- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მაგისტრალების თეთრ ზოლებს,
ვით ხელის გულზე გამოსახულ სიცოცხლის ხაზებს
გაღატაკებული ქირომანტებივით ესევიან
გადაცვეთილი ბორბლები.
შენ, ამხანაგო, ამოიკითხე ამ გზების ხვედრი?
ელექტრონივით მოუსვენარი ამბოხი მათზე,
ტყვიის ყალიბში ჩამოსხმული აზრებით სავსე ახალგაზრდობა,
მათი სიშიშვლის მშვენიერება...
შენ, ამხანაგო, ამოიკითხე ამ გზების ხვედრი?
არ იარსებებს არცერთი დროშა, არცერთი ჰიმნი,
გარდა ერთისა - რომელსაც ჰქვია "ჩვენ გავიღვიძეთ".
შენ, ამხანაგო, ამოიკითხე საკუთარი ანარეკლი ამ გზებზე?