• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მარყუჟი

×
ავტორის გვერდი მიხაილ ედიშერაშვილი 11 ივნისი, 2018 2782
 თვეების წინ,
 როცა ბუნებრივი ვიყავი,
 როგორც სამსახურიდან მოსული დაღლილი კაცის
 ნაპასუხარი ,,არამიშავს“
 კითხვაზე ,,როგორ ხარ?“,
 მომინდებოდა, მენახე მრგვალ მაგიდაზე,
 რომანტიკული სანთლების ფონზე
 ჩემ წინ მჯდომარე;
 ნახევარმთვარის ფორმის პირში გდებოდა ლუკმა
 კაპიტალისტური რესტორნის წილის,
 და გაგფურჩქვნოდა პირში ეგ სალათის ფურცელიც და
 ჩემთვის სათქმელი ლამაზი სიტყვაც.
 თვეების წინ, 
 როცა ჩამივლიდა მოკლე კაბაში გამოწყობილი
 ლამაზი ქერა,
 და ჩემს ნესტოებს უამრავი სხვადასხვა სუნამოს
 სუნი აწვავდა,
 წარმოვიდგენდი ჩემს საწოლში დაწოლილს ცერად,
 როგორ გავხდიდი გასახდელად მზადმყოფ მაისურს,
 როგორ ჩავხდიდი ჩასახდელად გამზადებულ 
 თეთრი ფერის ტრუსს,
 როგორ ავხდიდი თავის ნებით დათმობილ ნამუსს,
 და როგორ ვეტყოდი,
 დაეტოვა რამე ჩემთვის, რომ
 მოსაგონარი მქონოდა მისი.
 თვეების წინ,
 როცა მკითხავდნენ დაბრუნებულს ჩემი არარსებული სამსახურიდან,
 დაღლილს,
 როგორა ხარო,
 ვეტყოდი,
 არამიშავს-მეთქი,
 და არარსებულ ჩემს მეუღლეს რბილად მოვთხოვდი
 ცოტა სიყვარულს, სულ ცოტას - 
 იმდენს მაინც, რომ
 დაევიწყებინა ჩემთვის სამსახურის და თავისი
 არარსებობა.
 თვეების წინ,
 როცა ძარღვებში სისხლი მიჩქეფდა,
 როგორც არაგვიანად მოჩქეფს სადენებში დენის ნაკადი,
 მგელივით ვჭამდი,
 ხარივით ვსვამდი,
 ყველა მიყვარდა.
 თვეების წინ...
 თვეების შემდეგ...
 თვეების შემდეგ...
 თვეების შემდეგ
 გამეყინა სისხლი ძარღვებში,
 როგორც წყდება ხოლმე ელექტრონების ნაკადის დენა
 იაფფასიან სპილენძის სადენებში,
 ხალხი კი ამბობს: ,,შუქი წავიდა!“
 შუქი წავიდა, დიახ, ასეა, 
 მე ხომ უცხო ვარ!
 არ ვაღიარებ საფრანგეთს, მაგრამ
 კამიუ მიყვარს.
 თვეების შემდეგ - ანუ, ახლა -
 როცა წინ ჩამივლის მოკლე კაბაში გამოწყობილი
 ლამაზი ქერა ან, თუნდაც, შავგვრემანი, წითური
 - ნუ, მოკლედ, ქალი -
 მხოლოდ მამაკაცური მოვალეობის მოხდის მიზნით
 ერთ-ორ უხამს ფიქრს თან გავაყოლებ,
 როგორც აყოლებდნენ ჯარისკაცებს ლამაზ-ლამაზი შეყვარებულები
 თეთრ ცხვირსახოცებს,
 ნიშნად იმისა,
 რომ, თუ ცოცხლები დაბრუნდებოდნენ,
 გოგონას უკვე ქალად ნახავდნენ,
 მტირალა ბავშვით ფერმკრთალ ხელებში,
 ერთ დროს მათ რომ ეხვეოდა.
 თვეების შემდეგ - ანუ, ახლა -
 როცა უკვე ხელოვნური ვარ,
 როგორც სამსახურიდან მოსული კაცის ამბორი,
 არ მომინდება, გიხილო ჩემ წინ,
 მრგვალ მაგიდაზე,
 სადაც ჩაიკოვსკის ხმაზე აკაკუნებენ
 ჩაის კოვზები.
 ნახევარმთვარის ფორმის პირში არ მინდა, გეწყოს
 ლამაზი სიტყვები,
 არც მადლობები,
 არც ბოდიშები; 
 არ მინდა, სირცხვილის გამო მოკრძალებულად ღეჭავდე იმ კერძს,
 რომელსაც სახლში წამში დანთქავდი.
 მინდა, გიყვარდე, მე კი - არ,
 რომ დაიტანჯო და ლექსები მომიძღვნა.
 მინდა, ერთხელ მაინც გამოვცადო თავი
 ადრესატის რთულ ამპლუაში.
 არანაირი პირადი მოტივი:
 მხოლოდ ამიტომ მინდა, გაწამო.
 P.S: თვეების შემდეგ - ანუ, დღეს - 
 მე ვმალავ ადრესატის ვინაობას,
 არადა ადრე,
 თვეების წინ, 
 სიამოვნებით გავამჟღავნებდი შენს ცისფერ თვალებს.
 და ეს ,,ცისფერი თვალებიც“ ახლა ან სიმართლეა,
 ან - ტყუილი.
 თქვენ ეს არ იცით.
 არაფერი იცით.
 მე თქვენზე გაბრაზებული ვარ.
 ჩემი ძლიერი მკლავებით მიგიჩეჩქვავდით სახეს სიყვარულისთვის,
 რადგან არ შემიძლია, მძულდეთ.
 მაგრამ მანამდე:
 შენ არ ხარ ის ,,შენ“, ვინც შენ გგონია,
 და ამიტომაც
 ნუ მიიღებ ამ ლექსს შენს თავზე. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული