• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

"თხევად იდეებთან სათავეს იღებს მშიერი ბავშვი..."

×
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 09 იანვარი, 2018 2532
***
სქემატიზება რომელიც იყო შენი მოძღვრების ბირთვი
საბოლოოდ გამოიღეს გონების ფესვიდან
არაფერი იყო და არაფრად ჩააგდეს
და ქარის ზვინში ნემსადაც აღარ დარჩა
თვალებს უფრო გრძელი გზა ქონდათ გამოვლილი
ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებს
ამიტომ საგნები რომლებსაც უყურებდი
ხავსდებოდნენ
და ერთმანეთის სიყვარულით ავადდებოდნენ
 
 
 
***
ჩემს სიზმარში ისინი ვარდებად იქცნენ
ისინი გახმნენ, ისინი გაქრნენ
მე კი სიძულვილით მოცული
ვუსმენდი ადუღებული ღამის ჩურჩულს.
რძეს ვსვამდი,
რომელიც მოულოდნელად დილად იქცა,
სადაც შენი თვალები გაიწელა როგორც მდინარე
სადაც მე თავიდან აღმოვაჩინე,
მოგონებები, ჩემი თათბირის განუყრელი მონაწილენი.
ყველამ იცოდეს,
თქვენ ფსონი დადეთ არასწორ ცხენზე.
 
 
***
თხევად იდეებთან სათავეს იღებს მშიერი ბავშვი
სისხლი ჩაბრუნდება მასში
ხელმეორე, გაანჩხლებული ეფექტით
თავიდან დაიბადება ლაკმუსის იისფერ ხსნარში
და ნაჯახების თოვაში
გააგრძელებს სვლას უკუსვლისკენ
გაარაფრება
პლუშის ოქროსფერი ღრუბლების ფონზე
გაარაფრება
დაკარგვა პიროვნულობის
იმის იმის და იმის ფონზე
ქცევა წერტილად,
რომელსაც გულგრილი წვიმა წაშლის.
საუბარი ორი პირით,
ორი გონებით,
სიტყვა რომელსაც ხვდება ბილიარდის უაზრო ბურთი
და მიზანში აგდებს,
რისთვის?
თვალები ამ ბურთების მსგავსად დაგორავენ
სისხლჩაქცევებით სავსე სოციალურ ტროტუარზე,
გზა ვიწროა, გამვლელი ბევრი
და მაინც არავის ესმის,
არავის ესმის,
რა ქიმიაა რობოტებად ქცეულ ბავშვებს შორის.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული