადამიანთა პირადი ინტერესებით გამოწვეული აბსურდულად მაღალი მოთხოვნილებები (მოგების სურვილი, სიხარბე), განაპირობებს კაპიტალისტური საზოგადოების დაშლას. ამის საპირისპიროდ, ცალკეული პროლეტარის ინტერესი, საზოგადოების გაძლიერებისკენაა მიმართული. მეტად მნიშვნელოვანია ამ ინტერესის სწორად გაგება, რათა მიაღწიო იმგვარ მორალურ სიძლიერეს, რომელიც გადახრებს, ემოციებსა და კაპრიზებს, დაუქვემდებარებს რეალურ ინტერესს.
ინდივიდუალური და კლასობრივი ინტერესების თანხვედრის წერტილი, ხასიათდება წარმოების ზრდითა და შრომის დისციპლინირებულობით. ამ ასპექტების გარეშე, პროლეტარიატი ვერ გადარჩება, მათ გარეშე პროლეტარიატის კლასობრივი ჰეგემონია შთაინთქმება და ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს სრულად განვითარებას. ნათელია, რომ პროლეტარიატის ძალაუფლების რამდენიმე ასპექტი, რომლის უეცარი შედეგები, კერძოდ საქონლის უკმარისობა, მაღალი ფასები, დისციპლინის შესუსტება და წარმოების შემცირება, პროლეტარებზე ყველაზე მწვავედ აისახება. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, უპრიანია ყოველი ინდივიდის კონცენტრაციის გამძაფრება, ზემოხსენებული მოცემულობა უნდა აღმოიფხვრას.
არსებობს მდგომარეობის გამოსწორების ორი შესაძლო გზა: ინდივიდებმა, რომლებიც შეადგენენ პროლეტარიატს, უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შეუძლიათ სამუშაო პროცესისას დისციპლინის გაუმჯობესება და შესაბამისად წარმოების გაზრდა, ან თუ ამის გაკეთება მათ არ ძალუძთ როგორც ინდივიდებს, უნდა შექმნან ინსტიტუტები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ ზემოხსენებული ფუნქციების შესრულებას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი, ისინი თავიანთ თავს შეუქმნიან სამართლებრივ წესრიგს, რომელიც პროლეტარს აიძულებს იმოქმედოს თავისივე კლასის ინტერესის თანახმად. რაც ნიშნავს იმას, რომ პროლეტარიატი, დიქტატურას ამყარებს თავისივე თავის წინააღმდეგაც. თუ კი კლასობრივი ინტერესები არასწორად აღიქმება, ან თვითნებურად ხორციელდება, ასეთი ზომები აუცილებელია, რათა პროლეტარიატი გადარჩეს. თუმცა მათ შეუძლიათ საკმაოდ მასშტაბური საფრთხის შექმნა მომავალში და ჩვენ ამაზე არ უნდა დავხუჭოთ თვალი. თუ, ერთი მხრივ, პროლეტარიატი თვითორგანიზებით შექმნის საკუთარ სამუშაო დისციპლინას, თუ პროლეტარიატის შრომითი ორგანიზება დაეფუძნება მორალურ ბაზისს, მაშინ კანონისმიერი იძულება, ავტომატურად წაიშლება კლასის სოციალური სტრუქტურიდან. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო გაქრება. ამგვარი სოციალური სტრუქტურის აღსასრული, თავის მხრივ, კაცობრიობის ისტორიის ახალი საწყისია, რასაც მარქსი იმედოვნებდა და წინასწარმეტყველებდა. ხოლო თუ მეორე მხრივ, პროლეტარიატი სხვა კურსს აირჩევს, გარდუვალად შეიქმნება სამართლებრივი წესრიგი, რომელიც შეუძლებელია, რომ, ისტორიის მსვლელობისას, ბუნებრივი განვითარების გზით, ავტომატურად აღმოიფხვრას. ამ შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ტენდენცია, რომელიც საბოლოო მიზნის მიღწევას ხელს შეუშლის და ეჭქვეშ დააყენებს. თუ პროლეტარიატი იძულებული გახდება შექმნას სამართლებრივი წესრიგი, ეს უკანასკნელი აუცილებლად დაემხობა და ვის შუძლია თქვას რა კონვულსიები და განცდები მოჰყვება აუცილებლობის სფეროდან თავისუფლების სფეროში გადასვლას ასეთი გარდაუვალი გზით?
ამიტომ შრომის დისციპლინირებულობის საკითხი, არ უკავშირდება მხოლოდ პროლეტარიატის ეკონომიკურ არსებობას, ეს ასევე მორალური საკითხიცაა. რაც ასევე ცხადყოფს, თუ რამდენად სწორად აღნიშნავდნენ მარქსი და ენგელსი, რომ თავისუფლების ეპოქა იწყება მხოლოდ მაშინ, როცა პროლეტარიატი აიღებს ხელში ძალაუფლებას. პროგრესს ვეღარ მოიტანს სამართლებრივი წესრიგი, ის უნდა ჩანაცვლდეს პროლეტარიატის არჩევანის თავისუფლებაზე დამყარებული გადაწყვეტილებებით. მიმართულება, რომელიც განაპირობებს სოციალურ განვითარებას, დამოკიდებულია თვითშეგნებაზე, სულიერ და მორალურ კატეგორიებზე, სამართლიანობასა და ალტრუიზმზე.
ამგვარად, წარმოების საკითხი, ხდება მორალური საკითხიც. პროლეტარიატზეა დამოკიდებული დასრულდება თუ არა ეკონომიკური რეპრესია ადამიანზე, ინსტიტუციებისა და იძულების პრივილეგირებული მდგომარეობა მორალთან მიმართებით, მათზეა დამოკიდებული დაიწყება თუ არა კაცობრიობის რეალური ისტორია, რაც გულისხმობს მორალის ბატონობას ინსტიტუციებსა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. სოციალურმა განვითარებამ შექმნა შესაძლებლობა და ახლა პროლეტარიატის ხელში არ არის მხოლოდ მათი ბედისწერა, არამედ მათი მომავალი განაპირობებს კაცობრიობის მომავალსაც. საზოგადოების წინამძღოლობის შესაძლებლობა პროლეტარიატს უკვე აქვს. აქამდე, პროლეტარიატი იმართებოდა სოციალური განვითარების კანონებით, ხოლო ამიერიდან, მისი გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ საზოგადოების განვითარებას. ყველა პროლეტარმა უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება. მან უნდა იგრძნოს, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს. წარმოუდგენელია, რომ პროლეტარიატმა, რომელიც ბევრად უფრო რთულ პირობებშიც იმყოფებოდა და მაინც მსოფლიო- ისტორიული მისიის ერთგული რჩებოდა, უარი თქვას მასზე ყველაზე გადამწყვეტ ფაზაში.
[1] პროლეტარიატის გამარჯვება, აპრიორი ნიშნავს აუცილებლობის სფეროდან, თავისუფლების სფეროში გადანაცვლებას, თუმცა რიგ შემთხვევებში, აუცილებლობის საკითხი, პრობლემურია უკლასო საზოგადოებისათვისაც.