• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რა სარგებელი მოაქვს პოეზიას

×
ავტორის გვერდი იურგენ როოსტე 19 თებერვალი, 2019 2591

თარგმანი: პაატა შამუგია

 

რა სარგებელი მოაქვს პოეზიას

გეკითხები: რა, 

შეარიგებს პოეზია

ჩვენს გაყრილ მშობლებს

მკლავებს ისევ გააყრევინებს მკლავებში

როგორც ყოველთვის მოჩანს

როგორც იყო კიდეც

ჩიტების გალობა და ნათელი მზე

 

რაში გვჭირდება პოეზია

რამენაირად დაგვეხმარება

მოვისროლოთ ალკოჰოლი ჯანდაბაში

მე ვთქვი მოვისროლოთ ალკოჰოლი"

რატომ უნდა მოვისროლოთ

ის ჩვენი ნაციონალური მახასიათებელია

სავაჭრო ნიშანი

უფრო მძლავრი ვიდრე "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესტონეთში"

უსიკვდილოდ დაგირეკავ

მერე კი ბარში გავალთ

 

ჰემინგუეიმაც კი იცოდა

რომ სამყაროს ნებისმიერ ნავსადგურში

შეხვდები ესტონელს

სრულად გაბოლილს

გალეწილს და დალეწილს

 

რატომ გვჭირდება პოეზია

 

როდესაც ჩვენი დედები შეუდგნენ

ალკონავტობას კოსმოსში

ან გაითქვიფნენ სამუშაო მასაში

ჩვენ შორის ბზარი გაჩნდა

რომელმაც შეხების წერტილები არ დაგვიტოვა

და ანტიდეპრესანტებიღა დარჩა

კასტრირებულ სამყაროში

 

რა ხეირია პოეზიისგან

 

ყველას ფეხზე ჰკიდია

როცა იდიოტების ჯგრო

წერს ლამაზ და ბუნდოვან სიტყვებს

რომ ომი ცუდია

ნუ აწარმოებთ ომს

სიცოცხლეს მოუფრთხილდით

რომ ფული ცუდია

მე არ წავალ დღეს სიურრეალისტურ სუპერჰიპერმეგამარკეტში

 

რა ყრია პოეზიაში

 

გადაიხდის ჩემს ქირას

და წავა ჩემ ნაცვლად სამსახურში

და გაუჩნდება ჭკვიანური იდეა

თუ როგორ შევიყვარო ხელახლა

ჩემი ცოლი

მიხსნის შიმშილისგან

და გადამატანინებს ერთ ლოთურ ღამეს ქალაქში

და როცა დავეცემი

ნაცემი

და გამვლელებისგან დაკიდებული

დამეხმარება რომ ფეხზე წამოვდგე

 

მეორე მხრივ

ვის რად უნდა ესტონეთის რესპუბლიკა

ესტონეთის რესპუბლიკა არის როგორც ვაიმწერლის ნაჯღაბნი

ქარების ქვეყანა დიახ გმადლობთ არაფერს კარგად ბრძანდებოდეთ

გამაქანეთ აქედან ჯოჯოხეთში

ბანკებიც კი კლასიკურია

პოეზიას ოქროს ფასი აქვს

და მეცნიერები რითმებს ზელენ

სოციოლოგი ეძებს ალიტერაციულ სიტყვას

რომ ოდნავ მაინც გამოაცოცხლოს ბუნდოვანი ნაშრომი

სექსი და კექსი პოეზიად მიიჩნევა

და ამ სირობას ყველგან შეხვდებით

ოთხტაეპიანი ტროქეები

პროფესიონალური სპორტი

ელეგიურ ორტაეპედში

 

 

მე ვკითხულობ რად გვინდა პოეზია

 

ვეკითხები საკუთარ თავს და ბიჭს

მანქანის რეცხვით რომ შოულობს ფულს

და იმ ლამაზ ბავშვს უცხოურ კულტურათა სწავლების ინსტიტუტიდან

რომელიც პოეტების იმპორტს ეწევა

და ვეკითხები გეიტივინიუსების მკითხველს საკაიფო ღამის კლუბში

ნეონის ნათება

ვრეკავ სექს-ტელეფონზე და ვეკითხები

და ვრეკავ ზეინკალთან და ვეკითხები

ვის სჭირდება

 

 

პოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოეზია

 

ისმინე რასაც ისინი მეტყვიან

უსმინე საკუთარ თავს

ეს თითქმის პოეზიაა

ეს თითქმის ჩვენი უდიდესი პოეტების სტროფების მსგავსია

 

დიახ ჭეშმარიტად

ვის სჭირდება

 

 

------------------

იურგენ როოსტე  1979 წელს ტალინში დაიბადა. მუშაობდა ფინეთში ესტონურ ინსტიტუტში ჟურნალისტად, მასწავლებლად და დირექტორად. გამოცემული აქვს თორმეტამდე საავტორო პოეტური კრებული და რამდენიმე ერთობლივი ნაშრომი მეგობრებთან ერთად. იურგენს ასევე შედგენილი აქვს სხვადასხვა სახელმძღვანელო და ლექსიკონი, 1988 წლიდან ორგანიზებას უწევს პოეზიის საღამოებს და ფესტივალებს, ხელმძღვანელობს  პოეტურ თეატრს „Cabaret Interruptus“. ავტორმა ორჯერ მიიღო ესტონური ყოველწლიური პრემია პოეზიაში. იურგენ როოსტეს ლიტერატურულ ჯილდოებს შორისაა: ესტონეთის კულტურის მხარდაჭერის პროგრამის პრემია პოეზიაში (2005, 2013); ფრაიდებერტ ტუგლასის ჯილდო მოკლე მოთხრობისთვის (2007); ტალინის უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია (2012). როოსტეს პოეზია როკის მუხტს ატარებს. საჯარო გამოსვლების დროს ლექსებს უმეტესად მუსიკალური აკომპანემენტის თანხლებით კითხულობს. პოეტი ლექსებს პანკ-როკის ჟანრის მუსიკის თანხლებით წარადგენს, საჯარო პერფორმანსებს ხშირად თან ახლავს  სხვადასხვა მეთოდები: ღიღინი, გრგვინვა, ქშენა, ყვირილი, ლუღლუღი და სხვა.
 
[ბიოგრაფია წამოღებულია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საიტიდან]
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული