ყურადღება!
ყურადღება!
მე, თქვენ მოგმართავთ მსაჯულებო და მოსამართლენო!
თქვენ, ვინც იყენებთ ანტიკურ მორალს
ჩვენი ბედების გადასაწყვეტად.
ვინც ხელმძღვანელობთ ლოგიკითა და პერსპექტივებით.
თქვენ, ვინც დაათრევთ სავსე საფულეს და დაცლილ ყვერებს!
მალე თქვენს ცხედრებს ღუზებად ჩავაგდებთ,
ამღვრეულ მიწაში, ახალი დროის კრეისერიდან!
ძირს მოლოდინი!
ძირს მალფუჭებადი დაპირებები ცვლილებების შესახებ!
ძირს ლოგიკა, სამართალი, მორალი, პროგნოზი!
ძირს ყველაფერი, რაც კი მიწიდან იზრდება
და ყველაფერი, რაც კი ოდესღაც დამარხეს მიწაში!
ძირს არქეოლოგია!
ძირს ლიტერატურა!
ძირს პოეზია!
ჩვენ, რაღაც ახალი გვჭირდება...
ჩვენ, ვის ძარღვებშიც, ჯერ კიდევ, მარშირებს სისხლი!
ჩვენ, ვინც დაბადებისას პროტესტის ნიშნად იტირა!
ჩვენ, ვინც გხოცავთ, თქვენ და თქვენს შვილებს!
ვინც ვწვავთ თქვენს ანდერძს,
თქვენს სამართალს, თქვენს მორალს,
თქვენს წარმოდგენებს მომავლის შესახებ!
ჩვენ უკვე აქ ვართ
და გამარჯვების გვჯერა ისევე,
ვით მეკუბოვეს გარდაუვლობის!