• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

სად ხარ

×
ავტორის გვერდი ტატო ჩანგელია 30 ნოემბერი, 2018 4401

დაიწერა Laboratory 2/20-ის ფარგლებში.

 

 

 

1

 

ჩემი თვალები გარეუბნის ქალაქივით დაცარიელებულია. შეხედე, მხოლოდ ფერები დარჩა, სხვა არაფერი, და ასე ფერების ამალად დარჩენილი თვალებით ვიყურები ფანჯრიდან, საიდანაც სრული სიცარიელე ჩანს, და სადაც ვიცი, რომ შენ არასდროს გამოივლი.

 

მთელი დღე გეძებდი. შენს სუნს დავყვებოდი. ვყნოსავდი ლოგინს -

 

ლეიბს

 

ბალიშებს

 

საბანს

 

                               ყველაფერს ვნოსავდი,

                                                                        მაგრამ შენ არსად არ იყავი!

 

თითქოს ჩემთან ერთად იწექი ლოგინში და ზურგით მიტრიალდი. შენ ზურგი იმიტომ შემაქციე, რომ ჩემი სახის დანახვა არ შეგეძლო, არ შეგეძლო ჩაგეხედა ჩემს დამჭკნარ თვალებში

 

                გ ი ნ დ ო დ ა      ჩ ე მ გ ა ნ        გ ა ქ ც ე უ ლ ი ყ ა ვ ი

 

სწორედ ამიტომ ტრიალდებოდი  და ზურგს მაჩვენებდი. იქ, ჩემს ზურგს უკან, შენ შენივე მოგონილ თამაშს თამაშობდი. შენ მე მღალატობდი. ამბებს ხლართავდი ჩემს წინააღმდეგ. თითქმის მიმატოვე. წახვედი.

 

მე გეძებდი. დიდი ხანი გეძებდი. შენს სუნს დავყვებოდი. მინდოდა გენახე. სადმე, თუნდაც ქუჩის კუთხეში და თვალებში ჩაგეხედა.

 

მე მინდოდა შენს თვალებში ჩამეხედა საკუთარი ანარეკლის სანახავად. მე ვიცოდი, რომ იქ მე არ ვიყავი, იქ ვიღაც სხვა იყო. ვიღაც სხვა იდგა

 

ასე მგონია დიდი ხნის წინ შევხვდით ერთმანეთს და მას შემდეგ შენს ძიებაში ვარ

 

ასე მგონია შენი ხორცი დავყნოსე და მას შემდეგ შენი სუნი სამუდამოდ დავიზეპირე

 

მე შენს სუნს ვგრძნობ

 

აქ შენი სუნი კი ყველაზე მძაფრია

 

თითქოს ყველგან შენ ხარ, ყველა ჩაყნოსვა შენ გეკუთვის

 

შეიძლება შენ შენივე სუნად გადაიქეცი და სწორედ ამიტომხარ ამდენი, სწორედ ამიტომ ხარ ყველგან და ყველაფერში, მე კი შენ გეძებ, ამდენ სუნში ვცდილობ გავარკვიო, სად ხარ, მოვიდე შენთან, გნახო, სადმე ბუჩკებში, ან ქუჩს კუთხეში მიმალული და გკითხო: “სად ხარ?”

 

მე შენ დაგინახავ, მე აღვიდგენ შენ სრულ სილუეტს და მაინც შეგეითხები: სად ხარ

 

ჩემი კითხვა გათვლილი იქნება შენს დაუკვირვებლობაზე, შენს უსუსურობაზე.

 

მე შენ გიპოვი და ჩაგეხუტები

 

გეტყვი: სიცივე - და ვიგულისხმებ აღმოცენების შესაძლებლობას

 

გეტყვი: ქალაქში, რომელშიც ორი დღეა ჩამოვედი გადაუდებლად წვიმს - და ვიგულისხმებ მარტოობას, რომელიც თითის ძირებში ისეა შემოსული, როგორც სიცივე, მკვდარი სხეულის კანში

 

გეტყვი: მოვედი - და ვიგულისხმებ ნამდვილად მოსვლას, და იმას, რომ მე შენი სხეული მინდა დავტბორო

 

ასე მგონია, ცოტაც და გავაღწევ

 

მინდა ნერწყვებით გაგივსო მკერდი და დაგტოვო, შემდეგ კი შენს სხეულზე დატოვებული ჩემი ნერწყვიდან, ჩემი სილუეტი ამოვიდეს, როგორც ტყის ყვავილი, და სამუდამოდ შენთან დარჩეს

 

მინდა მოვიდე, ჩაგახედო თვალებში, და გითხრა: შეხედე, ამ თვალებს ფერების მეტი არაფერი დარჩათ.

 

სწორედ ამ ცარიელი, ფერების ამარად დარჩენილი თვალებით ვიყურები წინ, იქ ფანჯარაა, საიდანაც სიცარიელე მოჩანს, და სადაც ვიცი, რომ შენ არასდროს გამოივლი

 

მე მოვდივარ, ველიდან ველში ვიჭრები, როგორც განთიადი დილის ქალაქში, და მომაქვს სხივები, მე მოვდივარ შენი სხეულის დასაპყრობად, როგორც კანონი თელემიტების სამყაროდან

 

ვწევარ ლოგინში და წინ, ფანჯარას ვუყურებ, სადაც სიცარიელეა, და სადაც შენ არასდროს გამოივლი.

 

ვწევარ და ვყნოსავ ლოგინს, სადაც ყველაფერს შენი სუნი აქვს და სადაც ყველაზე მეტად ხარ - შენ, მაგრამ ვერ გხედავ

 

მე მოვდივარ და მინდა დაგინახო, შეგეხო და გიგრძნო

 

 

 

 

 

2

 

როგორ მიიპყრო ჩემმა სხეულმა შენი ყურადღება.

 

გაყინული ხელები

 

ასე მგონია უკვე აქ ხარ, ჩემთან და მეჩურჩულები, შენი გაყინული ხელებით ეხები ჩემს სხეულს

 

და როცა მეჩურჩულები და შენი გაყინული ხელები ეხება ჩემს სხეულს, მე მგონია, რომ ყოველთვის ჩემთან იყავი, იქამდეც კი სანამ ჩურჩულს დაიწყებდი, და სანამ გაყინულ ხელებს მომადებდი. ასე მგონია ჩემს სხეულში ამოხვედი, როგორც ყვავილი

 

და მე ამ ყვავილით დავდივარ განათებულ ოთახში.

 

შენ ახლა აქ ხარ

 

მე ვგრძნობ, როგორ სუნთქავ - მძიმედ და ხშირად.

 

და ახლა, როცა შენ შემოაღწიე და აქ ხარ, მე მეშინია შენი. მეშინია შენთან კავშირის გამო არ ჩამქოლონ, სწორედ ამიტომ მოდი, რაც შეიძლება უფრო უკეთ დაყნოსე ჩემი სხეული, და რაც შეიძლება მეტი ნერწყვი დატოვე მასზე.

 

მე შენთან ერთად ამ პატარა ოთახშიც კი ვიცხოვრებ, უბრალოდ შენ თქვი, შემპირდი, რომ არასდროს წახვალ, რომ არასდროს დამტოვებ

 

არ დაუტოვებ ჩემს სხეულს საძიძგნად მათ კბილებს

 

ჩემი სხეული შენს ენას ეკუთვნის

 

ჩემს სხეულს ყველაზე მეტად შენი ენა ძიძგნის.

 

ხანდახან, როცა მეხები, საკუთარი თავი მეზიზღება და ვტრიალდები.

 

მინდება გავიქცე, არ ჩავალაგო არაფერი, უბრალოდ მოვწყდე შენს სხეულს, ლოგინს, რომელიც ჩემი საშინელი სუნით ყარს, ფანჯარას, რომლის მიღმაც სიცარიელე მოჩანს და რომელშიც არასდროს გამოივლი შენ, და გარეთ გავიდე —

 

დავტოვო სახლის ნაცრისფერი კედლები და გადავიდე ქუჩის სივრცეში

 

დავტოვო ფაიფურის კედლებში ჩაკეტილი ქოთნის ყვავილები

 

დავტოვო ტარაკნები და მათი შესაძლო გადაადგილების ტრაექტორია

დავტოვო ფეხსაცმელი, რადგან მე ვიცი, მათ გარეშე, ფეხშიშველიც კი უკეთ გავივლი გზებზე

 

დავტოვო ტანსაცმელი - მაისურები, ტრუსები, შარვლები…

 

(დეკორაცია უმნიშვნელოა)

 

მინდა დავდგე და ვიარო და ყველას ვაჩვენო ჩემი სხეული -

 

ქათმის მკერდი, რომელიც ძუძუებსშუაა გაჩხერილი, როგორც ფუკუშიმას ბაღებში ამოსული ვარდის კოკორი.

 

მინდა დავტოვო იარაღები და ვუთხრა:

 

გემშვიდობებით, რადგან თქვენ ჩემი ღირსები არ ხართ, ჩვენ ერთი ცალი ვარსკვლავიც კი ვერ ავაფეთქეთ ცაში, ხელის ხშირი კანკალის გამო.

 

მაგრამ მერე მახსენდება, რომ შენ ჩემთან ხარ, რომ შენ შეგიძლია ეგო გამომიღრნა და მოსვენების საშუალება არ მომცე, სწორედ ამიტომ ვტრიალდები და მაგრად გეხუტები. თითქმის გჭყლიტავ.

 

შენ ამ დროს გძინავს და ვერაფერს გრძნობ.

 

მე მოვტრიალდი და თვალებში მინდა გიყურო

 

მინდა თვალები გქონდეს გახელილი და შიგნით ვიყურებოდე საკუთარი ანარეკლის სანახავად, თუმცა შენ წამწამები მოხუჭე და წახვედი სამყაროში, სადაც მღალატობ, სადაც ამბებს ხლართავ ჩემს წინააღმდეგ. როცა გძინავს შენ მე მღალატობ.* როცა გძინავს მე მინდა გეღვიძოს, თვალები ფართოდ გქონდეს გაღებული და შენს თვალებში ვიყურებოდე, და ვხედავდე საკუთარი თავის ანარეკლს.

 

გაიღვიძე და გაიმეორე ჩემი სიტყვები, იფხიზლე და მაშინ ნუ იძინებ, როცა მე მღვიძავს, როცა მე შენსკენ ვტრიალდები, მაშინ დაიძინე, როცა მეც მძინავს და მაშინ გეღვიძოს, როცა ჩემი თვალები ღიაა, როგორც ყველა ამბავი, რომელიც შემიძლია შენგან მივიღო.

 

გაიღვიძე. სიფხიზლე არის ერთადერთი, სადაც შეგიძლია დამეუფლო, მომკიდო ხელი და ნაზანზარო, ნაზად შემოხვიდე ფეხებსშორის შენი ძლიერი ხელებით და შეუღწეველ წერტილებში იბატონო

 

ფუ, რა ყლეა ვარ, დაუნდობელი ყლე ვარ, ყველაზე დიდი ყლე ვარ

 

მე შემიძლია თანიმდევრულად გავიხსენო ის დღე, როცა პირველად ჩემთან მოხვედი, როცა ჩემში შემოაღწიე და მე გავნაყოფიერდი, როცა დაგბადე მე შენ, მაშინ, როცა განთიადი შემოვიდა ქალაქში და ჩემი თვალები აენთნენ, როგორც ლამპიონები ღამის ქალაქში

 

და თუ მე თანმიმდევრულად შემიძლია გავიხსენო ამბავი, ესე იგი, ეს ამბავი ახლაც ვითარდება, ესე იგი შენ ჩემი ყოველწამიერი მოქმედება ხარ

 

გამომიღრნე მდგომარეობა, მასწავლე სიმღერა და გალობა

 

დამაყენე მთის წვერზე, როგორც ველური ცხოველი და მამღერე

 

მამღერე სიმღერა, რომელსაც არავინ მღერის

 

მამღერე სიმღერა, რომელმაც სოფლებში პირუტყვი დააძინა

 

მიდი, გაიღვიძე, ნუღარ მღალატობ, ნუთუ არ გბეზრდება

 

გამოიღვიძე და იქ წავიდეთ, მხოლოდ შენ და მე, სადაც დაუმორჩილებელ ცხენს ჩაეხუტა ულვაშებში გადაცმული მოხუცი.

 

და დავდუმდეთ.

 

ეს იყოს ჩვენი სიმღერა.

 

დუმილი,

 

და ვისხდეთ ერთმანეთის წინ, როგორც მარადიულობა და ერთმანეთში დუმილი ვამრავლოთ.

 

 

 

3

 

(ძალიან ხანგძლივი სიჩუმე)

 

ვიყურები ფანჯრიდან, საიდანაც სრული სიცარიელე ჩანს, და სადაც ვიცი, რომ შენ არასდროს გამოივლი, რადგან შენ უკვე აქ ხარ, ჩემში ხარ შემოსული და აქედან ვერასდროს გააღწევ

 

ვიყურები ფანჯრიდან, საიდანაც სრული სიცარიელე ჩანს, და სადაც ვიცი, რომ შენ არასდროს გამოივლი, რადგან შენ უკვე აქ ხარ, ჩემში ხარ შემოსული და აქედან ვერასდროს გააღწევ

 

 

 

 

 

ბათუმი. 2018

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული