***
ჩვენ სათევზაოდ მივდიოდით
როცა იქუხა და შემდეგ მოსკდა
ჩვენგან რამდენიმე მეტრში
მარტოდმყოფი ერთი ხე
რომლის ქვეშაც ერთხელ მეძინა
რომლის ფუღუროდანაც ერთხელ ვნახე როგორ მორბოდა ციყვი
რომლის გამჭვირვალე მუცელშიც
თვალი მოვკარი კანაფის გიგანტურ თესლს
გაღვივებულს
პატარა თეთრ ჭიის მსგავს ღეროს
იმ ღამეს მესიზმრა
რომ მოვიდა ციყვი
რომელიც დადგა ორ ფეხზე
შემდეგ დაწვა
და გახდა პატარა მოზვინული მიწა
რომელმაც დააღო პირი
და ჩემსიმაღლე კანაფად იქცა
მე ვიდექი
და შარვლის ტოტში ხელებს ვიყოფდი
რადგან ყვერებზე რაღაც მკბენდა
და უცებ ის დღე გამახსენდა
სათევზაოდ რომ მივდიოდით
და ხე რომ მეხმა წააქცია
ზუსტად ასე ჩემს სხეულში ვიგრძენი ძვრები
თუ როგორ დამებერა მკერდი
და როგორ მომდიოდა რძე
რომ გავიღვიძე ჩემი შვილის გვერდით ვიწექი
რომელიც მძინარე ჭამდა და ეძინა
რომელიც გულთან მივიხუტე
***
მოდუნდი და გათავისუფლდი
მარტო ხარ ამ კუნძულზე
მარტო ხარ ამ ხესთან
და მარტო ხარ მხეცებთანაც
მტაცებლებთან
მოდუნდი და გათავისუფლდი რადგან ის ჭოტი
თუ ის ბუ
თუ ის ყვავი
თავისას მღერის
და ის ვეფხვიც კატა არ არის
თუ წინ გადაგირბენს არ დაფრთხე
რა უნდა მოხდეს ცუდი უღრანში
სამაგიეროდ წყაროსთანაც მარტო ხარ
და ეს მთვარის დაბნელებაც მარტო შენია
და ამ ცისარტყელასაც შენ ხედავ მხოლოდ
მოდუნდი და შეხედე
ხვიარებით შეკრულ სოროს
პატარა ბუნაგს თუ გამოქვაბულს
ლიანების ლოგინს
რადგან უნდა დაიძინო და როცა დაიძინებ
და თუ დაიძინებ
ისინი აგაცოცდებიან ტანზე
და დაგიცავენ შიშისგან
დაგიცავენ სიზმებისგან
დაგიცავენ სიცივისგან
ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ ისინი
ისინი ვინც გვინდა რომ ვიყოთ
არც ისინი ვართ ვინც ვართ
რადგან შიში რომელიც მოდის უღრანში
და თაგვის მსუბუქ გადარბენაზეც იზრდება ჩვენში
გიგანტურ დათვად
რომელიც მოდის
მორბის რომ დაგფლითოს
ბუტაფორაა
და ამ დროს ქრები
***
მინდოდა აღმოვჩენილიყავი ელექტრონულ ველზე
სადაც მაგნიტებით მაგრდებიან ყვავილები
რადგან მაშინებდა ტენდენცია
რომელშიც არაფერი არ ერია რასაც კანი ჰქონდა
ყველაფერი იყო ლითონის
ან სპილენძის
ფორთოხალი სპილენძის
მუსიკა სპილენძის
თმა სპილენძის
მზეც სპილენძის
და მათი პეშვი ხომალდივით მოცურავე
ჩემს ნეკნებზე
როგორც ჟანგიანი ოთხთვალა
წინა საუკინიდან მორჩენილი
ელექტრონული მუსიკა ჩემი
რომელიც გადიოდა ჩემს კანზე
როგორც იატაკზე.
რომელსაც წიფლის ფიცრები ჰქონდა.
და ქარი როგორც ნემსებივით წვეტიანი
უჩინარი ისრები ხვრეტდნენ ოთახებს
რომელიც წყალში იდგა
იყო ხმაური
იყო ქარი
იყო სპილეძის ბრდღვიალა მზე
და ვიყავი მე ფერადი ლითონის
დასაზეთი მუხლებით და მუხლებში მოყოლილი ნერვებით
რომლებმაც ერთი გზა იცოდნენ სახლიდან მზემდე
მზიდან სახლამდე
***
ვიღაცა ამბობს იმას რასაც მე ვერ ვიმახსოვრებ
ვცდილობ ყინულივით ცივი ვიყო
როგორ უხაროდა მამაჩემს
როცა ახალი დანადგარი გამოიგონეს
მინდვრის გაპარსვა მექანიკური მტაცებლით
სამართებლის სისწრაფით
ჩვენ ვდგავართ ერთმანეთის და საფრთხის წინაშე
***
ბოლო დროს გავიცანი უამრავი ლამაზი ქალი
მათ აერთანებდათ ერთი რამ
7 კატა და ამდენივე კატეხიზმო
იასამნისფერი კედლები და ჟღალი თმები
ყველა მათგანის მეშინოდა...