ვინ უნდა წერდეს ?
აიღე კალამი შეისუნთქე უკიდეგანობა დაამსხვრიე გაუმჭვირვალობა
რას მოაქვს ფურთხი გამაძღარი შეგრძნებების სწორხაზოვნების ლოკვისას
ამფსონები ამფსონებმა გამოჭრეს ჭუჭყიანი სივრცე გამოაცალკევეს გამოადნეს ნეონთა მაგნიტურ ხახაში ცხიმიანი კედლები
მკრთალი შებინდების ჟამს ისინი ვერ დაემორჩილებიან საკუთარ თავში არსებულ მონას და ის რასაც იდეის გარეშე ვწერ
ვწერ?
იხვები დარბიან წაგრძელებული კისრებით
ჭიამაიების გუნდს ძინავს მზენაკრავ ფანჯრებზე
ხანდახან ვიცინი სრულიად მარტო ჩემსადამოჟღურტულე ტყეს შორის არაა ხმაური და ჰაერში ინთება მადა
მადისაღძვრა
დამარცხებული დროშასავით ფრიალებს დაგლეჯილი ნერვების აგონიური კონტრასტი რაც ფანჯრიდან არ ჩანს ვიღვიძებ და ვეძებ ჩემში მას ვინც სიზმარში ვერ მოვიხელთე
დაკარგული სიყვარული? დაბრუნებული სიყვარული?
ვერ გაექცევი შენს ფიქრებს მღვიმეში მოხვედრილი ურბანული მაწანწალასავით გაამათრახებ ყველაფერს რასაც მონადირის თვალით შეხედავ როცა საკუთარ ოთახში ვირთხასავით შეძვრება შენი დაღლილი სული
გული ფეთქავს თუ უცხო რიტმს ყვება? ვუსმინო? შევეხო? როგორი მგზნებარებით შევხვდე? რა ხმები გამოვიწვიო ჩემში? ჩაკეტილ კარს რომ ვხედავ დავტოვო იმად რაც არის თუ მისი მკაცრი დუმილის წითელი შუქის არითმიაში დავრჩე? პროზასავით დავწერო? თუ ჩამოვკიდო უარაფრო? მომისმენს ვინმე? იქნებ გავყვე იმას რასაც მივყავარ?
ცხვარივით მორჩილი
აგრესიული
შეცდომებით დამძიმებული სული
სიტყვა რომელ ემოციურ ჭრილში მოვათავსო? ეს პოეზიაა პროზა თუ წყალობა? გულის რომელ ტემპერატურულ სარტყელში მოვხვდები? ვინ მიმანიშნებს ჩემი ნაყოფიერების ვიბრაციულ გზააბნეულობაზე?
გავარვარებულ ღუმელს მიკრული გამომეტყველება
ნუ შეგეშინდება წაშლის წაშალე როცა ღამეში მარტო რჩები ესაუბრები მას წაშალე უარყავი მიიღე
რა მოძრაობს შენს გვერდით? შენ როგორ მოძრაობ მასთან? როდემდეა გზა ხსნილი? რას წერ? რას ფიქრობ? რატომ წერ იმას რასაც ფიქრობ? რატომ ფიქრობ იმას რისი დაწერაც გინდა? რატომ წერ იმას რასაც ცეცხლი არ უკიდია? რატომ უკიდია იმას ცეცხლი რასაც წერ? ან არ.
დამღალა არაცნობიერის მაგნიტურმა ბურუსმა შემცივდა და ზღარბივით მოვიკუნტე
აქ გავჩერდე? მერე ამ განწყობას როგორ დავუბრუნდე? მყოფობის სიბრტყე როგორ განვსაზღვრო? მოცემულობის მოხაზულობა? მიყვარდება თუ არა? მიყვარდება ის ვინც სუსტია ჩემზე თუ ის ვინც დამაბიჯებს და შემდეგ ჩემს გულში გრძნობათა რკინიგზას შემოიყვანს?
გადაუხვიე გზიდან სანამ არსებობს გზები და შეხება შენში თრთოლვას და დაჭიმულობებს იწვევს
გადაუხვიე რადგან თრთოლვის დროს გაათავო გაასხა საკუთარი იმორალური ინსტიქტები და წარმოიშვას დაუმიწებელ განცდათა ცირკულაცია
*
როცა ვაცლით სევდას რომ თამბაქო შეჭამოს
ის ჭამს თამბაქოს
როცა ვაცლით სევდას ოთახში საგნებს ფერი მოარგოს
ის აფერადებს მათ
როცა ვაცლით სევდას ბგერის ნებისმიერ ტონალობაში კრთებოდეს და არანჟირებდეს
ის აკეთებს ამას
როცა ვაცლით სევდას მაჟორულ ნოტებში მძვინვარებდეს ითხოვდეს შენი ენერგიის ზღვაში ქარიშხალს ხილვებში გზას იკვლევდეს
ის მძვინვარებს და იკვლევს გზას
ის განიცდის შენს მაგივრად
ის გამოკიდულია შენს მგრძნობელობას და დანარჩენ სამყაროს შორის ელექტრომისტიკურ ლაბირინთებში
როცა ვაცლით სევდას ფერადი კვამლის მოზაიკურ ქროლვადობაში გაგვხვიოს ისე თითქოს კვამლის უწონადობა სივრცეში შენი სულის ღრმა იარებს ფანტავდეს აშრობდეს სიცილს და შეძახილებს
ოთახიდან ტყეში
ტყიდან ოთახში
ახმაურდება ამ დროს შენი უკვე მქროლავი წარსულ-მომავლის მიწისქვეშა მატარებელი?
აღმოცენდება?
აღმოჩნდება შენში შენი თავი?
მიუხედავად განუმუხტავი მარცხის სიცოცხლისუნარიანობისა და ამისა და იმისა
მჯერა რომ არსებობს მიმართულებათა ცვალებადობა ჩვენს ჩამჭკნარ გულისფეთქვაში
სევდა კი ყოველთვის იქნება გზამკვლევი მოუხელთებელი საღამოების თვითშობადობისას
თუ კი ჩვენ არ ვეძებთ ნაყოფს სხვის ბაღებში
თუ კი ჩვენი ოთახის ჭერზე ჩვენი გამჭვირვალობა ცეკვავს
თუ კი ჩვენი ოთახის კედლებს ჩვენი ხელები ქმნიან და ჩვენმიერი ბგერები ეხეთქებიან
თუ ჩვენი ოთახის იატაკზე ჩვენი ფეხისგულები ცეკვავენ