• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

გეტოების დაბადება - ანუ ამბავი თბილისური ფერთა გამის შესახებ

×
(c) მიხეილ სამხარაძე
ავტორის გვერდი ზაქარია თავბერიძე, გიორგი ნამგალაძე 12 იანვარი, 2018 4641

„Ghetto Games” - ილუსტრაციის ავტორი Panta Rhei

 

“თითქოს ბნელი გვირაბიდან მზის შუქზე მოვხვდი, წერდა მარკ შაგალი, როცა რუსეთიდან ევროპაში ჩავიდა. ეს არ იყო უბრალო მეტაფორა. პარიზში შაგალმა... მართლაც ნახა ფერის სამყარო.“

გოგი გვახარია; „ცრემლიანი სათვალე“

შესავალი

(თბილისური ღამეების მივიწყებული პერსპექტივა)

ევროპაში სწავლის დასრულების შემდეგ, გაბრიელი საქართველოში გაბრწყინებული თვალებითა და პროგრესული მომავლის რწმენით დაბრუნდა. მშობლების მონახულების შემდეგ კი, გაბრიელმა მეგობრებთან ვიზიტი გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, მეგობრებმაც არ დააყოვნეს და მის დასახვედრად ერთად შეიკრიბნენ. ევროპულ Go Out-ებს მიჩვეული გაბრიელი, ბეტონის მაღალ კორპუსებში მიჩქმალულ ერთ-ერთ გარაჟში მიიპატიჟეს. გარაჟში ბიჭები განაგვებული ბანქოთი ჯოკერს უბერავენ და ჩასისხლიანებული თვალებით „სეზონის“ განმავლობაში გამურულ კუსტარულ „ბურბულატორს“ წრეზე ატრიალებენ. გაბრიელი მიხვდა, რომ იმ წუთას მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. მოულოდნელად, ის ფერადი Go Out-ებიდან უკიდურეს აღმოსავლეთ ევროპის შავ-თეთრ გარეუბანში აღმოჩნდა. ასეთ სივრცეს ხომ, საკუთარი წესები, კოდები, ენა და გართობის სისტემა აქვს. გაბრიელს რევერსიული კულტურული შოკი დაეწყო და სევდანარევი სიცლით ჩაილაპარაკა: „ვახ ჩემი, ეს სუფთა გეტოა“.

სინამდვილეში, გეტოს ფესვები ბნელ შუასაუკუნეებში[1] უნდა მოვიძიოთ, როდესაც ებრალები განცალკევებულ უბნებში, ე.წ. გეტოებში ცხოვრობდნენ, როგორც სტიგმატიზირებული და განდევნილი ჯგუფები. მე-20 საუკუნი შემდეგ, ტერმინი პოპულარული ხდება და გამოიყენება ქალაქის იმ ნაწილის აღმნიშვნელად, სადაც სეგრეგაციის შედეგად ძირითადად მოწყვლადი (სოციალური, ეკონომიკური თუ სამართლებლივი ნიშნით) ჯგუფები ცხოვრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს კონცეპტი უკვე დიდი ხანია მუსირებს და დღეს მას ხელოვანთა ლექსიკონში ხშირად გადავაწყდებით, ჩვენ გვინდა ვუჩვენოთ, რომ ნამდვილი გეტოების ფორმაცია ახლა და ამჟამად მიმდინარეობს და აქამდე, თბილისური გეტოები ჯერ არ გამოკვეთილა. იმისათვის, რომ არსებობდეს გეტო, უნდა არსებობდეს ცენტრიც, მასთან დაპირისპირებული, მომიჯნავე ტერიტორია, რომელიც თავისთავად გეტო არ არის. ვფიქრობთ, რომ დღეს, 2018 წლის თბილისში სწორედ ამ კარტოგრაფიული დემარკაციის ხაზის გავლებას ვესწრებით.

აქვე შეიძლება დავსვათ კითხვა: რა პრაქტიკული ღირებულება აქვს გეტოს ცნების რეკონფიგურაციას?

მარტივი პასუხი იქნება ის, რომ აღდგენილი ცნება, ცენტრისა და პერიფერიის უკეთ გააზრებისთვის ქმედით თეორიულ ჩარჩოს შექმნის.

ცენტრი და პერიფერია

„ცხადია, რომ ქალაქის [დამცავ] კედლებს სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდათ, როგორც ურბანული იდენტობის ემბლემებს.“

რეიერსონი; 2000

დღეს თბილისში სამი ძირითადი მოლია, „თბილისი მოლი“, „ისთ ფოინთი“ და „გალერეა თბილისი“. რუკაზე მათი განლაგების ანალიზმა, შესაძლოა თბილისური გეტოების ფორმაციის შესახებ ახალი პერსპექტივები გვაჩვენოს. ბოდრიარის ესსეში, „ქალაქი და სიძულვილი“, ასეთ პასაჟს ვაწყდებით: „ავტოსტრადის გაყვანისას, სუპერმარკეტის ან სუპერქალაქის შენებისას თქვენ ავტომატურად გარემოს (ყველაფერს, რაც ამ ნაგებობებს გარს აკრავს) უდაბნოდ გარდაქმნით“. ცხადია, აქ არც შეთქმულების თეორიასთან გვაქვს საქმე და არც „თბილისური მოლების“ მზაკვრულ ჩანაფიქრთან. თუმცა, ისევ ბოდრიარს რომ დავესესხეოთ - „დისკურსი არასოდესაა უცოდველი“ (1968), რაც იმაზე მიუთითებს, რომ დისკურსების მოქმმედებებს გაუთვალისწინებელი უკუჩვენებები გააჩნიათ.

ზოგადად, მოლები ხშირად აეროპორტებთან ახლოს ან ქალაქის გასასვლელებში შენდება. ეკონომიკური ანალიზისას დასტურდება, რომ ასეთი ადგილები ფინანსური თვალსაზრისით მოლებისა თუ მასში განთავსებული მაღაზიების მფლობელთათვის ყველაზე მომგებიანი წერტილებია (Mohamad, Katheeri, Salam, 2015). ეს გამოცდილი პატერნი თბილისშიც განმეორდა.

თბილისში პირველი მოლის (თბილისი მოლი) მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, რასაც 3 წელიწადში მოჰყვა მეორე მოლი (ისთ ფოინთი) კახეთის გზატკეცილზე.

“ისთ ფოინთის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„ისთ ფოინთი, ქალაქის უახლესი, თანამედროვე შოპინგ მოლია, რომელიც ცენტრიდან აღმოსავლეთით თხუთმეტიოდე წუთის სავალზე მდებარეობს... პირველი შთაბეჭდილება წარუშლელია - გრანდიოზული შენობა დანახვისთანავე მიგანიშნებთ თუ რამდენად ახალი და მრავალფეროვანი სამყაროს კარები გეხსნებათ. კონცეპტუალური შოპინგის და გართობის ცენტრი, თქვენი ოჯახის ყველა წევრს საშუალებას მისცემს მთლიანად ჩაიძიროს მოდისა და გართობის სამყაროში... [აქ] ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის თავის პატარა სამყაროს.“

ეს პატარა სამყაროები, ქალაქსაც პატარა სამყაროებად აფრაგმენტირებს. შავ-თეთრ ქალაქში ფერადი კონტრასტების შეტანით იხატება გარემოც. ხოლო, ის რაც/ვინც კონცეპტუალურად ვერ გაფერადდება, ისეთივე მოძველებული გამოჩნდება, როგორც შავ-თეთრი ტელევიზორი.

მთლიანობაში, 2015 წელს მივიღეთ, ე.წ. კონცეპტუალური შოპინგისა და გართობის ორი ცენტრი, ორი „გრანდიოზული შენობა“. თუმცა, ეს „ცენტრები“, ქალაქის ცენტრიდან დაშორებულები არიან. პირველი მათგანი დასავლეთის კარიბჭეს დარაჯობს, მეორე აღმოსავლეთის. ქალაქის რუკაზე მოლების განლაგებას, კარგად თუ დავაკვირდებით, ისინი მილიტარისტული ზონები გვეგონება, რომლებიც „ჯარისკაც“ ბრენდებთან ერთად პოლისის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ქალაქი სავაჭრო ცენტრებით მოისაზღვრა, ხოლო ის რაც ამ ორი მოლის მიღმა დარჩა დედაქალაქში აღარც კი ეწერება. ლილო, ზედა დამპალო, აფრიკა და მსგავსი ტიპის დასახლებები გაუდაბნოვდა[2]. ისინი ქალაქის დამცავი კარიბჭეების მიღმა - დაუცველ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც ოდითგანვე მოწყვლადი ჯგუფებით დასახლებულ ბარაკებს შეხვდებოდით[3]. ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გეტოს კონტურების მოხაზვა დაიწყო. თუმცა, მაშინ ქალაქის ცენტრი ჯერ არ იყო იმდენად ფერადი, რომ თავისი ბრწყინვალებით უკუნით მოეცვა პერიფერიები.

2017 წელს, როდესაც „გალერეა თბილისი“ ოფიციალურად გაიხსნა ყველაფერი დაჩქარდა. ტოპოგრაფიული მდებარეობა, მოლს მეფის სასახლედ, აუღებელ ციხესიმაგრედ გარდაქმნის. „გალერეა თბილისის“ საახალწლო რეკლამაში, სავაჭრო ცენტრი მოხსენიებულია „ქალაქის გულად“ და ეს შემთხვევითი სულაც არ არის. რეკლამა ჯადოსნურად ვითარდება - გრანდიოზული შენობის ცენტრში მოთავსებულ „გაჯეტზე“, ხელის ციფრული ანაბეჭდის დატოვებით, მოქალაქეები გლდანის მე-4 მიკროს, ხომლელის ქუჩას (ვარკეთილი) და ა.შ. ზღაპრულ ადგილებად აქცევენ. ე.წ. პატარა, ფერად სამყაროებად.

რეკლამა ამბობს:

„წელს გალერეა თბილისმა, როგორც ქალაქის გულმა, გადაწყვიტა თბილისში, განსაკუთრებით კი იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ, საახალწლო იმპულსები გაეგზავნა. როგორც აღმოჩნდა 5 ადამიანის გულისცემაც საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქის სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის განწყობა გავრცელდეს... [ამან] გააფერადა, ააცეკვა და რაც მთავარია გააბედნიერა ძალიან ბევრი ადამიანი [გარეუბნებში]“.

რას უნდა ნიშნავდეს საახალწლო იმპულსების გაგზავნა იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელიან? მეტაფორა შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც გარეუბნებში ფერადი საწარმოო და პირადი მოხმარების საგნების (საქონლის) გატანა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ალბათ ასე გაიჟღერებს:

„თბილისის გულმა გადაწყვიტა გეტოში ფერები შეიტანოს, რისთვისაც ხუთი მოქალაქის გაფერადებაც საკმარისი იქნება“.

პრინციპში, ეს ასეც ხდება და სწორედ ეს მოლები არიან თბილისის მთავარი მხატვრები, რომლებიც თავიანთი ფერადი ფუნჯებით ქალაქის მხატვრობაზე პრეტენზიებს აცხადებენ. თუმცა, პარადოქსი ისაა, რომ სწორედ „გალერეა თბილისი“ აღმოჩნდა ის ბოლო წერტილი, რომელმაც გლდანის მე-4 მირკო და ხომლელის ქუჩა ნამდვილ გეტოებად აქცია.

„გალერეას“ ტოპოგრაფიული განთავსებით, თბილისის ცენტრი კიდევ უფრო გამოიკვეთა და „ტურისტული ატრაქციონის“ გარდა, ადგილობრივებისთვისაც მაცდური გახდა. ცენტრის დაფუძნებამ, უდაბნოდ გარდაქმნა სხვა დანარჩენიც - სანზონა, 31 დეკემბერი, მოსკოვის პროსპექტი თუ ორხევი.

აქ მხოლოდ ტოპოგრაფიულ გაუდაბნოებაზე არაა საუბარი, მოლები საკუთარი პროდუქციის მრავალფეროვნებითა და „პატარა სამყაროების“ დაბადებით, გეტოების ფორმაციაში მთავარ როლს თამაშობენ. სამი „სუფთა და განათებული“ მოლი, რომელიც მუდმივად ღამის ნათურებივით ციმციმებს, პეპლებივით იზიდავს უკუნში დანთქმულ მოქალაქეებს, რომლებმაც საკუთარი ატრიბუტების  (სამოსის, ჩანთების, ლეპტოპების) კონცეპტუალური გაფერადებით, გეტოებში ფერები უნდა გაიტანონ, რაც მანიშნებელი უნდა გახდეს, რომ გეტოს აღნიშნული წევრი ჩართულია ცენტრის ცხოვრებაში და მას, შესაბამისი სტატუსი ენიჭება. დღეს ვინც მოხმარებაზე უარს ამბობს (თავს არიდებს კლუბებში სიარულს, არ/ვერ იცვამს ფერად სამოსს, უარს აცხადებს მსოფლიო სამზარეულოს შედევრების დაგემოვნებაზე და ა.შ) ნებსით თუ უნებლიედ ისეთივე განდევნილი აღმოჩნდება, როგორც დიოგენე კასრში.

ამჟამად ჩვენი ქალაქი იმდენად ფერადია (და აქ შავი ფერი ცხადია საკუთარი დომინანტურობით თავისთავად იგულისხმება), რომ აუცილებელი ხდება ღირებულებებზე საუბრისას, მსჯელობაში შემოვიტანოთ ფერის ღირებულებაც (ბოდრიარი, 1968). მართალია, ჯერჯერობით ნარინჯისფერს საკმარისი ძალაუფლება არ მოუხვეჭავს და მისი მოხმარების გამო შესაძლოა პოლიციელმა ჩვენზე ხელიც აღმართოს, მაგრამ, ეს ხომ სასაცილოა! სულ მალე, სწორედ ნარინჯისფერი, იასამნისფერი, გახუნებული ვარდისფერი, გახუნებული ცისფერი, მუქი ლურჯი, მუქი ყვითელი და ა.შ. შეიძენენ იმ ძალაუფლებას, რომლის გამოც პოლიციელი თქვენობით მოგმართავთ.

ქვემოთ აღწერილი ტრანსფორმაცია მიუთითებს, რომ ძალიან მალე, ფერადები „კარგი მოქალაქეები“ გახდებიან, თუმცა, ამავე დროს, სწორედ ფერები იქნებიან ცენტრისა და პერიფერიის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშნებიც. ამიტომაც, მრავალ შესაძლო რაკუსს შორის, ჩვენ ვარჩიეთ, რომ თბილისური გეტოების ფორმაცია ფერთა გამის ჭრილში განგვეხილა.

რა არის ფერის ღირებულება და რა კავშირშია ის თბილისთან?

ამის გასაგებად ბოდრიარის ადრეული ნაშრომი - „ობიექტების სისტემა“ 1968 წ. - დაგვეხმარება. ტექსტში ასეთ კლასიფიკაციას ვაწყდებით:

ტრადიციული ფერები:

„[ლაღიძის წყლები] 70-იანი წლების თბილისში ერთადერთი ფერადი დაწესებულება იყო. დიდ კოლბებში ჩამოსხმული „შოკოლადი“, „ლიმონი“, „პიტნა“ „ნაღები“ ქმნიდა ჭრელ მოზაიკას, რომელიც წარმოუდგენელ თავისუფლებას - არჩევანის თავისუფლებას ანიჭებდა მომხმარებელს.“

გოგი გვახარია; „ცრემლიანი სათვალე“

არაერთხელ მოისმენდით საუბარს, რომ ჩვენ, მხოლოდ შავები გვიყვარს და გაფერადებას ვერ ვიტანთ. რეალურად ეს ასეცაა, ჩვენს ტრადიციულ ფერთა სისტემაში, შავი, სერი და თეთრი, ის ფერები, რომლებიც სკალაზე ნულოვან დონეს მიუთითებენ, დადებითი კონოტაციით მოჩანდა, როგორც კეთილშობილებისა და მორალური ცხოვრების ატრიბუტი. ამაში გასაკვირი არაფერია, იგივეს ამბობდა ბოდრიარი ტრადიციულ პარიზზეც და აღნიშნულ ფერებს, „ფიქსირებული კულტურული მნიშვნელობების“ მეტაფორად იყენებდა. ამ დროს ფერები სისტემურად არ გამოიყენებიან, შეხამებასა თუ კონტრასტს არ საჭიროებენ. აქ ფერი თითქოს მეორადია, რომელზეც ფუნქცია და ფორმა დომინირებს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოშიც ნულოვანი ფერების ეპოქა დაიწყო. პირობითად, 90-იანების ტრადიციული ფერების წლებს, შეგვიძლია ნაივური შავი წლები ვუწოდოთ.

ნატურალური ფერები:

ტრადიციულიდან ნატურალურ ფერებზე გადასვლას დრო სჭირდება და როგორც წესი, ისინი Common sense-ში სამომხმარებლო საგნებიდან გადმოდიან. ბოდრიარი მიუთითებდა, რომ ეს გადასვლა სულაც არაა უმტიკვნეულო, რადგან ტრადიციული ფერების სისტემა, მაგალითად ღია წითელს აგრესიულად ან ამორალურად თვლის და მის განდევნას ცდილობს. როგორც ჩანს, ახალი ფერების პირდაპირი შემოტანა უნდა აღქმულიყო, როგორც გადასვლა ძველი სისტემიდან რაღაც ახალზე, რაც ტრადიციონალისტებში გაღიზიანებას გამოიწვევდა. მაგალითად, ევროპაში გაფერადებული ახალგაზრდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა მათი თავდასხმის ობიექტიც გამხდარიყო. სწორედ ამიტომაა, რომ გაფერადება საოჯახო სამომხმარებლო საგნებიდან დაიწყო და არა პირდაპირ - ტანსაცმლის ან აქცესუარების გავლით. ფერებმა, საკუთარი სისტემების ღირებულება, საგნების გავლით შემოგვაპარეს. ფერთა ეს ცბიერება, ცხადია ეკონომიკური წარმოების ლოგიკაა, სადაც ის, თითქოს არჩევანის თავისუფლებას გვთავაზობს.

2003 წლიდან, თბილისში იმპორტის ზრდამ და ჰიპერმარკეტების მრავალფეროვნებამ, ნელ-ნელა ტრადიციული, ნულოვანი ფერები განდევნა და მათი ადგილი ნატურალურმა ფერებმა დაიკავა. მაგალითად, ლეპტოპები, სავარძლები, ჭაღები, ნათურები, ხელსახოცები, კბილის ჯაგრისები და ა.შ. წითელი, ყვითელი და ლურჯი ფერის „სამოსით“ გამოგვეცხადდნენ. თუნდაც, Random შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთების სხვადასხვა ფერი, სახლში ავტომატურად ქმნის უნიკალურ ფერთა გამას, რომელიც მობინადრეს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ბრუტალური ქალაქიდან სახლში დაბრუნებისას, „თავისუფლებისა“ და „მშვიდობის“ შეგრძნებას არგუნებს.

შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2003 წლიდან შეუმჩნევლად დაიწყო ნატურალური ფერების, იგივე მოხუცი მატისის ეპოქა, რომელიც დღეს ისევ აქტუალურია, თუმცა ფუნქციური ფერების მიმართულებით ტრანსფორმირებს.

ფუნქციური ფერები

აღნიშნული კატეგორია ნატურალური ფერების ემანსიპაციის შემდგომი ეტაპია, როდესაც ხელოვნებისა თუ რეკლამების წყალობით, ფერთა გამოთავისუფლების შემდეგ, უკვე შესაძლებელია მათი კომბინაცია, დიზაინი, შეთავსება თუ კონტრასტი. თუ ნატურალური ფერები, ჩვენს სახლებში სუპერმარკეტების გავლით ავტომატურად აღწევდნენ, ახლა მობინადრეს მეტი ყურადღება მართებს, რათა სივრცის ნაივური დიზაინი არ მიიღოს. ეს აუცილებელია, რადგან ფერთა შესაბამისობამ მოქალაქე მოძველებულად, ან განდევნილად შეიძლება აქციოს. სწორი თვითდიზაინის შემთხვევაში კი, პირიქით, მოქალაქეს საშუალება ეძლევა წვდომები მიიღოს იმ ბენეფიტებზე, რაზეც ფერთა ავანგარდული კომბინაციები მიუთითებენ, როგორც დისკურსული ღირებულებები, ძალაუფლება და კულტურული კაპიტალი. თბილისური დისკურსები, ფერებით, როგორც ენის მეტაფორით, ანუ მისი ნიშანთა სისტემებით, არანაკლები ინტენსივობით მეტყველებენ, ვიდრე თავად ენით. დღეს ფერები და მათი კომბინაცია, სწორედ ფერთა უკიდურესი ძალაუფლების ექსტრაორდინარულ ფუნქციონირებაზე მიუთითებენ. ფერთა გამას შეუძლია ჩვენს იდენტობაზე, ავანგარდულობასა თუ ნაივურობაზე პირდაპირი ინტენცია აწრმოოს.

მაგალითად, ახალგაზრდებში გარკვეული ტონალობის ლურჯისა და ყვითელის შეხამება გვაძლევს თანამედროვე თინეიჯერის იმიჯს, მაშინ როდესაც, იგივე ლურჯისა და ყვითელის, თუნდაც ოდნავ განსხვავებული ტონალობა, მათი მცდარი კომბინაცია, შესაძლოა ნაივურად ჩაითვალოს - ე.წ. სიმულაკრად. აღნიშნული არა მარტო ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ჯგუფებსაც მიეყენება.  ქალაქში აქტუალიზირებული, ავანგარდული დისკურსები თავიანთი ფერთა ღირებულებითა და სისტემა-კომბინაციებით ერთვებიან. სწორედ ფერთა ეს ვითომ შემთხვევითობა და სხვადასხვა დისკურსის სინთეზი ქმნის თითოეული ჩვენგანის ფერთა ღირებულებებსაც. ამგვარად, თბილისურ ავანგარდულ ურბანულ ტომებს[4] საკუთარი ფერთა სისტემა აქვთ. მაგალითად, კლუბებმა საკუთარი ფერთა სტრატეგია ისე შეიმუშავეს, რომ დღეს შესაძლებელია ბასიანელმა (ხიდელმა) მეორე ბასიანელი (ხიდელი) ფერთა გამით ამოიცნოს.

ამგვარად, გააქტიურდა ფუნქციურ ფერთა ახალი სისტემა, რის ფონზეც ტრადიციულმა ფერთა გამამ ღირებულება დაკარგა. ძველი სისტემიდან მხოლოდ შავი დაგვრჩა, ოღონდ სახეცვლილი შავი - როგორც ბოდრიარი უწოდებს, „სნობური შავი“. პრინციპში, ის თეთრის ჰიგიენურ-მორალურ პოზიციას, უმწიკლობის ფერიმიჯს დაუპირისპირდა, ასევე გაემიჯნა „ნაივურ შავს“ და სწორედ ამის წყალობით, ნატურალური ფერების სისტემაშიც „სნობ“ თავსართის დამატებით  გადმოინაცვლა[5]. თბილისში ყველაზე გადაშენების პირას მყოფი ფერი - თეთრია. თეთრი ტრადიციულისა და ნაივურის აღმნიშვნელ ფერად იქცა, რომლის არსებობასაც, მხოლოდ სამოსის პატარა, „მბრწყინავი“ დეტალები ან ძველი საბჭოთა „ნივა“ გვახსენებენ. მაგალითად, დღეს  “თეთრი ხმაური“ შავი ფერია - „სნობური შავი“. თეთრი მხოლოდ გამჭვირვალე ფარდაა, რომელიც მის შიგნით არსებულ ფერთა სიმრავლეს ფარავს. ეს მანევრი სტრატეგიულად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რადგან „სნობი შავი“ ტრადიციონალისტებისთვის გამაღიზიანებელი არაა (მაგ. ნარინჯისფერისგან განსხვავებით), მათ ის „ნაივურ შავში“ ეშლებათ. ეს სტრატეგია, ამავე დროს თავდაცვის სტრატეგიაცაა - ის ავანგარდში ავანგარდულად იკითხება და არც ტრადიციონალისტებისთვისაა მიუღებელი. ამგვარად, „სნობური შავი“ თავისთავში ადამიანთა ფართო სპექტრის გაერთიანებისა და მობილიზების საშუალებასაც წარმატებით იძლევა. თეთრი ხმაური სწორედ ფერთა ტრანზაციის კლასიკურ მაგალითად დაგვამახსოვრდება.

ეს არ არის არც უბრალო მეტაფორა და არც მეტაფიზიკა, ესაა ფერის ძალაუფლება, რისი გადამოწმებაც, თუნდაც ნებისმიერ ელექტრონიკის მაღაზიაშიც ადვილად შეიძლება მოახერხოთ. „სნობური შავი“ სამომხმარებლო საგნებთანაც, როგორც ღირებულების დანამატი ისე დარჩა. მაგალითად, თუ თქვენ თეთრი ან ნაცრისფერი მაცივარი არ გიზიდავთ და თვალი „სნობ შავ“ მაცივარს დაადგით, აღმოაჩენთ, რომ აღნიშნული პროდუქტი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მისი თეთრი/ნაცრისფერი ასლი. 

ასე რომ, სწორედ ესაა ის დრო, როდესაც ფერები ფუნქციურნი ხდებიან. როგორც ვთქვით, აქ საჭიროა მეტი სიფრთხილე, ინფორმაცია და ცოდნა (ფერთა გამის ტემპერამენტზე), რათა საგანთა ფერები ისე გავთვალოთ, რომ არ მოვხვდეთ სიმულაკრების კატეგორიაში და ჩავეწეროთ „თანამედროვე ყოფნის“ მოდუსში, რაც როგორც ვთქვით, მთელ რიგ კულტურულ ბენეფიტებზე წვდომას გაგვიხსნის. ეს თბილისური ფერთა მანის ეპოქაა, სადაც შამანებივით ზედმიწევნით უნდა მივყვეთ ფერების რეცეპტებსა და მათ აურას, რათა კომბინაცია მაცდური და მათრობელა გამოვიდეს.

ვფიქრობთ, რომ დღეს, თბილისში ზუსტად ფუნქციური ფერების ეპოქააა, ამიტომაც, ბოდრიარის შემდგომ კატეგორიებზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ და გეტოს მივუბრუნდებით.

ფერები და გეტო

აქამდე თბილისი რომ გეტოდ აღგვექვა, საჭირო იყო ევროპული Go Out-ები (მინიმუმ მათი youtube-ზე ცქერა), რაც მსოფლიო რუკასთან მიმართებაში ქალაქს პერიფერიად აცხადებდა. ეს მიმართება მთლიან ქალაქს მიეყენებოდა. თუმცა, დღეს ეს განსხვავება თავად ქალაქში მოგვეცემა. „ბნელი გვირაბიდან მზის შუქზე მოსახვედრად“, რუსთაველზე გასეირნება ან ავანგარდულ კლუბში „გულაობაც“ საკმარისია. სახლში დაბრუნებული ახალგაზრდა, მაშინვე იგრძნობს ფერთა ძალაუფლებას. აღმოჩნდება, რომ თურმე სახლში „კომუნისტი“ დედ-მამა ჰყოლია (ტრადიციული ფერებით), რომლებმაც გეტოში გაზარდეს (მაქსიმუმ, ნეიტრალური ფერებით გარემოცული). სწორედ ამიტომ, ისინი მიზნად გეტოების დატოვებას განიზრახავენ (ფუნქციურ ფერთა სამყაროში შეღწევას).

თუმცა, ასეთი ლიანიარული დასკვნის გამოტანა დიდი გულუბრყვილობა იქნება, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. მაგალითად, ზოგიერთი ფერადი მოქალაქე ფუნქციურ ფერთა სამყაროში გადანაცვლების მაგივრად, შეეცდება ფუნქციური ფერები საკუთარ ნულოვან/ნეიტრალურ ფერთა სამყაროში შეიტანოს.

ანუ, ფუნქციური ფერთა სისტემები გეტოებშიც აღწევს, რადგან არსებობენ გეტოს ისეთი მობინადრენი, რომლებსაც ფერთა შესახებ საკმარისი კულტურული კოდები აქვთ, მაგრამ არ აქვთ საკმარისი ეკონომიკური კაპიტალი ან სურვილი, რომ გეტო დატოვონ (გეტოს ცხადია ახასიათებს კოლორიტის პრედიკატი). ამიტომაც, ამ დროს გეტოების მოხატვა/გაფერადება იწყება, სტენსილების სიმრავლე, გეტო-იდენტობის ავანგარდული თვითდადგენა, მისი თვითდიზაინი. ზოგიერთი გეტო ხშირად ცენტრზე მეტადაც კი ახერხებს, რომ ცენტრის ფერთა სისტემა აქტიურად გამოიყენოს და მისი კულტურული ნიშნები აითვისოს, ან მათგან განსხვავებული ავანგარდულობით დისტანცირდეს - კონტრკულტურა აწარმოოს. რაც შემდგომში, შესაძლოა უნიკალურ გეტო-იდენტობამდეც ტრანსფორმირდეს, რომელსაც ფერთა ბაზარზე სარფიანი საცვლელი ღირებულება ექნება. ეს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რაც გეტოს საკუთარ ესთეტიკას, იდენტობასა და თვითდიზაინის უნარს ანიჭებს და რაც, ამავედროს გეტოს რომანტიზაციას იწვევს. გეტოების მიმართ ესთეტიკური მზერა, ეს ისაა, რაც გეტოში მცხოვრებთ გადარჩენაში, სოციალური კაპიტალის დაგროვებასა და თანამედროვედ ყოფნაში (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს) ეხმარება.

თუმცა, ტენდენცია მაინც პესიმისტურია. დღეს თბილისში ისევ „ცენტრის კულტი“ გვაქვს. როგორც აღვნიშნეთ, ის, ვინც გეტოდან არ/ვერ გააღწევს, საუკეთესო შემთხვევაში გაუდაბნოებული გეტოს გაფერადებას იწყებს, რადგან სხვები, რომლებიც ტრადიციულ ფერებში დარჩნენ (ნაივური შავი, ნაცრისფერი, თეთრი), დიდი ალბათობით მომავალში პოლიციის პირველი სამიზნეებიც აღმოჩნდებიან. ამ დროს, გეტოს „კარგი და ცუდი“ მაცხოვრებლის მკვეთრი განსხვავება იწყება და ფერების ძალაუფლება გეტოს ნაწილს საშუალებას აძლევს, რომ კვლავაც ჰქონდეთ პრეტენზია ცენტრის ავანგარდულობაზე და თან, პოლიციის რეიდებიც თავიდან აიცილოს[6].

ამგვარად, დღეს გეტოში ფერადი კუნძულების ფორმაციას ვაწყდებით, სადაც ფერები თავისი ავანგარდულობით ფუნქციონირებენ და საიდანაც ხანდახან შეიძლება ხარისხიანი ხელოვნების ნიმუშებიც გამოვზიდოთ, რუსთაველის სახვითი ხელოვნების მუზეუმში[7], ან რომელიმე ავანგარდულ ღამის კლუბში (აქ უკვე, თვითდიზაინირებული სხეულების სახით).

თუმცა, კუნძულები რამდენს დაიტევს? ჩვენ, მაინც მიგვაჩნია, რომ გეტოდან მოსახლეობის უმეტესობა, რომელთაც საკმარის ფინანსებზე წვდომა ექნებათ, ცენტრებში გადმოინაცვლებენ. მიუხედავად გეტო-რომანტიზმისა თუ კახი კალაძის ალღოიანი გუმანის, რომელმაც „საახალწლო იმპულსები“ გეტოებშიც გაგზავნა, სეგრეგაციის ტენდენცია იმდენად ძლიერია, რომ მისი შეკავება ბიზნესების დეცენტრალიზაციის გარეშე შეუძლებელია[8]. თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, ეს იქნება ერთ-ერთი მიზეზი იმის, რის გამოც უახლოეს პერიოდში, გეტოებში უძრავ ქონებაზე ფასების ვარდნას უნდა ველოდოთ (იქნება ბევრი გაყიდვის მსურველი და ნაკლები მყიდველი), პარალელურად კი, ცენტრებში საცხოვრისის ფასები გაიზრდება (იქნება ბევრი ყიდვის მსურველი და ცოტა გამყიდველი). სწორედ აქაა საჭირო სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. ხელისუფლებამ რამენაირად, გეტო მომხიბვლელ საინვესტიციო ზონად უნდა აქციოს, რადგან, არ დაუშვას ჯენტრიფიკაციის ამჟამად უკვე არსებული რადიკალური ფორმების კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია და საბოლოოდ ორად გაყოფილი ქალაქი არ მივიღოთ.

ამიტომაც, ვისაც უძრავ ქონებაში ინვესტიცია განგიზრახავთ, ჩვენ გთხოვთ, გაიტანეთ ბიზნესები გეტოებში, რათა გეტო-დიზაინის ძალაუფლება ქმედითი და პოზიტიური ერთად გავხადოთ. სწორი ფორმაციის შემთხვევაში, ის, როგორც გეტო-დისკურსი აუცილებლად დაფასდება.

ინვესტორებს გირჩევთ: უპირველეს ყოვლისა, ესწრაფვეთ ფერთა ავანგარდულ გამას და კერძო საკუთრებაში ინვესტიციის ამონაგები, თავისით მოგეცემათ[9].

 

 

[1] ჟაკ ლე გოფის (მხეცი ისტორიკოსი) „ხანგრძლივი შუა საუკუნეების“ კონცეფციის მიხედვით, შუა საუკუნეების ინდუსტრიული „აფეთქების“  ხანამდე გრძელდებოდა

[2] სწორედ აღნიშნულის ლუსტრაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ მარიამ ჯაჭვაძისა და თამარ მშვენიერაძის მულტიმედია პროექტი - „აფრიკა თბილისში“, რომელსაც „ქარტიის“ 2017 წლის საუკეთესო მულტიმედიის პრიზი დამსახურებულად გადაეცა.

[3] თუმცა, ე.წ. ვორშტადებში, ანუ, ქალაქის კედლის მიღმა ტერიტორიებზე, რასაც ჩვენ დღეს გეტოს ვუწოდებთ, არა მხოლოდ რაიმე ნიშნით მარგინალიზებულ ჯგუფებს, არამედ, პირიქით, სხვადასხვა ნიშნით პოლისის ავანგარდულ მოქალაქეებსაც ნახავთ, რომლებიც იქ, იმ სიამოვნებების მიღებას ცდილობენ, რაც ქალაქში აკრძალული ან მიუწვდომელია.

[4] ურბანული ტომები - ესაა ქალაქში მაცხოვრებელი მიკრო ჯგუფები, რომლებსაც საერთო ინტერესები,  სამყაროს მსგავსი ხედვა, სტილი/ფორმა და მსგავსი ქცევის პატერნები გააჩნიათ (M. Maffesoli, 1988).

[5] თბილისის ავანგარდულ ღამის კლუბებში, რომელთა მაგალითიც იდეალურად აჩვენებს „სნობური შავის“ აქტუალურობას, როგორც ჩანს ის ბერლინიდან უნდა შემოსულიყო და შესაბამისად, ჩვენთანაც „სნობურ შავად“ დაფუძნდა. თუმცა, „სნობური შავი“ ამით არ მთავრდება. იგივეა ბიზნეს დისკურსის შავი სამოსიც (დახვეწილი ფორმებით), ან ძალაუფლებრივი შავი (მაღალჩინოსანთა შავი, დაბურული მანქანები) - აღნიშნული შავი ფერიც „სნობურ შავში“ ეწერება. თუმცა, აქ ვერ მოხვდება, ის შავი, რომელსაც საეკლესიო სამოსი, ქვედა სოციალური ფენები ან სხვადასხვა უბნებში შემორჩენილი კრიმინალური ავტორიტეტები იყენებენ. როგორც ჩანს, „ნაივური შავი“ ტრადიციულ ფერებთან ერთად სუბორდინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

[6] ადრე თუ გვიან, შსს-ს მოუწევს ფერთა ძალაუფლების შესახებ საკუთარი თანამშრომლები ინფორმირებულები გახადოს და პრაქტიკულად გადაამზადოს, რათა „საეჭვო პიროვნების“ კონცეპტი და გონივრული ეჭვი, „ნარინჯისფერს“ მოწყდეს და არც ისე მოხდეს, რომ „ნაივური შავი“ დისკრიმინაციის ახალი მიზეზი გახდეს, რადგან როგორც ვთქვით „ნაივური შავი“ არა მხოლოდ კრიმინალზე არამედ ქვედა ეკონომიკურ კლასებზე, ან თვითდიზაინის კონცეფციისგან გათიშულობაზეც მიანიშნებს. მოკლედ, შსს-ს ამ მიმართულებით აშკარა სამუშაო აქვს. 

[7] ცხადია, ჯერ გადასასინჯია მუზეუმის მფლობელის ესთეტიკური პოზიცია. ჩვენთვის ნათელია, რომ ხაზარაძე ნეო-მოდერნიზმის კონცეფციის მომხრეა, რადგან, მას 2015 წელს მოხსენებების სერიებით მივმართეთ და ვურჩიეთ, გაეთვალისწინებინა ის ავანგარდული ურბანული დიზაინი, რაც თანამედროვე, მოწინავე დასავლური ურბანიზმის თვითდიზაინს ახასიათებს. ცხადია მან მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ჩვენს მოთხოვნას წარმოადგენდა, შენობის ხარაჩოებში გაშეშება (მხოლოდ გარედან), რომელიც ქმნიდა „ცივ“ განცდას დაუსრულებლობისა და მუდმივი ბრუტალურობის. რა თქმა უნდა, ვიწრო დიზაინერთა წრემ, მშენებლობა რენდერის მიხედვით დაასრულა (ალბათ, ახლობელი დიზაინერების გავლენით).

[8] წინა ხელისუფლებამ ბიზნესების დეცენტრალიზაცია დააგვიანა და ეს არა მხოლოდ საცობებს ქმნის ქალაქში, არამედ, გეტოების ფორმირებაშიც თავის წვლილი შეაქვს. მაგ. მშენებლობის ნებართვების გაცემა ცენტრებში აშკარა შეცდომებად უნდა მივიჩნიოთ, მაშინ როდესაც პერიფერიების დიდი ნაწილი აუთვისებელია. ახალი კორპუსი ხომ თავისთავად ახალ ოჯახებს, ახალ სარეცხის მანქანებს, ახალ უბნის მაღაზიებს, მაცივრებს, ფერად სალფეთკებს და ა.შ. გულისხმობს. ცხადია გვესმის, რომ ინვესტორებს მხოლოდ ეკონომიკური მოგება აინტერესებთ და ვერაფერს დავავალდებულებთ, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქცია ხომ სწორედ ისაა, რომ პერიფერიები ინვესტიციებისთვის მომხიბლელ ადგილად აქციოს.

[9] ჯერჯერობით ამ მიმართულებით ბიზნესმენები: ვინმე უგულავა და მამუკა ხაზარაძე ლიდერობენ. უგულავას ბიზნესი ფერთა ძალაუფლების გარეშე წარმოუდგენელია (მაგ. ფაბრიკა და რუმსი); მსგავსადვე ალღოიანი აღმოჩნდა ხაზარაძეც, რომელმაც ფერთა სიმულაციებით აღჭურვა ჯერ „თი-ბი-სი“ ბანკი (სადაც, ჩვენი ვარაუდით, ბანკში დასაქმებულთა შორის, საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე უფრო დიდი ინტენსივობით შევამჩნევთ ცისფერ თვალებს, რომლებსაც გახუნებული ცისფერი ყელსაბამებიც ამშვენებენ), შემდგომ კი, ლისის ტერიტორიაც გააფერადა; და აი, უკვე ქონთემფორარი ბიზნეს პროექტიც დაანონსა. 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული