• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლექსი არაფერზე

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 07 მარტი, 2017 5079

ყველაფერზე უკვე დაიწერა,

მითხრა მეგობარმა,

ამიტომ გადავწყვიტე, დავწერო არაფერზე,

მშვენიერ არაფერზე,

თვალს რომ მოგტაცებს, ისეთ არაფერზე

თუმცა, გამოვტყდები,

ჩემი ადოგმატურობა დასაზღვრულია,

და როცა მივდივარ სამსახურში და ვფიქრობ არაფერზე,

ხსოვნა ჩერდება რაღაც ძალიან დავიწყებადში,

რაც შეუძლებელია იყოს არაფერი,

მაგრამ არის!

რადგან დასაბამიდან იყო არაფერი, და არაფერი იყო არაფერთან და არაფერი იყო არაფერი.

არაფერი არაფერში ხარობს და არაფერმა იგი ვერ მოიცვა.

მაგრამ, მეორე მხრივ, არის არაფერი - არაფრისა არაფრითა დამთრგუნველი

და ეს უნდა გავითვალისწინოთ,

მაგრამ, ამავდროულად, არის ასევე არაფერი,

რომელსაც არაფერი აღელვებს,

მათ შორის, დიქოტომიები.

თუმცა, ეგ არაფერი.

 

პოეტს უნდა ახსოვდეს, რომ

არაფერზე წერა აღარ არის არაფერი,

ის არის მეტაარაფერი, მეტი არაფერი,

არც ნაკლები.

არაფერი შეგიძლია იოლად წარმოიდგინო,

რადგან ის არაფერია.

არაფერი შეგიძლია, არც წარმოიდგინო,

რადგან ის არაფერია.

არაფერი შეგიძლია წარმოიდგინო და თან, არც წარმოიდგინო,

რადგან ის არაფერია.

 

არაფერი რომ არ არსებულიყო, უნდა გამოგვეგონებინა,

მაგრამ ვინაიდან არაფერი არსებობს,

ის, მითუმეტეს, უნდა გამოვიგონოთ.

 

სად არის ჩემი არაფერი?!

ვინ წაიღო ჩემი არაფერი?!

ვინ შეაჭრა ფრთები ჩემს არაფერს?!

ნუთუ, ბავშვმა იცუღლუტა?!

არაფრის ღირსია ეს ბავშვი!

ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო ჩიქობავა,

რომელმაც ერთხელ ლუდის სმისას გამანდო, რომ

ბავშვები ფლობენ შინაგან ლოგიკას

და მათ მშვენივრად იციან, რომ

ერთი არაფერი და ორი არაფერი არ არის სამი არაფერი,

არამედ ის არის 5 არაფერი;

ხოლო არაფრის და აფერისტის მიმდევარი - ორივე არაფერისტია.

მას უყვარს კალამბურები,

ცოდვა გამხელილი სჯობს

და ბავშვებსაც უყვართ კალამბურები, არც ესაა საიდუმლო

(შესაძლოა, კაკოც უყვართ, არ ვიცი).

 

არაფერს ისე არ გამოვყავარ წყობიდან,

როგორც არაფერს.

არაფერს ისე დაჟინებით არ ვიკვლევ,

როგორც არაფერს.

თანაც, გამუდმებით მინდოდა დამეწერა ლექსი, რომელსაც

დასასრულის ნაცვლად ექნებოდა არაფერი

და მგონი, ახლა სწორედ ამ გზას ვადგავარ. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული