თარგმნა სოფო ჭეიშვილმა
რა არის ღმერთი?
ღმერთი გონების მარადიული მდგომარეობაა.
რა არის ფავნი?
ფავნი სტიქიური არსებაა.
რა არის ნიმფა?
ნიმფა სტიქიური არსებაა.
რა არის ღმერთი გაცხადებული?
როდესაც გონებრივი მდგომარეობა ფორმას იძენს.
როდის ხდება კაცი ღმერთი?
როდესაც შედის ერთ-ერთ ასეთ მდგომარეობაში.
რა არის იმ ფორმათა ბუნება, რომლებშიც ღმერთი ცხადდება?
ისინი ცვლადია, მაგრამ ინარჩუნებენ გარკვეულ დამახასიათებელ თვისებებს.
გონების ყველა მარადიული ფორმა ღმერთია?
ჩვენ ასე ვთვლით.
გონების ყველა ხანგრძლივი მდგომარეობა ღმერთია?
ასე არაა.
რა თვისებებით უნდა ვიცნოთ ღვთაებრივი ფორმები?
სილამაზით.
და თუ მოცემული ფორმა ულამაზოა?
ის დემონია.
თუ ფორმა გროტესკულია?
ის, შეიძლება, სათნო გონების გენია იყოს.
რა სახის ცოდნები არსებობს?
არსებობს ცოდნა უშუალო და ყურმოკრული.
აქვს ყურმოკრულ ცოდნას ღირებულება?
აქვს, გარკვეული.
რა არის უდიდესი ყურმოკრული რამ?
ღმერთების ტრადიცია.
რა არის ამ ტრადიციის გამოყენება?
ის გვეუბნება, რომ დანახვისთვის მზად უნდა ვიყოთ.
რა გზით გვევლინებიან ღმერთები?
ფორმით და უფორმოდ.
როდესაც ფორმით, რას ევლინებიან?
ხილვის აღქმას.
და როდესაც უფორმოდ?
ცოდნის აღქმას.
შესაძლოა, როდესაც ფორმით, მოევლინონ რამეს ხილვის აღქმის გარდა?
შესაძლოა მივიღოთ მათი მყოფობის აღქმა, ისე, თითქოს ჩვენს ზურგსუკან იდგნენ.
და ამ შემთხვევაში, შეიძლება, ფორმა ჰქონდეთ?
ჩვენ, შეიძლება, ვიგრძნოთ, რომ ფორმას ფლობენ.
არსებობს სახელები ამ ღმერთებისთვის?
ღმერთებს მრავალი სახელები აქვთ. ტრადიციაში მათ სახელებით მიემართებათ.
ამ სახელების ხმარება მავნებელია?
ღმერთებზე მათი სახელებით ფიქრი არაა მავნებელი.
როგორ უნდა აღიქვა ღმერთი, მისი სახელით?
სჯობს, ღმერთი მისი ფორმით აღიქვა, ან ცოდნის აღქმით, და მას მერე, რაც ამას იზამ, იფიქრო მის სახელზე ან „იფიქრო რა ღმერთი შეიძლება, ეს იყოს“.
ჩვენთვის ცნობილია ღმერთების რიცხვი?
უგუნურება იქნებოდა იმის თქმა, რომ ვიცით. აჯობებს, კაცი გონივრული რიცხვით დაკმაყოფილდეს.
რანი არიან ამ რიტუალის ღმერთები?
აპოლონი, და, გარკვეულწილად, ჰელიოსი, დიანა მის ზოგიერთ ფაზაში, კიდევ ერთი კითირელი ქალღმერთი.
სხვა რომელი ღმერთებისთვის იქნებოდა ჯეროვანი, ჰარმონიაში ამ რიტუალებთან, ანდა მათ გასამდიდრებლად, საკმევლის მიგება?
კორესთვის და დემეტრასთვის, აგრეთვე ლეარებისთვის და ორეადებისთვის და ზოგიერთი სტიქიური არსებისთვის.
როგორია ამ ლეარებისა და სხვა სტიქიური არსებების ამების წესი?
მათ უნდა ასიამოვნო და ყვავილებით კვებო.
ესაჭიროებათ მსგავსი საკვები?
უმეცრება იქნებოდა იმის თქმა, რომ ესაჭიროებათ, და მაინც, კეთილი წინათგრძნობა მოგვასწავებს, რომ ეს სიამე მათ გამოჩენას მოასურვებს.
ეს რამეები აღმოსავლეთშიც ასეა?
ეს რიტუალი დასავლეთისთვისაა შექმნილი.