• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ელეგიები სატანა დისთვის

×
petlin
ავტორის გვერდი მაიკლ პალმერი 29 სექტემბერი, 2018 2723

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

 

მეორე ელეგია

 
დაო, არ დაგვიდგა დრო,
მეტყველება ვისწავლოთ?
 
ახლა, როცა ჯოჯოხეთურმა მანქანებმა
შეიპყრეს მსუნთქავი სამყარო?
 
ახლა, როდესაც დრონებით გაივსო ცა
სანტიაგო დე ჩაუკოს,
 
სენთრალ პარკის და უნტერ დენ ლინდენის თავზე?
ბოლოსდაბოლოს, მეტისმეტად გვიანია
 
ამ ნანატრ ზამთრის წვიმაში
გადაკვეთო მომღერალი ხიდი
 
იმ ადგილისკენ, სადაც
მომავლის მოგონებები
 
კვიპაროსების კიდურებისებრ იკეცებიან
ანტიკურთოვლქვეშ? სადაც
 
შავი ჭირის წლები დნებიან
და ბავშვების გამკივანი ხმები
 
ნისლიდან ამოხეთქავენ
არაფრით გარდა ტკივილის
 
და ხოტბის, სამღერად,
ისე, თითქოს ეს ორი ერთი და იგივე იყოს,
 
ვით ორი სხეული, უკანასკნელ
ხვევნაში შერწყმულნი?
 
და ეს კვიპაროსები,
გლოვის დესპანები,
 
რატომაა რომ ტაშს ვუკრავთ
მათ გრაციას?
 
 
 
 
მესამე ელეგია
 
საათი თხზულია, ძვირფასო დაო,
და მაინც ჩვენ მის შიგნით ვცხოვრობთ,
დაო, მისი ისრები ჩვენია, ჩვენი მკლავები,
 
და ეს თხზულება ისევე ნაღდია
როგორც ვარდი ფოლადის მტვერში,
და შენ გემახსოვრება, ძვირფასო დაო,
 
რომ თითოეული ჩვენგანი ჯამია
ორი წინმსწრები რიცხვის
თილისმურ რიგში
 
და რომ ეს მარადზრდადი, განვრცობადი
მანათობელი და სრულქმნილზე მეტი,
სპირალი გადაგვყლაპავს
 
ასე თქვა - იყო ზოროასტრი, ვინც? –
შორეული ფრიალო კლდიდან,
შორსგაწვდენილი ობობის მკლავებით
 
რომ მოგვაგონდეს
რაც არ ვიყავით.
ის არ ვიყავით, რაც გვეგონა,
 
ვიყავით და ვხდებოდით
არა სურვილის არქიტექტორები
არა ცეცხლის ქურდები
 
არც მებაღეები არც ხელოსნები
არც ფოლადზე მომუშავეები,
პარალელურ ცხოვრებათა
 
მოხატული თოჯინები მხოლოდ, მხოლოდ
უსურველი სტუმრები - აჩრდილები - 
უქონელთა ნადიმზე.
 
ელეგია ვისთვის ან რისთვის?
ჩვენ ვუყურეთ გაქაფულ მოქცევას ზღვისას,
დრო როგორ დაკრიფა
 
და ეს ჩვენთვის სრულებით
არაფერს ნიშნავდა მაშინ
ანდა არაფერს, გარდა რამე სათადარიგო ნივთის,
 
რომელსაც ღიად ვერ იტყვი,
მარილმაქმანიანი წყლის ჭრილობა
და სულდალეული
 
ქვიშა, პირგამოტენილი,
თუმცა ყრუ ამ საზომებისადმი
ჩვენ რომ გვაახლოვებენ.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული