• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ჟამი ჯოჯოხეთში

×
graffito
ავტორის გვერდი არტურ რემბო 06 მარტი, 2018 6221
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
(ფრაგმენტი)
 
 
   უწინ, თუ სწორად მახსოვს, ჩემი ცხოვრება იყო ლხინი, სადაც იღებოდა ყველა გული, სადაც ყოველი ღვინო დიოდა.
   ერთ საღამოს, კალთაში ჩავისვი სილამაზე.—და მე ის მემწარა.—და მე ის შევაჩვენე.
   მე ავმხედრდი სამართლიანობის წინააღმდეგ.
   მე გავიქეცი. ო გრძნეულებო, ო მწუხარებავ, ო სიძულვილო, თქვენ მოგანდეთ ჩემი საგანძური!
   მე მოვახერხე, გამექრო ჩემს სულში ყველა ადამიანური იმედი. ყოველგვარ სიამეს, რათა დამეხრჩო, თავს დავესხი მძვინვარე მხეცის ფარული ნახტომით.
   მე მოვუხმე ჯალათებს, რათა, სიკვდილის წამს, მეკბინა მათი თოფების კონდახზე. მე მოვუხმე ჟამიანობებს, რომ გავეგუდე ქვიშით, სისხლით. უბედურება იყო ჩემი ღვთაება. ლაფში გავწექი. დანაშაულის ჰაერზე გავშრი. და სიგიჟემდე ვიმასხარავე.
   და გაზაფხულმა მომიტანა იდიოტის შემზარავი სიცილი.
   ხოლო, სულ ახლახან, მზად ჩემი უკანასკნელი ჩხავილისთვის, განვიზრახე ძველი დღესასწაულის გასაღების მოძებნა, სადაც, იქნებ, მოვიკრებდი კვლავ ჩემს მადას.
   მოწყალებაა ეს გასაღები.—ეს შთაგონება ამტკიცებს, რომ ყოველივე სიზმარი იყო!
   „შენ მარად მაგ აფთრად დარჩები. . .“ და ა.შ., გაჰყვირის დემონი, რომელმაც დამაგვირგვინა ასეთი მიმზიდველი ყაყაჩოებით. „მოიპოვე სიკვდილი მთელი შენი მადებით, და შენი ეგოიზმით და ყველა შენი მომაკვდინებელი ცოდვით.“
   აჰ! მეტისმეტი მომივიდა:—მაგრამ, ძვირფასო სატანა, გევედრებით, მარგუნეთ ნაკლებ მრისხანე მზერა! და ორიოდე მცირე სიმხდალის მოლოდინში, თქვენ, ასე რომ გიყვართ მწერალში აღწერითი და აღმზრდელობითი უნარების არქონა, გიხევთ ამ რამდენიმე საძაგელ გვერდს ამ ჩემი წყეულის რვეულიდან.
 
 
 
ცუდი სისხლი
 
 
   ჩემ გალ წინაპართაგან მე მხვდა თვალი ლურჯთეთრი, ვიწრო თავის ქალა, და მოუქნელობა ბრძოლაში. ოღონდ მე თმებს არ ვიზელ კარაქით.
   გალები იყნენ თავისი დროის ყველაზე უნიათო მხეცთა გამტყავებლები, ბალახის მწველები.
   მათგან მაქვს: კერპთაყვანისმცემლობა და გრძნეულებათა სიყვარული;—ო! ყველა მანკიერება, რისხვა, ფუფუნება, გულისთქმა,—დიდებულია, გულისთქმა;—უპირველეს ყოვლისა, სიცრუე და სიზარმაცე.
   მძაგს ყველა ხელობა. ოსტატები და მუშები, ყველა გლეხია, სულმდაბალი. კალმისტრიანი ხელი სახნისიანი ხელის ფასია.—ნამდვილი ხელების საუკუნე!—მე არასდროს მექნება ჩემი ხელი. მერე, მეოჯახეობას მეტისმეტად შორს მივყავართ. მათხოვართა პატიოსნება მტანჯავს. დამნაშავეები ისევე მაძაგებენ, როგორც საჭურისები: რაც მე შემეხება, ხელუხლებელი ვარ, და ჩემთვის სულერთია.
   მაგრამ! ვინ ქმნა ჩემი ენა იმდენად ვერაგი, რომ აქამდე გაუძღვა და დაიცვა ჩემი სიზარმაცე? ისე, რომ ჩემი სხეულიც კი არასდროს მომიხმარია ფულის საშოვნელად, და, გომბეშოზე მეტად უქნარამ, მე ყველგან ვიცხოვრე. ერთი ოჯახიც არაა ევროპაში, რომ არ ვიცნობდე.—ვგულისხმობ ისეთ ოჯახებს, როგორიც ჩემი იყო, ყველაფერს რომ კაცის უფლებათა დეკლარაციას უმადლიან.—არ ყოფილა არცერთი ოჯახის შვილი, რომ არ გამეცნო!
 
 
   რომ მყოლოდა წინაპრები საფრანგეთის ისტორიის რომელიმე წერტილში!
   მაგრამ არა, არაფერი.
   სრულებით ცხადია ჩემთვის, რომ ყოველთვის მდაბალი მოდგმისა ვიყავი. ამბოხი გაუგებარია ჩემთვის. ჩემი მოდგმა ფეხზე არასდროს წამომდგარა, გარდა ძარცვისათვის: როგორც მგლები ესხმიან მხეცს, რომელიც არ მოუკლავთ.
   მე მახსოვს საფრანგეთის, ეკლესიის პირმშო ქალწულის ისტორია. მე, ვითარცა ყმა, მოვივლიდი წმინდა მიწებს; თავი მაქვს სავსე შვაბური ტრამალების გზებით, ბიზანტიის ხედებით, სოლიმას ქვის გალავნებით: ღვთისმშობლის კულტი, თანაგრძნობა ჯვარცმული ქრისტესთვის იღვიძებენ ჩემში ათას მკრეხელურ ზმანებას შორის.—მე, კეთროვანი, ჩამოვმჯდარვარ თიხის ქოთნების ნამტვრევებსა და ჭინჭრებში, მზისგან ამოხრული კედლის ძირას.—მოგვიანებით, ამჯერად დაქირავებული ჯარისკაცი, ბანაკს დავცემდი გერმანიის ღამეების ქვეშ.
   ჰო! კიდევ: წითელ ტიტვლობზე, ტყეში, ალქაჯურ შაბაშს ვცეკვავ მოხუც ქალებთან და ბავშვებთან ერთად.
   ჩემი მეხსიერება არ სწვდება, წარსულში, ამ მიწასა და ქრისტიანობაზე შორს. ჩემს თავს მე ყოველთვის ამ წარსულში დავინახავ. მაგრამ მუდამ ეულს; ოჯახის გარეშე; და, სულაც, რა ენაზე ვლაპარაკობდი? ჩემს თავს ვერასდროს ვხედავ ქრისტეს საბჭოებში; ვერც დიდგვაროვანთა—ქრისტეს წარმომადგენელთა—საბჭოებში.
   რა ვიყავი გასულ საუკუნეში: მხოლოდ აწმყოში ვახერხებ ჩემი თავის ამოცნობას. აღარცერთი მაწანწალა, აღარავითარი გაურკვეველი ომები. მდაბალმა რასამ ყველაფერი მოიცვა—ხალხი, როგორც ამბობენ, გონება, ერი, მეცნიერება.
   ო! მეცნიერება! ყველაფერს მოევლო. სხეულისა და სულისთვის,—ვიატიკუმი,—გვაქვს მედიცინა და ფილოსოფია,—ბებიაქალების წამლები და გადაწყობილი სახალხო სიმღერები. და თავშესაქცევი უფლისწულთათვის, და თამაშები, რომლებსაც ისინი კრძალავდნენ! გეოგრაფია, კოსმოგრაფია, მექანიკა, ქიმია!...
   მეცნიერება, ახალი დიდგვაროვნება! პროგრესი. სამყარო წინ მიდის. ვითომ რატომ არ უნდა იტრიალოს?
   ეს რიცხვების ხილვაა. ჩვენ სულისაკენ მივემართებით. ეჭვგარეშეა, წინასწარმეტყველება, რასაც ვამბობ. მე მესმის, და, რადგან არ ძალმიძს აზრის გამოთქმა წარმართული სიტყვების გარეშე, კრინტს აღარ დავძრავ.
 
 
   წარმართული სისხლი ბრუნდება! სული ახლოა; რად არ მეხმარება ქრისტე ჩემი სულისთვის კეთილშობილებისა და დიდსულოვნების მინიჭებით? აფსუს, სახარებამ ჩაიარა! სახარება! სახარება.
   ღმერთს მოველი მადააღძრული. მე მდაბალი მოდგმისა ვარ აწ და მარადის. 
   ესეც მე არმორიკულ სანაპიროზე. დაე ქალაქები განათდნენ საღამოჟამს. ჩემი დღე დასრულებულია; ვტოვებ ევროპას. ზღვის ჰაერი დამწვავს ფილტვებს; უცხო ჰავაში გავირუჯები. ვიცურო, ბალახი ვთელო, ვინადირო, რაც მთავარია, პაპიროსი ვაბოლო; ვსვა სასმელი, მძიმე, როგორც მდუღარე ლითონი,—როგორც სჩვეოდათ ჩემს ძვირფას წინაპრებს, კოცონის გარშემო.
   მე დავბრუნდები, რკინის კიდურებით, მუქი კანით, მრისხანე თვალით; ჩემი ნიღაბი ხალხს აფიქრებინებს, რომ ძლიერთა მოდგმას ვეკუთვნი. ოქრო მექნება: ვიქნები უდარდელი და ულმობელი. ქალები უვლიან ამ ცხელი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ხეიბრებს. პოლიტიკაში გავერევი. ხსნილი.
   ახლა დაწყევლილი ვარ, მძაგს სამშობლო. ყველაფერს სანაპიროზე გამოტყვრომა და ძილი სჯობს.
 
 
   არსად მივდივართ.—აქედან განვაგრძოთ ბილიკები, მოკირწყლული ჩემი მანკიერებით, მანკიერებით, რომელმაც ტანჯვის ფესვები გაიდგა ჩემს გვერდში, მას მერე რაც გონიერების ასაკი დაიწყო,—რომელიც ცაში იჭრება, მცემს, მაყირავებს, დამათრევს.
   უკანასკნელი უმანკოება და უკანასკნელი სიმორცხვე. თქმულია. არაა საჭირო, სამყაროს დასანახად გამოვფინო ჩემი მრავალი ზიზღი და ღალატი.
   აბა, წავედით! მარში, ტვირთი, უდაბნო, მოწყენილობა და რისხვა.
   ვის მივეთხოვო? რომელ მხეცს ვეთაყვანო? რომელ წმინდა ხატს ვესხმით თავს? რომელი გულები დავკოდო? რომელ სიცრუეს დავუჭირო მხარი? რომელ სისხლში გავტოპო?
   აჯობებს, მართლმსაჯულებისგან შორს მეჭიროს თავი.—მძიმე ცხოვრება, მარტივი დაშტერება,—ავხადო, გამომშრალი მუშტით, თავი კუბოს, ჩამოვჯდე, გავიგუდო. ამრიგად, აღარავითარი სიბერე, არც საფრთხე: შიში ფრანგული სიტყვა არაა.
   —აჰ! ისე სრულებით ვარ მიტოვებული, რომ ნებისმიერ ღვთიურ ხატს ვთავაზობ ბიძგს სრულყოფისაკენ.
   ო, ჩემი თვითაღკვეთა, ო, ჩემი გასაოცარი მოწყალება! და მაინც: აქ, დაბლა!
   De profundis, Domine, რა შტერი ვარ!
 
 
   სულ პატარაობიდან აღმაფრთოვანებდა ის ურჩი ტუსაღი, მუდამ ცხვირწინ რომ ეხურება საპყრობილის კარი; მოვივლიდი ხოლმე სასტუმროებსა და ბინებს, მას რომ შეეძლო, ეკურთხებინა იქ გაჩერებით; მე მისი წარმოდგენით ვხედავდი ლურჯ ცასა და სოფლის აყვავებულ შრომას; ქალაქებში მის განწირულობას განვიცდიდი. ძალით ის წმინდანს აღემატებოდა, საღი აზრით - მოგზაურს,—და თავად, მხოლოდ თავად! თავისი დიდებისა და სიმართლის მოწმედ.
   გზებზე, ზამთრის ღამეობით, უსახლკაროდ, უტანსაცმლოდ, ულუკმაპუროდ, ეული ხმა იპყრობდა ჩემს გაყინულ გულს: „სისუსტე თუ ძალა: ეგეც შენი ძალა. შენ არ უწყი არც საით მიდიხარ, არც რისთვის მიდიხარ; ყველგან შეაბიჯე, ყველას გაეცი პასუხი. იმაზე მეტად ვერ მოგკლავენ, ვიდრე გვამი რომ ყოფილიყავი.“ დილაობით ისეთი გზააბნეული გამოხედვა მქონდა, ისეთი უსიცოცხლო გამომეტყველება, რომ იმათ, ვინც გზად შემომხვდა, შეიძლება ვერ დამინახეს.
   ქალაქებში, უეცრად, გუბურა მეცხადებოდა წითლად და შავად, როგორც სარკე, როდესაც ნათურა ქანაობს გვერდით ოთახში, როგორც საგანძური ტყეში! წარმატებები, დავიყვირებდი, და ცაში დავინახავდი ზღვას, აალებულს და მხრჩოლავს; და, ხელმარცხნივ, ხელმარჯვნივ, სამყაროს ყველა სიმდიდრეს, ათასობით ჭექა-ქუხილად მოგიზგიზეს.
   მაგრამ ორგია და ქალთა ამხანაგობა აკრძალული მქონდა. ერთი თანამგზავრიც კი არ მყოლია. ჩემს თავს ვხედავდი გაცოფებული ბრბოს წინაშე, სადამსჯელო რაზმის სამიზნედ, იმ უბედურების დამტირებელი, მათ რომ ვერ გაიგეს, და მიმტევებელი!—როგორც ჟანა დ’არკი!—„მღვდლებო, მასწავლებლებო, ოსტატებო, შეცდომას უშვებთ, მე რომ მართლმსაჯულებას გადამცემთ. მე არასდროს ამ ხალხს არ ვეკუთვნოდი; მე არასდროს ქრისტიანი არ ვყოფილვარ; მე იმ მოდგმისა ვარ, წამებისას რომ მღეროდა; ჩემთვის გაუგებარია კანონები; მე არ მაქვს ზნეობის აღქმა, მე პირუტყვი ვარ: თქვენ ცდებით.“
   ჰო, ჩემი თვალები იხუჭება თქვენ სინათლეზე. მე მხეცი ვარ, ზანგი. მაგრამ ჩემი ხსნა კიდევ შეიძლება. თქვენ ცრუ ზანგები ხართ, თქვენ, მანიაკებო, შლეგებო, ძუნწებო. ვაჭარო, შენ ზანგი ხარ; მოსამართლე, ზანგი ხარ; გენერალო, ზანგი ხარ; იმპერატორო, ძველო ქავილო, ზანგი ხარ: შენ სვი დაუბეგრავი სასმელი, გამოხდილი სატანის მიერ.—ციებ-ცხელება და კიბო შთააგონებს ამ ხალხს. ხეიბრები და ბებრები ისეთ პატივში არიან, რომ ითხოვენ, ვინმემ მოხარშოს.—ყველაზე ჭკვიანური ის იქნება, მივატოვო ეს კონტინენტი, სადაც სიგიჟე დაძრწის, რათა მძევლებით მოამარაგოს ეს საბრალონი. მე ვაბიჯებ ქამის შვილთა ჭეშმარიტ სამეფოში.
   ჯერაც ვიცნობ ბუნებას? ჩემს თავს ვიცნობ?—მეყო სიტყვები. მე მკვდრებს ვმარხავ ჩემს მუცელში. იყვირე, დოლო, იცეკვე, იცეკვე, იცეკვე, იცეკვე! ვერც კი ვხედავ იმ დროს, როდესაც, მოადგებიან რა ნაპირს თეთრკანიანები, არარაობაში ჩავეშვები.
   შიმშილო, წყურვილო, იყვირეთ, იცეკვეთ, იცეკვეთ, იცეკვეთ, იცეკვეთ!
 
 
 
   თეთრკანიანები ნაპირს მოადგნენ. ზარბაზანი! ნათლობას უნდა დავმორჩილდეთ, შევიმოსოთ, ვიშრომოთ.
   გულში წყალობის გასროლა მივიღე. ო! მე მას არ მოველოდი!
   ბოროტება არასოდეს ჩამიდენია. დღენი შემიმსუბუქდება, მონანიების ნება მომეცემა. ჩემთვის უცნობი იქნება თითქმის სათნოდ მკვდარი სულის ტანჯვები, საიდანაც აღიმართება სამგლოვიარო სანთლების მსგავსი მკაცრი სინათლე. ოჯახის ვაჟთა ხვედრი, სუფთა ცრემლებით დაცვარული ნაადრევი კუბო. აღვირახსნილობა უდავოდ სისულელეა, სისულელეა მანკიერება; გადასაყრელია ყველაფერი რაც კი გაიხრწნა. მაგრამ საათი ვერ შეძლებს, აღარაფერი დარეკოს, გარდა სუფთა ტკივილის ჟამისა! ნუთუ ბავშვივით წამათრევენ, რათა სამოთხეში ვითამაშო, დავიწყებას მივცე ყველა უბედურება?
   დროზე! არის სხვა ცხოვრებაც?—ძილი სიმდიდრეში შეუძლებელია. სიმდიდრე მუდამ საჯარო ქონება იყო. მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულია ცოდნის გასაღებთა მომნიჭებელი. ვხედავ, რომ ბუნება სიკეთის გამოფენაა მხოლოდ. მშვიდობით ქიმერებო, იდეალებო, შეცდომებო!
   ანგელოზების გონიერი სიმღერა გაისმა მხსნელი ხომალდიდან: ღვთაებრივი სიყვარულია ეს გალობა.—ორი სიყვარული! ორი სიყვარული! შემიძლია, მიწიერი სიყვარულისგან მოვკვდე, ანდა ღვთისმოსაობისგან. მე მივატოვე სულები, რომელთა ტკივილიც გაძლიერდება ჩემი წასვლით! თქვენ მე მირჩევთ ზღვით გარიყულთა შორის; ისინი, ვინც დარჩნენ, განა ჩემი მეგობრები არ არიან?
   იხსენით ისინი!
   გონიერებამ გაიღვიძა ჩემში. სამყარო კარგია. მე სიცოცხლეს დავლოცავ. შევიყვარებ ჩემს ძმებს. ეს ბავშვობის დაფიცებები აღარაა. და არც იმედი, გავექცე სიბერეს და სიკვდილს. ღმერთი მაძლევს ძალას და მე ღმერთს ვადიდებ.
 
 
   უხალისობა აღარაა ჩემი სიყვარული. მრისხანება, აღვირახსნილობა, სიგიჟე,—რომელთა ყველა სწრაფვაც და უბედურებაც ნაცნობია ჩემთვის,—ყოველგვარი ტვირთი მომეხსნა. დინჯად შევაფასოთ ჩემი უმანკოების საზღვრები.
   მეტად ვეღარ შევძლებდი, ნუგეშისცემად ბასტონადა მეთხოვა. ჩემი თავი საქორწინოდ არ მესახება, არც იესო ქრისტე - სიმამრად.
   მე არ ვარ ჩემი გონების ტყვე. მე ვთქვი: ღმერთი. თავისუფლება მსურს ხსნაში: როგორ ვეწიო მას? ქარაფშუტა სწრაფვებმა მიმატოვეს. აღარ ვსაჭიროებ არც ღვთისმოსაობას, არც ღვთიურ სიყვარულს. არ მენატრება მგრძნობიარე გულთა ხანა. ორივეს აქვს თავისი მიზეზი, ზიზღსაც და მოწყალებასაც: მე ვიკავებ ჩემ ადგილს ამ საღი აზრის ანგელოზური კიბის კენწეროში.
   რაც დადგენილ ბედნიერებას შეეხება, ოჯახურს თუ სხვაგვარს . . . არა, არ შემიძლია. მეტისმეტად გაფანტული ვარ, მეტისმეტად სუსტი. სიცოცხლე შრომაში ყვავის, ძველისძველი სიბრძნე: რაც მე შემეხება, ჩემი ცხოვრება საკმარისად მყარი არაა, ის ფრთას შლის და ლივლივებს მაღლა, შორს ქმედების, სამყაროს ამ ძვირფასი ღერძისგან.
   რა შინაბერა ვხდები ნელ-ნელა, ვეღარ ვბედავ, სიკვდილი მიყვარდეს!
   ნეტა ღმერთს მოეცა ჩემთვის ზეციური, ჰაეროვანი სიმშვიდე, ლოცვა—როგორც ძველი წმინდანებისთვის.—წმინდანები, ძლიერნი! ანაქორეტები, ხელოვანები, რომელთა მსგავსნიც აღარავის სჭირდება!
   გაუთავებელი ფარსი? ცრემლებს მგვრის ჩემივე უმანკოება. ცხოვრება ყველას საზიდი ფარსია.
 
 
   კმარა, აი სასჯელიც.—გასწი!
   ო! ფილტვები მეწვის, საფეთქლები გრუხუნებენ! ღამე დაგორავს ჩემს თვალებში, ამ მზის გამო! გული. . . ხელ-ფეხი. . .
   საით მივდივართ? ბრძოლაში? სუსტად ვარ! სხვები განაგრძობენ. ხელსაწყოები, იარაღები. . . დრო! . . .
   ცეცხლი! დამიშინეთ! აგერ ვარ! თუ არადა ვნებდები.—მხდალებო!—თავს ვიკლავ! ფეხქვეშ ჩავუვარდები ცხენებს!
   აჰ! . . .
   —მივეჩვევი.
   ეს იქნება ნამდვილი ფრანგული ცხოვრება, ღირსების ბილიკი!
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული