მე ვგრძნობდი სიმსუბუქეს.
ჩემი მყესები გავდნენ მოჭიმულ სიმებს
და მედალოსანი ბავშვები,
ცეცხლოვანი თითებით უკრავდნენ მუსიკას,
რომელსაც ვერავინ მოუსმენს.
ზღვა, როგორც ამნიონური ბუშტუკა გახეთქეს მეანებმა
და სათლებში გადაწურეს და თევზები, სლიპინა,
როგორც ჩანასახოვანი კიდურები
იღუპებოდნენ უჟანგბადო ფსკერზე.
მე მიმქონდა შინ ბრინჯაოს თასით სამყაროს სუსპენსია
და თითო წვეთობით ვისხამდი ენის წვერზე
გახრწნილი კიდურების ლაყე წვენს
და როცა თვალებიდან გადმომდინდა მოყვითალო ფიტოციტები
განათდა სამყარო, რომელიც შორს იყო აბსოლუტისგან.
მე გამოვედი ქუჩაში და ვასეირნებდი
ჭიპზე მიბმული ბოჭკოვანი წნულებით საკუთარ ქეციან მეს.
ყეფით მომდევდნენ ადამიანის თავიანი ცხოველები,
რომელთაც წაშლილი ქონდათ სახეები.
გავრბოდი და მივათრევდი,
მაგრამ ვერ მეწეოდნენ ისინი მე.
ეწეოდნენ ჩემს გაქუცულ მეს.
*
თუ ღმერთი ხედავს ეზოში დარჩენილ პატარა ველოსიპედს
და თუ ყურს უგდებს სიჩუმეს
და მან იცის რა სიბეცეა ზეცაში
რა სიშტერეა ქაოსურ კანონზომიერებებში
და ჩვენ ვქმნით ლოგიკურად არალოგიკურ ნახატებს.
მე არ მივეცი უფლება მათ ეცხოვრათ ჩემს საძინებელში
და ჩავიკეტე ათასი იმედის გასაღებით.
ვიჯექი და ველოდი ჩრდილებს,
რათა სილა გამეწნა მათთვის.
არ ჩანდნენ!
მაშინ ვთქვი!
_შევჭამ ჩემგან გადმოღვრილ საღებავებს,
დავივიწყებ სიზმრებს და დავიძინებ
და არ გავიღვიძებ მანამ,
სანამ არ დაიჟანგება ყველა გასაღები.
არ ვიცი თუ შემიძლია ვთქვა,
რომ არ მომხდარა ეს.
როგორღაც ვიჯექი ღია ფანჯრის რაფაზე.
ფეხებით მარჯვნივ და მარცხნივ
და ბოქვენით ვგრძნობდი ცივ მარმარილოს
და ორივე მხარეს იყო გარეთ.
ჩემს შიშველ მუხლებზე ისხდნენ კოლიბრები
და ვერ მამჩნევდნენ.
მესმოდა სტვენა მაგრამ არა გარედან.
თითებს ვილაგებდი პირის ღრუში და ისინი,
როგორც მილები, გრძელდებოდნენ
და ეშვებოდნენ ჩემს წიაღში.
მე გამოვდიოდი საკუთარი ხერხემლიდან სპინურ ნერვებად
და ვეშვებოდი მაღალსართულიან შენობებზე,
ისინი იწყებდნენ ნგრევას და მიმათრევდნენ.
ჩემი მომწვანო, ნაღვლიანი
გონი იღვრებოდა დაჟანგულ სახურავებზე
და შემიძლია ვთქვა, რომ მე როგორღაც ვიჯექი ღია ფანჯრის რაფაზე
და ორივე მხარეს იყო გარეთ.
*
ჰაეროვანი ძვლების წიაღებამდე მათრთოლებს შიში დუმილის.
ოდესღაც ისინი ოთხიდან ორზე წამოიმართნენ
და ერთმანეთის შუბლები გახვრიტეს ლორწოვანი ენებით.
მას შემდეგ ნესტიანი ქარი გვიგუბდება ყურებში.
ისმის გუგუნი და გუგებში გვისახლდება მახინჯი ასოციაციები.
იქ მონსტრია, ცენტრში და სხეულს ორ ნახევრად ყოფს
ჩვენ ვთქვით სათქმელი და სამყარო გაივსო ნაცრისფერი ურჩხულებით.
და ჩვენ ავმღერდი.
ჩვენ ირგვლივ ახლაც დადიან ამართული სხეულებით,
უკუდო არსებები და ჩვენ ემბრიონალურად ვწევართ გზებზე,
იქ…დაბლა, სადაც ფერადი ნისლი ჟღერადადაა მოფენილი,
გვძინავს და ვსუნთაქვთ ნელი, ნელი რიტმით.
*
როცა მე ღამე მჭირს
და ჩემი ნაცრისფერი მზე თვალებში.
სუუუუუ.... ნუ შეაშინებ ჩემს პოსტნატალურ სევდას.
მე მუშტებს ვიცემდი მუცელში,
მე მსურდა ჩამექოლა იგი
და სისხლის ჩანჩქერს მიჰქონდა უკანასკნელი ოოციტი
და ახლა ჩემი ხორცი მშრალია და იისფერია.
მე აღარ მჯერა!
ლითონის სათლებში ვაგროვებდი ქრომატულ ხსნარებს,
რომ დამეხატა!
იმათმა გადაისხეს და წავიდნენ
და ჩემი კედელი მელოდება,
მაგრამ მე მგონი ვეღარ მოვალ.