• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შენ გიყვარს ბიჭი რომელიც გამუდმებით ხატავს

×
duchamps
ავტორის გვერდი თეონა კომახიძე 02 სექტემბერი, 2019 2470
***
 
ვინ ხარ?
ის ხომ არა
ვის თვალშიც
ვის ხელებშიც
და სისხლშიც
ძილი დადის
ექო დადის რომელიც საიქიოდან ისმის
შემზარავი სიცილის ქაფი ხომ არ ხარ რომელიც თავზე გესხმება და განადგურებს
თუ ის ხარ ვისაც ხმას ვეღარ მიაწვდენ
ვინც ძალიან შორს წავიდა
და ქარში ჩაიღვარა
როგორც უძველესი ყვავილის არქეტიპი
პატარა შავი ნავით ჩემს თავში რომ მაინც სუნთქავს
გამოიყვანე შენი დემონები
დაე ჩაყლაპე ჩემი დღეები
ჩაყლაპე ჩემი მუყაოს უსინათლო საღამოები
იქნებ მაშინ შეწყვიტონ მატარებლებმა ჩემი დევნა
და დაანებონ თავი ჩემი თმების წიწკნას
რადგან საშინელი სიცივეა
და დიდი ფოთლები მდარაჯობენ
რომ სახლიდან არსად გავიქცე
 
 
 
 
 
ფილიპს
 
შენ გიყვარს ბიჭი რომელიც გამუდმებით ხატავს
და გპირდება რომ დაგხატავს
მაგრამ ამას არასდროს აკეთებს
შენი მეგობარი მაღაზიაში შიშველი შედის
მან ზღვარი დაკარგა, ამან დეპრესიაში ჩააგდო
და მოკვდა.
 
რამ მოკლა ფილიპი? დეპრესიამ მოკლაო შონი მპასუხობს. 
მე ეს ვერ გავიგე, მაგრამ თურმე შესაძლებელია.
შონი ახლა სულ სხვანაირია
მას მანქანა ყავს და ახალი შეყვარებული 
ის ხორცსავსე გერმანელია და ისიც მხატვარია
მე არ ვიცი შონმა დახატა თუ არა ის, არადა ორი წელია ერთად არიან,
ან იქნებ მან თავად დახატა შონი? 
მისი თმა მოკლეა. 
შენ მანჰაიმში ცხოვრობ h3-ზე
შენ იპარები მის ოთახში რომ დაუკრა პიანინოზე
შენ ჩუმად სვამ ჭიქაში დატოვებულ ფორთოხლის წვენს
შენ ის გიყვარს მაგრამ ის იქ არ არის
თუმცა იცი ვიღაც მაინც გითვალთვალებს
ვიღაც თაგვივით ცხოვრობს ჩვენს სოროში მალულად
ის ტიბეტიდან ჩამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ
მისი თმა ლურჯია და 36 საათია არ უძინია
ჩვენს ტახტზე გდია 
სანამ მოკვდებოდა უკანალი მწვანედ შეიღება
და შონის ოთახის კედელს მიადო
აი ეს არის არტი, შენ რა მხატვარი ხარ
გაიძახოდა ის.
 
რა ცუდია რომ მოკვდი ფილიპ
არ შემიძლია შენზე არ ვიფიქრო
ამ საღამოს, როცა მეც ცუდად ვარ
და შიში მიპყრობს ამის გამო,
რომ შეიძლება მეც დავკარგო ჩემი გზა,
თუკი საერთოდ ვადგავარ მას.
 
 
 
 
 
***
 
მესიზმრება
ცეცხლის მბზინავი ლაკის ენა
ლოკავს შენს ფანჯრებს
და ზოგიერთი ვარდი
ეცემა როგორც დიდებული იერუსალიმი
ვინ ვარ მე? 
ბორბლები მაქვს ფრთების ნაცვლად
წვიმა მოდის და ჩემს ცხოვრებაზე ყვება 
ჩემს პრობლემებს ვეყრდნობი
როგორც ცეცხლი ეყრდნობა შენს მკლავს
შენი ყვავილოვანი თმა 
და შენი სიხარულისგან გაძარცვული ძვირფასი თვალები
კვდებიან 
ქარის სასულე ორკესტრთან ერთად
გახსოვდეს
რომ ცხოვრება დასრულებულია
თუმცა შენმა სიტყვებმა
მაინც შესაძლოა ჩამოკრან ზარები
გახსოვდეს 
რომ ბევრი
მხოლოდ ნანგრევებს ხედავს ქალაქის შუაგულში
და ერთი ბავშვი
მოკლა  სულაც მამის ყვირილმა
და წავიდა ხმასთან 
რომელიც ჩრდილში ელოდებოდა
გახსოვდეს 
რომ თავიდან ყველაფერი კარგად ჩანს
მაგრამ საბოლოოდ არაფერი კარგად არ არის
ფარდა უცებ იწევა და ხვდები რომ
შენ იყავი ერთადერთი 
ვინც ჩუმად დატოვა დარბაზი
 
 
 
 
 
***
 
როგორ ჩავტყდე წყალში?
რადგან მარწმუნებენ რომ ყინული ვარ
გაიძახიან რომ ცივი და უსახური ვარ
გთხოვ ნუ მჭამ ასე ცოცხლად
ჩემი ხელები ცეცხლის მოსაძებნად მიდიან
მათ ელით მარტოობა და გაპარტახება
ღამეში სადაც შეუძლებელია სუნთქვა
რადგან ვდევარ როგორც დასახეთქად განწირული ბროლის ჭურჭელი
შენი პირიდან ამოდის წყევლა გაუგებარი
ის სარკეებს ქმნის რომელშიც მე მახინჯი ვჩანვარ
ვისი გვამია ფიფქივით რომ ნაზად ეცემა
გულჩვილ მდელოზე?
და რამდენია რომ კვლავ თავს ირთობს ჩემი დაცინვით
სამყარო სავსეა
სისხლის სამკაულით მორთული მაიმუნებით
მაგრამ ეს ბილიკები და ბილიკები და ბილიკები
არაფერს ყვებიან ჩემს ცხოვრებაზე
რადგან სიკვდილი არ არსებობს
მე ადრე ვცხოვრობდი
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული